კარიერის უმთავრესი წლები გაატარა „ფიორენტინასა“ და „რომაში“. საყოველთაო აღიარება მოიპოვა, როგორც გამორჩეული საგოლე ალღოსა და ორიგინალური სტილის მქონე ფორვარდმა. სპეციალისტების შეფასებით, ფლობდა რთულ სათამაშო სიტუაციებში სწრაფად გარკვევისა და ხელსაყრელი საგოლე პოზიციის შერჩევის იშვიათ უნარს. განსაკუთრებით გამოირჩეოდა საგოლე მომენტების გამოყენების მაღალი მაჩვენებლით. თავდამსხმელის ამპლუის მიუხედავად, დიდ გავლენას ახდენდა მოედნის მთელ პერიმეტრზე. მისი ყოფნა მინდორზე დიდწილად განსაზღვრავდა მთელი მატჩის მსვლელობის ხასიათს. ცნობილი იყო თავისი პერიოდული „აფეთქებებით“, რა დროსაც ყველაზე სახიფათო ხდებოდა მეტოქეთათვის, განსაკუთრებით — შეტევის დამამთავრებელ ფაზაში. კარიერის დასაწყისშივე დაიმკვიდრა გოლეადორის სტატუსი. ამის გამო, არგენტინელი და იტალიელი კომენტატორები საფეხბურთო რეპორტაჟებში მას უმეტესად — „ბატიგოლად“ მოიხსენიებდნენ. მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ავტორიტეტულ ექსპერტთა უმრავლესობა ბატისტუტას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო არგენტინელ ფორვარდად მიიჩნევს. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 88-ე ადგილზე დასახელდა.[4][5]
ბიოგრაფია
დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს ქალაქ აველიანედაში, სანტა-ფეს პროვინციაში. თავიდან ბატისტუტას კალათბურთელობა სურდა, თუმცა მის არჩევანზე გადამწყვეტი გავლენა არგენტინის1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის მარიო კემპესის შთამბეჭდავმა თამაშმა მოახდინა, რისი ნახვის შემდეგაც ბატისტუტამ, მისივე სიტყვებით, მოსვენება დაკარგა: „მე უბრალოდ ვაბოდებდი კემპესზე, იმდენად მომნუსხა მისმა თამაშმა, კალათბურთისკენ გახედვაც აღარ მინდოდა, კემპესი — აი, ვინ მინდოდა გამოვსულიყავი“. — არაერთხელ აღნიშნავს ის თავის მომავალ ინტერვიუებში.
საკლუბო კარიერა
ბატისტუტა თავის საკლუბო კარიერას 1988 წელს — არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „ნიუელს ოლდ ბოისში“ იწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ჩემპიონატის 16 შეხვედრას ატარებს და ოთხი გოლი გააქვს. იმავე წელს მისი გუნდი ლიბერტადორესის თასის ფინალში გადის, თუმცა ორი მატჩის ჯამში მონტევიდეოს „ნასიონალთან“ მარცხდება. მომდევნო სეზონზე „რივერ პლეიტის“ რიგებში გამოდის, სადაც ქვეყნის პირველობის 19 მატჩში იცავს გუნდის ღირსებას და სამჯერ იღებს მეტოქეთა კარს. ამავე სეზონში იგი პირველ სერიოზულ წარმატებას აღწევს, როდესაც გუნდთან ერთად პირველად ხდება არგენტინის ჩემპიონი. 1990–1991 წლებში „ბოკა ხუნიორსის“ რიგებშია. ამ კლუბში იგი ჩემპიონატის 30 შეხვედრაში გამოდის მინდორზე და 13 ბურთის გატანას ახერხებს. სეზონის დამთავრების შემდეგ, იმავე 1991 წელს ბატისტუტა არგენტინიდანიტალიაში ინაცვლებს, სადაც სერია A-ს მონაწილე „ფიორენტინას“ უერთდება. როდესაც 1993 წელს „ფიორენტინა“სერია B-ში ქვეითდება, ბატისტუტა კლუბს არ ტოვებს და მას კვლავ სერია A-ში დაბრუნებაში ეხმარება. ამ ერთგულების დასაფასებლად „ფიორენტინას“ გულეშემატკივრებმა მადლიერების ნიშნად 1996 წელს ბატისტუტას ბრინჯაოს ქანდაკება აღმართეს .[6] მიუხედავად იმისა, რომ 1996 წელს ის კლუბთან ერთად გახდა კოპა იტალიის და იტალიის საფეხბურთო სუპერთასის გამარჯვებული, მას „ფიორენტინას“ შემადგენლობაში არასდროს მოუგია სერია A. თუმცა, 2000 წელს, მას შემდეგ რაც „რომაში“ გადავიდა, ამ ტიტულსაც დაეუფლა.[7] 2003 წელს იჯარით შეუერთდა „ინტერს“. იმავე წელს გადავიდა კატარულ კლუბ „ალ არაბში“, სადაც 2005 წლამდე დაყო. აქვე დაასრულა საფეხბურთო კარიერაც.[8] ბატისტუტა სერია A-ს ყველა დროის ბომბარდირთა შორის 184 გატანილი გოლით 318 მატჩში იკავებს 12-ე ადგილს.
სანაკრებო კარიერა
არგენტინული ფეხბურთის არსებობის მანძილზე, არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მას ყველაზე მეტი გოლი (54 გოლი 77 მატჩში) ჰქონდა გატანილი, მანამდე სანამ 2016 წლის 21 ივნისს აღნიშნული რეკორდი არ მოხსნა ლიონელ მესიმ.[9] კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც გაიტანი 10 გოლი, რითაც მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა შორის იკავებს მერვე ადგილს.[10] ის არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც შეასრულა ორი ჰეტრიკი სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე. არგენტინის შემადგენლობაში მოგებული აქვს ორი კოპა ამერიკა (1991, 1993), არტემიო ფრანკის თასი (1993) და 1992 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასი. ბატისტუტა მიჩნეულია მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად. 1999 წელს ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე მესამე ადგილი დაიკავა.[11]
↑Igor Kramarsic; Alberto Novello. Italy – Serie A Top Scorers. RSSSF (11 ივნისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-31. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი, 2015.
↑The Guardian (4 მარტი, 2004). The FIFA 100. FIFA today published Pele's list of the 100 greatest living footballers. Compiled to mark the 100th anniversary of the Fifa's foundation, the list is so good it actually contains 125 names. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 30 აგვისტო, 2019.
↑BBC Sport (4 მარტი, 2004). Pele's list of the greatest. These are the 125 players selected by Brazilian legend Pele to mark Fifa's 100th anniversary. Argentina: Alfredo Di Stefano, Daniel Passarella, Diego Maradona, Gabriel Batistuta, Hernan Crespo, Javier Saviola, Javier Zanetti, Juan Sebastian Veron, Mario Kempes, Omar Sivori. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
↑Hall of Fame Italian. A.S. Roma. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2016.
↑AFA (2015). La Selección de todos los tiemposდაარქივებული 2018-08-14 საიტზე Wayback Machine. . Durante el 2015, en AFA Revista distintas personalidades del fútbol armaron su 11 ideal de la historia albiceleste y, en base a lo que eligió cada uno, éste es el equipazo que se formó. afa.com.ar. წაკითხვის თარიღი: 13 ივლისი, 2018.