საფრანგეთის პოლინეზია წარმოადგენს მრავალი კუნძულისგან შემდგარ არქიპელაგს, მათ შორის აღსანიშნავია: საზოგადოების კუნძულები, ტუამოტუს კუნძულები, მარკიზის კუნძულები, ტუბუაი. ფრანგული პოლინეზიის ფართობი შეადგენს — 4167 კმ², მოსახლეობა — 268 270 კაცი (2012 აღწერით). ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი პაპეეტე, ეს ქალაქი მდებარეობს კუნძულ ტაიტიზე (უდიდესი კუნძული საფრანგეთის პოლინეზიაში, 1 ათასი კმ²).
ამ ტერიტორიას მართავს საფრანგეთის უმაღლესი კომისარი. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებია — მინისტრთა საბჭო და ტერიტორიული ასამბლეა.
დასახელება
ზღვისიქითა გაერთიანების პირველი სიტყვა ნიშნავს საფრანგეთის კუთვნილება. მეორე სიტყვა — შედგება წყნარი ოკეანის რეგიონის პოლინეზიისგან, რომლის ნახევარსაც საფრანგეთი ფლობს. სახელი „პოლინეზია“ წარმოიშვა ХVІІІ საუკუნეში, ასე ზღვაოსნები ეძახდნენ „სამხრეთ ზღვებში“ აღმოჩენილ მრავალრიცხოვან კუნძულებს, თვითონ სიტყვა წარმოიშვა ბერძნული: πολύς ბევრი, νῆσος კუნძული. ტერიტორიის თანამედროვე დასახელება დამკვიდრდა დაახლოებით ХVІІІ საუკუნის მეორე ნახევარში ან ბოლოს, როცა ტერიტორია გახდა საფრანგეთის ნაწილი.
საერთო გეოგრაფია და ბუნებრივი პირობები
საფრანგეთის პოლინეზიაში დაახლოებით 130 კუნძულია[1].
საერთო ფართობი
4167 კმ²
ხმელეთი: 3660 კმ²
წყალი: 507 კმ²
ზღვის აკვატორია: 4,8 მლნ კმ²
სახმელეთო საზღვრები
0 კმ
სანაპირო ხაზი
2525 კმ
საზღვაო მოთხოვნები
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა: 200 საზღვაო მილი
ტერიტორიული ზღვა: 12 საზღვაო მილი
უკიდურესი წერტილები
ყველაზე დაბალი პუნქტი: წყნარი ოკეანე 0 მ.
ყველაზე მაღალი პუნქტი: ოროჰენას მთა (ტაიტის კუნძული) 2241 მ.
ბუნებრივი რესურსები
ხე-ტყე, თევზი, კობალტი, ჰიდროელექტროენერგია
მიწით სარგებლობა
სახნავი მიწა: 1 %
მუდმივი მარცვლეული კულტურები: 6 %
მუდმივი სათიბი: 5 %
ტყე და ტყიანი ადგილები: 31 %
სხვა: 57 % (1993 წლის შეფასება.)
მორწყული მიწა
NA კმ²
გეოლოგია
საფრანგეთის პოლინეზიის კუნძულებს აქვთ ან ვულკანური, ან მარჯნული წარმოშობა. ვულკანურია საზოგადოების კუნძულებისა და ტუბუაის უმრავლესობა, გამბიეს კუნძულები და მარკიზის კუნძულები; მარჯნის ატოლები ქმნიან არქიპელაგ ტუამოტუს და შედიან ზოგიერთი სხვა კუნძულოვანი ჯგუფების შემადგენლობაში.
ვულკანური კუნძულები მთიანია. ტაიტის უმაღლესი წერტილია (და მთელი საფრანგეთის პოლინეზიის) — მთა ოროჰენა, რომელიც აღმართულია 2241 მეტრზე ზღვის დონიდან. მარჯნის კუნძულები, როგორც წესი აღმართულია ოკეანის დონიდან სულ რამდენიმე მეტრით და გარშემორტყმულია რიფებით.
კლიმატი
კლიმატი საფრანგეთის პოლინეზიის დიდ ნაწილში, უპირატესად ცენტრში, ტროპიკულია და პასატურია. ჩრდილოეთით (მარკიზის კუნძულები) — სუბეკვატორული. სამხრეთ ნაწილში აღსანიშნავია შესამჩნევი სხვაობა თბილ ზამთარსა და ცხელ ზაფხულს შორის. ტუბუაის სამხრეთ კუნძულებზე კლიმატი სუბტროპიკული ტენიანია. ყველაზე ცხელი და ტენიანი სეზონია — ნოემბრიდან მაისის ჩათვლით, როდესაც ხშირად ქრის ჩრდილო-დასავლეთის ქარები. ყველაზე ცხელ თვეებში ტემპერატურა, როგორც წესი 27 — 32 °C-ია და ჰაერის ტენიანობა ძალიან მაღალია (დაახლოებით 92 %) ხოლო ნალექები მოდის 1700 მმ-მდე (75 % წლიური ნორმის). ნალექები ამ დროს მოდის, უპირატესად, ძლიერი სახით, მაგრამ საღამოს მოკლევადიანი თავსხმით, ან ხანგრძლივი წვიმა რამდენიმე დღე-ღამის ხანგრძლივობით.
