მიტროპოლიტი ანანია, ერისკაცობაში თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე, დაიბადა 1949 წლის 20 აგვისტოს, ტყიბულში. 1966 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1974 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკა-კავშირგაბმულობის ფაკულტეტი. მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში ბერად აღიკვეცა და ეწოდა ანანია, 1979 წლის 4 აპრილს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 27 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1979წ. დაინიშნა თბილისის წმიდა სამების ძველი ტაძრის წინამძღვრად. 1980 წლის ივნისში მღვდელ-მონაზონი ანანია დაინიშნა ალავერდის მონასტრის წინამძღვრად. 1980 წლის 27 სექტემბერს მიენიჭა იღუმენის წოდება, ხოლო 1981 წლის 8 მარტსარქიმანდრიტის წოდება. 1981 წლის დასაწყისში წმიდა სინოდის მიერ არქიმანდრიტი ანანია გამორჩეულ იქნა საეპისკოპოსო კანდიდატად, 1981 წ. 15 მარტს უწმიდესმა პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში აკურთხა ეპისკოპოსად და დაადგინა ნიკორწმიდის ეპარქიის მმართველად. უწმიდესმა და უნეტარესმა კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღსაყდრებისთანავე ერთ-ერთ განსახორციელებელ გეგმად დაისახა ისტორიულ მესხეთშიქრისტიანობისა და ქართული სულიერების აღორძინება. დაარსებული იქნა ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქია, რომლის მმართველად 1981 წლის 29 აპრილს დადგენილი იქნა ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე. ის ამასთანავე, მისმა უწმიდესობამ დანიშნა საქართველოს საპატრიაქოს სამეურნეო-საფინანსო განყოფილების გამგედ. იმჟამად, სამცხე-ჯავახეთის ეპარქიაში მოქმედებდა ერთადერთი ეკლესიაწმიდა მარინეს სახელობისა (ახალციხის რაბათში), მესხეთის დანარჩენი ეკლესია-მონასტრები ათეისტური რეჟიმის გამო გაუქმებულნი ღვთისმსახურების გარეშე იყვნენ მიტოვებულნი. უფლის შემწეობით მეუფე ანანიამ 70-წლიანი უქმობის შემდეგ აკურთხა და აამოქმედა საფარის, ვარძიის, ზარზმის, უდეს, ვალეს, ხვილიშის, აბასთუმნისა და სხვა ეკლესიები. მისი უწმიდესობის კურთხევით ამოქმედდა მონასტრებიც.
ეპისკოპოსმა ანანიამ 1990 წელს დააარსა ახალციხის სასულიერო სასწავლებელი სემინარია, რომელიც ამავე დროს იყო საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. მის კურსდამთავრებულებს დიპლომი უფლებას ანიჭებდა ეღვაწათ საშუალო სკოლებში საღვთო სჯულის მასწავლებლად. ილია მეორემ 80-იან წლებში რამდენიმეჯერ მოილოცა სამცხე-ჯავახეთის ეპარქია და გააფართოვა მისი საზღვრები. კერძოდ, ეპარქიის გამგებლობას დაემატა ბორჯომის რაიონიც, სადაც მეუფე ანანიამ აკურთხა ქ. ბორჯომის, ახალდაბის, სადგერის, კიმოთესუბნის და სხვა ეკლესიები, აკურთხა სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის ღვთისმსახურები, მრავალ ეკლესიასა და მონასტერში აღევლინა პირველი წირვა.
1992 წლის 25 დეკემბერს, მეუფე ანანიას მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება და დანიშნულ იქნა მანგლისის ეპარქიის მმართველად, რომელიც იმჟამად მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონს მოიცავდა. მალევე მისმა უწმიდესობამ გააფართოვა ეპარქია და მას დაუმატა წალკის რაიონი. 1995 წლის 17 ივნისს ჩამოყალიბდა მანგლისისა და წალკის ეპარქია, რომლის მმართველადაც დაინიშნა მეუფე ანანია.
მეუფე ანანიას მღვდელმთავრობისას მანგლისისა და წალკის ეპარქიაში 1993 წლიდან ამოქმედდა და აშენდა მრავალი ეკლესია და მონასტერი. მათ შორის ასურეთის, თეთრიწყაროს, ალგეთის, ენაგეთის, წყლულეთის, კოდის, მარაბდის, წინწყაროს, ფარცხისის, ჭივჭავის, ირაგის, ბეშთაშენის, ჯინისის, ბარეთის და სხვა ეკლესიები. ამოქმედდა მონასტრები: გუდარეხი, ბედიანი, ფიტარეთი, ბერთა, სამება (გუნიაკალა) და სხვა. წალკის რაიონში რამდენიმე დიდი მონასტრის ამოქმედებამ, იქამდე გაუქმებული ეკლესიებისა და ახალი სამღვდელო პირების კურთხევამ მყარი საფუძველი შექმნა იმისათვის, რათა აღდგენილიყო XVII-XX საუკუნეებში გაუქმებული, წინა საუკუნეებში ისტორიულად არსებული წალკის ეპარქია. 2001 წლის 15 ნოემბერს მთავარეპიკოსპოსი ანანია აღვლენილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ანანიამ დაწერა და გამოსცა მრავალი წიგნი, გამოკვლევა და პუბლიცისტური წერილები. მიტროპოლიტმა დალოცა წალკის მოწესეები და სასულიერო პირები, რათა ერთგულად დამორჩილებოდნენ წალკელ ეპისკოპოსს. წმიდა სინოდმა 2013 წელს მეუფე ანანიას სამღვდელმოძღვრო ეპარქიას უწოდა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია.
