თ, ⴇ, Ⴇ, Თ[1] (თანი) — ქართული ანბანის მერვე ასო (ძველ ქართულში მეცხრე იყო). შეესაბამება წინაენისმიერ ხშულ-მსკდომ ფშვინიერ თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ცხრას (9).
თ-ს მოხაზულობა ასომთავრულში ნახევარწრისა და ხაზის ურთიერთკომბინირებაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. იგი ნუსხურში მარჯვნივაა გადახრილი. თ მხედრულში ერთიანი, მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხურსა და მხედრულში იგი შუა ორ ხაზში იწერება.