კალაიაანი სპრატლის კუნძულების შემადგენლობაში შედის. მდებარეობს დასავლეთ ფილიპინების ზღვაში, პუერტო-პრინსესადან 280 საზღვაო მილით ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან ― 932 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. მუნიციპალიტეტი მხოლოდ ერთ ბარანგაის მოიცავს, პანგ-ასას კუნძულზე, რომელიც მუნიციპალური ცენტრის ფუნქციასაც ასრულებს. კალაიაანი ფილიპინების ყველაზე ნაკლებად დასახლებული მუნიციპალიტეტია. მუნიციპალიტეტის საშუალო წლიური შემოსავალი 47 მილიონი ფილიპინური პესოა (დაახლოებით 1.1 მილიონი აშშ დოლარი).[2]
კალაიაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს დასაფრენი ზოლი, საზღვაო პორტი, საავადმყოფო, პოლიციის სადგური, საზღვაო დაცვის სადგური, საზღვაო კვლევის ცენტრი და დაწყებითი სკოლა.[3]
წარსულში სამხედრო კუნძულზე, პანგ-ასაზე, 2002 წლიდან სამოქალაქო დასახლება შეიქმნა.[3][4]
ისტორია
წყაროების თანახმად, სხვადასხვა დროს სპრატლის კუნძულები ჩინელი და ვიეტნამელი მეთევზეებით იყო დასახლებული. 1888 წელს სპრატლის კუნძულებსა და ამბოაიანის კუნძულზე გუანოს მოპოვების უფლება ცენტრალური ბორნეოს კომპანიამ მიიღო.[5]მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულები ფრანგული ინდოჩინეთისა და იაპონიის სამხედრო ძალებმა დაიკავეს.[6][7][8]1956 წლამდე კუნძულებზე მუდმივი მოსახლეობა არ სახლობდა, სანამ ფილიპინელმა თავგადასავლების მაძიებელმა, ტომას კლომა უფროსმა სპრატლის კუნძულების ნაწილი თავის საკუთრებად არ გამოაცხადა და „თავისუფლების მიწის თავისუფალი ტერიტორია“ უწოდა.[9]
1947 წელს ტომას კლომამ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაუსახლებელი კუნძულები „აღმოაჩინა.“[10]1956 წლის 31 მაისს კლომამ თავისუფალი მიწის თავისუფალი ტერიტორია დააარსა. ათი დღის შემდეგ ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ მის მიერ ათვისებულ ტერიტორიას „თავისუფალი მიწა“ ეწოდებოდა.[11] კლომამ დედაქალაქად კუნძული პატაგი (ბრტყელი კუნძული) გამოაცხადა. კლომას მიერ ტერიტორიების დაქვემდებარებაზე განცხადებას მეზობელი ქვეყნებიდან მწვავე რეაქცია მოყვა, განსაკუთრებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან. 1974 წელს კლომამ კუნძულებზე უფლებები 1 პესოდ გაყიდა, როდესაც ფერდინანდ მარკოსმა დააპატიმრა.[12]
სპრატლის კუნძულებზე პრეტენზია, მთლიანად ან ნაწილობრივ, ფილიპინებს, ტაივანს, ჩინეთს, ვიეტნამსა და მალაიზიას აქვთ. ფილიპინების სუვერენიტეტის ქვეშ 10 მცირე კუნძული და რიფია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამჟამად შვიდ რიფს იკავებს.
1978 წლის 11 ივნისს ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა ხელი მოაწერა №1596 საპრეზიდენტო დეკრეტს, რომლის საფუძველზეც კალაიაანის მუნიციპალიტეტი შეიქმნა.[13] №9522 რესპუბლიკური აქტის მიხედვით, კალაიაანის კუნძულზე სუვერენიტეტს ფილიპინები ფლობს.[14]
გეოგრაფია
კალაიაანის მუნიციპალიტეტი პალავანის პროვინციის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მუნიციპალიტეტი მხოლოდ ერთ ბარანგაის, პანგ-ასას მოიცავს. ამჟამად მუნიციპალიტეტის იურისდიქციის ქვეშ 8 პატარა კუნძული და სამი რიფია. მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 79 ჰექტარია (0.79 კმ²).
კუნძულების უმრავლესობა ბრტყელი ტოპოგრაფიით ხასიათდება. მუნიციპალიტეტის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
წყარო: Meteoblue (modeled/calculated data, not measured locally)[15]
დემოგრაფია
2020 წლის აღწერით, კალაიაანის მოსახლეობა 193 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებლი 0.67 ადამიანი 1 კმ²-ზე.
პოლიტიკა
კალაიაანის პირველი არჩევნები 1980 წლის 30 იანვარს ჩატარდა. მუნიციპალიტეტის პირველ მერად ალონერ მ. ერალდო აირჩიეს. 1988 წლის 18 იანვარს მუნიციპალიტეტის დემილიტარიზაცია მოხდა. პირველი თავისუფალი არჩევნები 1992 წლის 11 მაისს ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს მუნიციპალური საბჭო (Sangguniang Bayan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს, რომელიც მერის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის კალაიაანის მუნიციპალიტეტის მერი რობერტო მ. დელ მუნდოა, ხოლო ვიცე-მერი ― ერმოსო ა. ორნოპიაა. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ფრანც იოზეფ ჯორჯ ე. ალვარესი.