თამარის მონეტები

თამარ მეფის მონეტა მოჭრილი 1187 წელს.
თამარ მეფის სახელით მოჭრილი მონეტა.

თამარის მონეტებითამარ მეფის სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტები. იჭრებოდა ორი სახისა: „წესიერად“ და „არაწესიერად“ მოჭრილი. პირველი მრგვალი ფორმისა და გარკვეული წონისაა, ხოლო მეორე — სხვადასხვა ფორმისა და წონისა. ამ დროს ე. წ. „ვერცხლის კრიზისის“ ხანაა და მთელ ახლო აღმოსავლეთში იჭრებოდა „არაწესიერი“ ფორმისა და სხვადასხვა წონის სპილენძის მონეტები, რომლებიც ბაზარზე ვერცხლის იძულებითი კურსით მიმოიქცეოდა. თამარის სახელი პირველად მეფე გიორგი III-ის სპილენძის ფულზე გამოჩნდა, თანამმართველად გამოცხადების შემდეგ (1178). ეს მონეტა „არაწესიერად“ არის მოჭრილი. მის ერთ მხარეს, წნული ხვეულების ვარდულში დაქარგმებული ასომთავრულით წერია „თამარ“, ვარდულის ბუდეებში ასევე ასომთავრულით — „ადიდენ ღმერთმან მეფე და დედოფალი“. მეორე მხარეს ვარდულის ცენტრში, ასომთავრული წარწერაა „გი“, გარშემო — „ადიდენ ღმერთმან მეფეთა მეფე“. 1184 წელს თამარი საქართველოს მეფე გახდა და თავისი სახელით მოჭრა სპილენძის „არაწესიერი“ ჭედის მონეტა, რომლის შუბლზე მხედრულით გამოსახულია თამარის სახელი, გარშემო ასომთავრულით — „სახელითა ღვთისათა, იქნა ჭედა ვერცხლისი ამის, ქორონიკონსა ოთხასშვიდს (1187) ან ოთხასოცდაათს“ (1210). ზურგზე ხუთსტრიქონიანი არაბული ზედწერილია: „დედოფალი დიდებული, მშვენიერება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი, განადიდოს ღმერთმან ძლევანი მისნი“. გარშემო არაბულადვე აწერია: „განადიდოს ღმერთმან დიდება მისი, განაგრძოს ჩრდილი მისი და განამტკიცოს კეთილდღეობა მისი“.

თამარისა და დავით სოსლანის სახელით 1200 წ. მოჭრილი სპილენძის ფული „წესიერი“ ჭედისაა, მისი წონაა 6-7 გ. შუბლზე დროშისთავის მსგავსი ფიგურული ნიშანია, რომლის ორივე მხარეს მთავრულით დაქარაგმებულია თამარისა და დავითის სახელები. კუთხეებში „ქორონიკონი 420“ (1200), ან იშვიათად, მის გარშემო ზურგზე არაბული ოთხსტრიქონიანი ზედწერილია: „დედოდალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი“. თამარის მონეტები საქართველოში ნაპოვნია როგორც ერთეულები, ისე განძის სახით (ვეჯინის); აგრეთვე ქართული ფულის დიდ განძებში (რუსთავის, „განჯისკარის“, ლოლოს, „რიყის“, ნიჩბისის).

ლიტერატურა

  • ჯალაღანია ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 464.
  • დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქარ­თუ­ლი ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009
  • კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969
  • ლომოური თ., ფული შოთა რუსთაველის ეპოქაში, კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938