ტიბეტის აჯანყება — მასობრივი ტიბეტური აჯანყება 1959 წლის მარტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ (ოფიციალური ჩინეთის პოზიციის მიხედვით — ტიბეტის ადგილობრივი მთავრობის და მათი მომხრეების აჯანყება ჩინეთის რესპუბლიკიდან გამოსვლის მიზნით), რომელიც დაიწყო 1951 წელს მიღწეული შეთანხმებისა და ტიბეტში ჩინეთის ძალაუფლების დამკვიდრებიდან 7 წლის შემდეგ. მეამბოხე ტიბეტელები მოითხოვდნენ დამოუკიდებლობის აღდგენას. ადგილობრივი ბუდისტური რელიგიის წარმომაგდენლები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ ათეისტურ პროპაგანდას. [8]
აჯანყების დღე ყოველწლიურად „ყმათა თავისუფლების დღის“ სახელით აღინიშნება ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში, ხოლო იქაური დევნილები ზოგჯერ უწოდებენ ქალთა აჯანყების დღესაც.[9].
შეიარაღებული წინააღმდეგობა აღმოსავლეთ ტიბეტში
1951 წელს ძალაში შევიდა შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და დალაი-ლამას წარმომადგენლებს შორის. სოციალისტური რეფორმები, როგორიცაა მიწის ხელახალი გადანაწილება, ტიბეტში გადაიდო. ამასთან, აღმოსავლეთ ხამი და ამდო (დასავლეთ სიჩუანისა და ცინხაის პროვინციები ჩინეთის ადმინისტრაციულ იერარქიაში) ტიბეტის მთავრობის ადმინისტრაციის (რომელიც ლჰასაში მდებარეობდა) გარეთ იყვნენ, ამიტომ ჩინეთის მთავრობა მათ ჩვეულებრივ, როგორც სხვა პროვინციებს, ისე ეპყრობოდა, რაც ნიშნავს, რომ მიწის გადანაწილება სრულად ხორციელდებოდა. ხამფას ხალხი (ხამის მკვიდრები) და ამდოს მომთაბარეები ტრადიციულად ფლობდნენ საკუთარ მიწას. [10]1956 წლის ივნისში შეიარაღებული წინააღმდეგობა დაიწყო ამდოში და აღმოსავლეთ ხამში.
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის (ჩსგა) ტიბეტში შეჭრამდე, ლჰასასა და ხამის მმართველებს შორის ურთიერთობა გაუარესდა, მიუხედავად იმისა, რომ ხამფას ხალხი დალაი-ლამას მიმართ სულიერად ყოველთვის ლოიალურები იყვნენ. ამ დაძაბული ურთიერთობების გამო, ხამფებმა რეალურად ჩინელებს თავდაპირველ შემოჭრაში შეუწყეს ხელი, სანამ თვითონ გახდებოდნენ მათი პარტიზანი მოწინააღმდეგეები. [11]პანდაცანგ რაფგამ, პრო-კუომინტაგ და პრო-ჩინელმა ხამის რევოლუციურმა ლიდერმა, ქალაქ ჩამდოს გუბერნატორს, ნგაბო ნგავანგ ჯიგმეს ხამფა მებრძოლების სანაცვლოდ სთხოვა ტიბეტის მთავრობის მიერ ხამის დამოუკიდებლობის აღიარება, რაზეც ნგაბომ უარი განაცხადა. ჩამდოში ტიბეტური არმიის დამარცხების შემდეგ რაფგამ შუამავლობა დაიწყო ჩსგა-სა და ტიბეტელ ამბოხებულთა მოლაპარაკებებში. [12][13]
ლჰასას აჯანყება
1959 წლის 1 მარტს, როგორც ტრადიციულად ხდებოდა, ჩინეთის სამხედრო შტაბში დაიგეგმა თეატრალური წარმოდგენა, ლჰასას გარეთ, სადაც მოიწვიეს ოფიციალური პირები. კომუნისტური წყაროს თანახმად, რომელიც ეწინააღმდეგება XIV დალაი ლამას ანგარიშს, დალაი-ლამ პროაქტიულად თქვა, რომ მას სურდა ამ ღონისძიებაზე დასწრება. დალაი-ლამამ, რომელიც იმ დროს სწავლობდა lharampa geshe-ს ხარისხის მოსაპოვებლად, გადაადებინა შეხვედრა, თუმცა მალევე, 10 მარტს ხელახლა დაინიშნა. ღონისძიების ჩატარების ახალი დრო ოფიციალურად 5 მარტს დათარიღდა, თუმცა დალაი-ლამას დაცვის ჯგუფს ამის შესახებ ჩინელმა თანამდებობის წევრებმა მხოლოდ 9 მარტს აცნობეს და ამავდროულად მოითხოვეს, რომ მის უსაფრთხოების საკითხზე თვითონ იზრუნებდნენ. დაცვის უფროსს უთხრეს, რომ დალაი-ლამას წაიყვანდნენ საიდუმლოდ ჩატარებულ ექსკურსიაზე, რომელზეც არ იქნებოდნენ შეიარაღებული ტიბეტელი მცველები. ეს ფაქტი საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა დალაი-ლამას მრჩეველებისთვის. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ იგი შეიძლებოდა მოეტაცათ და ახდენილიყო წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვითაც მას თავისი სასახლიდან გამოსვლის შემთხვევაშიც რამე დაუშავდებოდა.
