ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლებში ჩართული ეგვიპტის სასულთნო, ახლო აღმოსავლეთში პოზიციებს იმყარებს და XIII საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთის მიმართულებით იწყებს ექსპანსიას. ეგვიპტის სულთნის ალ-ადილ I-ის (1200–1218) მითითებით, 1199–1204 წლებში მისი ვაჟები, ალ-აუჰადი და ალ-აშრაფი ჯეზირეს რეგიონში, მოკავშირე საამიროების დახმარებით, თანდათან ავიწროებენ ზენგიდთა საამიროს.
ჩრდილოეთში ექსპანსიების შემდეგი ეტაპი 1206–1207 წლების ხლათის სასულთნოს ახალი მმართველის ბეგ-თემურის ვაჟ მუჰამედსა და ხლათის მოქალაქეებს შორის დაპისიპირებას უკავშირდება. ხლათის ახალი მმართველი არაკომპეტენტური აღმოჩნდა და მისი ერთ-ერთი მამლუქი იზედინ ბალაბანი მანასკერტში გაიქცა, სადაც თავი დამოუკიდებელ მმართველად გამაოცხადა. მოძლიერების შემდეგ ბალაბანი ხლათში დაბრუნდა და ალყა შემოარტყა მას. ამავდროულად ქალაქს მცირე ძალებით მარდინელიართუქიდი ამირა ნასირ ალ-დინიც (1201–1239) მოუახლოვდა, ის ითვლებოდა ბეგ-თემურის ტახტის მემკვიდრედ („კრონპრინცი“, Wali al-Ahd) იქამდე, სანამ ამ უკანასკნელს ვაჟი შეეძინებოდა. სწორედ ამიტომ ხლათის უხუცესებმა მოიწვიეს ის, რათა ბეგ-თემურის ვაჟი ძალაუფლებას ჩამოეშორებინათ. ხლათში მოსული ნასირ ალ-დინი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო, რადგან მას ბალაბანთან შედარებით მცირერიცხოვანი ლაშქარი აღმოაჩნდა და გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ის ხლათს აიღებდა, მას ალ-აშრაფ აიუბი მარდინის დაპყრობით ემუქრებოდა. ართუქიდი ამირის უკან დახევის შემდეგ ბალაბანი თავს დაესხა ქალაქს. ბეგთემურის ვაჟმა შეკრიბა ხალხი და ბალაბანის განდევნა მოახერხა. უკან დახეულმა ბალაბანმა მანასკერტში, არჭეშსა და სხვა ციხეებში შეკრიბა ლაშქარი და ისევ ხლათისაკენ დაიძრა. ამასთან მან ქალაქის უხუცესების მოსყიდვა სცადა და მათ პრივილეგიებსაც კი დაპირდა.[1] ქალაქის უხუცესებმა მიიღეს ბალბანის შემოთავაზება, რადგან კარგაც აცნობიერებდნენ, რომ მუჰამედს არ შეეძლო ქვეყნის მმართვა, მაგრამ ბალაბანს სთხოვეს ქალაქი შტურმით არ აეღო.[1] ყოველივე ამის შემდეგ მათ შეიპყრეს მუჰამედი და ის ბალაბანს გადასცეს. ბალაბანმა ბეგთემურის ვაჟი დაატყვევა და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო[1]. 1206/7 წლებში მუჰამედი მოკლეს.
იმავე წელს ქალაქს ალყა შემოარტყა ამირა ალ-აუჰადმა, რომელსაც დიარბაქირსა და აღმოსავლეთ ანატოლიას შორის არსებული მნიშვნელოვანი გზების გაკონტროლება სურდა, თუმცა ვერ შეძლო მისი დაპყრობა, გარდა იმისა, რომ შემოიერთა შემოგარენი ციხეები.
