ეკლესია დარბაზულია (10,35X5,56 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოყვითალო კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მაღალი თაღოვანი ნიშია, მეორე სარკმელი სამხრეთი კედლის ზედა ნაწილშია. დარბაზის გრძივი კედლების შუა ნაწილში წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთის ფასადზე კარის ღიობი გადახურულია ნახევარწრიული ქვით, რომელსაც პროფილირებული არქივოლტი აქვს შემოვლებული. მის შუა არეში გამოსახულია ტოლმკლავა ჯვარი.