ოკეანეთი — კუნძულთა ჯგუფი (დაახლოებით 10 ათ. კუნძული) წყნარი ოკეანის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთის განედი 28°25′ და სამხრეთის განედი 52°30′ შორის. ფართობი — 1,25 მლნ. კმ². ტერიტორიის 80 % უჭირავს ახალი გვინეისა და ახალი ზელანდიის კუნძულებს. 10 ქვეყანა თანამეგობრობის წევრია.
ყველა კუნძულის საერთო ფართობი შეადგენს 1,25 მილიონ კმ²-ს (ავსტრალიასთან ერთად 8,52 მილიონ კმ²-ს), მოსახლეობა — დაახლოებით 17,0 მილიონ ადამიანს (ავსტრალიასთან ერთად 38,5 მილიონ ადამიანს). გეოგრაფიულად ოკეანეთი იყოფა მელანეზიად, მიკრონეზიად და პოლინეზიად; ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ ახალ ზელანდიას.
გეოლოგიური თვალსაზრისით ოკეანეთი არ არის კონტინენტი: მხოლოდ ავსტრალიას, ახალ კალედონიას, ახალ ზელანდიას, ახალ გვინეას და ტასმანიას აქვთ კონტინენტალური წარმოშობა, რომელიც ჩამოყალიბდა ჰიპოთეთიკური მატერიკისგონდვანას ადგილას. ძველად ეს კუნძულები წარმოადგენდნენ ერთიან ხმელეთს, მაგრამ მსოფლიო ოკეანის დონის აწევის შედეგად მიწის ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა წყლის ქვეშ. ამ კუნძულების რელიეფი მთიანია და საკმაოდ დანაწევრებულია. მაგალითად, ოკეანეთის ყველაზე მაღალი მთები, მათ შორის, მთა ჯაია (5029 მეტრი), მდებარეობენ კუნძულ ახალ გვინეაზე.
ოკეანეთის უმრავლეს კუნძულებს აქვთ ვულკანური წარმოშობა: მათი ნაწილი წარმოადგენს დიდი წყალქვეშა ვულკანების მწვერვალებს, რომელთაგან რამდენიმე დღემდე ავლენენ მაღალ ვულკანურ აქტიურობას (მაგალითად, ჰავაის კუნძულები).
სხვა კუნძულებს კი აქვთ მარჯნული წარმოშობა, შედეგად ისინი ატოლებია, რომლებიც ჩამოყალიბდნენ წყალქვეშ ჩაძირული ვულკანების (მაგალითად, გილბერტის კუნძულები, ტუამოტუს კუნძულები) ირგვლივ აშენებული მარჯნული წარმონაქმნების შედეგად. ასეთი კუნძულების გამორჩეული განსაკუთრებულობაა დიდი ლაგუნები, რომლებიც შემოფარგლულია მრავალრიცხოვანი მომცრო კუნძულებით, ანუ მოტუებით, რომელთა საშუალო სიმაღლე არ აჭარბებს სამ მეტრს. ოკეანეთში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაგუნის მქონე ატოლი — კვაჯალეინიმარშალის კუნძულების არქიპელაგში[1]. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხმელეთის ფართობი სულ შეადგენს 16,32 კმ²-ს (ანუ 6,3 კვ. მილი), ლაგუნის ფართობი — 2174 კმ² (ანუ 839,3 კვ. მილი)[2]. ხმელეთის ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი ატოლია შობის კუნძული (ანუ კირიტიმატი) ლაინის კუნძულებში (ანუ ცენტრალური პოლინეზიური სპორადები) — 322 კმ²[3]. მაგრამ ატოლებს შორის გვხვდება განსაკუთრებული ტიპიც — ამოწეული ატოლი (ანუ წამოწეული), რომელიც წარმოადგენს ქვიშაქვიან პლატოს ოკეანის დონიდან 50—60 მეტრამდე სიმაღლით. ასეთი ტიპის კუნძულს ლაგუნა არ აქვს ან მისი წარსულში არსებობის კვალი ატყვია. ასეთი ატოლების მაგალითებია ნაურუ, ნიუე, ბანაბა.
