ლუი XIV დე ბურბონი (ფრანგ.Louis XIV de Bourbon; დ. 5 სექტემბერი, 1638, პარიზი, საფრანგეთი — გ. 1 სექტემბერი, 1715, ვერსალი, საფრანგეთი), აგრეთვე ცნობილი როგორც ლუი დიდი, ან მეფე მზე — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ანა ავსტრიელის უფროსი ვაჟი. იყო საფრანგეთის მეფე 1643 წლიდან 1715 წლამდე, ანუ მანამ სანამ არ გარდაიცვალა. მისი მეფობა მამის გარდაცვალებით, 1643 წლის 14 მაისს დაიწყო ოთხი წლის ასაკში და 1715 წლის 1 სექტემბერს დასრულდა. იგი ქვეყანას 72 წლისა და 110 დღის მანძილზე მართავდა, რაც საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი მმართველობაა. ზრუნავდა ქვეყნის ცენტრალიზაციაზე, რასაც შემდგომში აბსოლუტიზმის დამყარება მოჰყვა. ლუი მსოფლიო ისტორიაში აბსოლუტიზმის სიმბოლოდაა ცნობილი.
1661 წელს გარდაიცვალა კარდინალი მაზარინი. 22 წლის ლუი XIV-ის შესახებ საფრანგეთში ძალზე ცოტა რამ იცოდნენ, რადგან კარდინალი მაზარინის დროს ის არ ჩანდა. ფრანგები უკვე მიჩვეულნი იყვნენ იმ აზრს, რომ მათ სამშობლოს მეფე კი არა, პრემიერ-მინისტრი მართავდა. ამდენად ყველას აინტერესებდა თუ ვის დანიშნავდა ლუი XIV პრემიერ-მინისტრად. ყველასათვის მოულოდნელად მეფემ განაცხადა „მე არ მჭირდება პრემიერ-მინისტრი, მე თვითონ ვიქნები საკუთარი თავის პრემიერ-მინისტრი.“ ლუი XIV-ს არ უყვარდა პარიზი. ის მას აგონებდა 1648-1649 წლების აჯანყებას. ამიტომ პარიზიდან 17 კილომეტრის მოშორებით ააგო სასახლეების და ბაღების ქალაქი ვერსალი, საიდანაც მართავდა ქვეყანას. მან დაიმორჩილა მეამბოხე ფეოდალები, რითაც საფრანგეთი მეტად ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ აქცია. მისმა დამყარებულმა აბსოლუტურმა რეჟიმმა საფრანგეთის რევოლუციამდე გასტანა.
ლუიმ თავისი დროის ყველა მნიშვნელოვანი ფრანგი პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული ფიგურა შემოიკრიბა თავის გარშემო. მისი მმართველობის დროს გაუქმდა 1598 წელს შემოღებული ნანტის ედიქტი, რის მიხედვითაც ჰუგენოტების დევნა წყდებოდა, თუმცა ლუიმ ამის გაუქმებით მათი დევნა კვლავ განაახლა და საბოლოოდ აღმოფხვრა საფრანგეთში პროტესტანტული მოძრაობა.
