მამა, იაკობ მარი, შოტლანდიელი ჰყავდა, დედა — ქართველი. ევროპული ენები მამამ ასწავლა. ბავშვობაში სწავლობდა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში. 1870 წელს კავკასიის მეფისნაცვალს იაკობ მარმა სთხოვა სახელმწიფოს ხარჯზე მიეღოთ სკოლაში მისი შვილი. თავიდან უარი უთხრეს, თუმცა შემდეგ ჩარიცხეს ქუთაისის გინაზიაში სახელმწიფოს ხარჯზე. 1884 წელს დაამთავრა გიმნაზია, 1890 — პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. 1891-იდან ამავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი იყო. 1894–1896 წლებში მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვატიკანისა და რომისბიბლიოთეკებში.
ქართულ ხელნაწერთა შესასწავლად 1898 გაემგზავრა ნიკოდიმ კონდაკოვის ექსპედიციაში ათონის მთაზე, 1902 — სინის მთაზეი. ჯავახიშვილთან ერთად. ათონის მთაზე მარმა აღმოაჩინა ბევრი ლიტერატურული ძეგლი, გადმოწერა და გააკეთა მათი აღწერილობა. ამ საგაზნე სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წარდგა მოხსენებით, 1900 წელს კი გამოსცა ათონის აგიოგრაფიული ძეგლების სრული აღწერილობა. ათონის მთაზევე დაიწყო მან ზრუნვა ქართული ბიბლიის გამოცემისთვის: გადაიწერა ზოგი ადგილი ეზრადან, მთლიანად გადაწერა ორი პატარა წიგნი (რუთისა და იონასი) და გადაიღო ნეემიას წიგნის ფოტოასლი. 1905 წელს შეადგინა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პროექტი-წესდება, რომელიც 1934 წელს გამოქვეყნდა. 1910 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ გადაწყვიტა ბიბლიის მეცნიერული გამოცემა. შედგა კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკო მარი, წევრები კი ივანე ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე და აკაკი შანიძე. 1910 წელს პეტერბურგში გამოსცა გამოკვლევა „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. 1913 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის დეკანი, 1924–1930 წლებში ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, 1930-იდან — სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
მოღვაწეობა
ენათმეცნიერება
მარი იკვლევდა სომხურ ენას, ქართულს და მის ნათესაობას სხვა ენებთან. პირველი სტატია „ბუნება და თვისება ქართული ენისა“ 1888 წელს გამოაქვეყნა „ივერიაში“ წამოაყენა ჰიპოთეზა (1888–1916), რომ ქართული ენათესახება სემიტურ ენებს და ქართველურ ენებსიაფეტური ენები უწოდა (ბიბლიური ნოეს შვილის — იაფეტის სახელიდან). სემიტური და იაფეტური ენები ერთი (ნოეტური) ოჯახის ორ შტოდ გამოაცხადა. მთის კავკასიური ენათა შესწავლის შედეგად მარმა იაფეტური ენების წრეში შეიტანა აფხაზურ-ადიღური, ჩაჩნური და დაღესტნური ენებიც (1916–1920) და იაფეტური დამოუკიდებელ ენათა ოჯახად მიიჩნია. შემდგომში იაფეტურ ენათა ოჯახს მიაკუთვნა ბასკური, აგრეთვე წინა აზიისა და ხმელთაშუა ზღვის მკვდარი ენები: პელაზგური, ეტრუსკული (1920–1923). ნაშრომში „იაფეტური კავკასია და მესამე ეთნიკური ელემენტი ხმელთაშუა ზღვის კულტურის შექმნაში“ (1920) მარმა იაფეტური ეთნიკური ელემენტი ქრონოლოგიურად უფრო ძველად ცნო, ვიდრე სემიტური და ინდოევროპული — იაფეტიდები ხმელთაშუა ზღვის აუზის უძველეს მოსახლეობას წარმოადგენდნენო; ამიტომ სემიტურთან ნათესაობის საკითხი მოიხსნა. აღიარებულ იქნა იაფეტურ ენათა შეჯვარება ჯერ სემიტურ, ხოლო უფრო გვიან ინდოევროპულ ენებთან.
მომდევნო პერიოდში მარი მივიდა იმ დასკვნემდე, თითქოს იაფეტიზმები დასტურდება მსოფლიოს ყველა ენაში. მან იაფეტური ენები გამოაცხადა მეტყველების უძველეს საფეხურად (სტადიად), ხოლო — ენათა ოჯახის ცნება უარყო.
