მიკრონეზიის ფედერაციული შტატები

მიკრონეზიის ფედერაციული შტატები
ინგლ. Federated States of Micronesia
მიკრონეზიის ფედერაციული შტატები
მიკრონეზიის ფედერაციული შტატების
დევიზი: Peace Unity Liberty
ჰიმნი: Patriots of Micronesia
მიკრონეზიის ფედერაციული შტატების მდებარეობა
დედაქალაქიპალიკირი
6°55′ ს. გ. 158°09′ ა. გ. / 6.917° ს. გ. 158.150° ა. გ. / -6.917; 158.150
უდიდესი ქალაქი უენო
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მთავრობა დემოკრატიულ ფედერაციული საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი მენი მორი
 -  ვიცე-პრეზიდენტი ალიკ ალიკი
ფართობი
 -  სულ 702 კმ2 (188-ე)
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 107 862 (181-ე)
 -  2010 აღწერა 102 843 (2010) 
 -  სიმჭიდროვე 146,50 კაცი/კმ2 (66-ე)
მშპ (მუპ) 2002 შეფასებით
 -  სულ $277 მილიონი (215-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $2000 (180-ე)
აგი (2013) 0,645[1] (საშუალო) (117)
ვალუტა აშშ დოლარი (USD)
დროის სარტყელი UTC+10:00, UTC+11:00
Internet TLD .fm
სატელეფონო კოდი 691

მიკრონეზიის ფედერაციული შტატები (ინგლ. Federated States of Micronesia) — სახელმწიფო ოკეანეთში. მდებარეობს კაროლინის კუნძულებზე, კუნძულ ახალი გვინეის ჩრდილოეთით.

ფორმალურად დამოუკიდებელია 1986 წლის 3 ნოემბრიდან, აქვს აშშ-თან „ასოცირებული ქვეყნის“ სტატუსი და ძალიან არის დამოკიდებული ამერიკულ ეკონომიკურ დახმარებაზე. ასოცირების შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე, აშშ ვალდებულია უზრუნველყოს მიკრონეზიის ფედერაციული შტატების თავდაცვა და მისი ფინანსური დოტაცია.

გეოგრაფია

მიკრონეზიის ფედერაციული შტატების რუკა
ატოლი ნუკუორო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

მიკრონეზიის ფედერაციული შტატები მდებარეობს მიკრონეზიაში და განლაგებულია ოკეანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კაროლინის კუნძულების არქიპელაგზე, ჰავაის კუნძულებიდან დაახლოებით 4000 კმ-ის მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით, პირდაპირ ეკვატორზე.

წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელიც შედგება 607 მომცრო კუნძულისაგან, რომელთაგან მხოლოდ 40-ს აქვს მნიშვნელოვანი ზომები, მათგან სიდიდით ყველაზე მეტად გამოირჩევა კუნძულთა 4 ჯგუფი: სენიავინის, კოსრაეს, ჩუუკის და იაპის კუნძულები. 607 კუნძულიდან 65 დასახლებულია. მიკრონეზიის ფედერაციული შტატები შედგება ოთხი შტატისაგან: იაპი, ჩუუკი (ყოფილი ტრუკი), პონპეი (ყოფილი პონაპე) და კოსრაე (ყოფილი კუსაე). დედაქალაქი — პალიკირი კუნძულ პონპეიზე. მიუხედავად იმისა, რომ ხმელეთის საერთო ფართობი ქვეყანაში შეადგენს სულ 702 კმ²-ს, მისი მთლიანი ფართობი 2,6 მილიონ კმ²-ზე მეტია წყნარ ოკეანეში. ამ ოთხი შტატიდან თითოეული შედგება ერთი ან მეტი ვულკანური წარმოშობის „მაღალი კუნძულისაგან“, და ყველა, კოსრაეს გარდა მოიცავს მრავალრიცხოვან ატოლებს. ჩუუკის შტატი — საერთო ფართობი შეადგენს 127 კმ²-ს და შედგება შვიდი ძირითადი კუნძულთა ჯგუფისაგან. პონპეის შტატის ფართობი შეადგენს 344 კმ²-ს, რომელთაგან 130 კმ² მოდის მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ყველაზე დიდ კუნძულ პონპეიზე. იაპის შტატი შედგება 4 დიდი კუნძულისაგან, 7 მცირე კუნძულისაგან და 134 ატოლისაგან, რომელთა ხმელეთის საერთო ფართობია 122 კმ². კოსრაეს შტატი — ერთი მაღალი კუნძულია, ფართით 109 კმ².

