არგენტინის პრიმერა დივიზიონი (ესპ. Primera División de Argentina) — არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (ესპ. Asociación del Fútbol Argentino) მიერ ორგანიზებული ქვეყნის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატი.[2]
არგენტინის პრიმერა დივიზიონში 30 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან სეზონის ბოლოს 2 ყველაზე დაბალი ქულის მქონე გუნდი ქვეითდება არგენტინის მეორე დივიზიონში (ესპ. Primera B Nacional). შესაბამისად, მეორე დივიზიონის პირველი 2 გუნდი პრიმერა დივიზიონში ინაცვლებს. ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატად მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებს შორის. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 2016 წლის 7 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით იკავებდა მეოთხე ადგილს — ესპანეთის პრიმერა დივიზიონის, იტალიის სერია A-ს და ბუნდესლიგის შემდეგ.[3] 2017–18 წლის სეზონიდან არგენტინის პრიმერა დივიზიონს გადაერქვა სახელი და ეწოდა არგენტინის საფეხბურთო სუპერლიგა (ესპ. Superliga Argentina de Fútbol).[4]
ისტორია
არგენტინა პირველი ქვეყანაა გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ, სადაც 1891 წელს საფეხბურთო ლიგა იქმნება.[5] იმავე წელს არგენტინის საფეხბურთო ლიგის ასოციაციის (AAF) ორგანიზებით (პრეზიდენტი ინგლ. F.L. Wooley) იმართება პირველი ეროვნული ჩემპიონატი.[6] არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის (არგენტინის პრიმერა დივიზიონი) პირველი გამარჯვებული ხდება ოლივოსის წმ. ანდრია მოციქულის სახელობის შოტლანდიური სკოლის საფეხბურთო გუნდი — „სენტ ენდრიუსი“ (ინგლ. St. Andrew's) [7][8] მომდევნო 1892 წელს ჩემპიონატი არ იმართება. 1893 წელს იქმნება ახალი ორგანიზაცია მსგავსი სახელწოდებით (არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია). მისი შექმნის ინიციატორია შოტლანდიელი პედაგოგი და სპორტსმენი — ალექსანდრ უოტსონ ჰატონი (ინგლ. Alexander Watson Hutton),[9][10] რომელსაც არგენტინული ფეხბურთის ფუძემდებლად მიიჩნევენ.[11]
არგენტინის პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარება 1931 წლიდან იწყება. ამდენად, არგენტინული საფეხბურთო კლუბების საჩემპიონო ტიტულების აღრიცხვისას მანამდე გამართული ტურნირების შედეგები მხედველობაში არ მიიღება. 1931–1966 წლებში გამარჯვებულის გამოვლენა ჩემპიონატის გათამაშების სტანდარტული ორწრიანი სისტემით ხდება. 1967–1985 წლებში ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში იმართება ორი საფეხბურთო ტურნირი — ნასიონალი (ესპ. Torneo Nacional) და მეტროპოლიტანო (ესპ. Torneo Metropolitano). ორივე ტურნირის (როგორც მეტროპოლიტანოს, ასევე ნასიონალის) ჩემპიონის ტიტული თანაბარმნიშვნელოვანი სტატუსით სარგებლობს.[12] ფაქტობრივად, მეტროპოლიტანოს და ნასიონალის ჩემპიონატები წარმოადგენს არგენტინის პრიმერა დივიზიონის ორ ნაწილს. პირველად ტარდება ნასიონალის გათამაშება (წლის პირველ ნახევარში), ხოლო შემდეგ — მეტროპოლიტანოს (წლის მეორე ნახევარში). მეტროპოლიტანოს გათამაშებისას იცვლება როგორც მონაწილე კლუბების რაოდენობა, ისე მისი ჩატარების ფორმატი. გამოიყენება როგორც ერთიანი გათამაშების სტანდარტული სისტემა, ასევე, ორ ჯგუფად გაყოფილი ტურნირის ფორმატი, შემდგომი ნახევარფინალური მატჩებით. მეტროპოლიტანოს პირველი (1967) გათამაშების გამარჯვებული ხდება ლა-პლატას „ესტუდიანტესი“.[13]
1986 წლიდან 1991 წლამდე — არგენტინის პრიმერის გათამაშება ე. წ. „ფსევდო-ევროპული“ სისტემით ტარდება, როდესაც თითოეული სეზონის ბოლოს ერთი ჩემპიონი ვლინდება. თუმცა, ამ სისტემის დანერგვა საბოლოოდ ვერ ხერხდება. 1991 წლიდან 2012 წლამდე იმართება ორი დამოუკიდებელი ჩემპიონატი — აპერტურა (ესპ. Torneo Apertura) და კლაუსურა (ესპ. Torneo Clausura). 2012 წლიდან ჩემპიონატის რეფორმირება იწყება. სეზონის პირველ ნახევარს აპერტურას ნაცვლად ეწოდება — ინისიალი (ესპ. Torneo Inicial), ხოლო მეორე ნახევარს კლაუსურას ნაცვლად — ფინალი (ესპ. Torneo Final). გათამაშების ფორმატი არ იცვლება. ამ ორი ტურნირის ორი გამარჯვებული გუნდი ერთმანეთს — „აბსოლუტური ჩემპიონის“ ტიტულის მოსაპოვებლად უპირისპირდება, რის შემდეგაც ქვეყნის „აბსოლუტური ჩემპიონი“ — არგენტინის თასის (ესპ. Copa Argentina) მფლობელს ხვდება. მათ შორის გამარჯვებული არგენტინის სუპერთასს (ესპ. Supercopa Argentina) ეუფლება. 2015 წლიდან ისევ იცვლება გათამაშების ფორმატი და ერთ სეზონში კვლავ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა ხდება. პრიმერის მონაწილე გუნდების რაოდენობა მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბების ხარჯზე — 30-მდე იზრდება.
არგენტინის ჩემპიონები წლების მიხედვით
სამოყვარულო ერა
პროფესიონალური ერა
მეტროპოლიტანო და ნასიონალი
ლიტერატურა
- Iwanczuk, Jorge (1992) Historia del Fútbol Amateur en la Argentina. Autores Editores. ISBN 950-434-384-8
- Estévez, Diego (2010) Campeones del fútbol argentino 1891-2010. Ediciones Continente. ISBN 978-950-754-301-2
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო