მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ახალციხის ქვაბულში, მდინარეფოცხოვისწყლის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 214 კმ. ახალციხეში მთის სტეპების ჰავაა. იცის ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3,8 °C, აგვისტოსი 20,5 °C. აბსოლუტური მინიმუმი -32 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 39 °C.
სამკურნალო წყლები
ახალციხე ბალნეოლოგიური კურორტია. სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული, მაგნიუმ-ნატრიუმიანი თერმული (39 °C) მინერალური წყალი (დებიტი 0,5 მლნ ლ/დღ-ღ), რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის. სამედიცინო ჩვენებები: საყრდენ-სამოძრაო ორგანოთა, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებები (ქრონ. სტადიაში).
ისტორია
ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება გაჩნდა მდინარე ფოცხოვისწყლის მარცხენა სანაპიროზე, სადაც 1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხნის ნასახლარი, ეს ადგილი ცნობილია „ამირანის–გორის“ სახელით, რომელზეც არის ლომისის სალოცავის ნაშთები. ლეგენდის მიხედვით აქედან გადაუბრძანებიათ ლომისის ხატი ლომისას სალოცავში. ახალციხეში შემორჩენილია ასეთი ლექსი:
ლომისას ჯაჭვი ჰკიდია
არვინ არ იცის ვისია,
ე ჯაჭვი ჩემი ძმისია
მესხეთით (შავშეთით) წამოღებული
შავგრემანაის ყმისია.
ლომისის ხატიდან გამომდინარე ამ დასახლებულ პუნქტს ერქვა ლომისა, რომელიც მოიცავდა მდინარე ფოცხოვისწყლის მარცხენა სანაპიროს ამირანის გორიდან დღევანდელი რაბათის დასახლების ჩათვლით. ხოლო მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი: მოღნისი, ზემო მარდა, ქვემო მარდა, ურია მარდა, ხვანა მარდა და მარდა, ასევე ქვემო ლაშიხევი.
ლომსიას წარმოშობა და სამცხის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად გახდომა, განაპირობა მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რადგან იგი წარმოადგენს სტრატეგიულ გზაჯვარედინს, ქართლს, ჯავახეთს, აჭარა-იმერთსა და ტაო-კლარჯეთს შორის. ახალციხე წყაროებში XII საუკუნიდან იხსენიება, როცა სამცხის ათაბაგებმა - ჯაყელებმა - აღადგინეს და განაახლეს ციხე სიმაგრე ლომსია და მას ეწოდა ახალციხე.
XIII-XVII სს-ში ციხე-ქალაქი სამცხის ათაბაგ ჯაყელს ეკუთვნოდა და ამ საგვარეულოს მფლობელობაში იყო. 1578 წელს ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1628 წლიდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა. XVII-XVIII საუკუნეებში იყო ლეკი ფეოდალების მიერ ტყვე ქრისტიანებით ვაჭრობის ბუდე.
„...არს ახალციხე ქალაქი ფერსათის მთის კერძოთს ჩამოსულს კლდესა ზედა. ხოლო ქალაქი არ მოზღუდვილი ციხიდამ ქვიტკირის სამის ზღუდით... ჰავითა არს მშვენი, ზამთრის ცივი დათოვლიანი, ზაფხულს არა ეგდენ ცხელი. გარემოს ქალაქისა წალკოტნი, ვენახნი და ხილნი მრავალნი. აწ მჯდომარებს ფაშა მუნ, რომელსა უწოდებენ საქართველოსანი კვალად ათაბაგადვე, ხოლო ოსმალნი ახალციხის ფაშად, და უპყრავს ამას სრულიადი სამცხე-საათაბაგო.“
„ქალაქს გარემოცულობა დიდი არ აქვს, თვალწარმტაცი შენობები მასში სრულიად არ არის, მცხოვრებნი საშუალო შეძლებისანი არიან. მთავარი საქმიანობა მათი არს მეხილეობა.“
ახალციხის წინააღმდეგ გალაშქრება რუსეთმა ჯერ კიდევ 1810 წელს სცადა. მაგრამ მაშინ ქალაქის აღება ვერ მოხერხდა. ეპიდემიით შეშინებული ტორმასოვი მოშორდა ახალციხეს. 1828 წელს ახალციხე აიღო ი. პასკევიჩმა. 3 ოქტომბერს ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა[10], მიუხედავად იმავე წლის თურქების მცდელობისა დაებრუნებინათ ახალციხე მარცხით დამთავრდა. 1829 წლის სექტემბერში, ანდრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, თურქეთმა რუსეთს გადასცა ახალციხის საფაშოს ნაწილი. რადგანაც ძველი დასახლება ვეღარ იტევდა ახალმოსახლეებს, ქალაქი განვითარდა ფოცხოვისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, რის შედეგადაც გაქრა ადრე არსებული მარდიების დასახლებები. ახალციხეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1840 წელს. ამავე წელს გახდა ახალციხის მაზრის ცენტრი.
