გუამის კუნძული წაგრძელებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 50 კმ-ზე, სიგანე ყველაზე ვიწრო საშუალო ნაწილში — 12 კმ-ია. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის რელიეფი საგრძნობლად განსხვავდება სამხრეთისაგან. ჩრდილოეთ ნაწილი — კირქვიანიპლატოა, მარჯანისგან შემდგარი. ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილოეთით პლატო მყისიერად ვარდება სანაპიროზე.
კუნძულის სამხრეთი ნაწილი — ვულკანური წარმოშობისაა და აქვს მთაგორიანი რელიეფი. უმაღლესი წერტილია — მთა ლამლამი (406 მ). გორაკები ლავური, კვარციტული და თიხაფიქლური წარმოშობისაა. არის გრანიტის და ქვიშაქვის მინარევებიც.
კუნძულის კლიმატიტროპიკულიამუსონურია. საშუალო დღიური ტემპერატურა მთელ წელიწადში დაახლოებით 26-27 °С-ია. წვიმიანი პერიოდი გრძელდება მაისიდან ნოემბრის ჩათვლით, როდესაც დგება სამხრეთ-დასავლეთი მუსონების დრო. ყველაზე დიდი ნალექების რაოდენობაა — აგვისტოში (410 მმ), ყველაზე ნაკლები — აპრილში (55 მმ). უნალექო ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში (იანვრიდან აპრილის ჩათვლით) ქრის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი. ნალექების წლიური ჯამი აღემატება 2000 მმ-ს. კუნძულზე ხშირად მოქმედებენ ტაიფუნები, განსაკუთრებით ზაფხულის წვიმიან პერიოდში. ერთ-ერთმა ძლიერმა ტაიფუნმა 1962 წელს გუამზე გაანადგურა თითქმის ყველა შენობა.
გუამი დასახლებული იყო ერთ-ერთი ავსტრონეზიური ხალხით — ჩამოროელებით, დაახლოებით XV საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. XVI საუკუნის დასაწყისში (1521 წელს), როდესაც მაგელანის ექსპედიციამ აღმოაჩინა გუამი, ჩამოროს ხალხს დაწყებული ჰქონდა ადრეკლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბება. ისინი იყოფოდნენ სამ ძირითად სოციალურ ფენად: ბელადებად, რიგით ადამიანებად და მონებად.
გუამი გამოცხადდა ესპანეთის კოლონიად 1565 წელს. 1600 წლიდან კუნძული გამოიყენებოდა ესპანური გემების ეკიპაჟის დასასვენებლად და მათთვის საკვების შესავსებად, რომლებიც მიემართებოდნენ მექსიკიდან ფილიპინებზე. ამან გამოიწვია აბორიგენი ჩამოროელების ესპანელებთან, მექსიკელებთან და ფილიპინელებთან შერევა, რომლებიც შედიოდნენ ესპანური გემების შემადგენლობაში.
ესპანელების ფაქტობრივი კოლონიზაცია, ჩამოროელების გაქრისტიანებასთან ერთად დაიწყო 1668 წლიდან, როდესაც კუნძულზე ჩამოვიდნენ კათოლიკე მისიონერები. 1670 წლიდან 1695 წლამდე პერიოდი აღსანიშნავია ჩამოროელების აჯანყებების სერიებით, რომლებსაც სისასტიკით ახშობდნენ ესპანელი ჯარისკაცები. ჩამოროელების რიცხვი, განსაკუთრებით მამაკაცებისა, ძლიერ შემცირდა. ამან გამოიწვია ჩამოროელების შემდგომი შევიწროვება ესპანელების, ფილიპინელების და მექსიკელების მიერ. მაგრამ ჩამოროელებმა შეინარჩუნეს თავისი ენა და ზოგიერთი წეს-ჩვეულება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიპყრეს კუნძული ესპანეთ-ამერიკის ომის დროს 1898 წელს და იმავე წელს შეიერთეს ის პარიზში ხელმოწერილი მშვიდობიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ამის შემდეგ გუამი ემსახურებოდა ამერიკულ გემებს, როგორც შუამდებარე ბაზა, ფილიპინებისკენ მიმავალ გზაზე.
მეორე მსოფლიო ომის დროს გუამს თავს დაესხა იაპონიის შეიარაღებული ძალები. ბრძოლა დაიწყო 1941 წელს პერლ-ჰარბორზე იაპონელთა თავდასხმიდან სამი საათის შემდეგ. გუამი ჩაბარდა იაპონიის სამხედრო ძალებს 10 დეკემბერს. ომის პერიოდში, დაახლოებით 19 000 იაპონელი ჯარისკაცი და მეზღვაური იდგა კუნძულზე. გუამი ამერიკის სამხედრო ძალებმა უკან დაიბრუნა 1944 წლის 21 ივლისს.
პოლიტიკური მოწყობა
გუამს აქვს ორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორიის სტატუსი (organized unincorporated territory) ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე. იმართება 1950 წელს აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული კუნძულ გუამის ორგანული კანონის საფუძველზე. ამ კანონმა კუნძულს მიანიჭა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება და მისი მოსახლეობა გამოაცხადა აშშ-ს მოქალაქეებად (nationals).
