ანდორა ევროპაში მეექვსე ყველაზე პატარა სახელმწიფოა, რომლის ფართობი 468 კმ2, ხოლო მოსახლეობა 77,006-ია. ანდორელი ხალხიკატალონიური წარმოშობის რომანულიეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან.[5] ფართობით ანდორა მე-16 ყველაზე პატარა ქვეყანაა მსოფლიოში, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით მე-11 ყველაზე მცირე რაოდენობის მქონე.[6] მისი დედაქალაქი ანდორა-ლა-ველა, ევროპაში ყველაზე მაღალი დედაქალაქია, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1,023 მ-ია.[7] ოფიციალური ენა კატალანურია, თუმცა საუბრობენ ასევე ესპანურ, პორტუგალიურ და ფრანგულ ენებზეც.[8][9]
ანდორა ყოველწლიურად 10,2 მილიონ ტურისტს მასპინძლობს.[10] ანდორა არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ევრო მისი ოფიციალური ვალუტაა. იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია 1993 წლიდან.[11] 2013 წელს, ანდორას ჰქონდა ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი მსოფლიოში - 81 წელი.[12]
სახელწოდება
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით სიტყვა ანდორა შესაძლოა მიღებულ იქნა არაბულიal-darra-დან (الدرة), რაც „ტყეს“ აღნიშნავს. როდესაც არაბებმა და მავრებმა დაიპყრეს იბერიის ნახევარკუნძული, მაღალი პირენეების ხეობები დაფარული იყო ტყეების დიდი ზოლებით, შესაბამისად, იმ რეგიონების უმეტესმა ნაწილმა, რომლებსაც გეოგრაფიული სირთულის გამო ვერ მართავდნენ მუსულმანები, მიიღო ეს დასახელება.[13]
სხვა თეორიების მიხედვით, ტერმინი მომდინარეობს ნავარო-არაგონულიandurrial-იდან, რაც ნიშნავს „ბუჩქებით დაფარულ მიწას“.[14]
ზოგი უკავშირებს მას სიტყვა Anorra-ს, რომელიც შეიცავს ბასკურ სიტყვა ur-ს (წყალი).[15]
ხალხური ეტიმოლოგიის მიხედვით, სახელი დარქმეულია კარლოს დიდის მიერ, რომელმაც რეგიონს სახელი უწოდა ბიბლიური ქანაანისენდორის ან ანდორის ხეობის მიხედვით (სადაც დამარცხდნენ მიდიანელები).[16]
ისტორია
პირველი დოკუმენტი, რომელიც ანდორას ტერიტორიად მოიხსენიებს, არის Acta de Consagració i Dotació de la Catedral de la Seu d'Urgell (La Seu d'Urgell–ის საკათედრო ტაძრის კურთხევისა და ძღვენის აქტი). 839 წლით დათარიღებულ დოკუმენტში ასახულია ანდორის ხეობების ექვსი ძველი ოლქი და, შესაბამისად, ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა.[17]
XX და XXI საუკუნე: ქვეყნის მოდერნიზაცია და კონსტიტუციური ანდორა
პირველი მსოფლიო ომის დროს, ანდორამ ომი გამოუცხადა საიმპერატორო გერმანიას, მაგრამ უშუალოდ მონაწილეობა არ მიუღია ბრძოლაში. ზოგიერთი ანდორელი ნებაყოფლობით მონაწილეობდა კონფლიქტში, როგორც საფრანგეთის ლეგიონის წევრი.[18] იგი დარჩა მეომარი მხარის სტატუსით 1958 წლამდე, რადგან არ იქნა შესული ვერსალის ხელშეკრულებაში.[19]
1933 წელს, საფრანგეთმა დაიპყრო ანდორა სოციალური არეულობის გამო, რომელიც მოხდა არჩევნებამდე 1933 წლის რევოლუციისა და FHASA-ს (Forces Hidroelèctriques d'Andorra) გაფიცვების შედეგად; ახალგაზრდა ანდორელების (ესპანურ CNT-სა და FAI- სთან დაკავშირებული პროფკავშირული ჯგუფი) ხელმძღვანელობით წამოწყებული აჯანყების მიზანი იყო პოლიტიკური რეფორმების ჩატარება,[20] ყველა ანდორელისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება და მოქმედებდა ენკამპში FHASA-ს ჰეს-ის მშენებლობის დროს ადგილობრივი და უცხოელი მუშაკების უფლებების დასაცავად.[21] 1933 წლის 5 აპრილს ახალგაზრდა ანდორელებმა დაიკავეს ანდორის პარლამენტი.[22] ამ მოქმედებებს წინ უძღოდა პოლკოვნიკი რენე-ჟიულ ბაულარდის ჩამოსვლა 50 ჟანდარმითა და 200 ადგილობრივი მილიციელის მობილიზაცია, რომელთაც ხელმძღვანელობდა სინდიკ ფრანჩესკ კაირატი.[23]
