ბანგსამორო, ოფიციალურად ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში (არაბ.منطقة بانجسامورو ذاتية الحكمMunṭiqah banjisāmūrū dhātiyyah al-ḥukm) — ავტონომიური რეგიონი სამხრეთ ფილიპინებში.
ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში შეიქმნა მუსლიმური მინდანაოს ავტონომიური რეგიონის ძირითადი კანონის, ბანგსამოროს ორგანული კანონის შესაბამისად, 2019 წლის 21 იანვარსა და 6 თებერვალს ჩატარებული ბანგსამოროს ავტონომიის პლებისციტის საფუძველზე. რატიფიკაცია რამდენიმე დღის შემდეგ, 25 იანვარს საარჩევნო კომისიამ მოახდინა.
ბანგსამოროს დაარსება ფილიპინების მთავრობასა და ავტონომიურ ჯგუფებს შორის რამდენიმე წლიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგი იყო. ავტონომიურ ჯგუფთაგან განსაკუთრებით მოროს ისლამური განთავისუფლების ფრონტი აქტიურობდა, რომელიც მუსლიმური მინდანაოს ავტონომიური რეგიონის ვალიდურობას უარყოფდა და ისეთი რეგიონის შექმნას მოითხოვდა, რომელსაც ეროვნული ხელისუფლებისგან უფრო მეტი ძალაუფლება ექნებოდა. ჩარჩო შეთანხმება, რომელიც ცნობილია როგორც სრული შეთანხმება ბანგსამოროს შესახებ, ბენინიო აკინოს მთავრობასა და მოროს ისლამური განთავისუფლების ფრონტს შორის 2014 წელს დაიდო. მოლაპარაკებებისა და დებატების შემდეგ ფილიპინების კონგრესმა შეიმუშავა ძირითადი კანონი, რომელსაც ამჟამად ბანგსამოროს ორგანულ კანონს უწოდებენ. 2018 წლის 26 ივლისს კანონსპროექტს პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ მოაწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა, რადგანაც საპრეზიდენტო სისტემის მქონე ფილიპინებში ბანგსამოროს საპარლამენტო სისტემა ექნებოდა, ორგანული კანონის საწინააღმდეგოს იურიდიული ზომები არ მიუღიათ და შედეგად საარჩევნო კომისიამ ორნაწილიანი პლებისციტი გამართა: პირველი პლებისციტის დროს მუსლიმური მინდანაოს ავტონომიური რეგიონის მოქალაქეებს უნდა გადაეწყვიტათ, რომ რეგიონი გაუქმებულიყო და მაშინვე შეცვლილიყო ბანგსამოროთი, [3][4][5] ხოლო მეორე პლებისციტით ლანაო-დელ-ნორტისა და კოტაბატოს პროვინციების მუნიციპალიტეტებსა და ბარანგაიებში უნდა ჩატარებულიყო ბანგსამოროს რეგიონთან მიერთების საკითხზე. [6][7][8][9] პლებისციტის მეორე ნაწილის მიხედვით, კოტაბატოს პროვინციის 63-მა ბარანგაიმ ავტონომიურ რეგიონთან მიერთებას დაუჭირა მხარი.[10][6]
ბანგსამორო ფილიპინების ერთადერთი ავტონომიური რეგიონია, სადაც მუსლიმი უმრავლესობაა.[11] ბანგსამოროს რეგიონი ფილიპინების საკონსტიტუციო რეფორმასა და ფედერალიზმთან დაკავშირებული უფრო ფართო დებატების სატესტო საფუძვლად მიიჩნევა.
ეტიმოლოგია
ტერმინი ბანგსამორო ძველი მალაიური სიტყვებიდან ბანგსა (რასა, ერი) და მორო (ფილიპინებში მუსლიმური ეთნიკური ჯგუფების კოლექტიური სახელწოდება, მომდინარეობს ესპანური მავრებიდან) მომდინარეობს და „მოროს ერს“ ნიშნავს.
ისტორია
ადრეული ისტორია
ფილიპინების ისტორიის მანძილზე რეგიონი და მეტწილად მინდანაო დამოუკიდებელ ტერიტორიას წარმოადგენდა, რომელმაც საკუთარი კულტურა და იდენტობა განავითარა. უკიდურესი დასავლეთი და დასავლეთ-ცენტრალური რეგიონი XV საუკუნიდან ფილიპინელ მუსლიმთა საცხოვრებელი ტერიტორია იყო, სანამ 1565 წელს კუნძულზე ესპანელთა ჩამოსვლის შემდეგ დამპყრობლები ფილიპინების კოლონიზებას დაიწყებდნენ. მინდანაოს უდიდესი ნაწილი ლუმადების ჯგუფებით იყო დასახლებული, რომლებიც არც ქრისტიანები და არც მუსლიმები იყვნენ.