ლუის მმართველობის პერიოდში საფრანგეთი ევროპის წამყვანი და უძლიერესი სახელმწიფო გახდა. მისი მეფობისას მიმდინარეობდა სამი ძირითადი ომი: ფრანკო-ჰოლანდიური ომი, აუსბურგის ლიგის ომი და ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის. ასევე მისი მეფობისას მიმდინარეობდა ორი ნაკლებად ცნობილი კონფლიქტი, როგორებიცაა დევოლუციური ომი და ომი რეუნიუნისთვის. მისმა საგარეო პოლტიკამ თითქმის მთლიანად განსაზღვრა მისი პიროვნება და პირადი ცხოვრება. მან უდიდესი მიწები წაართვა ესპანელებსა და გერმანელებს, რომლის შესაჩერებლადაც 1660 წელს ცოლად შეირთო მარია ტერეზა ესპანელი. ამ პერიოდში საფრანგეთი საგრძნობლად გაფართოვდა და ფაქტობრივად თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიებზე გადაიჭიმა. ფრანგულმა ენამ საერთაშორისო ენის მდგომარეობა მოიპოვა, რაც ნათელყოფდა საფრანგეთის ადგილს საერთაშორისო ურთიერთობებში. გარეშე მტრებთან ბრძოლებში მისი ყველაზე დიდი წარმატება ესპანური მემკვიდრეობისათვის ომში გამარჯვება და ესპანეთის ტახტზე მისი შვილიშვილის, ფილიპე V-ის აყვანა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1715 წელს ტახტზე მისი შვილთაშვილი ლუი XV ავიდა.
ადრეული წლები
ლუი დაიბადა 1638 წლის 5 სექტემბერს სენ-ჟერმენ-ან-ლაის სასახლეში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. იგი იყო საფარნგეთის მეფე ლუი XIII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ანა ავსტრიელის პირველი შვილი. როგორც მეფის უფროსი ვაჟი, იგი ტახტის მემკვიდრედ, ანუ საფრანგეთის დოფინად გამოცხადდა. იგი დაიბადა მისი მშობლების ქორწინებიდან 23 წლის შემდეგ (1615 წელს დაქორწინდნენ). დედოფალმა ანამ 1619-დან 1631 წლამდე ოთხჯერ იმშობიარა, თუმცა ოთხივეჯერ მკვდარი ბავშვი დაბადა. ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ ჯანმრთელი ვაჟის დაბადება კი ლუიმ და ანამ ღვთიურ წყალობად მიიჩნიეს.
მეორე ვაჟის, პრინცი ფილიპეს დაბადებიდან მალევე ლუი XIII-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა, 1643 წლის 14 მაისს კი ლუი XIII გარდაიცვალა. სულ რაღაც ოთხი წლის ლუი XIV უკვე საფრანგეთის მეფე გახდა, მის სრულწლოვანებამდე კი რეგენტად დედა-დედოფალი ანა ავსტრიელი დაინიშნა. თავიდან ანას პოლიტიკაზე მაინც და მაინც დიდი გავლენა არ ჰქონდა, რის გამოც ქვეყანას უმაღლესი დიდგვაროვნებისაგან შედგენილი სამეფო საბჭო მართავდა.
ლუი და დედამისი, დედოფალი ანა ავსტრიელი ერთად საკმაოდ დიდ დროს ატარებდნენ. მემატიანეებისა და თვითმხილველთა ჩანაწერებით ვიგებთ, რომ დედა-შვილი ძალიან დიდ დროს ატარებდა ერთად. ისინი ერთად დადიოდნენ გამოფენებზე, თეატრებში, ოპერასა და ბალეტებზე. ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ლუის სწორედ ამ პერიოდში დედის ზემოქმედების დროს ჩამოუყალიბდა თავისი გემოვნება და უდიდესი სიყვარული ხელოვნებისადმი.
სწორედ დედამისის, დედა-დედოფალ ანა ავსტრიელის დამსახურება იყო, რომ ლუის ასეთი დიდი მიდრეკილება ჰქონდა ერთპიროვნული და აბსოლუტური მმართველობისადმი. ანა მას ყოველთვის ჩააგონებდა, რომ იგი ღვთის ნებითა და ხელით დასმული მონარქი იყო და ქვეყნის მართვაც მხოლოდ მისი საქმე იყო.
ბავშვობაში ლუის აღზრდაზე ზრუნავდნენ ფრანსუაზ დე ლანსაკი და მარი კატრინ დე სენეკი. 1646 წლიდან იგი ქალებს ჩამოაშორეს და ნიკოლა დე ნეფვილს, ვილრუას ჰერცოგს მიაბარეს აღსაზრდელად. ლუი XIV ნიკოლას ვაჟებს ძალიან დაუახლოვდათ, განსაკუთრებით კი ფრანსუა დე ვილრუას, რომელიც შემდგომში პატარა მეფის ბრძანებით სამეფო კარზე გადაიყვანეს საცხოვრებლად.
