სურამისა და ხაშურის ეპარქია

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „სურამისა და ხაშურის ეპარქია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. სურამისა და ხაშურის ეპარქია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სურამისა და ხაშურის ეპარქია
წრომის ეკლესია VII ს.
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა : საქართველოს დროშა საქართველო
ფართობი : 585,2 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა : 52 603 კაცი
ეპარქიალური ცენტრი : ქალაქი ხაშური
დაარსდა : 2013 წლის 11 ოქტომბერს
საკათედრო ტაძარი : ხაშურის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი
მეორე საკათედრო ტაძარი : სურამის წმიდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : ეპისკოპოსი სურამისა და ხაშურისა, ყოვლადუსამღვდელოესი მეუფე
მმართ. ეპისკოპოსი : სვიმეონი (ცაკაშვილი)
მმართ. დასაწყისი : 2013 წლის 10 ნოემბერი

სურამისა და ხაშურის ეპარქია — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია. შეიქმნა 2013 წლის 11 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, მანამდე ურბნისისა და რუისის ეპარქიის ნაწილი იყო. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით საეპისკოპოსო კანდიდატად გამორჩეულ იქნა ყორანქედის წმინდა ელია წინასწარმეტყველის მონასტრის იღუმენი სვიმეონი. ეპარქიის საზღვრები ემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედებს 15-მდე მამათა და დედათა მონასტერი, აგრეთვე არის მოქმედი და რესტავრაციის მოლოდინში მყოფი ეკლესიები. ეკლესიის უდიდეს ნაწილს აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მათგან აღსანიშნავია წრომის ეკლესია, ხცისის ეკლესია, ალისა და ნაბახტევის ეკლესიები და სხვა რელიგიურად და ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილები.

სურამისა და ხაშურის ეპარქიის ტერიტორიასთან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამი წმინდანის სახელია დაკავშირებული. ესენი არიან: რაჟდენ პირველმოწამე, მიქაელ ულუმბოელი და დიმიტრი ყიფიანი. ეპარქიაში არის ორი საკათედრო ტაძარი: ხაშურის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი და სურამის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ეპარქიაში მიმდინარე თანამედროვე საამშენებლო პროცესებიდან განსაკუთრებით მნიშვენლოვანია ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა, რომელსაც საფუძველი 2017 წლის 15 ივლისს ჩაეყარა.

მიუხედავად იმისა, რომ ეპარქია 2013 წლიდან არსებობს და ერთგვარად ახალ ეპარქიად მოიაზრება, აღსანიშნავია ტერიტორიის ისტორიული დატვირთვა და წარსულში მისი არსებობა სხვა ეპარქიათა შემადგენლობაში. ამაზე აქ არსებული კულტურული მემკვიდრეობა, ლაპიდარული წარწერები და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული არტეფაქტებიც მეტყველებენ.


ისტორია

სურამისა და ხაშურის ეპარქიის ისტორია 2013 წლის 11 ოქტომბრიდან იღებს სათავეს, როდესაც საქართველოს სამოციქულოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა რუისისა და ურბნისის ეპარქიის გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო[1] და ეპარქიის მღვდელმთავრად გამორჩეული იქნა ყორანქედის წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტრის იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი).[2] ეპისკოპოს სვიმეონის მღვდელმთავრად ხელდასხმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2013 წლის 10 ნოემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა.[3] ახალი ეპარქიის საზღვრები ემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის საზღვრებს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქალაქი ხაშური, დაბა სურამი და 70 სოფელი.[4] იგი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის მხარეშია წარმოდგენილი და მიუხედავად საკუთრივ სურამისა და ხაშურის ეპარქიის ხანმოკლე ისტორიისა, თავად ეს ტერიტორია ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გამოირჩეოდა ისტორიული მოვლენებით თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, შიდა ქართლის დღეობათა კალენდრის საინტერესო ვარიაციებით და დიდი ტრადიციებით.

ხცისის ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის წარწერა

სურამისა და ხაშურის ეპარქიის ტერიტორიაზე, კერძოდ სოფელ წრომში მდებარეობს ადრეული შუა საუკუნეების ტაძარი, რომელიც 626–635 წლებშია აგებული ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით. სწორედ ამ ტაძარში 457 წლის აგვისტოში აწამეს პირველმოწამე რაჟდენი, მისი წმიდა ნაწილები კი ნიქოზში დაკრძალეს. ტაძარი აგრეთვე უნიკალურია თავისი ჯვარ-გუმბათოვნებით, მოზაიკითა და მოხატულობის შემორჩენილი ფრაგმენტებით. წრომის ეკლესია ეპარქიაში არსებულ ტაძართაგან უძველესია.[5]

გამორჩეულია სოფელ ხცისში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომლის აღმოსავლეთ ფასადზე გაკეთებული უნიკალური ასომთავრული ლაპიდარული წარწერა, რომელიც კიდურწაისრულითაა შესრულებული გადმოგვცემს, რომ ეკლესია 1002 წელს, გაერთიანებული საქართველოს მეფის, ბაგრატ III-ის ზეობის ხანაში აუგიათ. აქვე იხსენიებიან დედოფალი გურანდუხტი, უფლისწული გიორგი, ეპისკოპოსი ანანია და ვინმე იოვანე. ეკლესია ოთხი წარწერით გამოირჩევა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეპიგრაფიკული, ისე ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით.[6]