ვულკანური წარმოშობის ყველა დიდი კუნძული მთიანია, ტყითაა დაფარული, გარშემორტყმული მარჯნის რიფებით. სხვები წარმოადგენენ ატოლებს — მარჯნის კუნძულები რგოლისებური ფორმით, შიგნით არსებული დაბალი სიღრმის ლაგუნით.

ყველაზე მაღალი წერტილია — მთა ნანა-ლაუდი (კუნძულ პონპეიზე, სიმაღლე 798 მ). ძირითადი ენებია: ინგლისური (ოფიციალური), იაპური, ტრუკური, პონპეური, კოსრაეული.

კუნძულები ერთმანეთთან დაკავშირებულია საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით. არსებობს საზღვაო კავშირი აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსთან, იაპონიასთან, ფილიპინებთან, ტაივანთან, გუამთან და საჰაერო კავშირი გუამთან, ჰავაის შტატთან, ნაურუსთან.

კლიმატი

კლიმატი ეკვატორული და სუბეკვატორულია, პასატურ-მუსონური ტიპის. ტემპერატურის სეზონური ცვალებადობა უმნიშვნელოა. თვის საშუალო ტემპერატურაა — 26-33 °C. აქ ხშირად მოდის თავსხმა წვიმები. ყველაზე უფრო ტენიანი თვეა — აპრილი. ნალექები მოდის 2250 მმ-დან 3000-6000 მმ-მდე (მთებში კუნძულ კუსაპეზე) წელიწადში. წყნარი ოკეანის ის ნაწილი, სადაც მდებარეობს მიკრონეზია, ტაიფუნების წარმოშობის რაიონია, საშუალოდ კუნძულებს გადაუვლის 25 ტაიფუნამდე წელიწადში. ტაიფუნების სეზონია — აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით. ტაიფუნებისთვის დამახასიათებელია გამანადგურებელი ქარიშხალი, რომლის სიჩქარე აღწევს 320 კილომეტრს საათში.

მარადმწვანე ტროპიკული ტყეები, სავანები; დიდ მარჯნის კუნძულებზე ჭარბობს ქოქოსის პალმა და პანდანუსი.

ისტორია

სავარაუდოდ, მიკრონეზიელებმა ამ კუნძულებზე მისვლა დაიწყეს აზიიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში. კოლონიამდელი პერიოდის ისტორიის ძეგლია ნან-მადოლის კომპლექსი, რომელიც კუნძულ პონაპეზე მდებარეობს.

ევროპელების მიერ კუნძულების კოლონიზაციის დაწყების მომენტში ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფებოდა პირველყოფილი საზოგადოების დაშლის სტადიაში. საზოგადოება იყოფოდა თავისი მდგომარეობით მთელი რიგ არათანაბარუფლებიან სოციალურ ჯგუფებად. ზოგიერთ კუნძულოვან ჯგუფებში აღმოცენდა მსხვილი ტერიტორიული გაერთიანებები, თუმცა სახელმწიფოები ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული.

კაროლინის კუნძულები აღმოაჩინეს ესპანელებმა 1527 წელს. XVII საუკუნეში ესპანეთმა გამოაცხადა კაროლინის კუნძულები საკუთარ სამფლობელოდ, მაგრამ ფაქტობრივი კონტროლი არქიპელაგზე ვერ დამყარდა. 1885 წელს კაროლინის კუნძულებზე თავისი პრეტენზიები განაცხადა გერმანიამ, ერთ-ერთ კუნძულზე აღიმართა გერმანიის დროშა. ესპანეთმა მიმართა საერთაშორისო არბიტრაჟს და არბიტრად არჩეულმა პაპმა ლეო XIII-მ კუნძულები მიაკუთვნა ესპანეთს.

