პრეზიდენტმა ემილიო აგინალდომ 1906 წლის 6 მარტს ლუბუაგანი მთავრობის რეზიდენციად გამოაცხადა. ლუბუაგანი 73 დღის მანძილზე იყო რეზიდენცია (18 მაისამდე), სანამ პრეზიდენტი პალანანში გადავიდოდა.[3][4]
ეტიმოლოგია
პროვინციის სახელწოდება წარმოდგება იბანაგური და გადანგური სიტყვიდან kalinga, რაც მტერს, მებრძოლს ნიშნავს.
პროვინციის რელიეფი ძირითადად მთიანია. მთების სიმაღლე 1 500-დან 2 500 მეტრამდეა. კალინგის დასავლეთი ნაწილი ციცაბო ფერდობებით, პლატოებით, ხეობებითა და იზოლირებული დაბლობებითაა დაფარული. აღმოსავლეთი ნაწილი ძირითადად ბორცვებითა და მთებითაა დაფარული.
პროვინციის ფართო დაბლობები ბალახითაა დაფარული, რომელსაც მოსახლეობა საძოვრებად იყენებს. მაღალმთიანეთი ტროპიკული წვიმის ტყეებითაა დაფარული. დასავლეთით, მაღლობებში, განსაკუთრებით ბალბალანის მთებში ხელშეუხებელი ფიჭვის ტყეებია გაშლილი. რისალისა და ტაბუკის მუნიციპალიტეტები პროვინციის მასშტაბით ბრინჯის უდიდესი მწარმოებლები არიან. ბალბალანში, ლუბუაგანში, პასილში, პინუკპუკში, ტინგლაიანსა და ტანუდანში ბრინჯის ტერასებია გაჭრილი.
კლიმატი
კალინგის პროვინცია III ტიპის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ამ ტიპის კლიმატის დროს მშრალი და წვიმების სეზონი მკვეთრად არ არის გამოხატული. ნოემბრიდანაპრილამდე შედარებით მშრალი პერიოდია, ხოლო წვიმებიანი პერიოდი წელიწადის დარჩენილ დროს გრძელდება. პროვინციაში საშუალო ტემპერატურა 17-22 °C-ს (63-72 °F) შორისაა. ყველაზე ძლიერი წვიმები ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდშია.
ჰიდროლოგია
პროვინციის ტერიტორიაზე უამრავი მდინარე მიედინება, მათ შორის: მდიანრე ჩიკო, რომელიც მთის პროვინციაში იღებს სათავეს და კაგაიანის ხეობაში ჩაედინება. მას რამდენიმე შენაკადი აქვს: სამხრეთში ბუნოგი, აღმოსავლეთში — ტანუდანი და ბიგა, ცენტრალურ ნაწილში — პასილი, ხოლო დასავლეთში — პოსვოი, დაო-ანგანი, მაბაკა და სალტანი. პროვინციაში რამდენიმე პატარა ტბაც მდებარეობს.
ადმინისტრაციული დაყოფა
კალინგის პროვინცია 7 მუნიციპალიტეტსა და 1 შემადგენელ ქალაქს მოიცავს. მუნიციპალიტეტები და ქალაქი ერთ საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება.
2007 წელს ტაბუკი შემადგენელ ქალაქად გამოცხადდა, თუმცა 2008 წლის ნოემბერში ფილიპინების უზენაესმა სასამართლომ კანონი არაკონსტიტუციურად ცნო. ტაბუკს ქალაქის სტატუსი ხელახლა 2009 წლის 22 დეკემბერს მიენიჭა.[6]
ბარანგაები
კალინგის მუნიციპალიტეტში სულ 152 ბარანგაი მდებარეობს. 2010 წლის აღწერით ყველაზე მეტი ადამიანი ტაბუკში მდებარე ბულანაოს ბარანგაიში ცხოვრობს, ხოლო ყველაზე ცოტა ტანდუანში მდებარე სამხრეთ ანგაკანის მუნიციპალიტეტში. ტაბუკის გამოკლების შემთხვევაში მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადგილზე პუკპუკის მუნიციპალიტეტის ბარანგაი პინუკპუკ-ჯანქშენია.[7]
დემოგრაფია
2015 წლის მონაცემებით კალინგის მოსახლეობა 212 680 ადამიანს შეადგენს.[8]მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 66 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.[9]
2000 წლის აღწერით მოსახლეობის 64.37% (111 774 ადამიანი) კალინგის ტომებს მიეკუთვნება. ილოკანოები პროვინციის მკვიდრთა 23.98%-ს შეადგენენ, კანკანაები — 2.55%-ს, ბონტოკები — 1.61%-ს, ტაგალები — 1.28%-ს, ხოლო აპლაიები — 1%-ს.[10]
ადგილობრივი მმართველობა
პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. კალინგის პროვინციის ამჟამინდელი გუბერნატორი ფერდინანდ ტუბანია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — დავე ოდიემი. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში პროვინციის წარმომადგენელი ალენ ხესე მანგაოანია.
↑List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 January 2013. ციტირების თარიღი: 2 January 2014.
↑Census of Population (2015). Highlights of the Philippine Population 2015 Census of Population. PSA. Retrieved 20 June 2016.
↑Census of Population and Housing (2010). "Cordillera Administrative Region (CAR)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. NSO. Retrieved 29 June 2016.