თავდაპირველად რიგი ტერიტორიები შეიქმნა როგორც მუნიციპალური რაიონები და შემდეგში გარდაიქმნა მუნიციპალიტეტებად. მუნიციპალური რაიონი ამჟამად ადგილობრივი მმართველობის გაუქმებული ერთეულია.
ისტორია
მუნიციპალიტეტების შექმნის ხანა ფილიპინებში ესპანელთა მმართველობისას დაიწყო, როდესაც კოლონიურმა მთავრობამ ესპანეთის ქალაქებისა და სოფლების მსგავსად არქიპელაგზე ასეულობით ქალაქი და სოფელი დააარსა. ისინი ქალაქის ცენტრთან ერთად ჯგუფდებოდა, რომელსაც კაბესერა ან პობლასიონი ერქვა. პობლასიონი ყოველი მუნიციპალიტეტისთვის ბირთვის ფუნქციას ასრულებდა. მუნიციპალიტეტების სტატუსი მხოლოდ იმ დასახლებებს ენიჭებოდა, რომლებიც მთლიანად იყვნენ მოქცეული კათოლიციზმზე,[2] სხვა დასახლებები კი, მუნიციპალიტეტებში გაერთიანებისთვის ნებართვას უნდა დალოდებოდნენ.[3] დროთა განმავლობაში მუნიციპალიტეტები უკვე არსებული მუნიციპალიტეტებიდანაც შეიქმნა და მათი ფართობებიც შემცირდა.[4] ყოველ მუნიციპალიტეტს კაპიტანი მართავდა, რომელიც ჩვეულებრივ ქალაქის დიდგვაროვნების ფენიდან იყო და შემოსავლების მანილას ცენტრალური მთავრობისთვის გაგზავნა ევალებოდა.[5] დღეისთვის ფილიპინებში „მუნიციპალიტეტსა“ და „ქალაქს“ (town) ერთნაირი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ესპანური პუებლოს (პუებლოესპანურად ქალაქს ნიშნავს) სისტემის ფარგლებში დროთა განმავლობაში ქალაქებმა მუნიციპალიტეტების სტატუსი მიიღეს.[6][7]
ამერიკული მმართველობის პერიოდში ესპანელთა მიერ შემოღებული მუნიციპალური სისტემა შენარჩუნდა.[8] მუნიციპალური რაიონები, რომელთაც ადგილობრივი ტომების მეთაურები ხელმძღვანელობდნენ, ამერიკელებმა პირველად 1914 წელს შექმნეს.[9] ამავე პერიოდში უფრო მეტი მუნიციპალიტეტი შეიქმნა, განსაკუთრებით, მინდანაოში, სადაც ლუსონიდან და ვისაიასიდან უამრავი ფილიპინელი გადასახლდა.[10]1946 წელს ფილიპინების დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა მუნიციპალური რაიონი გაუქმდა და მუნიციპალიტეტებს შეუერთდა.[11] 1991 წელს მიღებული ადგილობრივი მმართველობის კანონით, ახალი მუნიციპალიტეტების შექმნის პრინციპები საბოლოოდ დადგინდა.[12]
პასუხისმგებლობა და ძალაუფლება
1991 წელს მიღებული ადგილობრივი მმართველობის კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს ფილიპინების რესპუბლიკის ეროვნული მთავრობისგან გარკვეული ავტონომია აქვთ მინიჭებული. მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების, კანონების მიღების, გატარებისა და ზედამხედველობის ფუნქციები აქვთ. ადგილობრივი არჩეული და დანიშნული მოხელეები როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული კანონების განხორციელებას უზრუნველყოფენ. ადგილობრივი მმართველობის მიერ გატარებული პოლიტიკის ეროვნულ კანონებთან შესაბამისობაზე მეთვალყურეობა ეროვნულ მთავრობას ევალება.[13] ადგილობრივი მმართველობის ერთეულებს საკუთარი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ჰყავთ. ადგილობრივი მმართელობის ერთეულებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტებს, საკუთარი იურიდიული შტო არ აქვთ.
ორგანიზაცია
№7160 რესპუბლიკური აქტის მეორე თავის მეორე ნაწილის მესამე წიგნისა და 1991 წლის ადგილობრივი მმართველობის კანონის თანახმად,[13] მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს მერი (alkalde), ვიცე-მერი (ikalawang alkalde / bise alkalde) და საკანონმდებლო საბჭოს (Sangguniang Bayan) წევრები (kagawad).
ფილიპინების მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში მოვალეობებეს ასრულებენ: მუნიციპალური რისკების შემცირებისა და მენეჯმენტის ოფიცერი, სამოქალაქო რეგისტრატორი, ჯანდაცვის ოფიცერი, ინჟინერი, დაგეგმარებისა და განვითარების კოორდინატორი, ბიუჯეტის ოფიცერი, ბუღალტერი და სხვ. საჭიროებების მიხედვით, მუნიციპალურ მერს შემდეგი პოზიციების შექმნა შეუძლია: ადმინისტრატორის, აგროკულტურისტის, არქიტექტორის, საინფორმაციო ოფიცრის, ტურიზმის ოფიცრის, გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების მუნიციპალური ოფიცრის, სოციალური კეთილდღეობისა და განვითარების მუნიციპალური ოფიცრისა და სხვ.
მოვალეობები და ფუნქციები
№7160 რესპუბლიკური აქტის მესამე წიგნის მეორე ნაწილის მიხედვით, მუნიციპალური მერი მუნიციპალური მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივ პოლიტიკასა და განვითარების გეგმას განსაზღვრავს. მუნიციპალური მერის პასუხისმგებლობებს მუნიციპალური საბჭო ამტკიცებს.
მუნიციპალური გადასახადები ვიცე-მერის (bise-alkalde) კომპეტენციაში შედის. გარდა ამისა, ვიცე-მერს მუნიციპალური საბჭოს წევრების დანიშვნაც შეუძლია, გარდა რეგულარული წევრებისა, რომლებსაც ადგილობრივ არჩევნებში ირჩევენ. მერის თანამდებობის ვაკანტური ადგილის გაჩენისას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლება-მოვალეობები ვიცე-მერის ხელში გადადის.
კლასიფიკაცია
შემოსავლების მიხედვით მუნიციპალიტეტების კლასიფიკაციისას ექვსი კლასი გამოიყოფა. მუნიციპალიტეტებს გასული ოთხი კალენდარული წლის საშუალო შემოსავალის მიხედვით აჯგუფებენ.[14][15]
„DEPARTMENT OF FINANCE ORDER No.23–08“(PDF). NSCB. 29 July 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან(PDF) — 13 November 2010. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2021. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
↑Constantino, Renato; Constantino, Letizia R. (1975) „Chapter V - The Colonial Landscape“, The Philippines: A Past Revisited (Vol. I), Sixteenth Printing (January 1998), Manila, Philippines: Renato Constantino, გვ. 60–61. ISBN971-895-800-2.