შვეიცარელი მოგზაურის მონპერეს ცნობები ახალციხის შესახებ
„რამდენადაც ძველი კოლხეთი არის ტენიანი და ტყიანი, იმდენად ახალციხის აუზი, ქართველთა საათაბაგო, არის მოშიშვლებული და მშრალი. დაახლოებით შვიდ ვერსზე ფოცხოვის აყოლებით, მტკვართან შეერთებამდე ზემოთ, შედიხარ მშვენიერ ქალაქ ახალციხეში.“
„თურქებმა ჯავრი ქალაქზე იყარეს, გაანადგურეს და ააოხრეს ყველაფერი, რაც რუსებმა დაინდეს. სახლებმა, რომლებიც შემორჩენილი იყო ციხე-სიმაგრის გარშემო, დიდი დაბრკოლება შეუქმნეს რუსებს, ვინაიდან იქ დაბანაკებული თურქები ცეცხლს უხსნიდნენ ალყაშემორტყმულებს. მათი გაქცევის შემდეგ, რუსები იძულებულნი გახდნენ გაეწმინდათ ეს ადგილი. მათ აიღეს ციხესიმაგრის გარშემო არსებული ყველა სახლი და ნანგრევი.“
„შემდეგ შეიქმნა ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი უნდა გადაეტანათ ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე. აქ გამოუყვეს მიწები სომხებს, რომლებიც მორბოდნენ ყარსიდან და არზრუმიდან. როდესაც მე იქ ჩამოვედი 1833 წელს, ვრცელი რაიონი უკვე შექმნილი და მოწყობილი იყო. მაგრამ ძველი ქალაქის მაცხოვრებლებს ვერ გადაეწყვიტათ მისი მიტოვება. ახალი ქალაქის მაცხოვრებლები კი ჩიოდნენ, რომ მათ დააარსეს ახალი ბაზარი, საცხოვრებელი ბინები, ქარვასლა და იქიდან ვერ იღებდნენ ვერავითარ სარგებელს. ამგვარი იყო საჩივრები, რომლებსაც ვისმენდი ჩემი იქ ყოფნის დროს. ყველაზე უკმაყოფილონი იყვნენ ის ახალმოსული სომხები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ახალციხეში ოქროს გორებს იშოვიდნენ. ეს ქალაქი თურქების დროს აწარმოებდა საკმაოდ მნიშვნელოვან ვაჭრობას. საფაშოს მთავარ ქალაქში განვითარებული იყო მრეწველობა. მას კავშირი ჰქონდა ყარსთან და არზრუმთან. ამასთანავე ახალციხე იყო მონათა მნიშვნელოვანი ბაზარი. იგი ხელმისაწვდომი იყო ლეკებისთვის, რომლებიც არა მარტო მსახურობდნენ ფაშათა დროშის ქვეშ, არამედ იყენებდნენ ყველა შესაძლებელ შემთხვევას, რათა მოეტაცებინათ ქართველები, რომლებიც მათ ადვილად გადაჰყავდათ თურქთა საზღვრებზე. ... თუმცა რუსებმა იმდენი დაბრკოლება შეუქმნეს, რომ მალე ახალციხე აღარ იქნება მონათა ბაზარი.“
„თავისი ჩართვით რუსეთის საბაჟოების რანგში, ამ ქალაქმა ახალი დანაკარგი განიცადა, იგი აღმოჩნდა სრულიად იზოლირებული და თითქოს კუთხეში მიგდებული მას შემდეგ, რაც ჩამოერთვა ყოველგვარი უფლება ანატოლიის მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობისა. ამასთანავე, ის არ მდებარეობს არც ერთ ბუნებრივ დიდ სავაჭრო გზაზე. ახალციხესთან ყველაზე ახლოს მდებარე ბათუმის პორტი მისგან მოშორებულია მთების მაღალი ჯაჭვით. ამგვარად, ახალციხემ მნიშვნელობა დაკარგა. ქართველი და თურქი მუსლიმი მოსახლეობა გაიქცა ქალაქის აღების დროს. ახალციხის „სანჯაყი“ შეიცავდა 5000 განსხვავებულს და დაახლოებით 40 000 ორივე სქესის მცხოვრებს.“