მცირეწლოვანება და ფრონდა
გამეფება და ანა ავსტრიელის რეგენტობა
1643 წლის 14 მაისს ლუი XIII-ის გარდაცვალებით მეფე ლუი XIV, რეგენტი კი დედა-დედოფალი ანა ავსტრიელი გახდა, რომელმაც ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე სასულიერო წოდებისა და მეამბოხე დიდგვაროვნებისაგან შედგენილი პარიზის პარლამენტი გააუქმა. ამ ქმედებით ანამ თავიდან მოიშორა უსარგებლო ადამიანები და საფრანგეთის ერთპიროვნული მმართველი თავად გახდა თავისივე ვაჟის სახელით. მან დაითხოვა რამდენიმე თავისი ქმრის მინისტრი, აგრეთვე ჰერცოგი დე ბრიენი საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო სენ ვინსენტ დე პოლი თავის სულიერ მრჩეველად დანიშნა. სულიერი მრჩევლის ზემოქმედებით ანამ საფრანგეთში მეტად მკაცრი პრო-კათოლიკური პოლიტიკის გატარება დაიწყო.
ანა ქვეყანაში უმკაცრეს რელიგიურ პოლიტიკას რეგენტობის დაკარგვის შემდეგ კიდევ მრავალი წელი, 1661 წლამდე განაგრძობდა. მისი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო კარდინალ მაზარინის საფრანგეთის პირველ მინისტრად დანიშვნა, რომელზეც დადიოდა ჭორები, რომ მაზარინი და ანა მალულად დაქორწინდნენ. ანას სურდა, რომ როდესაც მისი ვაჟი უკვე სრულწლოვანი იქნებოდა, მისთვის აბსოლუტიზმის მწვერვალში მყოფი სახელმწიფო დაეხვედრებინა. ანას მიერ მაზარინის პირველ მინისტრად დანიშვნა თავდაპირველად მასთან არსებული უდიდესი სულიერი ურთიერთობით იყო გამოწვეული, რაც უკვე 1653 წლიდან ფიზიკურშიც გადაიზარდა. მაზარინმა მალევე დიდი გავლენა მოიპოვა სამეფოში, რის წინააღმდეგაც ბეფორტის ჰერცოგი და მარი დე როანი შეთქმულებასაც კი გეგმავდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ანას მმართველობის ყველაზე თვალსაჩინო მონაკვეთია საფრანგეთის პოლიტიკური კურსის აბსოლუტური შეცვლა და ესპანეთთან და ჰაბსბურგებთან ურთიერთობების დათბობა. თავად ანა სწორედ ხომ ესპანეთის მეფის ასული და ჰაბსბურგთა დინასტიის უერთგულესი წარმომადგენელი იყო, რის გამოც იგი 1637 წელს დიდ შარშიც გაეხვა, როდესაც ესპანელებს ფრანგების სამხედრო და პოლიტიკურ საიდუმლოებებს ატყობინებდათ. მსგავსი არაერთი შემთხვევის გამო ანა ლუი XIII-ის მმართველობისას რამდენიმე წელი ფაქტობრივად შინა პატიმრობაში იყო და გამუდმებით ჩხრეკდნენ მას. მას შემდეგ რაც მან ვაჟები გააჩინა მეფეს გული მოულბა და ყველაფერი აპატია, თუმცა იგი მაინც ყოველთვის ესპანური ინტერესების მატარებელი იყო. მართალია ყოველთვის ესპანეთზე ზრუნავდა, თუმცა ამავდროულად საფრანგეთის ინტერესების დაცვაზეც ფიქრობდა. მას უბრალოდ სურდა, რომ ამ ორ უდიდეს კათოლიკურ სახელმწიფოს მშვიდობიანად ეცხოვრა ერთმანეთთან, რაც არაფრით არ ხერხდებოდა.
