2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები იყვნენ ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ შემადგენლობაში და მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით. კონსერვატორებმა შეწყვიტეს ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა იმავე წლის გაზაფხულზე.
2005 წლის 23 მაისს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ეროვნულ ძალთა გაერთიანებამ, კონსერვატიულმა პარტიამ და საქართველოს ერთიანობის კავშირმა გამაერთიანებელი ყრილობა ჩაატარეს. ყრილობაზე სამი პოლიტიკური ძალა ერთ პარტიად იქცა და საქართველოს კონსერვატიული პარტია ეწოდა.[2]
მიუხედავად არჩევნებში მიღებული ხმებისა, პარტიის წევრებმა უარი განაცხადეს მანდატებზე. 2009 წლიდან პარტია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი საპროტესტო აქციებისა 9 აპრილიდან26 მაისამდემიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.
2011 წელს კონსერვატიული პარტია გახდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. კოალიციამ არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.
საქართველოს კონსერვატიული პარტია პარლამენტში წარმოდგენილი იყო 6 დეპუტატით. პარტიას აგრეთვე პარლამენტში ჰქონდა ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“.
კონსერვატიული პარტია კონცენტრირებულია ეთნიკური და რელიგიური ღირებულებების, ქართული ენის დაცვაზე. პარტიის წესდების თანახმად მისი მიზნებია:
ერთიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის, ეროვნული მსოფლმხედველობისა და იდეალების დამკვიდრება, ეთნიკური, კონფესიური, კულტურული და ტრადიციული თვითმყოფადობის შენარჩუნება;
დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება სახელმწიფო მმართველობაში, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულების სრული თვითმმართველობა;
კერძო საკუთრების დაცვა, სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის კერძო ავტონომია, სიტყვის თავისუფლება;
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
სიღარიბის დაძლევა, უღარიბესი ფენისათვის სოციალური პროგრამების განხორციელება;
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან, ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში და ნატოში;
სახელმწიფოს აღმშენებლობაში აქტიური მონაწილეობა მშვიდობიანი და სამართლებრივი პოლიტიკური საშუალებებით;
ორგანიზაციული სტრუქტურა
პარტიის წესდების თანახმად უმაღლესი ორგანოა პარტიის ყრილობა, რომელიც მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ მაინც. აღმასრულებელი ორგანოა ეროვნული კომიტეტი, რომელიც შედგება თავმჯდომარისა და ექვსი წევრისგან. უმაღლესი თანამდებობის პირია თავმჯდომარე. პარტიას აქვს საქალაქო, რაიონული, რეგიონული და ახალგაზრდული ორგანიზაციები.