ალგეთი[1] — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 763 კმ². სათავე აქვს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კლდეკარის კლდეების მახლობლად, ზღვის დონიდან 1900 მ. ზემოწელში მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ღრმა, ტყიან, ხოლო სოფელ ტბისიდან — ვიწრო, კლდოვან ხეობაში, მარნეულთან კი გამოდის ვაკეზე, მდინარე მტკვარს ერთვის მარჯვნიდან, სოფელ ქესალოს მახლობლად. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წლიური ჩამონადენის დაახლოებით 45 %-ს შეადგენს წვიმის, 25 %-ს — თოვლის, 30 %-ს მიწისქვეშა წყალი. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წლის სხვა დროს წყალმცირეა. ჩამონადენის მინიმუმი ოქტომბერშია. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის თითქმის 48,1 % ზაფხულზე — 32,4 %, ზამთარში — 11,6 %, შემოდგომაზე — 7,9 %.
ლიტერატურა
სქოლიო