ამ ენათა ერთ ჯგუფად გაერთიანება ეფუძნება მათთვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს:
ფონეტიკაში ხმოვანთა სისტემა მარტივია (2—3 ფონემა), თანხმოვანთა — რთული (80-მდე ფონემა);
გრამატიკაში — სახელის სისტემა მარტივია, ზმნისა — შეუდარებლად რთული.
ზმნაში პრევერბები და სიტყვაწარმოების პრეფიქსები წარმოდგენილია დიდი რაიოდენობით. სახელისა და ზმნის ფუძეები უპირატესად ერთმარცვლიანია. მარტივი წინადადება ქმნის ინდეფინიტურ, ნომინატიურ და ერგატიულ კონსტრუქციებს. წინადადებაში სიტყვათა რიგს გრამატიკული მნიშვნელობა ენიჭება.
აფხაზურ-ადიღური ენების ლექსიკის ერთიანობა დაცულია უპირატესად ნაცვალსახელებში, რიცხვით სახელებსა და ზმნებში, ყველა ეს ენა აგლუტინაციურიაპოლისინთეტიზმის ტენდენციითურთ. ამ საერთო ნიშნების გარდა, დასტურდება ზოგიერთი მოვლენა, რომლის მიხედვითაც ცალ-ცალკე ჯგუფდება აფხაზურ-აბაზური ენები (ნივთისა და ადამიანის გრამატიკული კლასების არსებობა, ბრუნვათა სისტემის უქონლობა) და ადიღური ენები (ადიღეური და ყაბარდოული; შედარებით განვითარებული ბრუნება, გრამატიკული კლასების გაქრობა). უბიხურ ენას გარდამავალი ადგილი უჭირავს ამ ორ ქვეჯგუფს შორის.
გარე ნათესაობა
აფხაზურ-ადიღური ენების სხვა ენათა ოჯახებთან ნათესაობა დადასტურებული არ არის, თუმცა ისტორიულად არსებობდა რამდენიმე ჰიპოთეზა, მათ შორის იბერიულ-კავკასიური ენებისა.