ტურიზმიჰონგ-კონგის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. 2017 წელს ჰონგ-კონგს 26 686 026 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 36 150 200 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 1 354.6$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს შეადგენს, ხოლო ამ სფეროში შექმნილი სამუშაო ადგილები, 327 967 ადილი, მთლიანი სამუშაო ადგილების 8.6%-ს მოიცავს.[1]
მიმოხილვა
2011 წელს შემოსვლითი ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ყოველ ტურისტზე საშუალოდ 7 333 ჰონგ-კონგურ დოლარს გაუტოლდა. ჰონგ-კონგის ტურიზმის საბჭოს მოხსენებით, 2010 წელს ქვეყანას ჯამში 36 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია,რაც წინა წელთან შედარებით 21.8%-ით მეტი იყო. მათგან 22.5 მილიონი კონტინენტური ჩინეთიდან ჩავიდა. 8.2 მილიონი ტურისტი (კონტინენტური ჩინეთიდან ჩასულთა გამოკლებით) ახლო ტერიტორიებიდან ჩავიდა, ხოლო 4.8 მილიონი - შორიდან.[2] 2011 წლის ივლისში ჰონგ-კონგში 3.8 მილიონი ტურისტი ჩავიდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყო.[3]
მართალია ჰონგ-კონგის უმთავრეს ტურისტულ ბაზარს კონტინენტური ჩინეთი წარმოადგენს, მაგრამ 2006 წლის შემდეგ ახლო და შორი ტერიტორიებიდან ჩამოსულ ტურისტთა ზრდის პროცენტული მაჩვენებლებიც ორნიშნა რიცხვებს შეადგენს. 2006 წელს ჰონგ-კონგში შორეული ბაზრებიდან (ევროპა, აფრიკა, შუა აღმოსავლეთი) 1 916 861 ტურისტი ჩავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11.1%-ით მეტი იყო.
ტურიზმი საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსურ მომსახურებებთან ერთად ჰონგ-კონგის შემოსავლების მთავარ წყაროა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (4.9 ქულა) 136 ქვეყანას შორის ჰონგ-კონგი მე-11 ადგილზე იმყოფება. 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვეებელი 0.2 ქულით უკეთესია და ჰონგ-კონგმა სიაში 2 ადგილით მაღლა აინაცვლა.[4] ჰონგ კონგს საუკეთეს მაჩვენებლები ბიზნეს გარემოს (6.2 ქულა, 1-ლი ადგილი), ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა (6.5 ქულა, 1-ლი ადგილი) და სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის (6.4 ქულა, 1-ლი ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი - ფასების კონკურენტუნარიანობისა (4.2 ქულა, 113-ე ადგილი) და ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურაში (4.4 ქულა, მე-60 ადგილი).[5]
ტურისტული ღირსშესანიშნაობები
ვიქტორიას მწვერვალი — ჰონგ-კონგის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ტურისტი სტუმრობს.[6] ტურისტთა რაოდენობის გამო მწვერვალზე ორი მთავარი დასასვენებელი და სავაჭრო ცენტრი: მწვერვალის კოშკი და მწვერვალის გალერეა ააგეს.
ვიქტორიას ნავსადგური — ჰონგ-კონგის ბუნებრივი ნავსადგური.
სოჰო — ჰონგ-კონგის ერთ-ერთი რაიონი და გასართობი ზონა.
სუნ იატსენის სახელობის მუზეუმი — მუზეუმი 2006 წლის 12 დეკემბერს, „ერის მამის“ დაბადებიდან 140 წლისთავზე გაიხსნა.
ჰონგ-კონგის ოკეანის პარკი — ზღვის ძუძუმწოვართა პარკი, ოკეანარიუმი, ცხოველთა თემატური პარკი და გასართობი პარკი, რომელიც ჰონგ-კონგის სამხრეთ რაიონში მდებარეობს.