სხვადასხვა კლიმატური პირობების გამო ოკეანეთის ნიადაგი საკმაოდ ნაირფეროვანია. ატოლების ნიადაგი მაღალტუტიანია, მარჯნული წარმოშობისა, საკმაოდ ღარიბია. ჩვეულებრივ ისინი ფორიანებია, რის გამოც საკმაოდ ცუდად ინარჩუნებენ სინოტივეს, ასევე შეიცავენ საკმაოდ მცირე რაოდენობის ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებსკალციუმის, ნატრიუმის და მაგნიუმის გარდა. ვულკანური კუნძულების ნიადაგს, როგორც წესი, აქვს ვულკანური წარმოშობა და გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით. დიდ მთიან კუნძულებზე გვხვდება წითელ-ყვითელი, მთის ლატერიტული, მთის-მინდვრიანი, ყვითელ-წაბლისფერი ნიადაგი, ყვითელმიწანიადაგი, წითელმიწანიადაგი.
დიდი მდინარეები არსებობენ მხოლოდ ახალი ზელანდიისსამხრეთ და ჩრდილოეთ კუნძულზე, ასევე ახალი გვინეის კუნძულზე, რომელზეც მდებარეობენ ოკეანეთის დიდი მდინარეები, სეპიკი (1126 კმ) და ფლაი (1050 კმ). ახალი ზელანდიის უდიდესი მდინარე — უაიკატო (425 კმ). მდინარეები უპირატესად წვიმის წყლებით იკვებებიან, თუმცა ახალ ზელანდიაში და ახალ გვინეაზე მდინარეები ასევე იკვებებიან გამდნარი მყინვარებისა და თოვლის წყლებისაგან. ატოლებზე მდინარეები საერთოდ არ არსებობენ ნიადაგის საკმაოდ მაღალი ფორიანობის გამო. ამის მაგივრად წვიმის წყალი, ჟონავს ნიადაგში, ქმნის ოდნავ მარილიან წყლის ლინზას, სადამდე მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ ჭის ამოთხრის შემთხვევაში. უფრო დიდ კუნძულებზე (როგორც წესი, ვულკანური წარმოშობის) გვხვდება წყლის მცირე დინებები, რომლებიც მიმართულია ოკეანისკენ.
ტბების ყველაზე უფრო დიდი რაოდენობა, მათ შორის, თერმალური, მდებარეობს ახალ ზელანდიაში, სადაც ასევე არსებობენ გეიზერები. ოკეანეთის სხვა კუნძულებზე ტბები — დიდი იშვიათობაა.
კლიმატი
ოკეანეთი მდებარეობს რამდენიმე კლიმატური სარტყლის ფარგლებში: ეკვატორული, სუბეკვატორული, ტროპიკული, სუბტროპიკული, ზომიერი. კუნძულების დიდ ნაწილზე ჭარბობს ტროპიკული კლიმატი. სუბეკვატორული კლიმატი ბატონობს ავსტრალიასთან და აზიასთან ახლომდებარე კუნძულებზე, ასევე ეკვატორის ზონის 180 მერიდიანიდან აღმოსავლეთით, ეკვატორული კლიმატი — 180 მერიდიანიდან დასავლეთით, სუბტროპიკული კლიმატი — ტროპიკებიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით, ზომიერი კლიმატი — ახალი ზელანდიის სამხრეთის კუნძულის დიდ ნაწილზე.
