გურჯაანის ღვინის ფესტივალი — ღვინის ფესტივალი, რომელიც იმართება ქალაქ გურჯაანში, კახეთის რეგიონში. იგი დაარსდა 2017 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება[3][2][1] (გამონაკლისი იყო 2020 და 2021 წლები). ფესტივალი წარმოადგენს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინის ფესტივალს, რომელშიც ყოველწლიურად 300-ზე მეტი მონაწილე და 30 000-ზე მეტი სტუმარი იღებს მონაწილეობას.[4][2][1]
ფესტივალის მიზნები და კონცეფცია
ფესტივალის მიზანია ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოსარამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ადგილობრივი ღვინოების წარმოჩენა და ღვინის ტურიზმის განვითარება. გურჯაანის ღვინის ფესტივალი ასევე მიზნად ისახავს მცირე მეწარმეების განვითარებას, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.[5][6][1]
ფესტივალის კონცეფცია ყოველწლიურად იცვლება. 2024 წლის ფესტივალის კონცეფცია ეძღვნება ქართული ღვინისა და ქართული კულტურის თანაარსებობისა და ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.[7]
გურჯაანში იწარმოება ქართულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები, როგორებიცაა: გურჯაანი, კარდანახი, ვაზისუბანი, ახაშენი, ახოები, წარაფი, ზეგაანი და მუკუზანი. საქართველოში რეგისტრირებული 29 ადგილწარმოშობის ღვინიდან ნახევარზე მეტი კახეთში იწარმოება, აქედან 9 კი - გურჯაანის მუნიციპალიტეტში.[8]
ღონისძიებები
ფესტივალი იმართება გურჯაანის ახტალის პარკის ტერიტორიაზე, სადაც ეწყობა ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, კულინარიული პავილიონები, ღვინის დეგუსტაცია, თათარობა, ყურძნის დაწურვა საწნახელში, თონეში პურის ჩაკვრა, მწვადის შეწვა და სხვა გასართობები.[9]