შარლ ლუი ალფონს ლავერანი (ფრანგ. Charles Louis Alphonse Laveran; დ. 18 ივნისი, 1845, პარიზი, — გ. 18 მაისი, 1922, იქვე) — ფრანგი ექიმი, პარაზიტოლოგი და ეპიდემიოლოგი. ადამიანში მალარიის გამომწვევის აღმოჩენისთვის და პარაზიტული დაავადებების შესახებ სხვა შრომებისთვის 1907 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
ბიოგრაფია
ალფონს ლავერანი 1845 წელს დაიბადა პარიზში, სამხედრო ექიმის ოჯახში. 1867 წელს დაამთავრა სტრასბურგის უნივერსიტეტი. პრუსიასთან ომის (1870-1871) დროს საფრანგეთის არმიაში საველე ქირურგად მსახურობდა. 1874 წელს დაინიშნა ვალ-დე-გრასის ჰოსპიტლის სამხედრო მედიცინისა და ეპიდემიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად (წარსულში ეს თანამდებობა მამამისს ეკავა). 1878-1883 წლებში მუშაობდა ალჟირში, სადაც მისი კარიერის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთა. 1880 წელს, მალარიით გარდაცვლილთა აუტოპსიური კვლევისას, მან დაადგინა, რომ ადამიანში მალარიას იწვევდა უმარტივესი პარაზიტი, რომელსაც ოსცილიარია (Oscilliaria malariae) უწოდა, შემდეგ კი პლაზმოდიუმის სახელი მიენიჭა. მედიცინის ისტორიაში ეს იყო უმარტივესებით გამოწვეული (პროტოზოული) დაავადებების დადასტურების პირველი შემთხვევა. ლავერანის ამ მიღწევას მყისიერი აღიარება არ მოჰყოლია მანამ, სანამ მეცნიერმა 1884 წელს არ მოახდინა ინფიცირებულ ჯარისკაცში ე. წ. ავთვისებიანი მალარიის იშვიათი შემთხვევის დემონსტრირება პარიზში, თავად ლუი პასტერისა და ემილ რუს წინაშე. იმავე წელს ლავერანმა ივარაუდა, რომ მალარიის შესაძლო გადამტანი (ვექტორი) კოღო უნდა ყოფილიყო, თუმცა პარაზიტის სასიცოცხლო ციკლი და მასში კოღო ანოფელესის როლი საბოლოოდ პატრიკ მენსონის, ჯოვანი გრასისა და რონალდ როსის გამოკვლევებით დადგინდა. აღსანიშნავია, რომ ამ აღმოჩენისთვის როსმა ნობელის პრემია მის მასწავლებელ ლავერანზე 5 წლით ადრე, 1902 წელს მიიღო.
1884-1889 წლებში ლავერანი ვალ-დე-გრასის სამხედრო ჰიგიენის პროფესორი იყო, 1894-1896 წლებში კი — ლილის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი სამედიცინო ოფიცერი, შემდეგ XI საარმიო კორპუსის სამედიცინო სამსახურის დირექტორი (ქ. ნანტი). ამ დროისთვის ლავერანი უკვე აღიარებული მეცნიერი იყო, თუმცა თვლიდა, რომ სამხედრო-სამედიცინო სამსახურში დამსახურებას არასათანადოდ უფასებდნენ. 1896 წელს ის გადადგა და მუშაობა დაიწყო პასტერის ინსტიტუტში, სადაც ტროპიკულ დაავადებებს, კერძოდ, ტრიპანოსომოზს, ლეიშმანიოზსა და სხვა პარაზიტულ ინფექციებს სწავლობდა და კვლევითი განყოფილების საპატიო გამგის თანამდებობას იკავებდა. ამ შრომებისთვის ლავერანი 1907 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ფულადი პრემიის ნახევარი მან პასტერის ინსტიტუტში ტროპიკული მედიცინის ლაბორატორიის შექმნას მოახმარა. 1908 წელს დააარსა იშვიათი პათოლოგიების საზოგადოება, რომელსაც მომდევნო 12 წლის მანძილზე თავმჯდომარეობდა. ლავერანი იყო საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1893) და საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი (1912).
პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914-1918) ლავერანი ჰიგიენისა და პროფილაქტიკის კომისიის წევრი იყო და ხელმძღვანელობდა საფრანგეთის ჯარების განლაგების ტერიტორიებზე მალარიის საპროფილაქტიკო ღონისძიებებს. 1915 წელს ლავერანი მისი 70 წლის იუბილეზე აირჩიეს პასტერის ინსტიტუტის საპატიო დირექტორად, 1920 წელს კი — საფრანგეთის მედიცინის აკადემიის პრეზიდენტად. მისი ნაშრომებიდან გამოირჩევა: „ტრაქტატი შეიარაღებულ ძალებში დაავადებებისა და ეპიდემიების შესახებ“ (ფრანგ. Traité des maladies et épidémies des armées, 1875), „ტრაქტატი მალარიული ცხელების შესახებ მალარიის მიკრობების აღწერით“ (ფრანგ. Traité des fièvres palustres avec la description des microbes du paludisme, 1884), „ტრიპანოსომები და ტრიპანოსომოზები“ (ფრანგ. Trypanosomes et trypanosomiasis; ფელიქს მენილთან ერთად, 1904). გარდაიცვალა 1922 წელს, 76 წლის ასაკში. დაკრძალულია პარიზში, მონპარნასის სასაფლაოზე.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| 1901–1925 | | |
---|
| 1926–1950 | |
---|
| 1951–1975 | |
---|
| 1976–2000 | |
---|
| 2001–დღემდე | |
---|
| |
|