ალგეთის ეროვნული პარკს ახასიათებს ძლიერ მთაგორიანი რელიეფი, რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა მდინარეებითა და ხევებითაა დაღარული. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ალგეთი, თავისი მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადებით და ხევებით.
ბუნებრივი მახასიათებლები
ალგეთის ეროვნული პარკი ვულკანური და დანალექი ქანებითაა აგებული. ეროვნული პარკი ხასიათდება ნოტიო კლიმატით. ზამთარი ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული ხანგრძლივი და თბილი იცის. ალგეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 6822 ჰექტარია.
ალგეთის ეროვნული პარკის 6044 ჰა ტყითაა დაფარული. აქედან ნაძვნარებს - 1442 ჰა, წიფლნარებს - 2250 ჰა, მუხნარებს – 1380 ჰა, ფიჭვნარებს - 250 ჰა, რცხილნარებს - 120 ჰა, იფნარებს - 9 ჰა და არყნარებს - 5 ჰა უკავია. აქ სოკოების 250 სახეობაა გავრცელებული, მათგან 10 სახეობა პირველად იქნა აღმოჩენილი.
ალგეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია უამრავი არქეოლოგიური ძეგლი, რომელთაგან ყველაზე ადრინდელები ენეოლითის და ადრე ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ციხეები, მოქმედი ეკლესიები და ეკლესია-ნანგრევები: წმ. მარიამის ეკლესია, კვირაცხოველის სახელობის სალოცავი, სამების ეკლესია, ჭრელსაყდარი, სალოცავი – კუბადონი, მეცხრე საუკუნის კლდეკარის ციხესიმაგრის ნანგრევები, სალოცავი ქელჩახედი, კუნწუხი, მიწისქვეშა გვირაბები რამდენიმე ნიშა, წმ. გიორგის ეკლესია, მეოთხე საუკუნის მანგლისის ტაძარი, მეთერთმეტე საუკუნის ულამაზესი და მიუდგომელი ბირთვისის ციხე-ქალაქი. ალგეთის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარეობს დიდგორის ველი.
დასკვნა
ალგეთის ეროვნული პარკი წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვან ბაზას. მას გააჩნია რეკრეაციულ-კურორტოლოგიური, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა. ეროვნულ პარკს საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს ფოტო-ვიდეო, ფრინველებზე დაკვირვების, ეკოლოგიური, ბოტანიკური და სამანქანო-სათავგადასავლო ტურების მოსაწყობად. დაცულ ტერიტორიაზე განვითარებულია ტურიზმის ისეთი ფორმები, როგორიცაა: ფეხით სასიარულო, საცხენოსნო და არქეოლოგიური ტურები.