დედამიწის გარშემო მოგზაურობის დროს ფერნანდო მაგელანი სურსათის შესავსებად პროვინციის სამხრეთ ნაწილში, პატარა კუნძულ ჰომონჰონზე გადავიდა. წყაროების მიხედვით, დღევანდელი აღმოსავლეთ სამარის ნაწილი ფილიპინების პირველი ტერიტორია იყო, რომელიც ფერნანდო მაგელანმა და მისმა ეკიპაჟმა 1521 წლის 16 მარტს შენიშნა.[3][4][5]
1901 წლის 28 სექტემბერს ფილიპინელი პარტიზანები, რომლებსაც ვალერიანო აბანადორი და ეუგენიო დასა ხელმძღვანელობდნენ, ბალანხიგაში ამერიკელ ჯარისკაცებს ჩაუსაფრდნენ და აშშ-ის მე-9 ქვეითი ნაწილის 54 წევრი მოკლეს.[6][7][8] შემთხვევა ცნობილია როგორც ბალანგიგის კონფლიქტი (ან ბალანგიგის ინციდენტი),[9] რასაც ამერიკელთა მხრიდან სამარზე მარში მოჰყვა, რომლის დროსაც 2 000-მდე ფილიპინელი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მარში ამერიკელი ჯარისკაცების მხრიდან შურისძიებადაა აღქმული.[10]
იაპონური ხანა
1944 წელს ფილიპინელთა და ამერიკელთა გაერთიანებულმა ჯარებმა ფილიპინების კამპანიის დროს გიუანში სამხედრო ბაზა დააარსეს. 1949 წელს იმავე ქალაქში კომუნისტურ ჩინეთიდან გამოქცეული 5 000-მდე ლტოლვილი ჩავიდა და დროებით კუნძულ ტუბაბაოზე დასახლდა. 1951 წელს ისინი ავსტრალიასა და აშშ-ში გადავიდნენ.[4]
დამოუკიდებლობის პერიოდი
აღმოსავლეთი სამარი დამოუკიდებელ პროვინციად 1965 წლსი 19 ივნისს ჩამოყალიბდა, როდესაც ფილიპინების კონგრესმა 4221-ე რესპუბლიკური აქტი მიიღო, რომლის საფუძველზეც პროვინცია სამ ნაწილად გაიყო: ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ სამარად. აღმოსავლეთ სამარის დედაქალაქად ბორონგანი გამოცხადდა.[11]
2013 წელს პროვინციას ტაიფუნმა ჰაიანმა (იგივე სუპერ ტაიფუნი იოლანდა), ერთ-ერთმა უძლიერესმა ტაიფუნმა გადაუარა.[12]
გეოგრაფია
აღმოსავლეთ სამარის ფართობი 4 660.47 კმ²-ია. პროვინციას კუნძულ სამარის აღმოსავლეთი და სამხრეთ სანაპიროს დიდი ნაწილი უკავია. ჩრდილოეთიდან ჩრდილოეთი სამარი ესაზღვრება ხოლო დასავლეთიდან ― დასავლეთი სამარი. პროვინციის აღმოსავლეთით ფილიპინის ზღვა მდებარეობს, რომელიც წყნარი ოკეანის ნაწილია, ხოლო სამხრეთით ― ლეიტეს ყურე.
ფილიპინების ზღვასთან სიახლოვის გამო აღმოსავლეთ სამარს ხშირად არტყამს ტაიფუნები.[3]
ადმინისტრაციული დაყოფა
აღმოსავლეთი სამარი 22 მუნიციპალიტეტსა და ქალაქს მოიცავს. მუნიციპალიტეტები და ქალაქი ცალკე საკონგრესო რაიონსა და ორ პროვინციულ რაიონში შედის. პირველიდან წარმომადგენლობით, ხოლო მეორედან პროვინციული საბჭოს წევრებს ირჩევენ.
დემოგრაფია
2000 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 97.78%-ს (366 787) ვარაიები შადგენენ, 0.55%-ს ― კაპამპანგანები, 0.43%-ს ― ვისაიანები, 0.18%-ს ― სებუელები, ხოლო 0.17%-ს ― ტაგალები.[13]
რელიგია
პროვინციის მოსახლეობა ქრისტიანია, მეტწილად, რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები. კათოლიკური რწმენა გავლენას ახდენს პროვინციის განათლებაზე, პოლიტიკასა და სოციალურ მოვლენებზე. სხვა ქრისტიანული კონფესიების მიმდევრებს შორის არიან: ევანგელისტები, ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესიის მიმდევრები, იეჰოვას მოწმეები, ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები. პროვინციის ტერიტორიაზე ცხოვრობენ მუსლიმებიც.
ეკონომიკა
პროვინციის კომერციული აქტივობები დედაქალაქ ბორონგანის ირგვლივაა კონცენტრირებული, ხოლო ტურისტული აქტივობები ― ქალაქ გიუანსა, კუნძულ კალიკოანსა და ისტორიულ კუნძულ ჰომონჰონზე. ტურიზმი ნაკლებადაა განვითარებული პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში. აღმოსავლეთ სამარის მთავარი ეკონომიკური საქმიანობა თევზჭერა და სოფლის მეურნეობაა, რომელიც ქოქოსის, სართავი ბანანის, ბრინჯის, სიმინდის, შაქრისა და ბოსტნეულის წარმოებას მოიცავს.