ზედა ბახვი (შუა ბახვი) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბახვის თემის ცენტრი (სოფლები: ზედა ბახვი, ქვედა ბახვი, მშვიდობაური, ოქროსქედი). მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 150 მ. ოზურგეთიდან 10 კმ. სოფელში არის ჩხავერის მეურნეობა. სოფლის ცენტრში დგას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, მოქმედებს ბიბლიოთეკა, საჯარო სკოლა.[2]
ისტორია
სოფლის ცენტრში იდგა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია. ტაძარი ნაშენი იყო თლილი ქვით, ჰქონდა ოთხქიმიანი ჯვრის ფორმა და გუმბათი. გუმბათი სიმეტრიული იყო, არც მაღალი, არც დაბალი, კორპუსისა და გუმბათის კარ-ფანჯრების საპირეები მოჩარჩოებული იყო საგულდაგულოდ მოპირკთებული სვეტებით. სამრეკლო აშენებული იყო სახურაზვე, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავები კორპუსთან შედარებით ვიწრო იყო. ტაძარში ინახებოდა პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მანამდე პალიასტომის ტბის სიახლოვეს მდგარ გაპარტახებულ ეკლესიას ეკუთვნოდა. ეკლესიას ჰქონდა სამშენებლო წარწერა სამხრეთ შესასვლელის ზემოთ. წარწერა იუწყებოდა, რომ ტაძარი აშენდა 1867 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის დაფინანსებით ლევან და მოსე ბერეკაშვილების მიერ. გაბრიელს ტაძრის მშენებლობა 8000 მანეთი დაუჯდა.[3]
1874 წელს სოფელში აგრეთვე ეპისკოპოს გაბრიელის შემწეობით გაიხსნა სკოლა, რომელსაც 1875 წელს უკვე დიდი სახელი ჰქონდა გავარდნილი.[4]
1920-იან წლებში ნატალია ქიქოძის ხელმძღვანელობით დაანგრიეს სოფლის ეკლესია და მის ადგილას მოეწყო საფეხბურთო მოედანი. 1934 წელს აშენდა სკოლის ახალი შენობა. 1937 წელს აშენდა მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე იყო 67 კვტ/სთ. 1945 წელს რეკონსტრუქციის შედეგად მისი სიმძლავრე 100 კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ჰესი ზედა ბახვის გარდა ელექტროენერგიით ამარაგებდა ქევდა ბახვს, ასკანას, მშვიდობაურს, ფამფალეთს.[5] 1981 წელს სოფლის ცენტრში გაიხსნა ბახვის მანიფესტის მემორიალი. მემორიალი წარმოადგენდა გურული გლეხის კარ-მიდამოს, რომელშიც გურიის რევოლუციური მოძრაობის ისტორიის მუზეუმი მოეწყო.
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[6] |
1947 |
|
|
1911[7] |
1514 |
|
|
2002 |
1197 |
|
|
2014 |
839 |
419 |
420
|
ლიტერატურა
სქოლიო