ოკეანეთის კუნძულების კლიმატი ძირითადად განისაზღვრება პასატებით, რის გამოც მათ დიდ ნაწილზე მოდის ნალექების დიდი რაოდენობა. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 1500 მმ-დან 4000 მმ-მდე, თუმცა ზოგიერთ კუნძულზე (კერძოდ, რელიეფის განსაკუთრებულობის გამო და ქარსზედა მხარეს) კლიმატი შეიძლება იყოს უფრო მეტად ნოტიო ან პირიქით — უფრო მშრალი. ოკეანეში მდებარეობს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნოტიო ადგილი[4]: კუნძულ კაუაიზე მდებარე ვაიალეალეს მთის აღმოსავლეთ ფერდოზე ყოველწლიურად მოდის 11 430 მმ-მდე ნალექი (აბსოლუტური მაქსიმუმი მიღწეული იქნა 1982 წელს: მაშინ მოვიდა 16 916 მმ ნალექი[5]). ტროპიკებთან სიახლოვეს საშუალო ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 23 °C-ს, ეკვატორთან — 27 °C-ს, ყველაზე ცხელ და ყველაზე ცივ თვეებს შორის უმნიშვნელო სხვაობით.
ოკეანეთის კუნძულების კლიმატზე დიდ გავლენას ასევე ახდენს ისეთი ანომალიები, როგორიცაა ელ-ნინიოს და ლა-ნინიას მოვლენები. ელ-ნინიოს დროს ტროპიკებს შორის არსებული კონვერგენციის ზონა მიემართება ჩრდილოეთისკენ ეკვატორის მხარეს, ლა-ნინიას დროს — სამხრეთისაკენ, ეკვატორიდან გარე მხარეს. ბოლო შემთხვევაში კუნძულებზე შეიმჩნევა ძლიერი გვალვები, პირველ შემთხვევაში — ძლიერი წვიმები.
ოკეანეთის კუნძულთა უმრავლესობაზე ხდება ბუნებრივი კატაკლიზმების დამღუპველი ზემოქმედება: ვულკანური ამოფრქვევები (ჰავაის კუნძულები, ახალი ჰებრიდები), მიწისძვრები, ცუნამები, ციკლონები, რომლებსაც თან ახლავს ტაიფუნები და ძლიერი წვიმები, გვალვები. ბევრ მათგანს მოაქვს მნიშვნელოვანი მატერიალური და ადამიანური დანაკარგები. მაგალითად, პაპუა-ახალ გვინეაში 1999 წლის ივლისში მომხდარი ცუნამის შედეგად დაიღუპა 2200 ადამიანი[6].
ოკეანეთი შედის მცენარეულობის პალეოტროპიკულ სამეფოში, ამასთან გამოირჩევა სამი ქვეზონა: მელანეზიურ-მიკრონეზიული, ჰავაური და ახალზელანდიური. ოკეანეთის ყველაზე უფრო ფართედ გავრცელებულ მცენარეებს შორის გამოირჩევა ქოქოსის პალმა და პურის ხე, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში: ნაყოფი გამოიყენება საკვებში, მერქანი სითბოს და სამშენებლო მასალის მიღების წყაროა, ქოქოსის პალმის კაკლების ზეთოვანი ენდოსპერმისგან აწარმოებენ კოპრას, რომელიც შეადგენს ამ რეგიონის ქვეყნების ექსპორტის საფუძველს. კუნძულებზე ასევე დიდი რაოდენობით ხარობენ ეპიფიტები (გვიმრანაირნი, ჯადვარისებრნი). ენდემების ყველაზე უფრო დიდი რაოდენობა (როგორც ფლორის, ასევე ფაუნის წარმომადგენლები) დარეგისტრირებულია ახალ ზელანდიაში და ჰავაის კუნძულებზე, ამასთან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ხდება მცენარეთა სახეობების, ჯიშების და ოჯახების რაოდენობის შემცირება.