1853 წლის 14 ნოემბერს ყირიმის ომის დროს, ციხეში გამაგრებულმა რუსმა ჯარმა გენერალ-ლეიტენანტი ივანე ანდრონიკაშვილის მეთაურობით მოიგერია ოსმალთა იერიში. 1871 წელს შემუშავდა ახალი გეგმა მდ. ფოცხოვის მარჯვენა მხარეს ქალაქის გასაშენებლად[11] 1876 წელს ახალციხემ საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. 1918 წლის ივნისში ახალციხე კვლავ ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა რამდენიმე თვით.
1930 წლიდან ახალციხე გახდა ახალციხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. საბჭოთა პერიოდში ახალციხე იყო სამხრეთ საქართველოს სამრეწველო ცენტრი, მოქმედებდა ღვინის ჩამომსხმელი, ლიმონათის, ყველ-კარაქის, ხე-ტყის ქარხნები, ხორცკომბინატი. 1944 წელს ბორჯომიდან გაყვანილ იქნა რკინიგზა, რომელიც ემსახურება სამცხე-ჯავახეთის მხარის მუნიციპალიტეტებს.
2014-17 წლებში არსებობდა, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული.[14]
ქვემოთ[20] მოცემულია ფრანგი კონსულის ადრიენ დუპრეს მონაცემები ახალციხის მოსახლეობის შესახებ, რომელიც გამოყენებული აქვს ფრანგ მოგზაურს, კომერსანტს, საფრანგეთის პირველ კონსულს თბილისში, ჟაკ ფრანსუა გამბას თავის თხზულებაში „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ და რომლის მიხედვითაც 1820 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 40 000 სულს, მათ შორის იყო 500 კათოლიკური ოჯახი.
„ქალაქის საალყო მდგომარეობის გამო განადგურებული და გაფანტული მოსახლეობა [...] დააკომპლექტეს იმ ახალმოსახლე სომხებისაგან, რომლებიც გამოიქცნენ ყარსიდან და ერზრუმიდან. მათ შეადგინეს მოსახლეობის უმრავლესობა. როდესაც მე იქ ჩავედი, 1833 წელს, ახალციხის მთლიანი მოსახლეობა შედგებოდა 11 000 სულისაგან, გარნიზონის ჩაუთვლელად. მ. ევეცკის კავკასიის თავის სტატისტიკაში (1835), მოსახლეობა აჰყავს 13 000 სულამდე, ხოლო მე თვით ახალციხეში გარნიზონთან ერთად ის აღმირიცხეს 16 000 სულამდე.“
↑ჯავახიშვილი ივ., „ქალაქები, საქალაქო წეს-წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს // 1910-1920-იანი წლების ჟურნალები, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2011. — გვ. 254-269, ISBN978-99940-28-60-3.
↑ვ. ბერიძე სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები გვ. 15. 1970 წ.