გურჯაანი

ტერმინს „გურჯაანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გურჯაანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
გურჯაანი

გურჯაანის ცენტრი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°44′40″ ჩ. გ. 45°48′00″ ა. გ. / 41.74444° ჩ. გ. 45.80000° ა. გ. / 41.74444; 45.80000
ამჟამინდელი სტატუსი 1934
ცენტრის სიმაღლე 415 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 8024[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,8 %
სომხები 1,4 %
რუსები 0,8 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 353[2]
საფოსტო ინდექსი 1500[3]
ოფიციალური საიტი gurjaani.gov.ge
გურჯაანი — საქართველო
გურჯაანი
გურჯაანი — კახეთის მხარე
გურჯაანი
გურჯაანი — გურჯაანის მუნიციპალიტეტი
გურჯაანი

გურჯაანი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთის მხარე), გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა: 8 024 (2014).

გეოგრაფია

გურჯაანი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ მთისწინეთის და ალაზნის ველის მიჯნაზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 400 მ სიმაღლეზე, თბილისიდან დაშორებულია 111 კმ-ით.

ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,4°C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,9°C, ივლისისა — 23.6°C. ნალექები 804 მმ წელიწადში.

ქალაქის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 412 მეტრზე მდებარეობს კურორტი „ახტალა“. კურორტის სამკურნალო ფაქტორია ფსევდოვულკანური წარმოშობის ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის. სამკურნალო ჩვენებებია: მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული დავადებები, პერიფერიული ნერვიული სისტემისა და გინეკოლოგიური დავადებანი. კურორტზე სეზონი გრძელდება მაისიდან ნოემბრამდე.[4]

ისტორია

„გურჯაანის“ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადმოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს.

ქალაქ გურჯაანის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულია ქალაქში შემთხვევით მოპოვებული არქეოლოგიური მასალა: თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ბრინჯაოსა და რკინის იარაღი, სხვადასხვა სამკაული. 1949 წელს გურჯაანში აღმოჩნდა ოქროს 7 ცალი ბიზანტიური მონეტა, მოჭრილი ალექსი I-ის (1081-1118) და იოანე II-ის (1118-1143) სახელით.

სოფელი გურჯაანი წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის (1476-1511) გუჯარში, რომლის მიხედვით კახთუბანი-გურჯაანი მეფეს გადასახადისაგან გაუთავისუფლებია (კახთუბანი ამჟამად ქალაქის ერთ-ერთი უბანია). გურჯაანი მოხსენიებულია ასევე ვახუშტი ბატონიშვილის და იოანე ბატონიშვილის შრომებში. ამ პერიოდში ის ვაჩნაძეებისა და ანდრონიკაშვილების სოფელია. იოჰან გიულდენშტედტის მიხედვით XVIII ს-ის 70-იან წლებში გურჯაანი გაპარტახებული ყოფილა.

ქალაქი გურჯაანი 1934 წელს დაარსდა. მის შემადგენლობაში მოექცა ასევე კურორტი ახტალა. საბჭოთა პერიოდში გურჯაანი წარმოადგენდა სარკინიგზო კვანძს, სადაც თბილის-თელავის რკინიგზის ხაზს გამოეყოფოდა წნორის მიმართულებით მიმავალი განშტოება (უმოქმედოა 1990 წლიდან). ქალაქში მოქმედებს ღვინის (მ. შ. სააქციო საზოგადოება „გურჯაანი-1929"), სპირტის, ყველ–კარაქის ქარხნები, აგრეთვე ადგილობრივი მნიშვნელობის წვრილი საწარმოები. მოსახლეობა უმთავრესად ჩაბმულია სასოფლო-სამეურნეო შრომაში (მევენახეობა-მებაღეობა).

კულტურა

გურჯაანში არის გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი, ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი, დიდების მემორიალური მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კახეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული საცავი (ყოფილი გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ქალაქში წარსულში არსებობდა სახალხო თეატრი, მის ნაცვლად ამჟამად მოქმედია მუნიციპალური კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასი.

ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირებს შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სადაც 2019 წელს გაიხსნა ღვინის მუზეუმი.[5]

გურჯაანში და მის სიახლოვეს შემორჩენილია ისტორიული ძეგლები გურჯაანის ყველაწმინდა და ტატიას საყდარი. გურჯაანში მოქმედებს წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, აქვეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

დემოგრაფია

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1939 [6] 4 553
1959 [6] 8 186
1970 [6] 10 279
1979 [6] 10 954
1989[7] 12 872 6 001 6 871
2002[7] 10 027 4 580 5 447
2014[1] 8 024 3 728 4 296
2021[6] 7 535

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. კურორტი ახტალა. ციტირების თარიღი: 2024-07-10.
  5. გურჯაანის შოთა რუსთაველის სახ. ბიბლიოთეკის კატალოგი. ციტირების თარიღი: 2024-07-10.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
  7. 7.0 7.1 [https://web.archive.org/web/20190821123826/ დაარქივებული 2019-08-21 საიტზე Wayback Machine. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი I]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-21. ციტირების თარიღი: 2020-04-23.