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში დიდი ისტორიულ-კულტურული ადგილი უკავია ჭერათხევის ხეობას და აქ მდებარე არაერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. საისტორიო საბუთებით დასტურდება, რომ ხეობა, რომელიც მდინარე ჭერათხევის 27 კილომეტრიან ზოლს მიუყვება ქუცნა ამირეჯიბის საგამგებლო ტერიტორია იყო და მას მიეწერება ის აღმშენებლობითი საქმიანობა, რაზეც ამ პერიოდში აქ აგებული ან აღდგენილი არაერთი ეკლესია მეტყველებს. აქვე, სოფელ ნაბახტევში მდებარეობს ქუცნა ამირეჯიბის სასახლე და მის მიერვე აგებული ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც უნიკალური ფრესკებითაა გამორჩეული, მათ შორის თავად ქუცნა ამირეჯიბისა და მისი ოჯახის, აგრეთვე იოანე ნათლისმცემლის ფრესკა, რომელიც ხელოვნების მუზეუმში ინახება. შემორჩენილია მე-15 საუკუნეში ქუცნა ამირეჯიბის მიერ შედგენილი სიგელი, რომელშიც იგი განახლებულ ულუმბოს მონასტერს ხეობის სოფლებიდან სწირავს რამდენიმე კომლ მოსახლეს. ქუცნა ამირეჯიბის მეუღლის, რუსა ამირეჯიბის სახელთანაა დაკავშირებული სვეტიცხოვლის ტაძრის აღდგენაც. ქუცნა და რუსა ამირეჯიბების შვილიშვილი იყო ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდი, რომელმაც ბებიის დაწყებული საქმე გააგრძელა და მანვე განასრულა თემურ ლენგის მიერ დარბეული სვეტიცხოვლის ტაძრის აღდგენა. ეპარქიის ისტორიის შესწავლისთვის საინტერესო წყაროა რუისის სამწყსოს დავთარიც. ჭერათხევის ხეობაში და ეპარქიის თითქმის ყველა სოფელში აღინიშნება დღეობები, რომელიც ერთი რომელიმე წმიდანის ხსენების დღესთანაა დაკავშირებული, ასეთია: ღვთისმშობლობა, გიორგობა, ივანობა (იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე), გარეგნობა (აღინიშნება აღდგომის მეორე დღეს), კვირიკობა და ა.შ. დღეობათა შესახებ საინტერესო ცნობებია შემონახული XIX საუკუნის პერიოდულ პრესაში.[7]

XIX–XX საუკუნეებში

ეპარქიის წარსულ ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებით გამოირჩევა XIX საუკუნე. ხაშური ხდება სარკინიგზო კვანძი და იწყება მისი ზრდა-განვითარება. აქ სახლდებიან რკინიგზის მუშები, შესაბამისად მათმა სიმრავლემ განაპირობა ხაშურში ტაძრის აგების საჭიროებაც, რომელსაც იმდროინდელი პრესა „რკინის გზის ეკკლესიას“ უწოდებს. იგი 1898 წელს უკურთხებია საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს. „ცნობის ფურცელში“ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„3 ოქტომბერს, საღამოს მატარებლით, აქ მობრძანდა მისი მაღალ-ყოვლად უსამღვდელოესობა ფლაბიანე (ფლაბიანე გოროდეცკი – საქართველოს ეგზარქოსი 1898-1901 წლებში) და 4 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან დაიწყო ხაშურის (მიხაილოვის) რკინის გზის ეკკლესიის კურთხევა, რომელმაც გასტანა საათის პირველამდის. იმდენად სასიამოვნო და სანატრელი შეიქმნა ხალხისათვის ჯერ ეკლესიის კურთხევა და მერე მისი მაღალ-ყოვლად უსამღვდელოესობის მობრძანება, რომ ხალხი არა თუ ახლო-მახლო სოფლებიდამ, არამედ შორი სოფლებიდამაც ურიცხვი მოაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდი იყო და მასთან საშინელი ტალახები, ისე გაიმსო ეკლესია და ეზო ხალხით, რომ სრულებით ტევა არ იყო.“
ხაშურის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