1899 წელს გერმანიამ იყიდა კაროლინის კუნძულები ესპანეთისგან.

პირველი მსოფლიო ომის დროს 1914 წელს კუნძულები დაიპყრო იაპონიამ, ომის დამთავრების შემდეგ ვერსალის შეთანხმებით კუნძულები გადაეცა იაპონიას სამანდატო ტერიტორიის სახით. იაპონელებმა აქ შექმნეს მსხვილი შაქრის პლანტაციები, აქტიურად ტარდებოდა იაპონელების გადასახლების პოლიტიკა კაროლინის კუნძულებზე. იაპონელების მიერ ხდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი ასიმილირება.

მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულები დაიკავა აშშ-მა, რომელიც 1947 წლიდან მართავდა მათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატით წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორიების შემადგენლობაში.

1978 წელს კაროლინის კუნძულებმა მიიღო „აშშ-თან თავისუფლად ასოცირებული ტერიტორიის“ სტატუსი (შეთანხმებას ხელი მოეწერა 1982 წელს).

1986 წლის 3 ნოემბრიდან მიკრონეზიის ფედერაციული შტატები — აშშ-თან თავისუფლად ასოცირებული სუვერენული სახელმწიფოა. ეს სტატუსი ნიშნავს, რომ აშშ პასუხს აგებს მიკრონეზიის ფედერაციული შტატების თავდაცვაზე და მოვალეობას იღებს მის ფინანსურ დოტაციებზე.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

მიკრონეზიის ფედერაციული შტატები იყოფა 4 შტატად:

შტატის დროშა შტატი შტატის ადმინისტრაციული ცენტრი შტატის ტერიტორია,
კმ²
შტატის მოსახლეობა[2],
ად. (2010)
მოსახლეობის სიმჭიდროვე,
ად./კმ²
Flag of Chuuk ჩუუკი უენო 127 48 654 383,10
Flag of Kosrae კოსრაე ტოფოლი 109 6616 60,70
Flag of Pohnpei პონპეი კოლონია 344 36 196 105,22
Flag of Yap იაპი კოლონია 122 11 377 93,25
სულ 702 102 843 146,50

მოსახლეობა

მოსახლეობის რაოდენობა — 102 843 ადამიანი, აქედან 50 650 მამაკაცი და 52 193 ქალი. სოფელში ცხოვრობს 79 919 ადამიანი. (2010 წლის აღწერა).[3]

წლიური კლება — 0,28 % (ქვეყნიდან ემიგრაციის მაღალი დონე).

შობადობა — 22,6 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილურობა — 2,8 დაბადებული ქალზე)

სიკვდილიანობა — 4,4 ად. 1000 კაცზე.

ემიგრაცია — 21 ად. 1000 კაცზე.

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 69 წელი მამაკაცებში და 73 წელი ქალებში.

ეთნიკური შემადგენლობა: ჩუუკელები — 49,3 % (50 742 ად.), პონპეიელები — 29,8 % (30 666 ად.), კოსრაელები — 6,3 % (6489 ად.), იაპელები — 5,7 % (5827 ად.), იაპელები გარე კუნძულებიდან — 5,1 % (5203 ად.), პოლინეზიელები — 1,6 % (1600 ად.), აზიელები — 1,4 % (1435 ად.), წყნარი ოკეანის სხვა ერები — 0,4 % (433 ად.), თეთრკანიანები — 0,4 % (410 ად.), სხვები — 0,04 % (38 ად.) (2010 წლის აღწერით).[3]

ენები: ინგლისური (ოფიციალური და ერთაშორისი ურთიერთობის), 8 ადგილობრივი ენა.

რელიგია: კათოლიკები — 54,7 % (56 230 ად.), კონგრეგაციონალები — 38,5 % (39 546 ად.), მორმონები — 1,5 % (1586 ად.), ბაპტისტები — 1,1 % (1145 ად.), სხვები — 4,2 %.[3]

მოსახლეობის განათლება — 89 %.