თეოლოგიის კათედრის დაარსება
2001 წლის 19 ოქტომბერს, მეუფე ანანიამ შეძლო საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს უმაღლეს სასწავლებელში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრის დაარსება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაიმართა უნივერსიტეტის დიდი საბჭოს სხდომა, რომელსაც დაესწრო მისი უწმიდესობა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც თავის გამოსვლაში ბრძანა:
ილია მეორის სიტყვით გამოსვლა ტექნიკურ უნივერსიტეტში.2001 წლის 19 ოქტომბერს:
„მე გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს და მოგახსენებთ, რომ კათედრის გამგედ არჩეულია მთავარეპისკოპოსი მეუფე ანანია, რომელიც წმიდა სინოდში თავისი ერუდიციითა და ღრმა აზროვნებით გამოირჩევა და მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი არჩევანია. ეს არის თქვენი დიდი დამსახურება.“
თეოლოგიის კათედრას თეოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ცენტრი ეწოდა, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი ანანია სრული პროფესორის წოდებით.
1992-1993 წლებში სამოქალაქო დაპირისპირებისა და აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდის შემდეგ საზოგადოება ერთგვარად ნიჰილისტურად განეწყო ეროვნულ ფასეულობათა მიმართ, ამ ფონზე მეუფე ანანიას დაევალა ლექციების წაკითხვა თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებისათვის ეროვნულ-საეკლესიო სულისკვეთების ამაღლების მიზნით.
2002 წლის 5 ივნისს სასულიერო აკადემიის დიპლომანტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრისას უწმიდესმა პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა:
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებანი თბილისის სასულიერო აკადემიაში, 2007 წელი.
„მეუფე ანანიამ ყველას მოგვცა კარგი მაგალითი თავისი ნაშრომებით. მეუფე ანანიას მრავალი წყარო აქვს მითითებული საიდან ვართ, ვინ ვართ და ბოლოს და ბოლოს სად მივდივართ. ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ შეხვედრა გვქონდა მეცნიერებთან“
2013 წლის 14 ივნისს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრის დაარსების მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ შეკრებილების წინაშე მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს, ცენტრის შექმნისა და გაწეული ღვაწლის გამო. მიტროპოლიტი ანანია 40-ზე მეტი შრომის ავტორია.
დიპტიქი და დიასპორა. საპატრიარქოს გამომცემლობა "ალილო", თბილისი.2009.
საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2010.
ქართველთა დენაციონალიზაცია XVII-XX საუკუნეებში. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი.2010.
ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ეკლესიის ერთიანობის შესახებ, საქართველოს საპატრიარქოსთან შექმნილი საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნა. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი., 2010.
სტრაბონი კოლხეთის შესახებ. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2011.
ქართულ-სომხური საეკლესიო ურთიერთობები. საგამომცემლო სახლი `ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2011.
უცხოური (ბერძნულ-ლათინური), სომხური და ქართული წყაროები წმიდა ნინოს შესახებ. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2011.
პროკოფი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი, მენანდრე, თეოფილაქტე სიმოკატა, თეოფანე, ეპიფანე კონსტანტინოპოლელი და იმპერატორი იუსტინიანე ლაზიკის შესახებ. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2011.
ივანე ჯავახიშვილი და უწმიდესი პატრიარქი ილია II საქართველოს ეკლესიის ერთიანობის შესახებ. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2013.
ალბანეთისა და ხუნძეთის საეკლესიო იურისდიქცია. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2013.
რეგიონების თვითმმართველობა. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2013.
საქართველოს ისტორია საერო და საეკლესიო 100 რუკის მიხედვით. გამომცემლობა "გუმბათი", თბილისი. 2014.
არიან-ქართლი. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2015.
კირიონ I. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2015.
სამეგრელო ლამბერტისა და ბოროზდინის აღწერით. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2015.
გურამ გრიგოლია ეგრის-ლაზიკის შესახებ. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2015.
თეორია საქართველოს პროზელიტიზმის შესახებ (წმიდა სინოდის დადგენილება იურისდიქციის საზღვრებთან დაკავშირებით). საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2015.
რუსულ ენაზე
Краткая история грузинской апостольской святой Церкви. Издателство «Меридиани», 2012.