ინკითი — რელიქტური ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ბიჭვინთის კონცხის დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან –0,8 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,4 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ, წყლის მოცულობა 810 ათ. მ³.[2] ადრე ტბიდან ნაკადული გაედინებოდა, წყალი მტკნარი იყო. ამჟამად ტბის დონის ხელოვნურად დაწევის გამო, ტბაში ზღვის წყალმა იწყო შეჟონვა და წყლის მარილიანობა 5 გრ/ლ-მდე გაიზარდა. ტბას გეგმაში აქვს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული ოვალური ფორმა. სანაპირო ხაზი სუსტადაა შეჭრილ-შემოჭილი. ფსკერის რელიეფი მეტად ბრტყელია, წყალქვეშა ფერდობი დამრეცი. ინკითში 10 სახეობის თევზია, რომელთა შორის გამოიყოფა კობრი, ფარგა და კეფალი. თევზის რეწვა პერიოდულია.[3]
სქოლიო