მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე[1] (დ. 29 მარტი, 1981) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015-2018 წლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი 2017-2018 წლებში. მანამდე ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მოადგილის თანამდებობები.
კარიერა
2009-2015 წლებში მიხეილ ჯანელიძე მუშაობდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. თავდაპირველად საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის, ხოლო 2011 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე. აღნიშნულ წლებში იყო ევროკავშირთან ვაჭრობის შეთანხმების საკითხებზე საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი და სხვადასხვა ქვეყანასთან ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიების თავმჯდომარე. საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებამდე საქმიანობდა კერძო სექტორში საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით, როგორც ბიზნესის განვითარებისა და მართვის მენეჯერი და მეწარმე.
საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, 2015 წლის სექტემბრიდან მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა და წარმართავდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კანადასთან საქართველოს ურთიერთობებს, ასევე ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებს. მინისტრის თანამდებობა მან 2018 წლის ივნისში, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ დატოვა.[2]
ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.
განათლება
2002 წელს მიხეილ ჯანელიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. 2003-2006 წლებში სწავლა გააგრძელა საერთაშორისო სამართლისა და ევროპული სამართლის სპეციალობით დიპლომატიურ აკადემიაში, რუსეთის ფედერაციაში. 2011 წელს საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის მიერ მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, ხოლო კავკასიის ბიზნესის სკოლის მიერ - მმართველთათვის საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 1996-1997 წლებში სწავლობდა გერმანიაში, ქ. ვადერნის ჰოხვალდის გიმნაზიაში.
ჯილდოები
2011 წელს, საქართველოს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მიხეილ ჯანელიძეს ღირსების ორდენი მიენიჭა.[3]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
|
| |
¹ გაუქმდა 2016 წელს; ² 2017 წელს გაუქმდა ან შეერწყა სხვა სამინისტროს |
|