სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით განარჩევენ ერთწლოვან, ორწლოვან და მრავალწლოვან ბოსტნეული კულტურებს. საჭმელად გამოსაყენებელი ორგანოების მიხედვით ბოსტნეული კულტურები იყოფა 4 ჯგუფად: ფოთლიანები — კომბოსტო, კამა, ოხრახუში, სალათა, ისპანახი და სხვა; ნაყოფიანები — კიტრი, ნესვი, საზამთრო, პამიდორი, ბადრიჯანი, ლობიო, სიმინდი და სხვა; ძირხვენები — თალგამურა, ბოლოკი, თვის ბოლოკი, სტაფილო, ჭარხალი და სხვა; ბოლქვიანნი — ხახვი, პრასა, ნიორი. მრავალწლოვანებს გამოყოფენ ცალკე ჯგუფად. ბოსტნეული კულტურები შეიცავს ვიტამინებს, აგრეთვე ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს. ხახვში, ნიორში, ბოლოკსა და სხვა შემავალ ფიტონციდებს ახასიათებთ ბაქტერიციდული თვისებები. თითქმის ყველა ბოსტნეული ძვირფასი საკონსერვო ნედლეულია. ბოსტნეული კულტურების უმეტესობა ტროპიკული და სუბტროპიკული წარმოშობისაა, ბევრი მათგანი სითბოს მოყვარულია და მოითხოვს ნაყოფიერსა და ტენიან ნიადაგს. საქართველოში ბოსტნეული კულტურები ძველთაგანვე ფართოდაა გავრცელებული.