მოგვიანებით, 1899 წელს „რკინის გზის ეკლესია“ შეუკეთებიათ, განუახლებიათ და აქ ქართულ ენაზეც დაუწყიათ გალობა. „ცნობის ფურცელში“ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„იმ დღეს აქეთ, რაც ხაშურის რკინის გზის ეკლესია შეაკეთეს და თან აკურთხეს სუყველისფრით, კარგად და თვალსაჩინოდ მიმდინარეობს ამ ეკლესიის კეთილდღეობა. ჩვენ, ხაშურის რკინის გზის მომსახურეებს, თითქმის განუწყვეტლივ გვაქვს თავ-თავის დროზე წირვა, რომელსაც დღემდის მოკლებული ვიყავით და სხვის ხელში შემჩერი, მაგრამ ახლა მადლობა ღმერთსა, მოძღვარიც კარგი გვყავს და ეკლესიაც მოსწონთ. შემკობილია ყოვლისფრით, აქამდისი თუ მარტო რუსულ ენაზე იყო ამ ეკლესიაში გალობა, ახლა კი ქართულადაც გალობენ. აი მაგალითები: ეკლესიაში მარჯვნივ მხარეზე დგანან რუსულ ენაზედ მგალობელთა გუნდები, რომელსაც ლოტბარობს ბ. ქსენაფონტოვი, ხოლო მარცხნივ მხარეზე დგანან ქართველ მგალობელთა გუნდი, ერთიც და მეორეც თავ-თავის დროზე იწყებს გალობას ქართულს ენაზედ. მგალობელთა გუნდს ლოტბარობს იოსებ კვალიევი. ისიც უნდა ვიქონიოთ მხედველობაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ სულ მცირე დროა, რაც ბ. კვალიევმა დაიწყო მზადება ქართული გალობის, მაგრამ მაინც მშვენივრად და დაწყობილ კილოზედ გალობენ და მოსაწონიც არის, სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თუ ასე პატარა ხნის მეცადინეობით კარგად გაიწვრთნენ ქართული მგალობლები, შემდეგისთვის ბევრად უკეთესი იქნება. ვუსურვოთ ამ მეცადინეობას უნაყოფოდ არ ჩაევლოს.[8]

ეპარქიის სახელს, კერძოდ წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას უკავშირდება პარხლის I ოთხთავის აღმოჩენა, რომელსაც ამ ტაძრის წინამძღვართან, მამა მათე სუხიაშვილთან 1889 წელს მიაკვლია და შეისწავლა ექვთიმე თაყაიშვილმა. 1921 წლისათვის ოთხთავი უნივერსიტეტში აღმოჩნდა და შესაბამისად მოხდა მისი მოვლა-პატრონობა. საინტერესოა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული ცნობა, რომ მამა მათე სუხიაშვილი (სუხიევი) 1899 წელს დეკანოზად ალავერდელ ეპისკოპოს კირიონს (1917–1918 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II) უკურთხებია:

ვიკიციტატა
„9 ოქტომბერს, ღამის მატარებლით აქ მობრძანდა ალავერდის ეპისკოპოზი კირიონი, რომელმაც მეორე დღეს ათ ოქტომბერს კეთილ ინება და რკინის გზის ეკკლესიაში აკურთხა დეკანოზათ ზემო-ჭალის (ამჟამად ხაშურის უბანი) ეკკლესიის (ხაშურის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია) მღვდელი მამა მათე სუხიევი. კურთხევაზე დაესწრნენ მრავალი ხალხი. ვუსურვებთ მამა მათეს ამა წარმატებას ხანგრძლივის სიცოცხლით.[9]

ზემოთ წარმოდგენილ სტატიებში დასახელებული „რკინის გზის ეკკლესია“ მდებარეობდა ხაშურში, ამჟამინდელი კულტურის სასახლის მოპირდაპირე მხარეს. საბჭოთა პერიოდში ეკლესია საწყობად აქციეს და დღემდე გადაკეთებულია.

ხაშურის ტერიტორია ეპარქიათა კუთვნილებაში

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 1917 წლის 12(25) მარტს იქნა აღდგენილი. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება სრულიად საქართველოს პირველმა საეკლესიო კრებამ 9 სექტემბერს მიიღო და მასში სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად განსაზღვრული იყო, თუ რომელი ეპარქიები იყო საქართველოს ეკლესიაში და ტერიტორიულად რა საზღვრებს მოიცავდა. ამ დებულების თანახმად თანამედროვე ხაშურის მუნიციპალიტეტის ანუ დღევანდელი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ტერიტორია შედიოდა ურბნისის ეპარქიაში. დებულებაში ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„სამწყსო: შიდა-ქართლი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ურბნისის, რუისის, ნიქოზისა და სამთავროსი), რასაც შეიცავს ახლანდელი გორის მაზრა, გარდა ბორჯომის ხეობისა და სამთავისის უბნისა, და ამას გარდა დვალეთი, მიწერილი თერგის მხარეზე. კათედრა მღვდელმთავრისა – ურბნისში, რეზიდენცია — ქ. გორში. მღვდელმთავრის პატივი: „ურბნელი ეპისკოპოზი“.[10]

მართვა-გამგეობის დებულება 1920 წელს გამართულ საქართველოს II საეკლესიო კრებაზე შეიცვალა, თუმცა ურბნისის ეპარქიის საკითხი თითქმის უცვლელი დარჩა. მართვა-გამგეობის შემდეგი რედაქცია სრულიად საქართველოს IV საეკლესიო კრებამ 1927 წლის 27 ივნისს მიიღო. ურბნისის ეპარქიის საკითხი ამ დებულებაშიც უცვლელი დარჩა. საქართველოს საბჭოთა უკუპაციის შემდეგ, იმჟამად საბჭოთა კავშირში მოქმედ სამოქალაქო კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად მართვა-გამგეობის ახალი დებულება საქართველოს VIII საეკლესიო კრების (1937 წ.) სახელით იქნა მიღებული 1945 წლის 28 მარტის წმიდა სინოდის სხდომაზე. დებულებაში ურბნისის ეპარქის შესახებ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„სამწყსო: შიდა-ქართლი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ნაწილი სამთავისისა, ნიქოზისა, რუისისა, სამთავროსი და ურბნისისა), რასაც შეიცავს ახლანდელი რაიონები ბორჯომისა, გორისა, ზნაურისა, კასპისა, ლენინგორისა, სტალინირისა, ქარელისა, ხაშურისა და ჯავასი და ამას გარდა დვალეთი, მიწერილი თერგის მხარეზე. კათედრა – ურბნისში, რეზიდენცია — ქ. გორში. მღვდელმთავრის პატივი: „ურბნელი ეპისკოპოზი“.[11]