ცერინგ შაკიას მიხედვით, ზოგიერთ ტიბეტელ თანამდებობის პირს ეშინოდა, რომ ჩინელები გეგმავდნენ დალაი-ლამას მოტაცებას და გაავრცელეს სიტყვალჰასას მოსახლეობაში. 10 მარტს რამდენიმე ასეულმა ტიბეტელმა წრე შემოარტყა დალაი-ლამას სასახლეს, რათა არ მიეცათ მისთვის დატოვების უფლება. უამრავი ხალხი მოგროვდა ჭორის გავრცელების შემდეგ, რადგან ბევრმა დაიჯერა, რომ დალაი-ლამას ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის მთავარ შენობაში ღონისძიებაზე დასასწრებად წასვლის შემდეგ დააპატიმრებდნენ. ეს გახდა აჯანყების დაწყების ძირითადი საბაბი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ამტკიცებდა, რომ ტიბეტის მთავრობა იყო ამ ჭორის გავრცელების ძირითადი წყარო იყო, რეალური მიზეზი საბოლოოდ მაინც ვერ გაირკვა. პირველად ტიბეტელებისგან უარყოფითი შეფასება დაიმსახურეს თანამდებობის იმ პირებმა, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ პრო-ჩინელობაში, ხოლო ჩინელებზე შეტევა შემდეგ დაიწყო. პირველი დაშავებული იყო პაგბალა სოინამ გიაცო. იგი მუშაობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ტიბეტის ავტონომიური რესპუბლიკის მოსამზადებელი კომიტეტის წევრად. იგი მოკლეს, ხოლო მისი გვამი ცხენს მოაბეს და ქალაქში, ხალხის წინ, 2 კილომეტრის მანძილზე. ათრიეს.
12 მარტს, მომიტინგეები გამოჩნდნენ ლჰასას ქუჩებში და ტიბეტის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ჩინეთმა და ტიბეტელმა მეამბოხეებმა დაიწყეს პოზიციების გამაგრება ლჰასას შიგნით და მის გარშემო, კონფლიქტისთვის მოსამზადებლად, რაც გამოიხატა ბარიკადების აღმართვაში. დამატებითი დახმარებისთვის ადგილობრივებმა მიმართეს ინდოეთის კონსულს. ჩინური და ტიბეტური ჯარებმი პოზიციებზე მოძრაობას განაგრძეს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ჩინური საარტილერიო ნაწილები განლაგდნენ დალაი-ლამას საზაფხულო სასახლის, ნორბულინგკადან საცეცხლო მანძილზე.
12 მარტს ათასობით ქალი შეიკრიბა პოტალას სასახლის წინ, სადაც სკანდირებდნენ: „Dri-bu-Yul-Khai Thang“. ამ არაძალადობრივი მიტინგების ლიდერი იყო პამო კუსანგი. ამ დემონსტრაციამ, რომელიც ახლა ქალთა აჯანყების დღედ არის ცნობილი, ჩამოაყალიბა ტიბეტის ქალთა მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის. 14 მარტს იმავე ადგილას ათასობით ქალი შეიკრიბა საპროტესტო აქციით, რომელსაც ხელმძღვანელობდა გურტენგ კუნსანგი, არისტოკრატული ოჯახის წევრი და ექვსი შვილის დედა, რომელიც მოგვიანებით დააპატიმრეს ჩინელებმა და დახვრიტეს.