ოკეანეთის ცხოველთა სამყარო მიეკუთვნება პოლინეზიური ფაუნის ზონის ჰავაის კუნძულების ქვეზონას. ახალი ზელანდიის ფაუნა გამოირჩევა თავისი თვითმყოფადობით, ახალი გვინეის ფაუნა მიეკუთვნება ავსტრალიის ზონის პაპუასურ ქვეზონას. ყველაზე უფრო დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ახალი ზელანდია და ახალი გვინეა. ოკეანეთის პატარა კუნძულებზე, უპირველეს ყოვლისა, ატოლებზე, ძუძუმწოვრები თითქმის არ გვხვდება: ბევრ მათგანზე ცხოვრობს მხოლოდ პატარა ვირთაგვა (ლათ.Rattus exulans). სამაგიეროდ საკმაოდ მდიდარია ადგილობრივი ორნიტოფაუნა. ატოლების უმრავლესობაზე მდებარეობენ ფრინველთა ბაზრები, სადაც ბუდობენ ზღვის ფრინველები. ახალი ზელანდიის ფაუნის წარმომადგენლებიდან ყველაზე უფრო ცნობილი ფრინველებია კივისნაირნი, რომლებიც ქვეყნის ეროვნული სიმბოლოებია. ქვეყნის სხვა ენდემებია — კეა (ლათ.Nestor notabilis, ანუ ნესტორი), კაკაპო (ლათ.Strigops habroptilus, ანუ ბუსებრი თუთიყუში), ტაკაჰე (ლათ.Notoronis hochstelteri). ოკეანეთის ყველა კუნძულზე ბუდობენ დიდი რაოდენობით ხვლიკისნაირნი, გველები და მწერები.
კუნძულების ევროპული კოლონიზაციის დროს ბევრ მათგანზე შემოტანილი იქნა მცენარეების და ცხოველების უცხო სახეობები, რაც ნეგატიურად აისახა ადგილობრივ ფლორასა და ფაუნაზე.
რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს დაცული ტერიტორიების დიდი რაოდენობა, რომელთაგან ბევრს უკავია მნიშვნელოვანი ფართობი. მაგალითად, ფენიქსის კუნძულები კირიბატის რესპუბლიკაში 2008 წლის 28 იანვრიდან მსოფლიოში უდიდესი საზღვაო ნაკრძალია (ფართობი შეადგენს 410 500 კმ²-ს)[7].
ისტორია
კოლონიამდელი პერიოდი
კუნძული ახალი გვინეა და მელანეზიის ახლომდებარე კუნძულები სავარაუდოდ დასახლებული იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან წამოსული ხალხით, რომლებმაც აქ კანოეებით მოცურეს დაახლოებით 30—50 ათასი წლის წინ[8]. დაახლოებით 2—4 ათასი წლის წინ დასახლებული იქნა მიკრონეზიის და პოლინეზიის დიდი ნაწილი. კოლონიზაციის პროცესი დამთავრდა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 1200 წელს[8]. XVI საუკუნის დასაწყისისთვის ოკეანეთის ხალხებმა გადაიტანეს პირველყოფილი თემური წყობის დაშლის და ადრეულ კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პერიოდი. აქტიურად ვითარდებოდა ხელსაქმეობა, სოფლის მეურნეობა, ზღვაოსნობა.
კოლონიალური პერიოდი
XVI საუკუნიდან XVIII საუკუნის ჩათვლით დროის მონაკვეთში გრძელდებოდა ევროპელების მიერ ოკეანეთის შესწავლის პერიოდი, რომლებმაც ნელ-ნელა დაიწყეს კუნძულებზე დასახლება. მაგრამ ევროპული კოლონიზაციის პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა, რადგანაც რეგიონი არ იწვევდა განსაკუთრებულ ინტერესს უცხოელების მხრიდან ბუნებრივი სიმდიდრის არ არსებობის გამო, და ნეგატიურად აისახა ადგილობრივ მოსახლეობაზე: შემოტანილი იქნა ბევრი ავადმყოფობა, რომლებიც ადრე ოკეანეთში საერთოდ არ არსებობდა, რამაც მოიტანა ეპიდემიები, რის შედეგადაც ნადგურდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. იმავდროულად მიმდინარეობდა მოსახლეობის გაქრისტიანება, რომლებიც მანამდე რამდენიმე ღვთაებას და სულებს ეთაყვანებოდნენ.