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1995 წლის 18-19 სექტემბერს მოწვეულ იქნა საქართველოს ეკლესიის XIII გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც მიღებული იქნა გარკვეული მნიშვნელოვანი ცვლილებებით დღემდე მოქმედი საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება. ამ დებულების მიხედვით თანამედროვე ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედის ურბნისისა და რუისის ეპარქიის შემადგენლობაში. დებულებაში ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„ურბნისისა და რუისის ეპარქია — ქ. ხაშური, ქ. ქარელი, ხაშურისა და ქარელის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ურბნისისა და რუისისა". კათედრა — ურბნისში, რუისსა და ხაშურში, რეზიდენცია — ხაშურში.[12]

2013 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით ურბნისისა და რუისის ეპარქია გაიყო ორ ნაწილად. შეიქმნა სურამისა და ხაშურის ეპარქია, რომელშიც შედის ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. კათედრა — სურამსა და ხაშურში, რეზიდენცია — სურამში (დროებითი), გადადის ქვიშხეთში, მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი სურამისა და ხაშურისა“.[1]

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრები

ქვიშხეთის მთაწმინდის (დავით გარეჯელის) მამათა მონასტერი

ეკლესიები:[13] ხაშურის წმიდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი, წრომის მაცხოვრის ამაღლების საკათედრო ტაძარი[14], ხაშურის წმიდა მარინეს ეკლესია, ხაშურის გორათის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, ხაშურის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია, ხაშურის წმიდა ბარბარეს ეკლესია, სურამის წმიდა გიორგის ეკლესია, სურამის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია, სურამის კვირაცხოვლის ეკლესია, სურამის წმიდა მარინეს ეკლესია, სურამის ყოვლადწმიდა, ღვთისმშობლის შობის ეკლესია, ალის კვირაცხოვლის ეკლესია, ცოცხნარის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ბეკამის სავანეთის წმიდა გიორგის ეკლესია, ცხრამუხის წმიდა ნინოს ეკლესია, ცხრამუხის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია, ოსიაურის ზღუდერის წმიდა გიორგის ეკლესია, ტეზერის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია, სავანისუბნის წმიდა ელიას ეკლესია, ტაშისკარის ტაუსას წმიდა გიორგის ეკლესია, ქვიშხეთის აღდგომის ეკლესია, ხცისის წმინდა გიორგის ეკლესია, ვაყის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია, ვაყის წმიდა ასი ათასი მოწამის ეკლესია, წაღვლის წმიდა სვიმეონ მესვეტის ეკლესია, ნაბახტევის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, დუმაცხოვის წმიდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია, ტკოცის წმიდა გიორგის ეკლესია, დიდი ფლევის წმიდა გიორგის ეკლესია, სატივის წმიდა გიორგის ეკლესია.

ქვიშხეთის აღდგომის სახელობის დედათა მონასტერი და ეკლესია

მამათა მონასტრები:[13]

  • ულუმბოს მამათა მონასტერი
  • ურთხვის წმიდა გიორგის მამათა მონასტერი
  • ყორანქედის წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი
  • ქვიშხეთის მთაწმინდის (დავით გარეჯელის) მამათა მონასტერი
  • ტკოცის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი
  • წვიმოეთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი
  • შინდარის წმიდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი
  • იტრიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი

დედათა მონასტრები:

  • სურამის ამაღლების სახელობის დედათა მონასტერი
  • წმიდა იობ მრავალვნებულის სახელობის დედათა მონასტერი
  • ქვიშხეთის აღდგომის სახელობის დედათა მონასტერი
  • გვერდისუბნის ამაღლების დედათა მონასტერი

საგანმანათლებლო კერები

საგანმანათლებლო კერების გაჩენა, ისევე როგორც სრულიად საქართველოში, ეპარქიის ისტორიაშიც ეკლესიასთანაა დაკავშირებული. არაერთი სამრევლო სკოლა არსებობდა ხაშურში, სურამში, ალსა და სხვა სოფლებში. 1895–1922 წლებში, სხვადასხვა პერიოდში იტრიასა და ნაბახტევში მღვდლად მსახურობდა ქრისტეფორე ციცქიშვილი, რომელიც 1927–1932 წლებში იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III.[15] სწორედ მისი დაარსებულია ორკლასიანი სკოლა სოფელ იტრიაში, რომლის გამგეც თავადვე იყო 1898–1905 წლებში. დღეს ეს სკოლა საჯაროა და ქრისტეფორე III-ის სახელს ატარებს (ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №4 საჯარო სკოლა).[16] ეპარქიის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა გიმნაზიის (ახლანდელი ხაშურის პირველი საჯარო სკოლის) დაარსება, რომლის მშენებლობა 1915 წლის 11 აპრილს დაუწყიათ და საგანგებოდ მისი საძირკვლის კურთხევისთვის თბილისიდან ხაშურში ჩასულა საქართველოს ეგზარქოსი 1914–1916 წლებში პიტირიმ ოკნოვი.