1923 წლიდან (ნაშრომი „ხმელთაშუა ზღვის ინდოევროპული ენები“) მარმა გაწყვიტა კავშირი ადრინდელ ენათმეცნიერებასთან, რომელიც ბურჟუაზიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ მეცნიერებად გამოაცხადა; უარყო მისი პრინციპები, როგორც მიუღებელი მარქსისტული მეცნიერებისათვის და შექმნა „ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება“, რომელსაც, როგორც მარქსისტულ თეორიას, ძალით ახვევდა თავს საბჭოთა ენათმეცნიერებას. ამ თეორიაში ენა მიჩნეულია ზედნაშენად და კლასობრივ მოვლენად, მარი თვლიდა, რომ ბგერითი ენა იმთავითვე კლასობრივი იყო, არაკლასობრივი ენა არასოდეს არსებულაო. მან უარყო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მონათესავე ენათა ოჯახების არსებობა და წამოაყენა სტადიალური განვითარების პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად ენები ერთმანეთისაგან განსხვავდება არა წარმოშობის, არამედ განვითარების სტადიების მიხედვით, ხოლო თვით სტადიების რაოდენობა მარის არ გაურკვევია.
1926 მარიმ შექმნა პირველი აფხაზური ანბანი ლათინურ დამწერლობის საფუძვლებზე. ამ ანბანმა 1928 წელს ცვლილება განიცადა ხოლო შემდეგ საერთოდ გაუქმდა და შეიცვალა ქართული ანბანის საფუძველზე შექმნილი აფხაზური დამწერლობით.
1950 წელს საენათმეცნიერო დისკუსიამ ნათელყო, რომ ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება არ არის მარქსისტული თეორია და რომ ამ თეორიის ძირითადი დებულებები მეცნიერულად გაუმართლებელია.
ფილოლოგია
მარის დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ფილოლოგიის განვითარებაში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მან ქართველურ ენათა შესწავლის საქმეში (განსაკუთრებით ახალი საენათმეცნიერო მოძღვრების შექმნამდე). გამოაქვეყნა (რუსულ ენაზე) „ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები“ (1908), „ჭანურის გრამატიკა“ (1910), „ძველი ქართული სალიტერატურო ენა“ (1925), „ქართული ენა“ (ფრანგულად, მ. ბრიერთან ერთად, 1931), რიგი საყურადღებო წერილებისა სვანური ენის შესახებ. მოგვცა მრავალი ანგარიშგასაწევი ეტიმოლოგია ქართველურ ენათა მასალაზე. მთის კავკასიური ენებიდან მარმა ყველაზე დიდი ყურადღება დაუთმო აფხაზურს და რამდენიმე გამოკვლევა უძღვნა. თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს მარის წერილებს სომხურის, როგორც ნარევი ენის, შესახებ (1911–1919). მარმა 1921 წელს პეტროგრადში დააარსა "იაფეტიდოლოგიური (1922-იდან — "იაფეტური") ინსტიტუტი", რომელიც 1933 შეცვალა „ენისა და აზროვნების ინსტიტუტმა“. მარის ინიციატივით შეიქმნა შემდეგი სამეცნიერო სერიები „Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии“, 1900-1913; „Материалы по яфетическому языкознанию“, „Яфетический сборник“, 1922-1932; „Язык и мышление“, 1933-1949; „Христианский Восток“, „Bibliotheca Armeno-Georgica“, „Monumenta hagiographica Georgica“ და სხვა.
მწერლობა და კულტურა
მარმა დიდი ამაგი დასდო ქართულ სასულიერო და საერო მწერლობისა და კულტურის საკითხების შესწავლის ფუნდამენტური მონოგრაფიული გამოკვლევებით. მან ძველი ხელნაწერების მიხედვით, სათანადო მეცნიერული კომენტარებით, ლექსიკითა და რუსული თარგმანითურთ გამოსცა „პეტრე იბერის ცხოვრება“ (1896), იპოლიტე რომაელის „თარგმანებია ქება-ქებათაჲ“ (1901), ბასილი კესარიელის „ფიზიოლოგი“ (1904), ანტიოქე სტრატიგის „იერუსალიმის წარტყვევნის“ არაბული ტექსტის ქართული თარგმანი (1909), განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გიორგი მერჩულეს„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (1911). იოანე პეტრიწისადმი მიძღვნილი გამოკვლევებით (ЗВО ტ. XIX, 1909) მარმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის განვითარების ისტორიულ შესწავლას.
