საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2010
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2010) — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, რომელიც გაიმართა 2010 წლის 30 მაისს. ამ არჩევნებში პირველად ჩატარდა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული მანდატების 86,4%.
საფუძველი
2009 წლის გაზაფხულზე საქართველოს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ თბილისში გაიმართა საპროტესტო აქციები საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. აქციების მიმდინარეობისას, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ წამოაყენა წინადადება, რომ ადგილობრივი არჩევნები კანონით გათვალისწინებულ ვადაზე, 2010 წლის შემოდგომაზე, ადრე – 2010 წლის გაზაფხულზე ჩატარებულიყო, ხოლო თბილისის მერი ამომრჩევლებს პირდაპირი წესით აერჩიათ. უგულავას ინიციატივას დაეთანხმა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც 2009 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გამოხატა მზადყოფნა 2010 წელს ყველა მერის პირდაპირი არჩევნების შესახებ.[1] მიუხედავად ამისა, 2009 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც პირდაპირი წესით მერის არჩევნები მხოლოდ თბილისში დადგინდა.[2] ასევე განისაზღვრა, რომ თბილისის მერი აირჩეოდა 30 %-იანი ბარიერი,[3] რასაც წინ უძღოდა დისკუსიები ბარიერის ოდენობის შესახებ.[4]
არჩევნების წესი
ამომრჩეველი ირჩევდა მხოლო წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. საკრებულოების არჩევნები ტარდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულო შედგებოდა 15 მანდატისაგან (10 მაჟორიტარული და 5 პროპორციული), ქალაქები იყოფოდა ხუთ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქად. ქალაქის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს ჰქონდა ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლებაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საარჩევნო ოლქში არჩეულად ითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა სხვებზე მეტ ხმას. 10 პროცენტული მანდატი გადანაწილდება მხოლოდ საარჩევნო სუბიექტებს (პარტია/ბლოკი) შორის, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით მიიღებდა ხმების არანაკლებ 5 %.
ანალოგიური წესი მოქმედებდა მუნიციპალიტეტებში, თუმცა აქ მაჟორიტარული ოლქებისა და მანდატების რაოდენობა სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული იყო. მაქსიმალური რაოდენობის მაჟორიტარული ოლქი და მანდატი შეიქმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – 29. განსხვავებული წესი მოქმედებდა თბილისში, სადაც განისაღვრა 25 მაჟორიტარული და 25 პროპორციული მანდატი. პროპორციული სიისთვის დაწესდა 5%-იანი ზღურბლი. თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდა პირდაპირი წესით, ორტურიანი სისტემით, 30 %-იანი ბარიერის პირობებში. სულ საკრებულოებში არჩეულ იქნა 1550 წევრი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 544 770.
საარჩევნო სუბიექტები
სულ არჩევნებში 26 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, მათგან 16 დამოუკიდებლად, ხოლო დანარჩენი პარტიები სამ ბლოკში გაერთიანდნენ. მოგვიანებით, ორმა პარტიამ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, რის გამოც სულ დარჩა 17 საარჩევნო სუბიექტი.[5] მნიშვნელოვანი საარჩევნო სუბიექტები იყვნენ:
ზვიად ძიძიგური - ეროვნული საბჭოს კანდიდატი; არჩეული იყო წინასაარჩევნო პრაიმერის გზით. მისი საარჩევნო ლოზუნგი იყო „ბრძოლა დღესვე“. საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო მმართველი პარტიის, როგორც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
გიგი უგულავა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, თბილისის მოქმედი მერი. მისი საარჩევნო ლოზუნგი იყო „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“. უგულავა აქცენტს 2006-2010 წლებში თბილისში განხორციელებულ დადებით ცვლილებებზე აკეთებდა, მისი წინასაარჩევნო პროგრამა კი თბილისში უმუშევრობის დაძლევას ეხებოდა.
გიორგი ჭანტურია - ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი. მისი ლოზუნგი იყო „დასაქმება და დაბალი ტარიფები“, მისი წინასაარჩევნო პროგრამა აგებული იყო მუნიციპალური მომსახურებების (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალმომარაგება) ტარიფების შემცირებაზე.
თბილისის მერის არჩევნებში აგრეთვე მონაწილეობდნენ: თამაზ ვაშაძე, დავით იაკობიძე, ნიკა ივანიშვილი, გიორგი ლაღიძე.
თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ 46,64 % შეადგინა. პროპორციულ სიაში ხმათა 52,5% მიიღო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა „ალიანსი საქართველოსთვის“. შერეული საარჩევნო სისტემის მეშვეობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო მანდატების 78%. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები:
თბილისის მერად არჩეულ იქნა გიგი უგულავა, რომელმაც მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა და გადალახა 30%-იანი ბარიერი. უგულავა გახდა პირველი პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერი.
არჩევნებს უმეტესწილად, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა.[6] არჩევნების შედეგები აგრეთვე აღიარა რამდენიმე დამარცხებულმა საარჩევნო სუბიექტმა.[7]
აგრეთვე დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ეხებოდა მედიის მიერ საარჩევნო საკითხების გაშუქებისას საეთერო დროის უთანასწორო განაწილებას.[8]
ლიტერატურა
„ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, გვ. 16, 158 თბილისი, 2015