ამჟამად სურამისა და ხაშურის ეპარქიაში არსებობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი, ხატწერის სკოლა-სახელოსნო.[17]

წმიდანები ეპარქიიდან

წმიდა დიმიტრი ყიფიანი

სურამისა და ხაშურის ეპარქიასთან სამი წმიდანის სახელია დაკავშირებული. ესენია:

  • წმიდა რაჟდენ პირველმოწამე — (გ. დაახლ. 457 წელს) იგი იყო ვახტანგ გორგასალის თანამოღვაწე, გაქრისტიანებული სპარსი. ვახტანგ გორგასალის მეუღლის ბალენდუხტისა(ირანის შაჰის ასულის) გამზრდელი, რომელსაც ქართლში გამოჰყვა. ირანის შაჰმა მას ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა. მტკიცე უარის შემდეგ შაჰმა ის გაგზავნა წრომში დაბანაკებულ ირანელთა ლაშქრის მეთაურთან, რომელმაც რაჟდენი სიკვდილით დასაჯა — ძელზე გააკრეს და ისრები დაუშინეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ვახტანგ გორგასალის ინიციატივით, რაჟდენის ნეშტი ნიქოზის ეკლესიაში გადაასვენეს. ვახტანგ გორგასალმა ეს ეკლესია საეპისკოპოზო ტაძრად აქცია.[18];
  • წმიდა მიქაელ ულუმბოელი — საისტორიო ტრადიციის თანახმად, VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი. დააარსა ულუმბის მონასტერი. იგი ქართლში ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად მოვიდა. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. ზედაზნიდან საქადაგებლად წმინდა მიქაელ ულუმბოელი გადავიდა სოფელ ულუმბოსთან ახლოს, სადაც მდინარე ალისწყალთან ააშენა მონასტერი. მონასტერი არაერთხელ გამხდარა შემოსევის ობიექტი, რის გამოც მიქაელ ულუმბოელის ცხოვრების ამსახველი წერილობითი წყაროები დაკარგულია.გარდაცვალბის შემდეგ ღირსი მამა მის მიერვე აშენებულ მონასტერში დაკრძალეს.[19] ცამეტ ასურელ მამათაგან

ეპარქიის თანამედროვე ვითარება

სურამისა და ხაშურის ეპარქიის საკათედრო ტაძარია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც ქალაქ ხაშურში მდებარეობს. მისი სარემონტო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს, ვინაიდან ეს ტაძარი ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, 10-იან წლებში იქნა აგებული. ის რუსული არქიტექტურით, ხახვისებური გუმბათით იყო წარმოდგენილი. ეკლესია მთელი კომუნისტური პერიოდის განმავლობაში ამ და სხვა ახლომდებარე რაიონებში იმ იშვიათ გამონაკლისთა შორის იყო, რომელიც არ იყო დახურული და შეძლებისდაგვარად ღვთისმსახურებაც სრულდებოდა. 2008–2009 წლებში იგი დაანგრიეს და მის ადგილას სხვა არქიტექტურის ტაძარი ააგეს. წმიდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი მდებარეობს დაბა სურამში.

სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია დროებით მდებარეობს დაბა სურამში, წმიდა იობ მრავალვნებულის სახელობის დედა მონასტერში, ხოლო უახლოეს მომავალში იგი სოფელ ქვიშხეთში, სუმბათაშვილების აღდგენილ ისტორიულ სასახლეში გადაინაცვლებს, რომელიც წლების მანძილზე მძიმე მდგომარეობაში იყო.

ამჟამინდელი მდგომარეობით ეპარქიაში 15-მდე მამათა მონასტერი, 10-მდე დედათა მონასტერი და 50-მდე მოქმედი ტაძარია. ამჟამად მიმდინარეობს ტაძრების მშენებლობაც. ზოგიერთ ტაძარს სასწრაფო რესტავრაცია სჭირდება. მათ ნაწილს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, რის გამოც თვითნებული რესტავრაცია კანონით არ შეიძლება, მათ შორისაა წრომის VII საუკუნის ტაძარი.

ახალი ბანა

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში მიმდინარე ტაძრების მშენებლობებიდან ყველაზე მასშტაბური ბანას ტიპის აღდგომის სახელობის ტაძრის მშენებლობაა, რაშიც რამდენიმე კულტურული დაწესებულება და საინიციატივო ჯგუფია ჩართული. 2017 წლის 4 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტთან, აკადემიკოს როინ მეტრეველთან ჩატარდა თათბირი სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის დაარსების საკითხზე. თათბირს ესწრებოდნენ: აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე (აკადემიის პრეზიდენტი), აკადემიკოსი როინ მეტრეველი (აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი), აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ ლორთქიფანიძე, პროფესორი მარიამ დიდებულიძე, პროფესორი ზაზა სხირტლაძე, ეპისკოპოსი სვიმეონი, არქიტექტორები: რევაზ ჯანაშია, ლევან ჯანხოთელი და სხვები. ცენტრის მშენებლობა დადებითად შეფასდა და ახალი რეკონსტრუქციით მშენებარე ცენტრს „ახალი ბანა“ ეწოდა.[21]