ამავე პერიოდში არ არის იშვიათი ტროპიკული ქარიშხლები და ძლიერი შტორმები. ეს განსაკუთრებით ხშირია ტაიტის, ტუამოტუს, ტუბუაის კუნძულებზე.
მშრალ სეზონში (ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით) ჭარბობს სამხრეთ-აღმოსავლეთი პასატები. ყველაზე დაბლა ტემპერატურა ეცემა ივლის-აგვისტოში (სამხრეთით — 18-დან — 21 °C-მდე).
უმრავლეს კუნძულებზე საშუალო წლიური ტემპერატურა ძირითადად არის 22-დან 26 °C-მდე, უმნიშვნელო ამპლიტუდებით მერყეობს თვეების მიხედვით. კუნძულების პასატები და ექსპოზიცია განსაზღვრავს კლიმატურ პირობებსა და ამინდს პოლინეზიის კუნძულებზე. ნალექებია — 1500-3500 მმ. არის ქარიშხლებიც.
საფრანგეთის პოლინეზიის კუნძულებზე ხდება ტროპიკული ციკლონის შემოჭრა, რომელსაც ზოგჯერ, უპირატესად იანვარში მოაქვს დამანგრეველი შედეგები.
ნიადაგი და ჰიდროლოგია
ვულკანურ კუნძულებზე ვულკანური ნიადაგია. ატოლებზე — ქვიშაა.
მდინარეთა ქსელი განვითარებულია მხოლოდ ვულკანური წარმოშობის კუნძულებზე. მდინარეები იქ მოედინება ვიწრო და ღრმა ველებზე, ბევრი ჩანჩქერებით. ტაიტისა და ჰუაჰინეს კუნძულებზე არის პატარა ტბები. მარჯნის კუნძულებზე მდინარეები არაა.
მცენარეულობა
მცენარეულობის მხრივ ვულკანური წარმოშობის კუნძულები ძლიერ განსხვავდება მარჯნის ატოლებისაგან. ვულკანური კუნძულების ქარსზედა ფერდობებზე ნაპირიდან მთის წვერომდე აღმართულია ხშირი ტროპიკული ტყეები, რომელიც შედგება მარადმწვანე ჯიშის ხეებისგან, რომლებიც შერეულია ქოქოსის პალმის, ბანანისა და სხვა კულტურების პლანტაციებთან. ქარსქვედა ფერდობებზე ბატონობს ბალახოვანი მცენარეულობა. მარჯნის კუნძულები დაფარულია ქოქოსის პალმის ამონაზარდებით.
ფაუნა
მნიშვნელოვანი გეოგრაფიული იზოლაციის გამო, როგორც ფლორა, ისევე ფაუნა ენდემურია. ძუძუმწოვრები პრაქტიკულად არ არიან. გვხვდება მხოლოდ ხვლიკების, ფრინველების, მწერების რამდენიმე სახეობა. საერთოდ საფრანგეთის პოლინეზიის ცხოველთა სამყარო ღარიბია.
ისტორია
დღევანდელი საფრანგეთის პოლინეზიის კუნძულებზე პოლინეზიელებმა დაიწყეს დასახლება ჩვენი წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნეებში. სავარაუდოდ, მიგრაცია მოხდა კუნძულ სამოადან. თავიდან მოხდა მარკიზისა და საზოგადოების კუნძულების დასახლება. საზოგადოების კუნძულებიდან პოლინეზიელები ჩვენი წელთაღრიცხვის І ათასწლეულის ბოლოს ან ІІ ათასწლეულის დასაწყისში გადასახლდნენ ტუამოტუსა და ტუბუაის კუნძულებზე[2].
კუნძულებზე ევროპელების გამოჩენამდე დღევანდელი საფრანგეთის პოლინეზიის მოსახლეობას შორის ყველაზე განვითარებული ხალხი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით ცხოვრობდა კუნძულ ტაიტიზე. აქ ХVIII საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა ადრეკლასობრივი სახელმწიფო, ხოლო 1797 წლიდან, ერთ-ერთმა მათგანმა, ტაიტის სამეფომ, რომელსაც მართავდა პომარეს დინასტია, დაიწყო მისი ხელისუფლების ქვეშ ტაიტის სხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების მიერთება, ხოლო შემდგომ — თავისი ხელისუფლება განავრცო დღევანდელი საფრანგეთის პოლინეზიის სხვა კუნძულებზეც.