1207–1208 წლებში სულთან ალ-ადილმა დამატებითი ძალები გაუგზავნა ალ-აუჰადს, რომელმაც ისევ განაახლა თავდასხმა. ბალაბანმა ამჯერად დახმარება არზრუმის ამირას, თოღრულშაჰს სთხოვა. მათ ერთად შეძლეს აიუბიდთა თავდასხმის მოგერიება და ქალაქი მუშის განთავისუფლება, რის შემდეგაც რუმის სულთნის, ქეი-ყუბად I-ის დავალებით თოღრულშაჰმა სასულთნოში გაბატონების მიზნით ბალაბანი მოკლა.[2] მოსახლეობის წინააღმდეგობიდან გამომდინარე, თოღრულშაჰმა ვერ შეძლო ქალაქის დაკავება. მაშინ ხლათის მუსულმანმა ზედა ფენამ ქალაქში ალ-აუჰად აიუბი მოიწვია და ის ახალ სულთნად გამოაცხადეს.
ქართველთა ლაშქრობები ხლათის სასულთნოში
ანისის (1199 წ.) და დვინის (1203 წ.) შემოერთების შემდეგ საქართველოს სამეფომ მდ. არაქსის სამხრეთით, ვანის ტბის მიმართულებით დაიწყო გააქტიურება. ხლათის მიმართ საქართველოს სამეფოს გარდა პოლიტიკურისა, ეკონომიკური ინტერესიც ამოძრავებდა,[3] გამომდინარე იქიდან, რომ ის ირანიდან ხმელთაშუა ზღვისაკენ მომავალ სავაჭო მაგისტრალზე მდებარეობდა. მოცემულ ტერიტორიაზე ძირითადად ქრისტიანი სომხები სახლობდნენ, თუმცა პოლიტიკურ ძალაუფლებას სელჩუკი სოქმენიდთა დინასტიის წარმომადგენლები ახორციელებდნენ, რომლებიც ასევე „შაჰ-არმენებად“ (სომეხთა მეფეებად) იწოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხლათის სასულთნო XIII საუკუნის დასაწყისში საქართვველოს მოხარკედ ითვლებოდა,[4] მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობა სუფევდა, რადგან ხლათელები დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ექსპანსიისკენ მიდრეკილი საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.
1204-05
1204–1205 წლებში ქართველებმა მოარბიეს ვანის ტბის ჩრდილოეთ მიდამოები, კერძოდ: არჭეში და მანასკერტი. შაჰარმენთა უკანასკნელი სოქმენიდი მმართველის უმემკვიდრეოდ გარდაცვალების შემდეგ, სამთავროში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მამლუქებს შორის დაპირისპირება დაიწყო. შინა არეულობა და საგარეო ზეწოლა ხლათის დასუსტების მიზეზი აღმოჩნდა და მათ ვეღარ შესძლეს ქართველებისგან მომდინარე საფრთხეს გამკლავებოდნენ. რეგიონის მუსლიმი მმართველები, რა თქმა უნდა, ვერ შეეგუებოდნენ ქრისტიანული საქართველოს გაძლიერებას და სწორედ ამიტომ, ხლათის სულთანმა დახმარებისთვის არზრუმის ამირა თოღრულშაჰი იხმო. მათ საერთო არმიით დაიძრნენ საქართველოს საზღვრებისკენ. შეიტყვეს რა ქართველებმა მტრების განზრახვა, ზედმეტი თავდაჯერებულობით შეპყრობილებმა, არაფრად ჩააგდეს მათგან მომდინარე საფრთხე და მტრებს დაუცველად დაუხვდნენ, რის შედეგადაც ქართველები დამარცხდნენ და უკუიქცნენ, ზურგს უკან კი დიდძალი ალაფი მოიტოვეს.
1205-06
ქართველებმა 1205–1206 წლებშიც გაილაშქრეს ხლათზე. თუმცა ეს მცდელობაც მარცხით დასრულდა, რადგან მოცემული ლაშქრობა არა ხლათის სასულთნოს სრულ დაპყრობას, არამედ მის ძარცვა-რბევას ისახავდა მიზნად. ხლათის წინააღმდეგ განცდილი ორი გამანადგურებელი დამარცხება ნეგატიურად აისახა საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობაზე. შექმნილი სიტუაცია დაუყოვნებელ საჭიროებდა გამოსწორებას.