2017 წლის 15 ივლისს, ხაშურში, ზემო სერზე საფუძველი ჩაეყარა ახალი ბანას მშენებლობას, რომელიც აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა და წმიდა სინოდის წევრებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და სხვა მოწვეული სტუმრები.[22] ახალი ბანას საძირკვლის კურთხევაზე უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა:

ვიკიციტატა
„ქალბატონებო და ბატონებო იწყება მოქმედება ისტორიული მნიშვნელობისა - ახალი ბანას საძირკვლის კურთხევა. ღმერთმა ინებოს მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევათა აღმავსებელი გარდამოვიდეს ამას ტაძარსა ზედა და ყოველი ადამიანი, რომელიც შესთხოვს უფალს დახმარებას აღესრულოს მას. ამინ![23]

საძირკვლის კურთხევას ხაშურში, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე სხვა სტუმრებიც ესწრებოდნენ.

2018 წლის 11 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ბანას ტაძრისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. კონფერენციაზე ახალი ბანას საგანმანათლებლო და კულტურული მისიის შესახებ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა ისაუბრა. მოხსენებით წარსდგა ისტორიკოსი, პროფესორი ბუბა კუდავა, რომელმაც ფართოდ მიმოიხილა ბანას, როგორც პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და საეკლესიო ცენტრის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიულ წარსულში. პროფესორმა ზაზა სხირტლაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ბანას საკათედრო ტაძარი და ოშკის ფრესკა“. ახალი ბანას არქიტექტურაზე, არქიტექტორმა ლევან ჯანხოთელმა ისაუბრა. კონფერენცია ჩატარდა მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების და ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის ისტორიის შემსწავლელი კომისიის ორგანიზებით.[24][25]

ეპარქიის აქტივობები

2014 წლის 12 ნოემბერს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა წმიდა დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები და ეპარქიის სხვა წარმომადგენლები.[26]

2015 წლის 25 აპრილს, ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა სურამისა და ხაშურის ეპარქიის პირველი სამეცნიერო ინტერდისციპლინარული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი მკვლევარები და სტუდენტები.[27]

2017 წლის 25 მარტს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი შესრულდა, შესაბამისად სურამისა და ხაშურის ეპარქიაში თარიღი რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა:

  • 1. 2017 წლის 30 იანვარი — ლექცია-დისკუსია ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში „საქართველოს ეკლესიის ისტორია და საზოგადოებრივი აზრი“;[28]
  • 2. 2017 წლის 27 მარტი — ლექცია-დისკუსია ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში „ავტოკეფალია 100“;
  • 3. 2017 წლის 27 მარტი — პრეზენტაცია სურამის ბიბლიოთეკაში „ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი“;
  • 4. 2017 წლის 27 მარტი — სამეცნიერო კონფერენცია ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.[29]

2017 წლის 15 ივლისი — ხაშურში, ზემო სერზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და ეპარქის მღვდელმთავარმა ყოვლადუსამღვდელოესმა სვიმეონმა წმიდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად ახალი ბანას ტაძრის საძირკველი აკურთხეს.[22]

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • გიორგი ჩუბინიძე. გაზეთი „ხაშურის მოამბე“, #48, 4 დეკემბერი, 2017, გვ. 2-4.
  • გიორგი ჩუბინიძე. გაზეთი „ხაშურის მოამბე“, #49, 11 დეკემბერი, 2017, გვ. 4-5.
  • გიორგი ჩუბინიძე. გაზეთი „ხაშურის მოამბე“, #20, 21 მაისი, 2018, გვ. 6.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 რუის-ურბნისის ეპარქიას სურამისა და ხაშურის ეპარქია გამოეყო
  2. მეუფე სვიმონის ცაკაშვილის წარდგინება
  3. მეუფე სვიმეონი — ყველაზე ახალგაზრდა ეპისკოპოსი წმინდა სინოდში
  4. ხაშურის ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-09. ციტირების თარიღი: 2017-06-16.
  5. წრომი — ვ.ბერიძე
  6. ჟურნალი „ისტორიანი“, 2015 წლის დეკემბერი №12/60
  7. გიორგი ჩუბინიძე. ჭერათხევის ხეობის სოფელ დუმაცხოვის ისტორია და ეთნოლოგია. ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია — მასალები. თბილისი, 2016, გვ. 38-40.
  8. გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1899 წელი, 9 აპრილი
  9. გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1899 წ., 14 ოქტომბერი
  10. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, თბილისი, 2017, გვ.299.
  11. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, თბილისი, 2017, გვ.341.
  12. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, თბილისი, 2017, გვ.351.
  13. 13.0 13.1 სურამისა და ხაშურის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრების ჩამონათვალი
  14. წრომის მაცხოვრის ამაღლების საკათედრო ტაძარი
  15. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III (1927–1932)
  16. სიპ — ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №4 საჯარო სკოლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-13. ციტირების თარიღი: 2017-06-16.
  17. საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-13. ციტირების თარიღი: 2017-06-16.
  18. პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული
  19. ულუმბოს მონასტრის დაარსება 13 ასურელთაგან ერთ-ერთ მამას — მიქაელ ულუმბოელს უკავშირდება
  20. წმიდა დიმიტრი ყიფიანი
  21. სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის დაარსების შესახებ
  22. 22.0 22.1 ისტორიული ბანას ანალოგი ხაშურში აშენდება
  23. პატრიარქის სიტყვა ბანას საძირკვლის კურთხევაზე
  24. გიორგი ჩუბინიძე. გაზეთი „ხაშურის მოამბე“. 20 მაისი, #21, 2018.
  25. ახალი ბანა – სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-09. ციტირების თარიღი: 2018-06-28.
  26. ჟურნალი „ისტორიანი“, 2014, დეკემბერი, №12, გვ. 11-12.
  27. ჟურნალი „ისტორიანი“, 2015, ივნისი, №6
  28. გაზეთი „ხაშურის მოამბე“, 2017, 6 თებერვალი, №5, გვ. 4.
  29. გაზეთი „ხაშურის მოამბე“, 2017, აპრილი, №13, გვ. 6.