დედოფლის მმართველობისას ასევე საფრანგეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკაში მკვეთრად გამოიკვეთა კათოლიკური შტრიხები. აქ იგულისხმება ოცდაათწლიანი ომის დასრულებამდე საფრანგეთის პროტესტანტ მოკავშირე ჰოლანდიასთან კავშირის გაწყვეტა, რომელიც 1648 წელს აღსდგა, მას შემდეგ რაც თავად ესპანეთი დაუზავდა ჰოლანდიელებს.
1648 წელს ანა ავსტრიელმა და კარდინალმა ამაზარინმა საკმაო წარმატებით აწარმოეს მოლაპარაკებები გერმანელებთან, რითაც საბოლოოდ მოხდა ვესტფალიის ზავის დადება და ოცდაათწლიანი ომის დასრულება. მათი მოლაპარაკებების მიხედვით საფრანგეთი იღებდა ლოთარინგიის დიდ ნაწილსა და ელზასს, ასევე ჰოლანდიასა და ესპანეთს შორის პრობლემები გადაიჭრა, ზოგიერთ გერმანულ მხარეს მიენიჭა ავტონომია და ბალტიის ზღვის მიმდებარედ შვედეთს გადაეცა რამდენიმე გერმანული სამთავრო. მიუხედავად ამისა, ამ ზავიდან ყველაზე მეტად სწორედ საფრანგეთმა ისარგებლა. ავსტრიას, რომელსაც ასევე ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი იმპერატორი ფერდინანდ III მართავდა (რომელსაც ცოლად ანას უმცროსი და ჰყავდა), ანა მოელაპარაკა სადავო ელზასის მიწებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც სამხრეთ ელზასში ორმეფობა დამყარდა. მიუხედავად ამისა, ავსტრიელი ჰაბსბურგების წინააღმდეგ რამდენიმე გერმანულმა სამთავრომ რაინის ლიგა ჩამოაყალიბა და დახმარება საფრანგეთს სთხოვა 1658 წელს, რაც საღვთო რომის იმპერიაში ჰაბსბურგთა გავლენების შესამცირებისაკენ იყო მიმართული.
ადრეული აქტები
მას შემდეგ, რაც ოცდაათწლიანი ომი დასრულდა, საფრანგეთში ფრონდას სახელით ცნობილი სამოქალაქო ომი დაიწყო. ამ ომის წამომწყებნი, მეტად შევიწროვებული და ამავდროულად თარეშს მიჩვეული ფრანგი დიდგვაროვნები იყვნენ. ანა და მაზარინი, მეტწილად რიშელიეს პოლიტიკას აგრძელებდნენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აბსოლუტური ძალაუფლება მხოლოდ მონარქს აქვს და დანარჩენებს არანაირი ძალაუფლება არ გააჩნიათ. თავად ანა გაცილებით უფრო მკაცრი იყო შიდა პოლიტიკასთან მიმართებით, ვიდრე საგარეო პოლიტიკაში. იგი ძალიან ამაყი დედოფალი იყო, რომელიც ყველასაგან უპირობოდ მოითხოვდა საფრანგეთის მეფის ღვთაებრიბობის აღიარებას.