მნიშვნელოვანი გამოკვლელები უძღვნა მარმა ქართული კლასიკური საერო მწერლობის ძეგლებს: პირველმა გამოსცა გამოკვლევითა და კომენტარებითურთ „აბდულმესიანი“ და „თამარიანი“ („ძველი ქართველი მეხოტბენი“, რუსულ ენაზე, 1902). გააშუქა „ამირანდარეჯანიანთან“, „ვისრამიანთან“, „შაჰნამესთან“, „რუსუდანიანთან“, დაკავშირებული ქართულ-სპარსული და ქართულ-არაბული ლიტერატურული ურთიერთობების საკითხები. მარმა საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას, განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ვეფხისტყაოსნის ტექსტის საკითხების, რუსთაველის იდეოლოგიისა და მისი ეპოქის შესწავლას, გამოსცა პოემის პროლოგისა და ეპილოგის ტექსტები («შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შესავალი და დასკვნითი სტროფები», რუსულ ენაზე, 1910) სათანადო გამოკვლევითა და რუსული თარგმანითურთ; მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი რუსთაველის ეპოქისა და კულტურული გარემოს შესახებ „ვეფხისტყაოსანი და ახალი კულტურულ-ისტორიული პრობლემა“ (1917).
ისტორია
დიდია მარის დამსახურება საქართველოს ისტორიის მეცნიერულ შესწავლაშიც. ფეოდალური ხანის ცალკეულ გაურკვეველ პრობლემათა გაშუქების გარდა (ტაო-კლარჯეთის ისტორიის საკითხები, ანისში აღმოჩენილი ეტიფანე ქართლის კათალიკოსის წარწერის ანალიზი და სხვა), მას ეკუთვნის „საქართველოს ისტორია“ (პეტერბურგი, 1906) რუსულ ენაზე, რომელშიც გადმოცემულია ქართველი ხალხის ისტორია ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის დასასრულიდან; განხილულია ქართული კულტურის ისტორიული საკითხები (დამწერლობის, ქრისტიანობის წარმოშობა, ლიტერატურის ისტორია და სხვა); ყურადღება ექცევა ქართველი ხალხის ეთნოგენეზის პრობლემასაც. საქართველო-კავკასიის უძველესი ხანის ისტორია ერთ მთლიანობაშია გადაწყვეტილი (ქართველ-კავკასიურ ტომთა მცირე აზიიდან მიგრაციის, ქართველ-ურარტუელ ტომთა ნათესაობის, ქართველ-ბასკური პარალალების საკითხები და სხვა).
არქეოლოგია
მარის მეცნიერულ მოღვაწეობაში გარკვეული ადგილი უჭირავს არქეოლოგიასაც. მის მიერ ჩატარებულ გათხრებს ანისში (1892-იდან) დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეების სომხურ ქალაქებისა და კულტურის ისტორიის შესწავლისათვის. 1893 დაიწყო ვორნაკის სამაროვანის გათხრა, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო გათხრები ვანის ტბის (თურქეთი) სამხრეთ სანაპიროზე 1916. აქ მარმა გაშიფრა ი. ორბელის მიერ აღმოჩენილი ურარტუს მეფის სარდურ II-ის (760-730) ცნობილი სოლისებრი წარწერა, რომლის ერთ-ერთ მუხლში მოხსენიებული იყო კულხას (კოლხას) ქვეყანა.
ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 5,თბ., 1971;
ბერიძე ვ., რუსთველოლოგიური ეტიუდები, თბ., 1961;
ჩიქობავა ა., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965;
ძიძიგური შ., ნიკო მარი - ქართული კულტურის მკვლევარი, თბ., 1965;
ნიკო მარისა და ექვთიმე თაყაიშვილის მიმოწერა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, მეცნიერება, თბილისი 1991
Josif V. Stalin: Concerning marxism in linguistics. Soviet News, London 1950
Lawrence L. Thomas: The linguistic theories of N. Ja. Marr. University of California Press, Berkeley, California [u.a.] 1957
Tasso Borbé: Kritik der marxistischen Sprachtheorie N. Ja. Marr's. Scriptor Verl., Kronberg/Ts. 1974, ISBN 3-589-20021-9
René L'Hermitte: Marr, marrisme, marristes: Science et perversion idéologique; une page de l'histoire de la linguistique soviétique. Institut d'Etudes Slaves, Paris 1987, ISBN 2-7204-0227-3
Ferenc Havas: A marrizmus-szindróma: Sztálinizmus és nyelvtudomány. Tinta Könyvkiadó, Budapest 2002, ISBN 963-9372-53-6
Olga D. Golubeva: N. Ja. Marr. Rossijskaja Nacional'naja Biblioteka, Sankt Peterburg 2002, ISBN 5-8192-0134-5
Vladimir M. Alpatov: Istorija odnogo mifa: Marr i marrizm. Editorial URSS, Moskva 2004, ISBN 5-354-00405-5
Абаев В. И., Н.Я. Марр (1864-1934). К 25-летию со дня смерти, «Вопросы языкознания», 1960, № 1
ბარამიძე არჩ., იმედაშვილი გ., შარაძენიძე თ., ქსე, ტ. 6, გვ. 438, თბ., 1983