2005 წლის აღწერის მონაცემებით, პალაუს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 19 907 ადამიანს[2][3]. 2008 წლის შეფასებით, კუნძულის მოსახლეობა შეადგენდა 20 900 ადამიანს. მოსახლეობის 2015 წლის აღწერის მონაცემებით ქვეყანაში ცხოვრობს 17 661 ადამიანი.[4][5]
აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია — პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი ეროვნული საკანონმდებლო კრება (სენატი და დელეგატების პალატა).
ბუნება
პალაუს არქიპელაგი შედგება ბევრი მცირე ატოლისაგან, რომლებიც წარმოშობილია წყალქვეშა ვულკანებისმწვერვალებზე. კლიმატი ტროპიკულია, წვიმის სეზონია მაისიდან ნოემბრის ჩათვლით. კუნძულებზე საშუალო ტემპერატურაა — +24...28 °C.
სანაპირო წყლებში დაცურავს ტროპიკული თევზების 1500 სახეობა და ბევრია იშვიათი ძუძუმწოვარი. ასევე, ეკოლოგების მონაცემებით, პალაუს ნაპირებთან დაცურავს ზვიგენების ისეთი 130 სახეობა, რომელთაც ემუქრებათ გადაშენება. 1995 წელს ზღვის ბიოლოგების საერთაშორისო კომიტეტმა და ბუნების დაცვის სპეციალისტებმა გამოაცხადეს პალაუ მსოფლიოს წყალქვეშა სასწაულად. პალაუს ტროპიკულ ბაღებში და ტყეებში იზრდებიან ორქიდეები (ლათ.Orchidaceae) და ბევრი ეგზოტიკური ყვავილები, ასევე ბუდობს ფრინველთა დაახლოებით 50 სახეობა. კუნძულებზე არსებობს მედუზების ტბა, რომელშიც დაცურავს მილიონობით მედუზა და რომლებსაც არ შეუძლიათ ზიანის მოტანა.
პალაუს კუნძულებზე ადამიანები დასახლდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულში, სავარაუდოდ, ფილიპინებიდან წამოსული ხალხით. XII საუკუნემდე აქ ცხოვრობდა მოსახლეობა, რომლებიც ახლო იყვნენ ნეგრიტოსებთან, მაგრამ ისინი განდევნეს ზონდის კუნძულებიდან წამოსულმა ხალხმა.
პირველი ევროპელი, რომელმაც დაინახა პალაუს კუნძულები, სავარაუდოდ იყო, ესპანელი რუი ლოპეს დე ვილიალობოსი 1543 წელს. 1686 წელს ესპანეთმა კუნძულები გამოაცხადა თავის საკუთრებად, მაგრამ არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ განეხორციელებინა მათი კოლონიზაცია.
კავშირი კუნძულელებსა და ევროპელებს შორის დამყარდა მხოლოდ 1783 წელს, როდესაც კუნძულ ულონგთან ახლო მდებარე რიფებზე დაზიანდა ინგლისელი კაპიტანის ჰენრი უილსონის გემი „ანტილოპა“. კუნძულ კორორის უზენაესმა ბელადმა იბედულმა განკარგულება გასცა თავის თვისტომელებს დახმარებოდნენ ევროპელებს გემის რემონტში და გაგზავნა საკუთარი შვილი ლებუუ სასწავლებლად ინგლისში. ლებუუ გარდაიცვალა დაავადებისაგან ლონდონში ჩასვლისთანავე. კუნძულ კორორზე გაიგზავნა ახალი გემი საჩუქრებით და საქონლით. მის კვალს გაყვნენ სხვა ევროპელი ვაჭრები. დიდი ბრიტანეთი გახდა პალაუს მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ეს პარტნიორობა გრძელდებოდა პალაუს ესპანელების მიერ დაპყრობამდე.
1885 წელს პაპმა ლეო XIII-მ ოფიციალურად აღიარა კაროლინის კუნძულებზე ესპანეთის საკუთრება, პალაუს ჩათვლით. აშენდა 2 ეკლესია და იქ გაგზავნილმა სასულიერო პირებმა მიაღწიეს ცალკეულ სოფლებს შორის არსებული დაპირისპირების შეწყვეტას და გაავრცელეს დამწერლობა.
1899 წელს, ესპანეთ-ამერიკის ომის და ფილიპინების დაკარგვის შემდეგ, ესპანეთმა მიჰყიდა კაროლინის კუნძულები გერმანიას, რომელმაც აქტიურად დაიწყო კუნძულების ათვისება და ბუნებრივი და ადამიანების რესურსების ექსპლუატაცია. იმასთან დაკავშირებით, რომ პალაუს მაცხოვრებლებს არ ჰქონდათ იმუნიტეტი უცხოელების მიერ შემოტანილ დაავადებებზე, კუნძულელები იხოცებოდნენ. პალაუს მოსახლეობა იტანჯებოდა არა მარტო შემოტანილი ავადმყოფობებით, არამედ მათ ეროვნულ ჩვევებში, ტრადიციებში და რელიგიაში ჩარევისგანაც.
1947 წლიდან პალაუ მიკრონეზიის შემადგენლობაშია — აშშ-ის მართვის ქვეშ, როგორც წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორია. 70-იან და 80-იან წლებში იყო ცდები კონსტიტუციაში ასახულიყო პალაუს უბირთვო სტატუსი, რასაც მხარი არ დაუჭირა აშშ-მა.
ენები: პალაუ (ოფიციალური) — 62,1 % (12 354 ად.), ინგლისური — 14,4 % (2871 ად.), ფილიპინური ენები — 10,0 % (2000 ად.), ჩინური— 1,7 % (331 ად.), სხვა ენები (2005 წლის აღწერით).[2]
რელიგიური შემადგენლობა
2005 წლის აღწერის მონაცემებით მორწმუნეთა უმრავლესობა — კათოლიკეა 49,4 % (9825 ად.), პროტესტანტი (Protestant (General)) — 23,2 % (4610 ად.), მეშვიდე დღის ადვენტისტები — 5,3 % (1046 ად.) და ადგილობრივი რელიგია მოდეკნგეის (Modekngei) მიმდევრები — 8,7 % (1733 ად.). სხვა რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრები — (მორმონები, იეჰოვას მოწმეები) მცირერიცხოვანია (2005 წლის აღწერით).[2]
სახელმწიფო წყობა
პალაუ — რესპუბლიკაა. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია — პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა მოსახლეობის მიერ ოთხ წლიანი ვადით (დასაშვებია ზედიზედ ხელმეორედ არჩევა).
პარლამენტი — ორპალატიანი სახელმწიფო კონგრესია, რომელიც შედგება სენატისგან (9 წევრი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა ოთხი წლის ვადით) და დელეგატთა პალატისაგან (16 წევრი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა ოთხი წლის ვადით).
მშპ-ს მოცულობაა — 164 მილიონი აშშ დოლარი (2008 წელს), ძირითადად უზრუნველყოფილია აშშ-ის სუბსიდიებით. მშპ ერთ სულ მოსახლეზე — 8,1 ათასი აშშ დოლარი (119-ე ადგილი მსოფლიოში).
2004 წელს იმპორტის მოცულობამ (107,3 მილიონი აშშ დოლარი) თითქმის 20-ჯერ გადააჭარბა ექსპორტის მოცულობას (5,9 მილიონი აშშ დოლარი).