საათის კოშკი — 44 მეტრის სიმაღლის საათის კოშკი, რომლის თავზეც 7 მეტრიანი მეხამრიდი დგას. 1990 წლის 13 ივლისს კოშკი ეროვნულ ძეგლთა სიაში შეტანეს.
ჰონგ-კონგის ისტორიის მუზეუმი — 1975 წელს დაარსებული მუზეუმი, რომელშიც ჰონგ-კონგის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კოლექციებია დაცული.
ჰონგ-კონგის მეცნიერების მუზეუმი — 1991 წელს დაარსებული მეცნიერების მუზეუმი. მდებარეობს ჰონგ-კონგის ისტორიის მუზეუმის გვერდით.
ლამმას კუნძული — სიდიდით ჰონგ-კონგის მესამე კუნძული. ლამმას მეთევზეები ცინ ჰაუს ფესტივალს აღნიშნავენ. კუნძული ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილია ჰონგ-კონგში, სადაც ტრადიციული ჩინური ახალი წელი აღინიშნება.
ჩენგ ჩაუ — ჰონგ-კონგის სამხრეთ-დასავლეთი კუნძული. კუნძულზე მდებარეობს პაკ ტაის ტაძარი, ჰონგ-კონგის ერთ-ერთი უძველესი ტაძარი, რომელიც 1783 წელს აიგო.
ჰონგ-კონგის ჭაობის პარკი — საგანმანათლებლო, საკონსერვაციო და ტურისტული სივრცე ტინ შუი ვაის ჩრდილოეთ ნაწილში.
საი კუნგის ნახევარკუნძული — ჰონგ-კონგის ახალი ტერიტორიების უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ნახევარკუნძული.
ტურიზმის სტატისტიკა
ჰონგ-კონგის ტურიზმის სტატისტიკა 2014-2017 წლებში ქვეყნებისა და ტერიტორიების მიხედვით:[8][9][10]
წლის განმავლობაში ჰონგ-კონგში არაერთი ღონისძიება ტარდება, რომელთა მიზანიც ვიზიტორთა მიზიდვაა. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჰონგ-კონგი აზიის ღონისძიებათა დედაქალაქია.
საერთაშორისო ჩინური ახალი წლის ღამის პარადი
ჩინური ახალი წლის დროს ჰონგ-კონგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება საერთაშორისო ჩინური ახალი წლის ღამის პარადია, რომელიც პირველად 1996 წელს ჩატარდა. თავდაპირველად ღონისძიება დღის განმავლობაში ჰონგ-კონგის კუნძულზე იმართებოოდა, მაგრამ 2004 წლიდან ციმ სა ჩეიში ღამის განმავლობაში იმართება.
2018 წელს პარადს 150 000 ადამიანი დაესწრო, რომელთა ნახევარი ტურისტი იყო.[11][12]
ჰონგ-კონგის დაბადების ტურიზმი
2012 წლამდე ჰონგ-კონგში დაბადების ტურიზმის მაჩვენებლლები იზრდებოდა.[13] კონტინენტური ჩინეთიდან ორსული ქალები ბავშვების გასაჩენად ჰონგ-კონგში ჩადიოდნენ, რათა ბინადრობის უფლება მიეღოთ. კონტინენტური ჩინეთიდან ჩასული ქალების მიერ გაჩენილ ბავშვებს ბინადრობის უფლება ეძლევათ და ქალაქის სოციალური კეთილდღეობით სარგებლობის ნებაც აქვთ. ჰონგ-კონგის მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რადგანაც ორსული ქალები და ბავშვები ჰონგ-კონგის სამედიცინო სისტემას მძიმე ტვირთად დააწვა.[14] ზოგიერთები კონტინენტური ჩინეთიდან ჩამოსულებს „კალიებს“ უწოდებდნენ, რომლებიც ადგილობრივთაგან ჰონგ-კონგის რესურსებს იღებდნენ.[15] 2001-2011 წლებში 170 000 ახალშობილის ორივე მშობელი კონტინენტური ჩინეთიდან იყო,[16] მათგან 32 653 ბავშვი კი 2010 წელს დაიბადა.[14]