მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიისახალციხის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოში ახალციხის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. 2014 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას გამოეყო ქალაქი ახალციხე.[4]
გეოგრაფია
მუნიციპალიტეტი მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, უჭირავს მტკვრისა და ფოცხოვისწყლისხეობები. მუნიციპალიტეტის ტერიტორია — 1010 კვ.კმ-ა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 410 კვ.კმ.
ახალციხის მუნიციპალიტეტში თავს იყრის მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან: სომხეთიდან და თურქეთიდან მომავალი გზები. მის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საერთაშორისო ავტომაგისტრალები ს 8 და ს 11; აგრეთვე ახალციხე - ბათუმის გზა, ასევე ხაშური-ვალეს რკინიგზის მონაკვეთი.
რელიეფი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი აგებულია ოლიგოცენური ასაკის ქვიშაქვებითა და თიხებით. ერუშეთის ქედის აგებულებაში მონაწილეობს ეოცენური ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ანდეზიტები. მესამეული ვულკანოგენური წყებებითაა აგებული მესხეთის ქედის ის მონაკვეთი, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში შედის. რელიეფი რთულია, გვხვდება მოვაკებული ტერასები, მერიდიანული ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომლებიც განლაგებულია 950 მ-დან (სოფელი აწყურთან) 2964 მ-მდე (მთა გუმბათი). მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ეროზიული მთა-ხეობათა რელიეფია. მუნიციპალიტეტი მდიდარია წიაღისეულით. მოიპოვება მურა ნახშირი, დიატომიტი, აქატი, თაბაშირი, საშენი მასალა.
ჰავა
ახალციხის მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზამთარი – ცივი, მცირეთოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი და თბილი. ახალციხის ქვაბულის ძირზე იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,8 °C, აგვისტოსი 20,5 °C. უფრო მაღალ ზონაში, მესხეთის ქედზე, ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავაა. ერუშეთის ქედის თხემურ ზოლში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზაფხული – მოკლე, ზამთარი – ცივი, ნალექები დაბალ ზონაში 520 მმ-ს არ აღემატება წელიწადში, მოსაზღვრე ქედების კალთებზე კი 1200 მმ-ს არ აღწევს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისსა (64 მმ) და ივნისში (86 მმ) მინიმუმი ზამთრის თვეებში (იანვარი 20 მმ, თებერვალი 25 მმ).
შიგა წყლები
მთავარი მდინარეებია; მტკვარი, ფოცხოვისწყალი და მისი შენაკადები ქვაბლიანი და ურაველი. პატარა მდინარეებია; წინუბნისწყალი და ჭვინთაღელე. მდინარეები გაზაფხულზე წყალუხვია, შემოდგომიდან მათი დონე კლებულობს და ზამთარში მინიმუმამდე დადის. თავსხმა წვიმების დროს იცის პერიოდული ნაკადულების ღვარცოფული მოვარდნა. მდინარეებს იყენებენ სარწყავად. აღსანიშნავია წყალთბილას გოგირდოვანი თერმული წყალი, აგრეთვე ურაველისა და გურკელის მინერალური სამკურნალო წყლები.
მცენარეული საფარი
მუნიციპალიტეტში სამი ძირითადი ზონაა; გარდამავალი ტყესტეპისა, მთის ტყისა და მდელოსი. დაბალ ნაწილში განვითარებულია მდელოს ყავისფერი და ალუვიური მდელოს კარბონატული ნიადაგები, მესხეთისა და ერუშეთის ქედების ტყიან კალთებზე – ტყის ყომრალი ნიადაგი, რომელსაც უფრო მაღლა მთის მდელოს კორდიანი ნიადაგი ცვლის. ჭალის ზედა ტერასებზე ალუვიური ნიადაგია. ცენტრალურ ნაწილში გაბატონებულია კლდის ქსეროფიტული ბუჩქები და ნახევარბუჩქნარები (ღვია, გლერძა, ზღარბა, შავგაჯა) აგრეთვე ქსეროფიტული მრავალწლიანი ბალახეულობა, დიდი ფართობი უჭირავს ველის წივანიან და ვაციწვერიან დაჯგუფებებს. სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში მთის ტაის ქვედა ზონა მუერან-რცხილნარს უჭირავს. მესხეთის ქედის ტაის ზედა ზონაში გავრცელებულია ნაძვნარ-სოჭნარი, ხოლო ერუშეთის ქედის ამავე ზონაში მთის ფიჭვნარი. ქედების თხემურ ზოლში სუბალპური და ალპური მდელოებია, რომლებიც ერუშეთის ქედზე ველის ელემენტებსაც შეიცავს.
ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა, არის მოპოვებითი და გადამამუშავებელი მრეწველობის მცირე საწარმოები. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მოჰყავთ მარცვლეული კულტურები.
განათლება და კულტურა
მუნიციპალიტეტში არის 9 საბავშვო ბაღი, 46 საჯარო სკოლა და ვალეს სამუსიკო სკოლა. მუნიციპალიტეტში არის 42 ბიბლიოთეკა.