1934 წლის 6 ივლისს, ავანტიურისტმა და არისტოკრატმა ბორის სკოსირევმა, თავისი დაპირებებით, რაც გულისხმობდა თავისუფლებას, ქვეყნის მოდერნიზაციასა და სიმდიდრეს ოფშორული ზონის შექმნისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზით, მიიღო გენერალური საბჭოს წევრების მხარდაჭერა, რათა თავი გამოეცხადებინა ანდორის მმართველად. 1934 წლის 8 ივლისს ბორისმა ურხელში გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომელშიც თავი ბორის I-ად, ანდორის მეფედ გამოაცხადა,[25] პარალელურად ომი გამოუცხადა ურხელის ეპისკოპოსს და 10 ივლისს დაამტკიცა მეფის კონსტიტუცია.[26] იგი 20 ივლისს დააპატიმრეს თანამმართველმა და ეპისკოპოსმა ჯასტი გიტარდ ი ვილარდებომ და მათმა ადმინისტრაციამ; საბოლოოდ კი, გააძევეს ესპანეთიდან.[27] 1936 წლიდან 1940 წლამდე, მოხდა მოძრავი გვარდიის ფრანგული სამხედრო რაზმის გარნიზონის ჩაყენება, ცნობილი პოლკოვნიკი რენე-ჟიულ ბაულარდის მეთაურობით, რათა უზრუნველეყო სამთავროს დაცვა ესპანეთის სამოქალაქო ომისგან[28] და ფრანკოისტული ესპანეთისგან[29] და ასევე დახვედროდა 1933 წლის რევოლუციის შედეგს - რესპუბლიკანიზმის აზევებას.[30] ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, ანდორის მოსახლეობა იღებდა ლტოლვილებს ორივე მხრიდან, რომელთაგან დიდი რაოდენობა სამუდამოდ დასახლდა ქვეყანაში, რითაც წვლილი შეიტანა შემდგომ ეკონომიკურ ზრდასა და ანდორის კაპიტალისტურ ხანაში შესვლაში.[31][32] ომის შემდგომ ეტაპზე ფრანკოისტულმა ჯარებმა მიაღწიეს ანდორის საზღვარს.[33]
მეორე მსოფლიო ომის დროს ანდორა დარჩა ნეიტრალური და წარმოადგენდა მნიშვნელოვან კონტრაბანდის გზას ორ ფაშისტურ სახელმწიფოს, ვიშის საფრანგეთსა და ფრანკოისტულ ესპანეთს შორის.[34] ბევრი ანდორელი აკრიტიკებდა გენერალური საბჭოს პასიურობას უცხოელთა და ლტოლვილთა როგორც შემოსვლის, ასევე გაძევების შეფერხებისთვის, ეკონომიკური დანაშაულების ჩადენისთვის,[35] მოქალაქეთა უფლებების შემცირებისა[36] და ფრანკოიზმის მხარდაჭერისთვის.[37][38] გენერალური საბჭოს წევრებმა გაამართლეს საბჭოს პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებები, როგორც ანდორის გადარჩენისა და მისი სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელი ქმედებები. ანდორა შედარებით უვნებელი გადარჩა მეორე მსოფლიო ომისა და ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს.[38][39]
პოლიტიკა
ანდორა არის საპარლამენტო თანასამთავრო, რომლის მმართველებს წარმოადგენენ საფრანგეთის პრეზიდენტი და ურხელის კათოლიკე ეპისკოპოსი (კატალონია, ესპანეთი). ამ თავისებურებიდან გამომდინარე საფრანგეთის პრეზიდენტი, თავისი თანამდებობრივი მდგომარეობით, წარმოადგენს ავტომატურად არჩეულ მონარქს - მისი არჩევა არ ხდება ანდორელთა უშუალო ხმის მიცემით. ანდორის პოლიტიკა მდგომარეობს საპარლამენტოწარმომადგენლობით დემოკრატიაში, რომლის თანახმად, მთავრობის მეთაური არის მთავარი აღმასრულებელი.
ამჟამინდელი მთავრობის მეთაურია ხავიერ ესპოტ ზამორა ანდორის დემოკრატებიდან (DA). აღმასრულებელი უფლებამოსილება ენიჭება მთავრობას. საკანონმდებლო ძალაუფლება მინიჭებული აქვს, როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს.
