დევიზი: არაბ.لا إله إلا الله، محمد رسول الله ლაა ილაჰე ილლა ლლაჰ უა აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლ-ლაჰ „არ არსებობს სხვა ჭეშმარიტი ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედი მისი შუამავალია“
საუდის არაბეთი (არაბ.السعودية), ოფიციალურად საუდის არაბეთის სამეფო (არაბ.المملكة العربية السعودية, al-Mamlaka al-‘Arabiyya as-Su’ūdiyya) — ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური და ჩაკეტილი ქვეყანა.
არაბეთის სამეფო 1932 წელს ჩამოაყალიბა აბდულ-აზიზ იბნ საუდმა. იბნ საუდმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გააერთიანა არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებული დამოუკიდებელი რეგიონები: ჰიჯაზი, ნეჯდი, ელ-ჰასა და ასირი. ტერიტორიების გაერთიანებისთვის საუდი ომებს 1902 წლიდან აწარმოებდა. პირველი ქალაქი რომელიც მან დაიპყრო იყო საუდების საგვარეულო ქალაქი - ერ-რიადი. ახალშექმნილ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა ნეჯდის სულთანი — საუდი, აქედან წარმოიშვა ქვეყნის დღევანდელი სახელი. სახელმწიფოს მოწყობა არის აბსოლუტური მონარქია. საუდის არაბეთი არის მუსლიმანური სახელმწიფო ვაჰაბიზმის ძლიერი გავლენით.[4] აქ მდებარეობს პროვინცია ჰიჯაზი — წინასწარმეტყველ მუჰამედის სამშობლო და ისლამის აკვანი. აქ არის მთავარი მუსლიმური სიწმინდეები — მექა და მედინა, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ასრულებს ჰაჯს. საუდის არაბეთს ასევე ხანდახან უწოდებენ ორი წმინდა მეჩეთის მიწას (მასჯიდ ალ-ჰარამი და მასჯიდ ალ-ნაბავი).
სახელწოდება
ოფიციალური: საუდის არაბეთის სამეფო.
ეროვნული: العربية السعودية, Al Mamlaka al Arabiyah as Saudiyah.
ეტიმოლოგია: სახელის პირველი კომპონენტი მმართველის დინასტიიდან (საუდიტები, საუდიდები) არის მიღებული, მეორე — სატომო სახელისაგან (არაბები).
თანამედროვე საზღვრებში საუდის არაბეთი არსებობს 1926 წლიდან, როდესაც გაერთიანდნენ არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სამთავროები. ბრძოლაში პირველობა ნეჯდის მმართველმა აბდულ-აზიზ იბნ საუდმა მოიპოვა, რომელიც 1932 წელს მეფედ გამოცხადდა. მისი სიკვდილის შემდეგ, 1953 წლიდან ქვეყანას მისი შვილები ერთპიროვნულად მართავენ. სტაბილურობის შენარჩუნება და ექსტრემიზმთან ბრძოლა ყოველთვის შედიოდა მმართველი ოჯახის ინტერესებში. ამიტომ ქუვეითში ერაყის შეჭრის შემდეგ (1990) აქ განათავსეს აშშ-ის სამხედრო ბაზები. ოპოზიციური აზრის შეზღუდვამ საუდის არაბეთში ხელი შეუწყო „ალ-ქაიდას“ ტიპის ექსტრემისტული დაჯგუფებების აღმოცენებას, რომლებიც თავისი ინტერესებისათვის იყენებენ არაბების უკმაყოფილებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის როლის გააქტიურების გამო. 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტის მონაწილენი ძირითადად საუდის არაბეთის მოქალაქენი იყვნენ, რამაც ქვეყანა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.
გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება იორდანია, ერაყი, ქუვეითი; აღმოსავლეთით კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სპარსეთის ყურე; სამხრეთ-დასავლეთით ომანი; სამხრეთით იემენი; დასავლეთით წითელი ზღვა. ფართობი: 1 960 582 კმ². საუდის არაბეთი ერთადერთი სახელმწიფოა რეგიონში, რომელსაც გასასვლელი აქვს როგორც სპარსეთის ყურეზე, ისე წითელ ზღვაზე. ქვეყნის ტერიტორიის 95 %-ზე მეტი უდაბნოს უკავია. მათგან ერთ-ერთია რუბ-ელ-ხალის უდაბნო, რაც „ცარიელ მეოთხედს“ ნიშნავს. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, საუდის არაბეთში არ არის განვითარებული სოფლის მეურნეობა. ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი სექტორია ნავთობმრეწველობა.
საკანონმდებლო ორგანო: საკონსულტაციო საბჭო (120 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა: საუდის არაბეთი გაყოფილია 5 რეგიონად (ჰიჯაზი (დასავლეთი), ნეჯდი (ცენტრალური), ჩრდილოეთი რეგიონი, სამხრეთი რეგიონი, ეშ-შარკია (აღმოსავლეთი)). რეგიონები თავის მხრივ დაყოფილია 13 საამიროდ, ხოლო საამიროები 118 მუჰაფაზად.
კურსივით აღნიშნულია თანამეგობრობის ის წევრები, რომელთაც ერთი და იგივე მონარქი ჰყავთ სახელმწიფოს მეთაურად. 1 მონარქის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნა სადავოა. 2 ტექნიკურად კონსტიტუციური, მაგრამ ეფექტურობით აბსოლუტური. 3 იყენებს სახელს პრეზიდენტი.