აღმასრულებელ ხელისუფლებას ასრულებს გუბერნატორი (ირჩევს გუამის მოსახლეობა 4 წლის ვადით), რომელიც ნიშნავს ადგილობრივ მთავრობას.
საკანონმდებლო ორგანოა — საკანონმდებლო კრება, რომელიც შედგება 15 სენატორისაგან (ირჩევს გუამის მოსახლეობა 2 წლის ვადით).
გუამზე არსებობს აშშ-სგან სრული დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობა, მაგრამ გუამის მოსახლეობის უმრავლესობას სურს შეინარჩუნოს ამჟამინდელი სტატუსი მოდიფიცირებული სახით, რაც გამოიხატება გაფართოებული ავტონომიის მიღებაში.
გუამი — აშშ-ის უმსხვილესი სტრატეგიული სამხედრო ბაზა წყნარ ოკეანეში. აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები ძირითადად თავმოყრილები არიან ანდერსენის ავიაბაზაზე და აპრა-ჰარბორის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე.
ენები: ინგლისური — 43,6 % (63 238 ად.), ჩამოროს ენა — 17,8 % (25 827 ად.), ფილიპინური ენები — 21,2 % (30 720 ად.), ოკეანეთის ენები — 10,0 % (14 441 ად.), აზიური ენები — 6,3 % (9192 ად.), სხვა ენები — 1,1 % (1651 ად.) (აღწერა 2010 წლის)[3].
ეკონომიკა
ეკონომიკაში ძირითად როლს, უპირველეს ყოვლისა, ასრულებს ტურიზმი (ძირითადად იაპონიიდან) და ასევე კუნძულზე არსებული ამერიკული სამხედრო ბაზა, რომელსაც უკავია კუნძულის ფართის მესამედი.
კუნძულზე აშენებულია აეროპორტი, ოტელები ტურისტებისთვის და გოლფ-კლუბები. ტურისტების დაახლოებით 90 % — იაპონელია. იაპონელი ტურისტების სიმრავლე გამოწვეულია იმით, რომ გუამი უფრო ახლოა ვიდრე ჰავაის კუნძულები. ტურიზმის განვითარებისათვის ოტელებით განაშენიანდა ულამაზესი პლიაჟები, რისთვისაც დაინგრა რიფი და დიდი ზიანი მიადგა ზღვის ფლორას და ფაუნას.
კუნძული დაკავშირებულია დანარჩენ სამყაროსთან ინტერნეტის 12 ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით.[5]
საუკეთესო ტურისტული ზონები
საუკეთესო ტურისტული ზონებია. გუამის ჩრდილოეთი რაიონი — კუნძულზე ყველაზე ნაკლებად დასახლებული და ტურისტების მიერ ყველაზე ნაკლებად მონახულებადი. რეგიონის დიდი ნაწილი დაკავებულია აშშ-ის სამხედრო ბაზებით. აქვე მდებარეობს რიტიდიან — ბიჩი (Ritidian Beach), რომელიც ითვლება გუამის ყველაზე ლამაზ პლაჟად. ცენტრალური რეგიონი — ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებადია. ზუსტად აქ მდებარეობს გუამის დედაქალაქი, ასევე მთავარი და კუნძულის ერთადერთი ტურისტული ცენტრი — ტუმონი. ტურისტების 90 % აქ ცხოვრობს და ატარებს თავის შვებულებას. სამხრეთი რეგიონი — კუნძულზე ყველაზე მხატვრული, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ნაკლებად განვითარებულია. ამ რაიონში ყველაზე კარგად შენარჩუნდა გუამის ადგილობრივი მოსახლეობის — ჩამოროს კულტურა. აქ ტურისტებს იზიდავს ქოქოსის კუნძული და ტალოფოფოს ყურის (Talofofo Bay) პლაჟები. ტალოფოფოს წყნარი ოკეანისეული პლაჟები დააინტერესებთ სერფერის და კაიტსერფერის მოყვარულებს, განსაკუთრებით ქარის სეზონში. თანაც, ზუსტად „სამხრეთ რეგიონში“ გუამზე გადმოვიდა მაგელანი თავის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს. კუნძული გუამი — არა მხოლოდ საუკეთესო პლაჟები, ტროპიკული მცენარეები და ლამაზი ჩანჩქერებია, არამედ კუნძულის ძველი ისტორიის ძეგლებია. ეს არის კლდეზე ნაკვეთი სურათები და აბორიგენი ხალხის ჩამოროს, რომლებიც კუნძულზე 3,5 ათასი წლის წინ დასახლდა ტრადიციული სახლები, ესპანელების ყოფილი ბატონობის დამადასტურებელი ფაქტები, ასევე მეორე მსოფლიო ომის ძეგლები. ფილიპინების ზღვა და წყნარი ოკეანე, გუამის სანაპირო ზოლი, დაივინგის მოყვარულებს ჩუქნის შესაძლებლობას მოინახულონ მარჯნის რიფები და გამოიკვლიონ ჩაძირული გემები. ამას გარდა, აქტიური დასვენების მოყვარულებს შეუძლიათ ისიამოვნონ ვინდსერფინგით და პარასეილინგით, ითამაშონ გოლფი.