კარის ალყა
ხლათის უკანასკნელი მმართველის, ბალაბანის მკვლელობის პარალელურად, 1206 წელს[5] საქართველოს სამეფომ დავით სოსლანის (გ. 1207) მეთაურობით ალყაში მოაქცია კარი (ხლათის ვასალი) და მდ. არაქსის გასწვრივ მდებარე სხვა ციხესიმაგრეები. კარის ამირამ დახმარებისთვის ხლათის სულთანს მიმართა, თუმცა ის უძლური აღმოჩნდა დახმარება აღმოეჩინა. ასეთ ვითარებაში კარის ამირამ ქართველებს ზავი სთხოვა და სანაცვლოდ ციხექალაქი დათმო. კარის გამგებლად და მონაპირედ ივანე ახალციხელი დაინიშნა.
საქართველო-აიუბიდთა დაპირისპირება
ურთიერთობა საქართველოს სამეფოსა და აიუბიდებს შორის თავდაპირველად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. მათ შორის დიპლომატიური კონტაქტები აქამდეც არსებობდა, რასაც მოწმობს მხარეებს შორის 1185 წელს გაფორმებული თავდაუსხმელობის შეთანხმება,[4] 1192 წელს სალაჰ ად-დინის კარს ესტუმრა თამარ მეფის ელჩობა, რომელიც ჯვარცმის ჯვრის გამოსყიდვას და ქართული მონასტრების დაბრუნებას ისახავდა მიზნად. არსებობს ცნობები საქართველოს სამეფო კარზე 1203 წელს ალ-ადილის ელჩობის შესახებაც. ურთიერთობის გამწვავების მიზეზი ვანის ტბის მიდამოებში აიუბიდთა გამოჩენა იყო, რასაც ვერ ეგუებოდა საქართველოს სამეფო, რომელსაც ეს ტერიტორია საკუთარ გავლენის სფეროდ მიაჩნდა.
არჭეშის აღება
ანატოლიის თურქმანული ბეილიქები და განსაკუთრებით საქართველოს სამეფო, რომელიც ხლათის სასულთნოს საკუთარ მოხარკედ აღიქვამდა, უკმაყოფილებით შეხვდა რეგიონში აიუბიდების გამოჩენას. სანამ აიუბიდთა მმართველობა განმტკიცდებოდა, საქართველოს სამეფოს წაქეზებით აჯანყდა არჭეშის და ვანის ქრისტიანული-სომხური მოსახლეობა. ხლათის ახალი მმართველი, ალ-აუჰადი შეეცადა აჯანყების ჩახშობას, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა. ალ-აუჰადი იძულებული გახდა დახმარებისთვის მამისთვის მიემართა. სულთანმა ალ-ადილმა ხლათში ალ-აუჰადის ძმა, ალ-აშრაფი გაგზავნა, რომელმაც 1 000 მეომრით აჯანყება სისხლში ჩაახშო.[6] მალე აჯანყებას ქალაქი ხლათიც შეუერთდა. ალ-აუჰადის დასახმარებლად აიუბიდთა სამხედრო დანაყოფი ჯეზირედან ახლა ქ. ხლათისკენ გაემართა. ამასობაში ქართველებმა აიღეს არჭეში და სასტიკად დაარბიეს იგი,[7] არაქრისტიანული მოსახლეობა კი ტყვედ წაიყვანეს. ალ-აუჰადმა ვერაფრით გადაარჩინა არჭეში დარბევას, რადგან თვითონ ხლათში იყო ჩაკეტილი. იგი ქალაქის დატოვებას ვერ ბედავდა, რადგან ეშინოდა ხლათის აჯანყებული მოსახლების, რომელსაც შეეძლო იგი ქალაქში სულაც აღარ შემოეშვა.[8]
ხლათის პირველი ალყა