XVIII—XIX საუკუნეებში მიმდინარეობდა ოკეანეთის კუნძულების დაყოფა კოლონიურ სახელმწიფოებს შორის, უპირველეს ყოვლისა, ბრიტანეთის იმპერიას, ესპანეთს და საფრანგეთს შორის (შემდგომში მათ შეუერთდა აშშ და გერმანიის იმპერია). ევროპელების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა კუნძულებზე პლანტაციების შექმნის შესაძლებლობა (ქოქოსის პალმისკოპრის წარმოებისთვის, შაქრის ლერწმის), ასევე მონათა ვაჭრობა (ეგრეთ წოდებული „შავ შაშვებზე ნადირობა“, რომელიც ნებას რთავდა კუნძულელთა დაქირავებას პლანტაციებში სამუშაოდ).
1907 წელს ახალი ზელანდია გახდა დომინიონი, მაგრამ ფორმალურად ის გახდა მთლიანად დამოუკიდებელი სახელმწიფო მხოლოდ 1947 წელს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩასახვა დაიწყო პირველმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა („მაუ“ დასავლეთ სამოაზე, „ფიჯის ახალგაზრდობა“ ფიჯიზე), რომლებიც იბრძოდნენ კოლონიების დამოუკიდებლობისათვის. მეორე მსოფლიო ომის წლებში ოკეანეთი იყო საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი თეატრი, სადაც მოხდა ბევრი ბრძოლები (ძირითადად იაპონელ და ამერიკელ ჯარებს შორის).
ომის შემდეგ რეგიონში მოხდა ზოგიერთი წინსვლა ეკონომიკაში, მაგრამ კოლონიების უმრავლესობაში მას ჰქონდა ცალმხრივი ხასიათი (პლანტაციური მეურნეობის უპირატესობა და წარმოების პრაქტიკულად მთლიანი არარსებობა). 1960-იანი წლებიდან დაიწყო დეკოლონიზაციის პროცესი: 1962 წელს დამოუკიდებლობა მიიღო დასავლეთმა სამოამ, 1963 წელს — დასავლეთმა ახალმა გვინეამ, 1968 წელს — ნაურუმ. შემდგომში კოლონიების დიდი ნაწილი გახდა დამოუკიდებელი.
მელანეზიელები ცხოვრობენ მელანეზიის ქვეყნებში. რასობრივი ტიპი — ავსტრალოიდურია, მცირე მონღოლოიდური ელემენტებით, ახლოა ახალი გვინეის პაპუასებთან. მელანეზიელები ლაპარაკობენ მელანეზიურ ენებზე, მაგრამ მათი ენები მიკრონეზიულისა და პოლინეზიურისგან განსხვავებით არ ქმნიან ცალკე გენეტიკურ დაჯგუფებებს, ხოლო ენობრივი დაცალკევება საკმაოდ დიდია, ასე რომ მეზობელი სოფლის ხალხს შესაძლებელია ერთმანეთისა არც ესმოდეთ.
პაპუასები სახლობენ კუნძულ ახალ გვინეაზე და ინდონეზიის ზოგიერთ რაიონში. ანთროპოლოგიური ტიპის მიხედვით ისინი ახლო არიან მელანეზიელებთან, მაგრამ მათგან განსხვავდებიან ენით. ყველა პაპუასური ენა არ ენათესავება ერთმანეთს. პაპუასების საერთო ეროვნული ენა პაპუა-ახალ გვინეაში არის კრეოლური ენა — ტოკ-პისინი ინგლისური ენის საფუძველზე. სხვადასხვა მონაცემებით პაპუასების ხალხის და ენების რაოდენობა 300-დან 800-მდეა. ამასთან არსებობს სიძნელეები ცალკეულ ენასა და დიალექტებს შორის სხვაობის დადგენაში.
ოკეანეთის ბევრი ენა იმყოფება გაქრობის ზღვარზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ სულ უფრო მეტად ავიწროვებს ინგლისური და ფრანგული ენა.
