იულიუს ვაგნერ-იაურეგი (გერმ. Julius Wagner-Jauregg; დ. 7 მარტი, 1857, ველსი, ავსტრია, — გ. 27 სექტემბერი, 1940, ვენა) — ავსტრიელი ფსიქიატრი. სწავლობდა ნეიროსიფილისის, კრეტინიზმისა და სხვადასხვა გონებრივი დარღვევის პრობლემებს; შექმნა სიფილისური მენინგოენცეფალიტის (პროგრესული დამბლა) მკურნალობის მეთოდი ავადმყოფის ორგანიზმში მალარიის გამომწვევის ხელოვნური შეყვანის გზით, რისთვისაც 1927 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
ბიოგრაფია
დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1880). 1883-1889 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში. ამ პერიოდში ვაგნერ-იაურეგმა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებში შენიშნა სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესება ცხელებით მიმდინარე ინფექციების თანდართვისას. 1887 წელს მან წამოაყენა ფსიქიატრიული დაავადებების მკურნალობის მეთოდი, რომელიც ცხელების განზრახ გამოწვევას ეფუძნებოდა. ამის მიღწევას ვაგნერ-იაურეგი ვარაუდობდა მალარიის აღძვრით, რადგან იმ დროს უკვე ხელმისაწვდომი იყო ანტიმალარიული პრეპარატი ქინინი. 1889-1893 წლებში ვაგნერ-იაურეგი იყო გრაცის უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის პროფესორი. ამ პერიოდში ცდილობდა თავისი მეთოდის დანერგვას ტუბერკულინის (ტუბერკულოზის ბაცილის ექსტრაქტის) გამოყენებით, თუმცა დიდი წარმატება არ ჰქონია. 1893 წლიდან ის ვენის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. ამავდროულად, 1893-1928 წლებში ხელმძღვანელობდა ვენის უნივერსიტეტის ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების ჰოსპიტალს. 1917 წელს სიფილისური მენინგოენცეფალიტის (პროგრესული დამბლის) მქონე პაციენტებში შეძლო მალარიის გამოწვევა და ამ გზით ძირითადი დაავადების სიმპტომების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. „მალარიოთერაპია“ მოგვიანებით ანტიბიოტიკოთერაპიამ სრულად ჩაანაცვლა, თუმცა იმ დროისთვის ვაგნერ-იაურეგის აღმოჩენა მანამდე უნკურნებელი დაავადების — პროგრესული დამბლის ერთადერთი ეფექტიანი გზა იყო. ვაგნერ-იაურეგის შრომებმა ასევე საფუძველი ჩაუყარა ფსიქიატრიული დაავადებების პიროთერაპიის (ცხელებით მკურნალობა) და ე. წ. შოკური თერაპიის მეთოდებს. ვაგნერ-იაურეგი იყო ევგენიკის მიმდევარი; სიცოცხლის ბოლო წლებში ზოგიერთი შეხედულებით ახლოს იდგა ნაციზმთან.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| 1901–1925 | | |
---|
| 1926–1950 | |
---|
| 1951–1975 | |
---|
| 1976–2000 | |
---|
| 2001–დღემდე | |
---|
| |
|