1842 წელს ტაიტი, საზოგადოების კუნძულები, ტუამოტუს არქიპელაგი, ტუბუაის კუნძულები და მარკიზის კუნძულები გახდა საფრანგეთის პროტექტორატი.
1880 წლიდან პროტექტორატის სტატუსი გაუქმდა და მის მაგივრად დამყარდა კოლონიალური სტატუსი. პომარეს დინასტიის ხელისუფლება დაიმსხვრა.
1946 წელს საფრანგეთის პოლინეზიამ მიიღო საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსი. კუნძულების ყველა მაცხოვრებელი გახდა საფრანგეთის მოქალაქე.
2004 წლიდან მიიღო ზღვისიქითა გაერთიანების სტატუსი.
პოლიტიკური მოწყობა
საფრანგეთის ხელისუფლება კუნძულებზე წარდგენილია საფრანგეთის პოლინეზიაში რესპუბლიკის უმაღლესი კომისრით, რომელსაც ნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი. აღმასრულებელი ხელისუფლება — ტერიტორიის მინისტრთა საბჭო. ადგილობრივი პარლამენტი — ტერიტორის ასამბლეა — შედგება 57 დეპუტატისაგან, რომლებსაც ირჩევენ ხუთ წელიწადში ერთხელ. ტერიტორიის მოსახლეობა ასევე ირჩევს საფრანგეთის ერთ სენატორსა და საფრანგეთის პარლამენტის ორ წევრს.
პოლიტიკური პარტიები (2008 წლის იანვარ-თებერვლის არჩევნების შედეგად):
ალიანსი „ჩვენი სახლი“ (8 პარტია, აქედან 6 — მემარცხენე) — 27 ადგილი ასამბლეაში
კავშირი დემოკრატიისათვის (3 პარტია, საფრანგეთიდან გამოყოფის მომხრე) — 20 ადგილი ასამბლეაში
სახალხო კრება (მემარჯვენე) — 10 ადგილი ასამბლეაში
ამას გარდა არსებობენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ არიან წარდგენილნი:
ალიანსი ახალი დემოკრატიისათვის
პოლინეზიის განთავისუფლების დამოუკიდებელი ფრონტი
პარტია „ახალი სამშობლო“
კუნძულების მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს საფრანგეთის კონსტიტუცია. საფრანგეთის პოლინეზიის მაცხოვრებლები არიან საფრანგეთის მოქალაქეები.
მოსახლეობა
მოსახლეობის რაოდენობა — 268 270 კაცი (2012 აღწერით).
მოსახლეობა გადანაწილებულია არათანაბრად. ყველაზე მეტად დასახლებულია ქალაქი პაპეეტე (26 017 ადამიანი ანუ საფრანგეთის პოლინეზიის მოსახლეობის 7,5 %) და დედაქალაქის არქიპელაგი საზოგადოების კუნძულები — 228 073 ადამიანი ანუ 87 %. შემდეგ მოდიან ტუამოტუს კუნძულები — 15 510 ადამიანი ანუ 5,8 %, გამბიეს კუნძულები — 1337 ადამიანი ანუ 0,52 %, მარკიზის კუნძულები — 8658 ადამიანი ანუ (3,33 %) და ტუბუაის კუნძულები — 6304 ადამიანი ანუ 2,42 %.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა
საფრანგეთის პოლინეზია შედგება ხუთი ადმინისტრაციული დანაყოფისაგან:
ქარსზედა კუნძულები (კუნძულები მაიაო, მეჰეტია, მურეა, ტაიტი, ტეტიაროა), აქ 12 კომუნა მდებარეობს კუნძულ ტაიტიზე, მათ შორისაა კომუნა ტაიარაპუ-ესტი, რომელიც აგრეთვე მოიცავს კუნძულ მეჰეტიას და კომუნა არუე, რომლის შემადგენლობაში შედის ატოლი ტეტიაროა. კომუნა მურეა-მაიაო კუნძულ ტაიტიზე არ მდებარეობს.
ეკონომიკის ძირითადი დარგებია — ტურისტების მომსახურება (მთლიანი შიდა პროდუქტი-ს (მშპ) დაახლოებით მეოთხედი). ასევე განვითარებულია მარგალიტის მოპოვება და თევზჭერა.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2004 წელს — 18 ათასი დოლარი (68-ე ადგილი მსოფლიოში).
საწარმოო სექტორში (მომუშავეთა 19 %) — ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება და სუვენირების დამზადება.