მუსლიმი მისიონერები ტავი-ტავიზე 1380 წელს ჩავიდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის ისლამზე მოქცევა დაიწყეს. 1457 წელს სულუს სასულთნო დაარსდა, ხოლო მცირე ხნის შემდეგ მაგინდანაოსა და ბუაიენის სასულთნოები. ტერიტორიის ისლამიზაციის გამო ლუმადების თემების დიდმა ნაწილმა საცხოვრებელი ადგილები შეიცვალა. ესპანელთა მმართველობის პერიოდში სასულთნოებმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს და რეგულარულად ეწინააღმდეგებოდნენ ესპანელთა დომინირებას ჩრდილოეთში ზღვისპირა ქალაქებზე თარეშითა და მათ ტერიტორიაზე შეჭრისგან ესპანელთა შეკავებით. სასულთნოების დამოუკიდებლობა XIX საუკუნის ბოლო მეოთხედამდე გაგრძელდა, სანამ სულუს სასულთნომ ესპანელთა სიუზერენობა არ აღიარა, თუმცა ტერიტორიებზე ესპანელთა სუვერენიტეტი მხოლოდ ზამბოანგასა და კოტაბატოში სამხედრო სადგურებითა და გარნიზონებით შემოიფარგლებოდა.[12]
ადმინისტრაციული დაყოფა
ბანგსამორო შედგება 3 შემადგენელი ქალაქის, 116 მუნიციპალიტეტისა და 2590 ბარანგაისგან. ქალაქი ისაბელაბასილანის შემადგენლობაში შედის, იგი ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული იურისდიქციის ქვეშ არაა მოქცეული. სამაგიეროდ, ჩრდილოეთ კოტაბატოს 63 ბარანგაი ბანგსამოროს შემადგენლობაშია, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კოტაბატოს და სხვა მუნიციპალიტეტები ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული იურისდიქციის ქვეშ არაა.[13]
კულტურული მემკვიდრეობა
ბანგსამოროს რეგიონის მოსახლეობას მუსლიმები, ქრისტიანები და ლუმადები შეადგენენ, რომელთა შორისაც ფართოდაა გავრცელებული კულინტანგის მუსიკა, გონგის თანხლებით შესრულებული სპეციფიკური მუსიკა, რომელიც სამხრეთ ფილიპინებში როგორც მუსლიმ, ისე არამუსლიმ მოსახლეობაშია გავრცელებული. ბანგსამოროს თითოეულ ეთნიკურ ჯგუფს ინდივიდუალური არქიტექტურა, არამატერიალური კულტურა და სახვითი ხელოვნება აქვს. რეგიონში განსხვავებული არქიტექტურული სტილის გამორჩეული ნიმუშია სამეფო სულუს არქიტექტურა, რომელიც მაიმბუნგში დარუ ჯამბანგანის (ყვავილების სასახლე) ასაგებად გამოიყენეს. 1932 წლსი ტაიფუნის დროს სასახლე ძლიერ დაზიანდა და აღარ აღდგენილა, რის შემდეგაც ამერიკული მმართველობის პერიოდშივე (1901-1935) დაანგრიეს.[14][15] ყვავილების სასახლე ფილიპინების უდიდესი სასახლე უნდა ყოფილიყო. 1033 წლიდან ქალაქ მაიმბუნგის რესტავრაცია დაიწყო. 2010-იან წლებში ქალაქის მახლობლად სასახლის მცირე ასლი დადგეს. 2013 წელს მაიმბუნგი ყოფილი სულუს სასულთნოს სამეფო დედაქალაქად გამოაცხადეს.[16][17]
ლანონგის, ირანუნისა და ბანგუინგუის ხალხთა საბრძოლო ხომალდის XIX საუკუნით დათარიღებული ილუსტრაცია
ბუნებრივი მემკვიდრეობა
რეგიონი სახმელეთო და საზღვაო ლანდშაფტების სიუხვით გამოირჩევა. გამორჩეულია ლიგუასანის მარშები და ლანაოს ტბა, ერთ-ერთი უძველესი ტბა მსოფლიოში. სულუს არქიპელაგის რეგიონი მოიცავს კუების კუნძულების ველური ბუნების თავშესაფარს, ბონგაოს მთასა და ბასილანის წვიმის ტყეებს.
↑Kapahi, Anushka D.; Tañada, Gabrielle (2018). „The Bangsamoro Identity Struggle and the Bangsamoro Basic Law as the Path to Peace“. Counter Terrorist Trends and Analyses. 10 (7): 1–7. JSTOR26458484.