ქვედის ტბა — შეგუბებული ტბა საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ქვედრულის ხეობაში, ზღვის დონიდან 1567 მ სიმაღლეზე. ქვედის ტბას ერთვის და შემდეგ გამოედინება მდინარე ჯეჯორის მარჯვენა შენაკადი — ქვედრულა. ზედაპირის ფართობი 0,09 კმ², საშუალო სიღრმე 8,2 მ, მაქსიმალური სიღრმე 14,5 მ. წყლის მოცულობა 710 000 მ³. წყალშემკრები აუზის ფართობი 12 კმ². გამდინარეა. აუზის რელიეფი მაღალმთიანი და საშუალომთიანია. მდინარე ქვედრულის სათავეებში გვხვდება ძველი გამყინვარების კვალი. ტბის ქვაბული გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. სანაპირო ხაზი სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. სამხრეთ სანაპიროსთან არის ორი მცირე ყურე. აღმოსავლეთ ნაწილში ფსკერის გრუნტი ქვიშიანია, ხოლო დასავლეთ ნაწილში ლამიანი.[2] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის დონე მინიმალურია ზამთრაში, მაქსიმალური — ივნისში. წყალი მტკნარია. გარშემო წიწვოვანი და შერეული ტყეა.[3] ტბა გაჩნდა 1896 წელს კლდებოძალის მთის ჩამონგრევის შედეგად. ტბაში არის კალმახი.[2]
სქოლიო