ქართველები მალევე ხლათს მოადგნენ. რის საპასუხოდ, 1208–1209 წლებში ალ-ადილი პირადად ჩაუდგა სათავეში მრავალრიცხოვან ლაშქარს, რომელსაც სხვა აიუბი ამირებიც შეუერთდნენ: ჰომსის, ჰამას, ბაალბექის ამირები, მათ შორის იყო ალეპოს ამირა ალ-ზაჰირის კონტინგენტი. ჰარანში მისვლისას, ალ-ადილს შეუერთდა ალ-აუჰადი და ალ-აშრაფი, მათ შორის ამიდის ამირა ალ-სალიჰ მუჰამედი. აიუბიდთა ლაშქარი მიუახლოვდა თუ არა ხლათს, ქართველები უკუიქცნენ,[9] რადგან მათი მიზანი არა ქალაქის დაპყრობა, არამედ მისი ძარცვა და რბევა იყო. ალ-ადილი ჯეზირეში გაბრუნდა და ნაცვლად საქართველოში ლაშქრობისა, ჯეზირეს რეგიონში გაიმყარა პოზიციები.[10]
ხლათის მეორე ალყა
1210 წელს ქართველებმა მეორეჯერ ილაშქრეს ხლათში. ამ ლაშქრობას მსახურთუხუცესიივანე მხარგრძელი ჩაუდგა სათავეში, რომელიც ალყის დროს ტყვედ ჩაუვარდა მტერს. გადმოცემების მიხედვით, ქალაქის გალავნის დასათვალიერებლად გამოსული ივანე მხარგრძელის ცხენს თხრილში ფეხი ჩაუვარდა და მხედარი ჩამოაგდო. სანამ თანმხლები მეომრები ივანეს და მის ცხენს წამოაყენებდნენ, ხლათელები ციხიდან გამოვიდნენ და ქართველები დაატყვევეს. ამ ამბავს ერთნაირად გადმოგვცემენ სომეხი ისტორიკოსები კირაკოს განძაკეცი და ვარდანი, აგრეთვე არაბი აბულ-ფიდა. ზაქარია ალ-კაზვინის ცნობით, ივანეს მისმა ვარსკლავთმრიცხველმა უთხრა: ახლავე ამხედრდი, ბრძოლა გამართე და დღის დასასრულს ხლათის ტახტზე დაჯდებიო. იგი ცხენზე მთვრალი შეჯდა და მცირე ამალით ხლათის დასალაშქრად წავიდა. ქალაქგარეთ მდინარეზე ხიდი იყო, რომელიც ხლათელებმა ბრძოლის წინ მიზანმიმართულად დაანგრიეს და თივით გადაფარეს ქართველების შესატყუებლად. ხიდზე პირველმა სწორედ ივნემ გაიარა და მდინარეში ჩავარდა. მას თავს ხლათელები დაადგნენ და დაატყვევეს.[11] სომეხი ისტორიკოსი ვარდანი ივანეს დატყვევებას, მის მიერ სარწმუნოების შეცვლას უკავშირებს - “ივანემ, შეცდენილმა თამარ დედოფლის მიერ, სარწმუნოება შეიცვალა, ამას მოჰყვა ივანეს შემდგომი წარუმატებლობაო”[3]. როდესაც ივანეს ძმამ, ამირსპასალარმაზაქარიამ, ივანეს დატყვევების ამბავი შეიტყო, განრისხებულმა ხლათელებს შეუთვალა:
„...თუ თქვენ გაგიბედიათ და ჩემი ძმა ან ქალაქიდგან გაგიყვანიათ, ან მისთვის რამე დაგიშავებიათ, თქვენი ქვეყნის მიწასაც კი საქართველოში წავაღებინებ და თქვენც ყველას გაგწყვიტავთ...“
როდესაც ხლათელებმა შეიტყვეს, თუ რა ძვირფასი „ნადავლი” ჩაუვარდათ ხელში, მათ ივანეს განთავისუფლების სანაცვლოდ ოცდაათწლიანი ზავი მოითხოვეს. შეთანხმების მიხედვით:
გამოსასყიდის სახით საქართველო კისრულობდა 100 ათასი დინარის გადახდას;[12]
საქართველოს ტყვეობიდან უნდა გაენთავისუფლებინა 5 ათასამდე მუსლიმი;