საექსპორტო საქონელი (0,2 მილიარდი დოლარი 2005 წელს) — მარგალიტი, ქოქოსის პალმა, ვანილი, ზვიგენის ხორცი, სუვენირები.
საიმპორტო საქონელი (1,7 მილიარდი დოლარი 2005 წელს) — საწვავი, საკვები, სამრეწველო საქონელი, მანქანები და მოწყობილობები.
საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს საფრანგეთიდან ფინანსურ დოტირებას, რომელიც მიმართულია სამხედრო ობიექტების დახურვის შემდეგ ახალი წარმოებების შესაქმნელად და სოციალური მომსახურების გასავითარებლად.
კავშირგაბმულობა
საერთაშორისო სატელეფონო კავშირები წარმოდგენილია თანამგზავრული სადგურით Intelsat (წყნარი ოკეანე). სატელეფონო ხაზების რაოდენობაა — 53 600 (2006 წელს). კუნძულებზე კარგადაა განვითარებული მობილური კავშირგაბმულობა GSM 900 სტანდარტით. ამ სისტემით მთავარი კუნძულები (ტაიტი, მურეა, ბორა-ბორა, ტაჰაა, რაიატეა, ჰუაჰინი და რანგიროა) მთლიანადაა მოცული, პატარა კუნძულები ხშირად იმყოფებიან დაფარვის ზონის გარეთ, მაგრამ იქაც კი კავშირი შედარებით მყარია ძლიერი ცენტრალური რეტრანსლიატორების მეშვეობით. ადგილობრივი სიმ-ბარათების შეძენა შესაძლებელია Tikiphone SA-ს ოფისებში, მაგრამ რეკომენდებულია ყიდვამდე ბარათის გასინჯვა უშუალოდ საკუთარ ტელეფონში, იმიტომ რომ GSM-ის სტანდარტის ზოგიერთი ტელეფონი არ უკავშირდება ადგილობრივ ოპერატორებს. ოპერატორებია — Tikiphone, ხოლო 2008 წელს ასევე გამოჩნდა Мара Теlесом. რადიოსადგურები: 2 სადგური — AM, 14 სადგური — FM და 2 მოკლეტალღიანი სადგური (1998 წელს).
სოციალური სფერო
განათლება
დაწყებითი განათლება სავალდებულოა და უფასოა. დაწყებითი სკოლების უმრავლესობა სახელმწიფოა. კერძო სკოლები ძირითადად კათოლიკურია. არსებობს 18 საშუალო სკოლა და პროფტექნიკური სასწავლებელი (სახელმწიფო და კერძო). განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოლ გოგენის სახელმწიფო ლიცეუმს (პაპეეტე და სხვა კუნძულების ფილიალები) და უმაღლეს ტექნიკურ სკოლას. 1987 წლიდან მოქმედებს ფრანგული წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი.
კულტურა
საფრანგეთის პოლინეზიის კულტურამ მნიშვნელოვნად დაკარგა თავისი თვითმყოფადობა. უფრო მეტიც, კუნძული ტაიტი თითქმის მთლიანად ევროპიზირებულია, განსაკუთრებით დედაქალაქი პაპეეტე. სახლები ამ ქალაქში უპირატესად ევროპული სტილისაა, ქალაქელების ტანსაცმელი ასევე ევროპული ტიპისაა.
ტრადიცია ყველაზე მეტად შენარჩუნებულია არქიპელაგ ტუამოტუს საცხოვრებელ შენობებში და საფრანგეთის პოლინეზიის პერიფერიის სხვა კუნძულებზე. იქ კიდევ შეიძლება ინახოს ქოხები, კადლები და სახურავები, რომლებიც გაკეთებულია პალმის ფურცლებისაგან. მაგრამ ტრადიციულ ტანსაცმელს იქაც კი არ ატარებენ.
ტრადიციები საიმედოდ შენარჩუნებულია საკვების მომზადების სფეროში. კერძოდ, აბორიგენები დღემდე მიირთმევენ უმ თევზს და კიბორჩხალებს (თუმცა, მათ წინასწარ ასველებენ ლიმონის სოკში). შემწვარ ხორცს ბევრი კუნძულელი კიდევ ამზადებს მიწის ღუმელში, სადაც მაღალ ტემპერატურას ქმნიან გაცხელებული ქვები.
საფრანგეთის პოლინეზიაში შენარჩუნებულია აბორიგენული მუსიკა და ცეკვა. საკრავი ინსტრუმენტები ძირითადად ჩასაბერი და დასარტყამია, მაგრამ ამ სფეროშიც კი საგრძნობია ევროპულ-ამერიკული კულტურის გავლენა.