ინდონეზიის არქიპელაგი მნიშვნელოვანი სავაჭრო რეგიონი იყო VII საუკუნიდან, როდესაც ჯერ შრივიჯაიის და შემდეგ მაჯაპაჰიტის იმპერიები ვაჭრობდნენ ინდოეთთან და ჩინეთთან. ახ. წ.–ის საწყის საუკუნეებში ადგილობრივი მმართველები თანდათან ითვისებდნენ უცხოურ კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ მოდელებს, რის შედეგადაც გამობრწყინდა ინდუისტური და ბუდისტური სამეფოები. ინდონეზიის ისტორიაზე გავლენა მოახდინა სხვადასხვა უცხოურმა სახელმწიფომ, რომელთაც მისი ბუნებრივი რესურსები იზიდავდა. მუსლიმმა ვაჭრებმა მოიტანეს ისლამი, ევროპულმა სახელმწიფოებმა ქრისტიანობა; აღმოჩენების საუკუნეში მათ ერთმანეთში ბრძოლა ატეხეს მოლუკის კუნძულებზე სანელებლებით ვაჭრობის მონოპოლიზების მიზნით. ამის შემდეგ, ჰოლანდიური კოლონიალიზმიდან ინდონეზიამ დამოუკიდებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა. მისი ისტორია ამის შემდეგ სავსეა მშფოთვარე პერიოდებით, მათ შორის ბუნებრივი კატაკლიზმებით, კორუფციით, სეპარატიზმით, დემოკრატიზაციის პროცესითა და სწრაფი ეკონომიკური ცვლილებების პერიოდებით.
მრავალკუნძულოვანი ინდონეზია შედგება ასობით განსხვავებული ადგილობრივი ეთნიკური და ენობრივი ჯგუფებისგან. უმსხვილესი და პოლიტიკურად დომინანტი ეთნიკური ჯგუფია იაველები. განვითარებულია საზიარო იდენტობა, რაც განსაზღვრულია სახელმწიფო ენით, ეთნიკური მრავალფეროვნებით, რელიგიური პლურალიზმით მუსლიმი მოსახლეობის დომინირების შიგნით, კოლონიალიზმის ისტორიითა და მის წინააღმდეგ აჯანყებით. ინდონეზიის ეროვნული დევიზია „Bhinneka Tunggal Ika“ („ერთიანობა მრავალფეროვნებაში“), რაც წარმოაჩენს ქვეყნის მრავალფეროვნებას. მიუხედავად დიდი მოსახლეობისა და მჭიდროდ დასახლებული რეგიონებისა, ინდონეზიას მაინც აქვს ვრცელი მიუვალი, ველური ადგილები, რომლებიც ბიომრავალფეროვნების მეორე უმაღლესი დონით გამოირჩევა მსოფლიოში. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუმცა მაღალ დონეზე რჩება სიღარიბე.[3][4]
სახელწოდება
ოფიციალური: ინდონეზიის რესპუბლიკა.
ინდონეზიური: Republik Indonesia.
ეტიმოლოგია: სახელი უწოდა გერმანელმა მოგზაურმა ა. ბასტიენმა 1884 წელს. Indos Nesos ბერძნულ ენაზე „ინდოეთის კუნძულებს“ ნიშნავს.
XX საუკუნე: ნიდერლანდების მიერ ფორმალური სუვერენიტეტის გადაცემის შემდეგ 1950 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა აჰმედ სუკარნო. 1963 წელს ნიდერლანდებმა მისცა დასავლეთ ახალი გვინეა. 1965 წელს სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი სუჰარტო. 1976 წელს ინდონეზიამ მიიტაცა პორტუგალიის ყოფილი კოლონია აღმოსავლეთი ტიმორი. 1991 წელს ანექსირებულ ტერიტორიაზე დახვრიტეს მშვიდობიანი დემონსტრაცია, რამაც ინდონეზიის საერთაშორისო რეპუტაცია სერიოზულად შელახა.
XXI საუკუნე: აღმოსავლეთი ტიმორი 2001 წლიდან დამოუკიდებელია, რაც სხვა სეპარატისტული რეგიონებისათვისაც იმედი მომცემი გახდა. უკანასკნელ წლებში ინდონეზიამ დიდი რყევები გადაიტანა — აზიის ფინანსური კრიზისი, სუჰარტოს 32-წლიანი რეჟიმის დასრულება, აღმოსავლეთ ტიმორის დაკარგვა, ისლამისტი ექსტრემისტების გააქტიურება.
ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 27 პროვინცია (propinsi), 2 სპეციალური რეგიონი (daerah istimewa), 1 დედაქალაქის ოლქი (daerah khusus ibukota), რომლებიც 8 მთავარ კუნძულზე არიან განთავსებულნი.
ახალი გვინეა: 2001 წლამდე ირიან-ჯაია ერქვა. მოიცავს დას. პაპუას (Papua Barat), ცენტ. პაპუას (Papua Tengah) და აღმ. პაპუა (Papua Timur); მოსახლეობა — 2,3 მლნ; ფართობი — 422 ათასი.
იავა: პროვინციები — Banten, Jakarta, Jawa Barat, Jawa Tengah, Jawa Timur, Yogyakarta; მოსახლეობა — 127,7 მლნ; ფართობი – 132 ათასი.
მოლუკის კუნძულები: პროვინციები – Maluku, Maluku Utara; მოსახლეობა — 2,1 მლნ; ფართობი — 75 ათასი.
ნუსა-ტენგარა: პროვინციები — Nusa Tenggara Barat, Nusa Tenggara Timur; მოსახლეობა — 8,4 მლნ; ფართობი — 68 ათასი.
ბალი: პროვინცია – Bali; მოსახლეობა — 3,3 მლნ; ფართობი — 5,6 ათასი.
სულავესი: პროვინციები – Gorontalo, Sulawesi Selatan, Sulawesi Tengah, Sulawesi Tenggara, Sulawesi Utara; მოსახლეობა — 15,7 მლნ; ფართობი — 189 ათასი.
სუმატრა: პროვინციები – Aceh, Bangka-Belitung, Bengkulu, Jambi, Lampung, Riau, Riau Kepulauan, Sumatera Barat, Sumatera Selatan, Sumatera Utara; მოსახლეობა — 46,4 მლნ; ფართობი — 474 ათასი.
↑ 1.01.11.2Indonesia. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 18 April 2012.
↑Information on Indonesia. ASEM Development conference II: Towards an Asia-Europe partnership for sustainable development. 26–27 May 2010, Yogyakarta, Indonesia. ec.europa.eu