Read other articles:

Menara CITIC中国尊 (Zun Tiongkok)Menara CITIC, Januari 2019.Nama lainChina Zun, Zhongguo ZunInformasi umumStatusBeroperasiGaya arsitekturModernLokasiJalan Guanghua No.12, CBD Beijing, Distrik Chaoyang, Beijing, TiongkokMulai dibangun19 September 2011Rampung2018Tinggi528 meterData teknisJumlah lantai109 (8 lantai bawah tanah)Luas lantai427.000 m²Desain dan konstruksiArsitekTFP Farrells (Land Bid Concept); KPF (Concept & Design); BIAD (Land Bid Concept & Architect of Record)Pengemba...

 

Lara TrumpLara Trump pada 2020LahirLara Lea Yunaska12 Oktober 1982 (umur 41)Wilmington, Carolina Utara, Amerika SerikatPendidikanUniversitas Negara Bagian Carolina Utara (Sarjana)[1]Pekerjaan Pemandu acara televisi produser televisi juru kampanye Tahun aktif2012–kiniDikenal atasProduser Inside EditionProduser/Pemandu acara Real News UpdatePartai politikPartai RepublikSuami/istriEric Trump ​(m. 2014)​Anak2KeluargaKeluarga Trump Lara Lea Trump (...

 

Voce principale: Società Sportiva Dilettantistica Calcio Città di Brindisi. Brindisi SportStagione 1987-1988Sport calcio Squadra Brindisi Allenatore Giuseppe Leo poi Giancarlo Ansaloni Presidente Salvatore Pala e Biagio Pascali Serie C114º posto nel girone B. Maggiori presenzeCampionato: Marini (33) Miglior marcatoreCampionato: Ciracì, Gagliano (4) 1986-1987 1988-1989 Si invita a seguire il modello di voce Questa pagina raccoglie le informazioni riguardanti il Brindisi Sport nelle c...

Bagian dari seriGereja Katolik menurut negara Afrika Afrika Selatan Afrika Tengah Aljazair Angola Benin Botswana Burkina Faso Burundi Chad Eritrea Eswatini Etiopia Gabon Gambia Ghana Guinea Guinea-Bissau Guinea Khatulistiwa Jibuti Kamerun Kenya Komoro Lesotho Liberia Libya Madagaskar Malawi Mali Maroko Mauritania Mauritius Mesir Mozambik Namibia Niger Nigeria Pantai Gading Republik Demokratik Kongo Republik Kongo Rwanda Sao Tome dan Principe Senegal Seychelles Sierra Leone Somalia Somaliland ...

 

Северный морской котик Самец Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеНадкласс:ЧетвероногиеКлада:АмниотыКлада:Синапси...

 

Tacx Pro Classic Généralités Sport cyclisme sur route Création 2008 Éditions 11 (en 2019) Catégorie UCI Europe Tour 1.1 Type / Format course d'un jour Périodicité annuel (octobre) Lieu(x) Pays-Bas Zélande Statut des participants professionnels Site web officiel www.tacxproclassic.nl Palmarès Tenant du titre Dylan Groenewegen Plus titré(s) Tyler Farrar(2 victoires) Pour la compétition à venir voir : Tacx Pro Classic 2022 modifier La Tacx Pro Classic, connue sous le nom ...

Pour les articles homonymes, voir Le Tellier. Hervé Le TellierHervé Le Tellier en 2021.BiographieNaissance 21 avril 1957 (67 ans)ParisNationalité françaiseFormation Université Paris-Diderot (doctorat) (jusqu'en 2002)Centre de formation des journalistesActivités Journaliste, critique littéraire, poète, écrivain, mathématicienRédacteur à Le MondeAutres informationsA travaillé pour Le MondeParti politique Ligue communiste révolutionnaireMembre de Ouvroir de littérature poten...

 

The Honourable SirIgnatius KilageGCMG CBE Gubernur Jenderal Papua Nugini ke-44Masa jabatan1 Maret 1989 – 31 Desember 1989Penguasa monarkiElizabeth IIPerdana MenteriRabbie NamaliuPendahuluKingsford DibelaPenggantiVincent Eri Informasi pribadiLahir(1941-06-12)12 Juni 1941Meninggal31 Desember 1989(1989-12-31) (umur 48)Sunting kotak info • L • B Sir Ignatius Kilage GCMG CBE (12 Juli 1941 – 31 Desember 1989) adalah politisi Papua Nugini yan...