15 მარტს, დალაი-ლამას ქალაქიდან ევაკუაციისთვის მზადება დაიწყეს, ტიბეტის ჯარებმა კი ლჰასადან გაქცევის მარშრუტის უზრუნველსაყოფად იზრუნეს. 17 მარტს, ორი საარტილერიო ჭურვი დაეშვა დალაი-ლამას სასახლის მახლობლად, [14][15][16] რამაც განაპირობა მისი გაქცევა. ჩინელები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ პოტალას, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ დალაი-ლამა არ გაიქცეოდა, თუმცა მან ფარულად დატოვა სასახლე მომდევნო ღამით, ოჯახთან და მცირე რაოდენობის ჩინოვნიკებთან ერთად და ინდოეთში გაიქცა.
აჯანყება კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდა სანამ 23 მარტს ჩსგა-მ იერიში არ მიიტანა ჯოხანგზე, რომელიც საბოლოო აღმოჩნდა. ეს სამსაათიანი ბრძოლა საკმაოდ სისხლიანი აღმოჩნდა, რადგან ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ, ჩინელებმა მოახერხეს დაცვის გარღვევა ტანკების გამოყენებით და ააფრიალეს ჩინეთის დროშა სასახლეზე, რითაც ჩაახშეს აჯანყება.
დანაკარგები
ტიბეტის გაქცეული მთავრობის სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა ჩინეთის საიდუმლო დოკუმენტებს, ბრძოლების შედეგად დაიღუპა 85000-87000 ტიბეტელი. [17][10] უორენ სმიტის, რადიო „თავისუფალი აზიის“ მწერლის მიხედვით, ბრძოლას შეეწირა 87000 ადგილობრივი, მკვიდრი ადამიანის სიცოცხლე. ამასთანავე, დაიღუპა ორიათასამდე ჩინელი სამხედრო, ხოლო დაიჭრა უფრო მეტი.
აჯანყების შემდეგი მოვლენები
ლჰასას სამი მთავარი მონასტერი — სერა, განდენი და დრეპუნგ ოვერი სერიოზულად დაზიანდა შეტაკების შედეგად, მათ შორის სერა და დრეპუნგი არ ექვემდებარებოდნენ რესტავრაციას. ტიბეტის დევნილი თაობის თანახმად, ლჰასაში დარჩენილი დალაი-ლამას დაცვის წევრები განაიარაღეს და საჯაროდ დაისაჯნენ იმ ტიბეტელებთან ერთად, ვისაც სახლში იარაღი აღმოაჩნდა. ათასობით ტიბეტელი ბერი სიკვდილით დასაჯეს ან დააპატიმრეს, ხოლო ქალაქის გარშემო მონასტრები და ტაძრები გაძარცვეს ან გაანადგურეს. [17]
12 მარტის ქალთა აჯანყების აქციის შემდეგ, ბევრი ქალი დააპატიმრეს, მათ შორის, დემონსტრაციის ლიდერი, პამო კუსანგი. ეს მოვლენა ცნობილი გახდა, როგორც ქალთა აჯანყების დღე და ამ დემონსტრაციამ დაიწყო ტიბეტის ქალთა მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის.
ბუდისტი მოძღვარი, პალდენ გიაცო დააკავეს იმავე წლის ივნისში დემონსტრაციებში მონაწილეობის ბრალდებით. მან გაატარა შემდეგი 33 წელიჩინურ ციხეებსა და საკონცენტრაციო შრომის ბანაკებში (ყველაზე ხანგრძლივი საასჯელი ტიბეტელ თანამდებობის პირებს შორის). იგი გამოუშვეს 1992 წელს. მალევე გაიქცა დარმასალაში, ინდოეთში, სადაც შეუერთდა დევნილ მთავრობას და გახდა აქტივისტი.
ჩინეთის ხელისუფლებამ განმარტა მომხდარი, როგორც ტიბეტური ელიტის აჯანყება კომუნისტური რეფორმების წინააღმდეგ. მეორეს მხრივ, ტიბეტური და მესამე მხარის წყაროები ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ ტიბეტელები აჯანყდნენ შემოჭრილი ჩინელების წინააღმდეგ. ისტორიკოსი ცერინგ შაკია ამტკიცებს, რომ ეს იყო პოპულარული აჯანყება როგორც ჩინეთის, ისე ლჰასას მთავრობის წინააღმდეგ.
↑Salopek, Paul (January 26, 1997). „THE CIA'S SECRET WAR IN TIBET“. Chicago Tribune. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: 11 December 2018.
↑Conboy, Kenneth J.; Morrison, James; Morrison, James (2002) The CIA's Secret War in Tibet. Lawrence: University Press of Kansas.დაარქივებული 1 April 2022[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები