ჭიაბერი (გ. დაახლ. 1195) — XII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს დიდებული; გიორგი III-ის (1156-1184 წწ.) უახლოესი ვასალი, მისი „გაზრდილი“. დემნა უფლისწულისა და ორბელთა 1177 წლის ამბოხების შემდეგ მეფემ ჭიაბერი დააწინაურა და მეჯინიბეთუხუცესად (სამხედრო მინისტრის - ამირსპასალარის მეორე მოადგილე, ამირახორის შემდეგ) დანიშნა ნაცვლად აჯანყების მონაწილე ქავთარ ივანეს ძისა. 1185 წელს თამარმა მანდატურთუხუცესობა, ხოლო 1189 წელს, მცირე ხნით, ამირსპასალარობაც უბოძა ჭიაბერს, 1191 წელს კი ქ. ჟინოვნი უწყალობა. 1191 წელს ამირსპასალარობა მიიღო ზაქარია მხარგრძელმა, ხოლო ჭიაბერი მანდატურთუხუცესად დარჩა. ჭიაბერი ბოლომდე გიორგი III-ისა და თამარის ერთგულთა რიგებში იყო. 1177 წელს ებრძოდა გიორგი III-ის წინააღმდეგ ამბოხებულებს, თამარის მხარეზე იყო 1185 წელს ყუთლუ-არსლანის გამოსვლისა და, შემდეგ, გიორგი რუსის ამბოხების დროსაც. ჭიაბერი მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში, შემდეგ კი როგორც ჩანს მალე გარდაიცვალა („ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ცნობა ბასიანის ბრძოლაში მისი მონაწილეობის შესახებ მცდარია).
შემორჩენილია ჭიაბერის წყალობის დაწერილი მღვიმის მონასტრისადმი, რომლითაც მან, თამარ მეფის ნებართვით, მღვიმეს შესწირა ჟინოვნში მცხოვრები ყმა-ვაჭრები. ამ დოკუმენტით შემოგვრჩა თამარის ხელრთვა-ფაქსიმილე. ამავე დოკუმენტში არის ხელრთვა ვინმე შოთასი (იგი ამტკიცებს ჭიაბერის შეწირულობას), რომელიც როგორც ჩანს, ჭიაბერის შემდეგ ფლობდა ჟინოვნს. მკვლევართა ნაწილი (თედო ჟორდანია, მოსე ჯანაშვილი, სარგის კაკაბაძე, სარგის ცაიშვილი) ამ შოთას აიგივებენ ვეფხისტყაოსნის ავტორთან - შოთა რუსთაველთან. ამავე დოკუმენტის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ შოთა რუსთაველი იყო ჭიაბერის შვილი (ს. კაკაბაძე, ს. ცაიშვილი).
ჭიაბერის საგვარეულო კუთვნილება წყაროებში არ ჩანს, არც სხვა ისტორიული პირი გვხვდება ამ სახელით. ჭიაბერი შედგენილია ორი სახელისაგან, ესენია: საკმაოდ გავრცელებული „ბერი“, და ქართულ ონომასტიკაში უნიკალური „ჭია“. ს. კაკაბაძის აზრით, ჭიაბერი თორელი იყო, პავლე ინგოროყვა კი მას მანაველად - ჰერეთის მხარის - მანავის თემის ერისთავთ-ერისთავად მიიჩნევდა. არც ერთი ეს თვალსაზრისი წყაროებით არ დასტურდება. არ დატურდება არც ის, რომ იგი იყო შოთა რუსთაველის მამა.
ლიტერატურა
|
---|
| ოჯახი | | |
---|
| პიროვნებები | |
---|
| მოვლენები | |
---|
| კულტურა | |
---|
|