სახელმწიფო წყობა

მიკრონეზიის ფედერაციული შტატები — ფედერაციული სახელმწიფო, შედგება 4 შტატისაგან, რომლებსაც აქვთ საკუთარი მთავრობა: ჩუუკი (ყოფილი ტრუკი), კოსრაე (ყოფილი კუსაე), პონპეი (ყოფილი პონაპე) და იაპი. შტატებს აქვთ მაღალი დონის დამოუკიდებლობა სახელმწიფო საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში.

მოქმედებს 1979 წლის კონსტიტუცია, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით არის შედგენილი.

მმართველობის ფორმით მიკრონეზიის ფედერაციული შტატები — განსაკუთრებული ტიპის რესპუბლიკა. პოლიტიკური რეჟიმი დემოკრატიული. პოლიტიკური პარტიები არ არსებობს.

საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ფედერალურ ერთპალატიან პარლამენტს — მიკრონეზიის ფედერაციული შტატების კონგრესს, რომელიც შედგება 14 სენატორისაგან (4 სენატორი ირჩევა თითო თითოეული შტატიდან 4 წლის ვადით, 10 ერთმანდატიან ოლქებში დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ამომრჩევლებით 2 წლის ვადით).

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური — პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა მიკრონეზიის ფედერაციული შტატების კონგრესის წევრების მიერ თითოეული შტატის 4 სენატორიდან 4 წლის ვადით. იმავდროულად ირჩევა ვიცე-პრეზიდენტი.

შტატების სახელმწიფო წყობას ადგენს მათი საკუთარი კონსტიტუციები და მთლიანად ფედერალურის ანალოგიურია.

შეიარაღებული ძალები ქვეყანას არ ჰყავს.

ეკონომიკა

2008 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე — 2,2 ათასი დოლარი (183-ე ადგილი მსოფლიოში).

ეკონომიკური საქმიანობა — ძირითადად სოფლის მეურნეობა და თევზჭერა. კულტივირებულია ქოქოსის პალმა, ბოსტნეული კულტურები და ხილი, ბანანი, შავი წიწაკა. მოშენებულია ღორები, თხები, ძაღლები (ხორცისთვის), ქათმები.

მრეწველობა — სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება, საპნის წარმოება, ხე-ტყის დამუშავება, ნავების წარმოება.

საექსპორტო საქონელი (14 მილიონი $) — თევზი, კოპრა, შავი წიწაკა, ბანანი, სუვენირები (ძირითადად — იაპონიაში და აშშ).

იმპორტირებულია (133 მილიონი $) — საკვები პროდუქტები, სამრეწველო საქონელი (ძირითადად — აშშ-დან და იაპონიიდან).

კუნძულებზე არ არის მინერალური რესურსები, ფოსფატების გარდა. არსებობს პოტენციალი ტურისტული ბიზნესისათვის, მაგრამ მის განვითარებას ხელს უშლის კუნძულების დაშორება, შესაბამისი სტრუქტურების არასაკმარისობა და გარე სამყაროსთან საჰაერო კავშირების განუვითარებლობა.

აშშ-თან თავისუფალი ასოციაციის შეთანხმების პირობების თანახმად, აშშ-მა 1986 წლიდან 2001 წლის ჩათვლით მიკრონეზიის ფედერაციულ შტატებს გამოუყო 1,3 მილიარდი დოლარი. შემდგომში ყოველწლიური დახმარების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ მუდმივ მრავალმილიონიან ფულად დახმარებას აშშ შეპირებულია 2023 წლამდე.

მიკრონეზიის ფედერაციული შტატები შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.

სქოლიო

  1. Human Development Report 2013. United Nations Development Programme (2013-03-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-08. ციტირების თარიღი: 2013-03-14.
  2. მოსახლეობის აღწერა (Citypopulation-2010)
  3. 3.0 3.1 3.2 მოსახლეობის აღწერა (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-01. ციტირების თარიღი: 2014-10-13.