პირენეების ქედის აღმოსავლეთ მთიანეთში მდებარეობის გამო, ანდორა ძირითადად შედგება დასერილი მთებისგან, რომელთაგან ყველაზე მაღალია - კომა პედროსა 2,942 მეტრით, ხოლო ანდორის საშუალო სიმაღლე 1,996 მეტრია.[40] ისინი დასერილია სამი, ვიწრო, ხეობით, რაც ქმნის Y ფორმას და ერთიანდებიან მთავარ ნაკადად, მდინარე დიდ ვალირად, რომელიც გადადის ესპანეთში (ანდორას ყველაზე დაბალ ნიშნულთან - 840 მეტრი). ანდორას ფართობი 468 კმ2-ია.
კლიმატი
ანდორას აქვს ალპური, კონტინენტური და ოკეანეური კლიმატები, რაც პირდაპირ კავშირშია აბსოლუტურ სიმაღლესთან. შედარებით მაღლა, საშუალოდ, ზამთარში უფრო მეტი თოვლია, ხოლო ზაფხულში შედარებით გრილა. ლანდშაფტის მრავალფეროვნება, ხეობათა განსხვავებული ორიენტაციები და ხმელთაშუა ზღვის კლიმატისთვის დამახასიათებელი უსწორმასწორო რელიეფი იწვევს ქვეყნის ფარგლებში მრავალი მიკროკლიმატის არსებობას, რაც აფერხებს მაღალმთიანი კლიმატის ბატონობას. სიმაღლეთა უმცირეს და უდიდეს ნიშნულებს შორის დიდი განსვავების გამო და ხმელთაშუაზღვიური კლიმატის ზეგავლენით, ვითარდება ანდორული პირენეების კლიმატი.
ნალექების მხრივ, ზაფხულისთვის დამახასიათებელია კონვექციური და უხვი წვიმები, რომლებიც შეიძლება შემოდგომამდე გაგრძელდეს (ჩვეულებრივ, მაისი, ივნისი და აგვისტო ყველაზე წვიმიანი თვეებია); ზამთარი ნაკლებად წვიმიანია, გარდა მაღალმთიანეთისა, რომელიც ექვემდებარება ატლანტიკურ სანაპიროს ზეგავლენას, რაც ხსნის თოვლის დიდ რაოდენობას ანდორის მთებში. ტემპერატურის რეჟიმი, სამთავროს მთიანი პიროებების შესაბამისად, ხასიათდება ძირითადად ზომიერი ზაფხულით და გრძელი და ცივი ზამთრით.[41]
სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია - საპარლამენტო სამთავრო, ესპანეთისა და საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. სახელმწიფოს მეთაური - ჟოან ენრიკ ვივეს სისილია (Joan Enric Vives SICILIA, ურხელის ეპისკოპოსი) და ფრანსუა ოლანდი (François Hollande, საფრანგეთის პრეზიდენტი). საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი გენერალური საბჭო (Consell General de las Valls, 28 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 7 რაიონი (parroquia).
დემოგრაფია
მოსახლეობა
მოსახლეობის ისტ. რაოდენობა
წელი
მოს.
±%
1950
6 176
—
1960
8 392
+35.9%
1970
19 545
+132.9%
1980
35 460
+81.4%
1990
54 507
+53.7%
2000
65 844
+20.8%
2010
85 015
+29.1%
2015
78 014
−8.2%
2018 წლის მონაცემების მიხედვით ანდორის მოსახლეობა 77,006-ია. ანდორელებიკატალონიური წარმოშობის რომანულიეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან.[42] მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 1900 წლიდან, რომელიც მაშინ მხოლოდ 5000-ს შეადგენდა.
მაცხოვრებლების ორი მესამედი არ არის ანდორული ეროვნების და მათ არ აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. უფრო მეტიც, მათ არ ეძლევათ უფლება იქნან არჩეული პრემიერ-მინისტრად[43] ან ფლობდნენ კერძო მფლობელობაში მყოფი კომპანიის სააქციო კაპიტალის 33%-ზე მეტს.[44][45][46][47]
ეკონომიკა
ტურიზმი, ანდორის ეკონომიკის მთავარი საფუძველი, მშპ-ს დაახლოებით 80%-ს შეადგენს. ქვეყანას ყოველწლიურად სტუმრობს დაახლოებით 10.2 მილიონი ტურისტი,[48] რომელთაც იზიდავს ანდორის დაუბეგრავი ზონის სტატუსი და მისი საზაფხულო და ზამთრის კურორტები.
