ფ, ⴔ, Ⴔ, Ფ[1] (ფარი) — ქართული ანბანის ოცდამეერთე ასო (ძველ ქართულში ოცდამეოთხე იყო). შეესაბამება ბაგისმიერ ყრუ ფშვინვიერ თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ხუთასს (500).
ფ-ს მოხაზულობა ასომთავრულში ხაზისა და წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ფ ნუსხურში კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი. იგი მხედრულში ერთიანი, მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხურსა და მხედრულში ფ ქვედა სამ ხაზში იწერება.