ტაივანის ტურიზმიქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრია და შემოსავლის წყაროა. 2015 წლისთვის ტაივანმა დაახლოებით 10 მილიონი საერთაშორისო ტურისტი მიიღო.[1] ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს ტაივანის ტურიზმის ბიურო და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო განაგებს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (4.5 ქულა) ტაივანი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 30-ე ადგილზეა.2015 წელთან შედარებით ტაივანმა სიაში 2 ადგილით მაღლა აინაცვლა.[2] 2017 წელს ტაივანს 10 439 785 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 14 387 000 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 1 378.1$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 295 005 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილებიის 2.3%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8%-ია.[3] ტაივანს საუკეთესო მაჩვენებლები სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის (მე-16 ადგილი, 5.2 ქულა) და ადამიანური რესურსებისა და შრომის ბაზრის (მე-19 ადგილი, 5.3 ქულა) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი გარემოს მდგრადობის შენარჩუნებისა (75-ე ადგილი, 4.1 ქულა) და მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტიზაციის (56-ე ადგილი, 5.4 ქულა) სვეტებში.[4]
ტურისტული დანიშნულების ადგილები
ტაივანში უამრავი ტურისტული დანიშნულების ადგილია.მთავარ ეროვნულ სიმბოლოებს შორის აღსანიშნავია:
ეროვნული სასახლის მუზეუმი — ანტიკური ჩინეთის იმპერიული არტეფაქტებისა და ხელოვნების ნიმუშების დაახლოებით 700 000 ნაწილისგან შემდგარი კოლექციით ამ ტიპის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი მსოფლიოში. კოლექცია ჩინეთის ხელოვნების 8000 წლის ისტორიას აცოცხლებს, დაწყებული ნეოლითიდა დამთავრებული თანამედროვე ისტორიით.[5] მუზეუმი მას შემდეგ აიგო, როდესაც 1949 წელს ჩინეთიდან კოლექციების ევაკუაცია მოახდინეს, რათა ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს კომუნისტური ჩინეთისათვის არტეფაქტების კონტროლისა და დაზიანება/განადგურების ნება არ მიეცათ.
საპრეზიდენტო საოფისე შენობა — ტაივანის პრეზიდენტის ოფისი. შენობა თავდაპირველად ტაივანის გენერალ-გუბერნატორისთვის აიგო, რადგანაც 1895-1945 წლებშიტაივანი იაპონიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.
ტაიპეი 101 — მსოფლიოს უმაღლესი შენობა 2004-2010 წლებში. შედგება 101 სართულისაგან და ძირითადად კომერციული საოფისე შენობაა რესტორნებით, კლუბებით, კომერციული განყოფილებებითა და ტურისტული ობსერვატორიებით.
შილინის ღამის ბაზარი — ტაიპეის შინლინის რაიონში მდებარე ყველაზე დიდი და ყველაზე ცნობილი ღამის ბაზარი.
მანკას ლანგშანის ტაძარი — ცინის დინასტიის მმართველობის დროს ფუძიანიდან წამოსული მოსახლეების მიერ 1738 წელს ტაიპეიში გუანიინის პატივსაცემად აგებული ტაძარი.
2015 ტაივანელთა 87%-მა ქვეყნის შიგნით იმოგზაურა. ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი კენდინის ეროვნული პარკი იყო. შვებულების დროს თითოეულმა ვიზიტორმა საშუალოდ 9 323 ახალი ტაივანური დოლარი დახარჯა.[9]
შემოსავალი და დარჩენის ხანგრძლივობა
2013 წელს ტურიზმის სექტორიდან პირდაპირი და არაპირდაპირი სახით მიღებული შემოსავალი 366.8 მილიარდ ახალ ტაივანურ დოლარს (12.3$ მილიარდი) გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 4.7%-ით მეტია. თუმცა 2012 წელთან შედარებით ყველი ტურისტის მიერ საშუალოდ დღიურად დახარჯული თანხა 4.37%-ით ნაკლები იყო - 224.07$.[10]
2015 წელს თითეულმა ტურისტმა ტაივნაში საშუალოდ 6.63 ღამე დაჰყო.
ტურისტული ინფრასტრუქტურა
საერთაშორისო აეროპორტები
ტურისტების უმეტესი ნაწილი ტაივანში საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით ჩადის. ყველაზე დიდი აეროპორტი - ტაოიუანის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე მეტ ტურისტს ემსახურება. საერთაშორისო ტურისტებს ასევე ემსახურება: გაოსიუნის საერთაშორისო აეროპორტი სამხრეთ ტაივანში, ტაიჩანის აეროპორტი ცენტრალურ ტაივანში და ტაიპეის სუნშანის აეროპორტი ცენტრალურ ტაიბეიში.
სახმელეთო ტრანსპორტი
ტურისტებს კუნძულის გარშემო მოგზაურება ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობის გამოყენებით შეუძლიათ. პოპულარულ სახმელეთო ტრანსპორტის სახეობებს შორისაა ტაივანის მაღალი სიჩქარის რკინიგზა, მეტროპოლიტენები: ტაიბეის მეტროპოლიტენი, ტაოიუანის მეტროპოლიტენი და გაოსიუნის მეტროპოლიტენი. პოპულარულია ტაქსი და ტურისტული ავტობუსები („ტაივანის ტურისტული შატლები“).[11]