ივანე მხარგრძელი თანხმდებოდა მისი ქალიშვილის, თამთას ქორწინებას ხლათის გამგებელზე.[12]
საქართველოს სამეფო ღებულობდა მნიშვნელოვან პრივილეგიებს და შეღავათებს პალესტინაში.[12]
ქართველებს პირობა უნდა დაედოთ, რომ ამიერიდან არ მიაყენებდნენ ზიანს ხლათს და იქნებოდნენ ალ-ავჰადის შემწე მის მტრებთან ბრძოლაში.[12]
ამის შემდგომ აიუბიდებსა და ქართველებს შორის დიდი ხნით მშვიდობიანი ურთიერთობები დამყარდა. საქართველომ უარი განაცხადა მდ. არაქსის სამხრეთით ტერიტორიულ ექსპანსიაზე, ასევე დასრულდა აიუბიდთა წინსვლა ჩრდილოეთისაკენ. აიუბიდების სასულთნოსა და საქართველოს სამეფოს შორის ბუნებრივი საზღვარი მდ. არაქსი გახდა.
Humphreys, R. Stephen (2015). From Saladin to the Mongols the Ayyubids of Damascus, 1193-1260. American Council of Learned Societies, გვ. 127-131. ISBN978-1-59740-464-8.
Peacock, A.C.S. (2006-12). „Georgia and the Anatolian Turks in the 12th and 13th centuries“. Anatolian Studies. 56: 135–136. ISSN0066-1546. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
Minorsky, V (1953). „The eastern expansion of the Ayyubids“, Studies in Caucasian history (English). London: Taylor's foreign press, გვ. 146-150.
Eastmond, Antony (1966- ). (2018). Tamta's world : the life and encounters of a medieval noblewoman from the Middle East to Mongolia. Cambridge University Press, გვ. 1-7. ISBN978-1-107-16756-8.
↑არსებობს მოსაზრება რომ თოღრულშაჰი ქართველებთან შეთანხმებით მოქმედებდა და ვარაუდობენ რომ არზრუმის საამირო საქართველოს ვასალობასაც კი სცნობდა (ბასიანის ბრძოლის შემდეგ, რომელსაც ზოგიერთი ავტორი 1206 წლით ათარიღებს)
↑ 4.04.1მუსხელიშვილი, დ. (2012) „თამარ მეფე: ექსპანსია სამხრეთისკენ“, საქართველოს ისტორია: უძველესი დროიდან 2009 წლამდე. თბილისი: გუმბათი, გვ. 219–220. ISBN978-9941-0-4195-2.
↑იბნ ალ-ასირის სიტყვით ეს მომხდარა 1206–1207 წლებში. სომეხი ისტორიკოსი ვარდანიც კარის აღებას 1206 წლით ათარიღებს.
↑Humphreys 2015, pp. 127–131. sfn error: no target: CITEREFHumphreys2015 (help)
↑Minorsky 1953, pp. 146–150. sfn error: no target: CITEREFMinorsky1953 (help)
↑Rayfield, Donald (2012). Edge of empires : a history of Georgia. London: Reaktion Books, გვ. 115. ISBN978-1-299-19101-3.
↑ (1995) The encyclopaedia of Islam (English). Leiden: Brill, გვ. 434. ISBN978-90-04-09834-3.
↑Humphreys 2015, pp. 135–136. sfn error: no target: CITEREFHumphreys2015 (help)