წალკა — ქალაქი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. წალკის თემის ცენტრი (სოფ. ტბეთი). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. წალკაში არის აგარაკ-წალკის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
წალკა მდებარეობს ისტორიული თრიალეთის ტერიტორიაზე. მისი ძველი სახელია ეძანი. ადრე აქ იდგა 6 ეკლესია, რომელთაგან აღსანიშნავია ეძანის VI საუკუნის სამეკლესიანი ბაზილიკა, რომლის შუა ეკლესიის აღმოსავლეთ სარკმლის ქვეშ მოთავსებული იყო სტელის სახის რელიეფი და ექვსსტრიქონიანი წარწერა. მეორე ეკლესია X საუკუნისაა. აქ უნდა ყოფილიყო წალკის საეპისკოპოსოს საკათედრო გუმბათოვანი ტაძარი. X-XV საუკუნეებში წალკა თრიალეთის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო. აქ იჯდა ეპისკოპოსი წალკელი.
XIX საუკუნის II ნახევარში წალკაში დასახლდნენ ბერძნები. მათ დაშალეს და სამშენებლოდ გამოიყენეს ძველი ეკლესიები. ამავე დროს დაიკარგა წალკის ეკლესიის წარწერა. 1932 წლამდე დასახლებას ეწოდებოდა ბარმაქსიზი. 1932 წელს ეწოდა წალკა.