ანდორაში შემოსავლის ერთ–ერთი მთავარი წყაროა ტურიზმი სათხილამურო კურორტებზე, რომელთა სათხილამურო მოედანი, ჯამურად 175 კმ-ზე მეტია. სპორტის ეს სახეობა ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტ ტურისტს იზიდავს და დაახლოებით 340 მილიონი ევროს შემოსავალს იძლევა წელიწადში, რაც 2007 წლიდან მოყოლებული 2,000 პირდაპირ და 10,000 არაპირდაპირ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს.[49]
საბანკო სექტორს, თავისი ოფშორული ზონის სტატუსით, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკაში (ფინანსური და სადაზღვევო სექტორი მშპ-ს დაახლოებით 19%-ს შეადგენს).[50] ფინანსური სისტემა მოიცავს ხუთ საბანკო ჯგუფს,[51] ერთ სპეციალიზებულ საკრედიტო ობიექტს, 8 საინვესტიციო მართვის ობიექტს, 3 აქტივების მართვის კომპანიასა და 29 სადაზღვევო კომპანიას, რომელთაგან 14 არის უცხოური სადაზღვევო კომპანიის ფილიალი, რომლებიც უფლებამოსილნი არიან იფუნქციონირონ ანდორაში.[50]
სასოფლო-სამეურნეო წარმოება შეზღუდულია; მიწის მხოლოდ 5%-ია სახნავი, ხოლო საკვების უმეტესობა იმპორტულია. ადგილობრივად იწარმოება თამბაქო. მესაქონლეობის ძირითადი სახეობა ცხვრის მოშენებაა. წარმოების პროდუქტს წარმოადგენს ძირითადად სიგარეტი, სიგარები და ავეჯი. ანდორას ბუნებრივი რესურსები მოიცავს ჰიდროელექტრო ენერგიას, მინერალურ წყალს, ხე-ტყეს, რკინის მადანსა და ტყვიას.[52]
ანდორა არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს მასთან. ანდორაში წარმოებული საქონლით ვაჭრობისთვის მას იგივე პრივილეგიები აქვს (ტარიფის გარეშე), როგორც ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის განიხილება როგორც ევროკავშირის არაწევრი. ანდორას არ გააჩნდა საკუთარი ვალუტა და საბანკო ოპერაციებში იყენებდა როგორც ფრანგული ფრანკს, ისე ესპანური პესეტას 1999 წლის 31 დეკემბრამდე, როდესაც ორივე ვალუტა ჩანაცვლდა ევროკავშირის ერთიანი ვალუტით, ევროთი. ფრანკის და პესეტას მონეტები და ბანკნოტები დარჩა ლეგალური გადახდის საშუალებად ანდორაში 2002 წლის 31 დეკემბრამდე. ანდორამ დაიწყო საკუთარი ევროს მონეტების გამოშვება 2014 წლის დასაწყისიდან.
ანდორას ტრადიციულად აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი უმუშევრობის დონე. 2009 წელს იგი 2.9% იყო.[53]
მემკვიდრეობა
II ს-ის ორი მოქმედი რომაული თაღოვანი ხიდი, არაბული ციხის ნანგრევები (VIII ს.), გრაფ დე ფუას ციხე-კოშკი (XII ს.), მთავრობის რეზიდენცია - „ველების სახლი“.
ცნობილი ანდორელები
ბორის დე სკოსირევი (რუსი ემიგრანტი, 1934 წელს თავი გამოაცხადა ანდორის მეფედ), რენე ბალარი (საპატიო მოქალაქე, ანდორაში აღადგინა წესრიგი 1933 წელს), ფილიპ ვოლფი (მელიევალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი).
ლიტერატურა
Armengol Aleix, E. (2009). Andorra: un profund i llarg viatge (ca). Andorra: Government of Andorra. ISBN9789992005491.
Guillamet Anton, J. (2009). Andorra: nova aproximació a la història d'Andorra (ca). Andorra: Revista Altaïr. ISBN9788493622046.
↑„Global, regional, and national age-sex specific all-cause and cause-specific mortality for 240 causes of death, 1990-2013: a systematic analysis for the Global Burden of Disease Study 2013“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
1 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვს ევროპასთან. 2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია. 3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ
კურსივით აღნიშნულია თანამეგობრობის ის წევრები, რომელთაც ერთი და იგივე მონარქი ჰყავთ სახელმწიფოს მეთაურად. 1 მონარქის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნა სადავოა. 2 ტექნიკურად კონსტიტუციური, მაგრამ ეფექტურობით აბსოლუტური. 3 იყენებს სახელს პრეზიდენტი.