ბურთიანი სპორტი, მათ შორის რაგბიც, პოპულარული ხდებოდა აშშ-ში XIX საუკუნის შუა პერიოდიდან. 1874 წლის 14 მაისს ქვეყანაში ჩატარდა პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული სარაგბო მატჩი. მაშინ ჰარვარდის უნივერსიტეტის გუნდმა ითამაშა მაკგილის უნივერსიტეტის გუნდთან[3]. მასპინძლებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 3—0, ხოლო თამაშმა მოიხვეჭა პოპულარობა მთელი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებში. ორი წლის შემდეგ იელის, ჰარვარდის, პრინსტონის და კოლუმბიის უნივერსიტეტებმა შექმნეს საუნივერსიტეტო საფეხბურთო ლიგა, რომელშიც თამაშის წესების დიდი რაოდენობა რაგბიდან იყო გადმოტანილი[4].
1906 წელს რაგბი გახდა სპორტის ძირითადი სახეობა სტენფორდის, კალიფორნიის და კალიფორნიის შტატის ზოგიერთ სხვა სასწავლო დაწესებულებებში[5]. 1910 წელს კალიფორნიის შტატის სტუდენტური ნაკრები ეწვია ახალ ზელანდიას და ავსტრალიას, სადაც ნათამაშები იქნა მატჩები ადგილობრივ გუნდებთან. იქ ამერიკელებმა ავსტრალიის ნაკრები სათამაშოდ მიიწვიეს ჩრდილოეთ ამერიკაში[6]. ავსტალიელებმა მიიღეს გამოწვევა და ჩამოვიდნენ აშშ-ში 1912 წელს, სადაც ჩაატარეს რამდენიმე თამაში ადგილობრივ საუნივერსიტეტო გუნდებთან. ზუსტად მაშინ თავისი პირველი მატჩი გამართა აშშ-ის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა. 16 ნოემბერს ბერკლიში იგი დამარცხდა ავსტრალიელებთან ანგარიშით 8-12[6]. ერთი წლის შემდეგ, 1913 წლის 15 ნოემბერს იმავე მოედანზე გაიმართა შეხვედრა ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებთან, რომელიც დამთავრდა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 3-51[6].
ოლიმპიური ოქრო 1920 და 1924 წლებში
პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის ამერიკული ფეხბურთი გახდა რაგბიზე უფრო მეტად პოპულარული. აშშ-ის ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ნება მიცემოდა სარაგბო ნაკრებს გამოსულიყო 1920 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისსარაგბო ტურნირზე, მაგრამ ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე, რაც აიხსნებოდა იმით, რომ „რაგბის თამაშობდნენ მხოლოდ კალიფორნიის შტატში“. ნაკრების პრაქტიკულად ყველა მოთამაშე იყო კალიფორნიიდან, ხოლო მათ შორის 6 — ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან[7]. ანტვერპენში მორაგბეთა ნაკრების ოლიმპიადაზე გასამგზავრებელი თანხა გადაიხადა სამოყვარულო ათლეტიზმის კავშირის ოლიმპიურმა კომიტეტმა[8]. ევროპაში ნაკრების ჩასვლის მომენტისთვის რუმინეთის და ჩეხოსლოვაკიის ეროვნულმა ნაკრებებმა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და ტურნირზე გაიმართა მხოლოდ ერთი შეხვედრა, სადაც აშშ-ის ნაკრები დაუპირისპირდა საფრანგეთის ნაკრებს და დაამარცხა იგი ანგარიშით 8-0[3].
დამარცხებულმა ფრანგებმა ამერიკელებს შესთავაზეს კიდევ ჩასულიყვნენ საფრანგეთში და მათ ნაკრებებს ეთამაშათ რამდენიმე ტესტ-მატჩი. ამერიკელები დათანხმდნენ და შემოდგომით ჩატარდა ოთხი მატჩი, რომელთაგან სამი მოიგო აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა. მიუხედავად ამ წარმატებებისა, 1920 და 1924 წლებს შორის პერიოდში ამერიკელი სპორტის მოყვარულებისთვის რაგბის არ მიუპყრია დიდი ყურადღება. ეს ასევე აიხსნება ამერიკული ფეხბურთის პოპულარობის ზრდით.
აშშ-ის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ჩავიდა პარიზში1924 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისსარაგბო ტურნირზე თავისი საჩემპიონო ტიტულის დაცვის მიზნით. აშშ-ის ოლიმპიურმა კომიტეტმა ისევ უარი თქვა მარაგბეთა ნაკრების დაფინანსებაზე, მაგრამ მორაგბეები არ დანებდნენ: მათ თვითონვე შეკრიბეს 20 ათასი დოლარი. ნაკრები შედგებოდა წინა ოლიმპიადაში მოასპარეზე 7 მორაგბისაგან და 15 ახალი მორაგბისაგან, რომელთაგან ზოგიერთი იყო ფეხბურთელი და აქამდე არასდროს ჰქონდათ რაგბი ნათამაშები. მათ შორის ეხლაც დიდი უმრავლესობა იყო კალიფორნიის შტატიდან: 9 სტენფორდის უნივერსიტეტიდან, 5 სანტა-კლარის უნივერსიტეტიდან და 3 ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან[7]. ოლიმპიადამდე ნაკრები ჩავიდა ინგლისში, სადაც წააგო ოთხი სატესტო თამაში.
საფრანგეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა საფრანგეთისა და რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებების მატჩი ოლიმპიადის გახსნის შემდეგ დანიშნა პირველი. 4 მაისს საფრანგეთმა დაამარცხა რუმინეთი ანგარიშით 61-3. 11 მაისს ამერიკელებმა მოუგეს რუმინეთს ანგარიშით 39-0, სადაც ამერიკელებმა 9 ლელო დადეს. მიუხედავად ასეთი გამარჯვებისა, ბუკმეკერებს არ სჯეროდათ, რომ აშშ-ის ნაკრები ოქროს მედალს მოიპოვებდა რაგბიში. ფსონი იყო 5:1 აშშ-ის საწინააღმდეგოდ[9].
ფინალი ჩატარდა «ივ დუ მანუარის» სტადიონზე, სადაც მატჩზე დასასწრებად სხვადასხვა მონაცემებით მოვიდა 30-დან 50 ათასამდე მაყურებელი[7][10]. პირველი ტაიმის შემდეგ ამერიკელები წინ იყვნენ ანგარიშით 3-0. აგრესიული მანერის წყალობით, რომლითაც თამაშობდნენ ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშეები, აშშ-ის ნაკრებმა მოახერხა ფრანგების დამარცხება ანგარიშით 17-3[3]. მატჩის შემდეგ აშშ-ის ნაკრების ზოგიერთ მორაგბეს და არბიტრებს დასჭირდათ პოლიციის დახმარება — ფრანგმა ქომაგებმა სცადეს მათზე თავდასხმა. დაჯილდოვების დროს ქომაგებმა თავიანთი გამაყრუებელი სტვენით ჩაახშეს აშშ-ის ჰიმნის შესრულება[11].
1924 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან სულ ცოტა ხანში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ამოეღო რაგბი ოლიმპიადის პროგრამიდან. ამან გამოიწვია ის, რომ რაგბიმ აშშ-ში საკმაოდ დაკარგა პოპულარობა.