 

This article may be too technical for most readers to understand. Please help improve it to make it understandable to non-experts, without removing the technical details. (June 2023) (Learn how and when to remove this message) Securities Securities Banknote Bond Debenture Derivative Stock Markets Stock market Commodity market Foreign exchange market Futures exchange Over-the-counter market (OTC) Spot market Bonds by coupon Fixed rate bond Floating rate note Inflation-indexed bond Perpetual bo...

1. Меч из Карабичева. 2. Меч из Фощеватой. 3. Меч из погребения дружинника в Киеве. 4. Меч скандинавского типа с днепровских порогов. 5. Сабля мадьярского типа. Гочево. X век.Воин из свиты Святослава Игоревича. 972 год. «Одежды Русского государства». Фёдор Солнцев.Реконструкция ру...

 

Pour les articles homonymes, voir Trophée européen. Trophée européen de la voiture de l'année Le 3 février 1966, remise du Trophée, récompensant la Renault 16, à Pierre Dreyfus (à droite), PDG de Renault. Date de création 1964 Site officiel www.caroftheyear.org modifier  Le Trophée européen de la voiture de l'année (en anglais, Car of the year) consacre depuis 1964 la meilleure automobile commercialisée dans l'année sur le marché européen par un jury de professionnels ...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Januari 2023. Trem di NantesInfoWilayahNantes, Pays de la Loire, PrancisJenisTremJumlah jalur3Jumlah stasiun83Penumpang tahunan73.89 juta (2018)[1]OperasiDimulai7 Januari 1985[1]OperatorSemitanTeknisPanjang sistem443 km (275 mi)Lebar sepur1...

1263 treatise by Thomas Aquinas written to help Urban IV resolve the Great Schism Part of a series onThomas Aquinas Thomism Scholasticism Apophatic theology Aseity Divine simplicity Quinque viae Beatific vision Actus purus Actus essendi Primum Movens Sacraments Correspondence theory Hylomorphism Substance theory (ousia) Substantial form Quiddity (essence / accident nature) Peripatetic axiom Principle of double effect Aristotelian ethics Cardinal / Theological Natur...

 

Pour les articles homonymes, voir Réveillon. le Réveillon Confluent du Réveillon et de l'Yerres à Yerres. Caractéristiques Longueur 21,6 km [1] Bassin 99 km2 Bassin collecteur la Seine Débit moyen (Yerres) Nombre de Strahler 2 Organisme gestionnaire SIARV Régime pluvial océanique Cours Source dans la forêt d'Armainvilliers, près du lieu-dit Parc Péreire · Localisation Gretz-Armainvilliers · Altitude 106 m · Coordonnées 48° 45′ 00″ N, 2° ...

 

この記事は検証可能な参考文献や出典が全く示されていないか、不十分です。 出典を追加して記事の信頼性向上にご協力ください。(このテンプレートの使い方)出典検索?: 国道122号 – ニュース · 書籍 · スカラー · CiNii · J-STAGE · NDL · dlib.jp · ジャパンサーチ · TWL (2012年9月) 一般国道 国道122号 地図 総延長 163.6 km 実延長 150.7...

For the medieval bishop of Carlisle, see William Barrow (bishop). American chemist and paper conservator William James Barrow (December 11, 1904 – August 25, 1967)[1] was an American chemist and paper conservator, and a pioneer of library and archives conservation. He introduced the field of conservation to paper deacidification through alkalization. Overview An American document restorer and former director of the W. J. Barrow Research Laboratory located in Richmond, Virginia, ...

 

Tunisian footballer Saber Ben Frej Personal informationDate of birth (1979-07-03) 3 July 1979 (age 45)Place of birth Kerker, Mahdia, TunisiaHeight 1.86 m (6 ft 1 in)Position(s) DefenderSenior career*Years Team Apps (Gls)2003–2007 Étoile du Sahel 33 (14)2008–2009 Le Mans UC72 16 (0)2010–2011 ES Hammam-Sousse 11 (1)International career‡2004–2008 Tunisia 12 (1) *Club domestic league appearances and goals, correct as of 10 October 2009‡ National team caps and goal...

 

Soldier who fights for hire For other uses, see Mercenary (disambiguation). Hired Gun redirects here. For other uses, see Hired Gun (disambiguation). Leonardo da Vinci's Profilo di capitano antico, also known as il Condottiero, 1480. Condottiero meant contractor in its more literal sense but came to be applied to leaders of mercenary groups in Italy during the Late Middle Ages and the Renaissance. A mercenary, also called a merc, soldier of fortune, or hired gun, is a private individual who j...

View that the existence of God or the supernatural are unknown or unknowable Not to be confused with Gnosticism. Agnostic redirects here. For platform-agnostic data schemas and ontologies, see Cross-platform software. Part of a series onIrreligion Irreligion Antireligion Anti-clericalism Criticism of religion Freethought Organized secularism Parody religion Secular humanism Secular liberalism Secular state Secularism Secularity Secularization Separation of church and state Atheism History Dem...

 

FIFA公式試合球の一覧(FIFAこうしきしあいきゅうのいちらん、英:List of FIFA official match balls)では、FIFAの大会における公式試合球を述べる。 FIFAワールドカップ 2022年カタール大会では内部に慣性計測装置(IMU)センサーを搭載してオフサイドやゴールラインテクノロジーの解析に役立てる程、大会を重ねる度にスピード、空気抵抗、素材、デザインなどが新しいテクノロジ�...