მკვიდრი მოსახლეობის მდგომარეობა ოკეანეთის ქვეყნებში სხვადასხვანაირია. მაგალითად თუ, ჰავაის კუნძულებზე მათი წილი საკმაოდ დაბალია, ახალ ზელანდიაში მაორები შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 15 %-მდე რაოდენობას. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე პოლინეზიელთა წილი, რომელიც მიკრონეზიაში მდებარეობს, შეადგენს დაახლოებით 21,3 %-ს. პაპუა-ახალ გვინეაში მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ მრავალრიცხოვანი პაპუასების ხალხი, თუმცა ასევე მაღალია რეგიონის სხვა კუნძულებიდან ჩამოსული ხალხის წილიც.
ახალ ზელანდიაში და ჰავაის კუნძულებზე მოსახლეობის უმრავლესობა — ევროპელია, რომელთა წილი ასევე მაღალია ახალ კალედონიაში (34 %) და საფრანგეთის პოლინეზიაში (12 %). ფიჯის კუნძულებზე მოსახლეობის 38,2 %-ს წარმოადგენენ ინდო-ფიჯელები, კონტრაქტით მომუშავე ინდოელების შთამომავლები, რომლებიც იქ ჩაიყვანეს ბრიტანელებმა XIX საუკუნეში.
ბოლო წლებში ოკეანეთის ქვეყნებში იზრდება აზიიდან ჩამოსული ხალხის წილი (უპირატესად ჩინელების და ფილიპინელების). მაგალითად, ჩრდილოეთ მარიანის კუნძულებზე ფილიპინელების წილი შეადგენს 26,2 %-ს, ხოლო ჩინელების — 22,1 %-ს.
ოკეანეთის მოსახლეობა აღმსარებლობით ძირითადად ქრისტიანია, რომლებიც მიეკუთვნებიან ან პროტესტანტულ, ან კათოლიკურ მიმდინარეობას.
ეკონომიკა
ოკეანეთის ქვეყნების უმრავლესობას აქვს საკმაოდ სპეციფიკური ეკონომიკა, რაც დაკავშირებულია რამდენიმე მიზეზთან: შეზღუდული ბუნებრივი სიმდიდრეები, პროდუქციის მსოფლიო გასაღების ბაზრებიდან დაშორება, მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტების დეფიციტი. ბევრი სახელმწიფო დამოკიდებულია სხვა ქვეყნების ფინანსურ დახმარებაზე.
მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავებულია სახელმწიფო სექტორში. ბოლო წლებში ტარდება ზომები ეკონომიკის ტურისტული სექტორის განვითარებისათვის.
კულტურა
ოკეანეთის ხელოვნებამ გამოიმუშავა თვითმყოფადი სტილი, რომელიც უნიკალურს ხდის ადგილობრივ კულტურას.
პოლინეზიელებისსახვით ხელოვნებაში მთავარი ადგილი ეკუთვნის ხისგან ნაკეთობების გამოთლას და სკულპტურებს. მაორებმა ხისგან ნაკეთობების გამოთლის მაღალ დონეს მიაღწიეს, რისი საშუალებითაც ისინი ალამაზებდნენ ნავებს, სახლის დეტალებს, თლიდნენ ღმერთების და წინაპრების სტატუებს, რომლებიც დგას ყველა სოფელში. ორნამენტის ძირითადი მოტივი — სპირალია. მოაის ქვის სტატუები იქმნებოდა აღდგომის კუნძულზე და მარკიზის კუნძულებზე. ხელსაქმეობიდან ყველაზე მთავარი იყო ნავების აგება, რადგანაც ისინი მეთევზეობის და შორ მანძილებზე მოგზაურობის საშუალებას იძლეოდნენ (ამასთან დაკავშირებით პოლინეზიელებში ვითარდებოდა ასტრონომია). პოლინეზიელებს შორის ფართე გავრცელება ჰპოვა ტატუირებამ. ტანსაცმლად გამოიყენებოდა ტაპა, რომელიც მზადდებოდა თუთისებრნთა ოჯახის ხეების ქერქისაგან. პოლინეზიაში გავრცელებული იყო მითები, ლეგენდები, ზღაპრები, სიმღერები და ცეკვები. დამწერლობა, სავარაუდოდ, არსებობდა მხოლოდ აღდგომის კუნძულზე (რონგო-რონგო), სხვა კუნძულებზე ფოლკლორი ზეპირად გადაეცემოდა.
მიკრონეზიელებში ხელოვნების სახეებიდან პოპულარულია სიმღერა და ცეკვები. თითოეულ ტომს აქვს საკუთარი მითები. კუნძულელების ყოფაცხოვრებაში მთავარი ადგილი ეკავა ნავებს. ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის ნავები: დიბენილი — აფრიანი, ვალაბი — დიდი ნიჩბებიანი ნავი. იაპის კუნძულებზე გვხვდება მეგალითები. განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ნან-მადოლი, ცნობილი როგორც „მიკრონეზიის ვენეცია“. ეს მთელი ქალაქია წყალზე, ლაგუნაში კუნძულ პონაპეზე. ხელოვნურ მომცრო კუნძულებზე აშენებულია ქვის ნაგებობები.
მელანეზიელებში განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია ხეზე ჭრამ. პოლინეზიელებისგან განსხვავებით, მელანეზიელები არ იყვნენ ზღვასთან ისე მიჯაჭვულები, ისინი უფრო ხმელეთის მაცხოვრებლები იყვნენ. ძირითადი მუსიკალური ინსტრუმენტია — ბარაბანი, ანუ გონგი. პაპუასებში გავრცელებულია ფოლკლორი, სიმღერები, ცეკვები, მითები. სიმღერები და ცეკვები საკმაოდ უბრალოა. სიმღერას ეძახიან მუნს, მელოდია ვარირებს საკმაოდ სუსტად. მთავარი მნიშვნელობა აქვს წინაპრების და თავის ქალის კულტს. პაპუასები ამზადებენ კორვარებს — წინაპრების გამოსახულებებს. კარგადაა განვითარებული ხის გამოთლა.
↑ 9.09.1ავსტრალია არ არის ოკეანეთის ნაწილი, იგი წარმოადგენს ცალკე მატერიკს. მაგრამ მთელი ხმელეთის ქვეყნის ნაწილებად დაყოფისას ოკეანეთი ერთიანდება ავსტრალიასთან. ქვეყნის მატერიკულ ნაწილთან ერთად ჩამონათვალში მოყვანილია ავსტრალიის გარე ტერიტორიებიც.
↑კუნძულზე ოფიციალური დედაქალაქი და ქალაქები არ არსებობენ. მთავრობის რეზიდენცია მდებარეობს მენენგის რაიონში, ხოლო სამთავრობო დაწესებულებები და პარლამენტი — იარენის რაიონში.
↑2006 წლის 7 ოქტომბრამდე ქვეყნის ოფიციალური დედაქალაქი იყო ქალაქი კორორი.
↑მუდმივი მოსახლეობა კუნძულზე არ არსებობს: იქ იმყოფებიან მხოლოდ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები (1980 წელს — 302 ადამიანი), რომლებიც ემსახურებიან სამხედრო ბაზას.
↑კუნძულ ჯონსტონზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. XX საუკუნის ბოლოს კუნძულზე ცხოვრობდა დაახლოებით 1100 აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე. 2005 წლის მაისის მდგომარეობით მთელმა პერსონალმა დატოვა ატოლი.
↑მიდუეის კუნძულებზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. დღეისათვის კუნძულებზე ცხოვრობს აშშ-ის თევზების რესურსების და გარეული ცხოველების დაცვის სამსახურის დაახლოებით 40 მოსამსახურე.
↑პალმირას ატოლზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. დღეისათვის ატოლზე ცხოვრობს აშშ-ის თევზების რესურსების და გარეული ცხოველების დაცვის სამსახურის დაახლოებით 20 მოსამსახურე.