საფრანგეთი სამოქალაქო ომამდე სწორედ მაზარინის უმკაცრესმა და რადიკალურმა შიდა პოლიტიკამ მიიყვანა, რომელიც ფრანგ დიდგვაროვნებს ზედმეტად ზღუდავდა. თუმცაღა მაზარინი მთლიანად დამოიდებული იყო ანას კეთილგანწყობასა და მასზე გავლენის მოხდენაზე. ანას მოსწონდა მისი პოლიტიკა და მხარსაც უჭერდა. სწორედ დედოფალ ანა ავსტრიელის ბრძანებით დააპატიმრეს არაერთი ფრანგი პოლიტიკოსი და დიდგვაროვანი, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ მათ მმართველობას. ანას უპირველესი მიზანი იყო ლუი XIV-ისათვის აბსოლუტური მმართველობის ზენიტში მყოფი საფრანგეთის დახვედრება, რომელიც საზოგადოებრივი ყოფის ყველა სფეროს ეხებოდა.
ფრონდას სულისჩამდგმელი დიდგვაროვნები მიზნად ისახავდნენ მთელი ფრანგული არისტოკრატიის ჩათრევას ამ ამბოხში და ძველი ფეოდალური პრივილეგიების აღდგენას, რომელთაც სწორედ ანა და მაზარინი უზღუდავდნენ. დიდგვაროვანთა უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, რადგან ანა თანდათან ამკაცრებდა პოლიტიკას.
1648 წელს ანამ და მაზარინმა პარიზის პარლამენტს გადასახადების მკვეთრად გაზრდა მოსთხოვეს, რათა ომისაგან გამოფიტული ხაზინა შეევსოთ. პარლამენტარების უმრავლესობამ მათ ახალ ფინანსურ სანქციებზე უარი განუცხადეს, რაც მათი აზრით დიდებულთა ძალის დემონსტრირება იყო, თუმცა დედოფლის ბრძანებით მალევე დააპატიმრეს ყველა დიდგვაროვანი, რომელმაც ამ კანონპროექტზე უარი განაცხადეს.
საფრანგეთში ხალხის ყველა ფენა ჩიოდა იმის შესახებ, რომ გადასახადებმა მკვეთრად მოიმატა, მეფის ხელისუფლება ძალიან გაიზარდა, პარიზსა და სხვა რეგიონებში კი დიდგვაროვნებს უკვე თითქმის საერთოდ აღარ ჰქონდათ ძალაუფლება. სულ მალე პარიზელები აჯანყდნენ, რის შემდეგაც უდიდესი ზეწოლის გამო ანა იძულებული გახდა დაკავებული პარლამენტარები გაენთავისუფლებინა. უფრო მეტიც, მალე განრისხებული პარიზელების ბრბო სამეფო სასახლეში შევარდა და პირადად მეფესთან აუდიენცია მოითხოვა. ცხადია ანამ თავისი ვაჟი მათ არც კი ანახათ. დედოფალმა ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ლუი საწოლში დააწვინა და ხალხს განუცხადა, რომ მეფეს ეძინა, რის შემდეგაც ხალხი უკან გაბრუნდა. საფრთხეში მყოფმა სამეფო ოჯახმა დაუყოვნებლივ დატოვა პარიზი, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ ვინაიდან მათი რეზიდენცია პარიზში იყო.
ვესტფალიის ზავის დადებიდან ცოტახანში, პრინცი კონდე თავისი უზარმაზარი არმიითურთ ლუის სამეფო კარზე დაბრუნდა. კონდე და მისი ოჯახი მეფის ბიძაშვილები იყვნენ, რის გამოც მათ ანას მხარი დაუჭირეს აბსოლუტიზმის დამყარებაში. სწორედ კონდეს არმიით მოახერხეს საბოლოოდ აბობოქრებული პარიზელების დარბევა და სამეფო ოჯახის კვლავ პარიზში დაბრუნება. კონდეს არმია დედოფალ ანა ავსტრიელის სახელით ამბოხებულებს დაესხნენ თავს, რომელთაც დიდი ფრანგი დიდქვაროვანი მარი დე როანი ხელმძღვანელობდათ. ბეფორტი და სხვა დიდებულები, რომლებიც წინა წლებში ანას ბრძანებით დააპატიმრეს, აჯანყებულებმა გაანთავისუფლეს. სამეფო ხელისუფლებასა და დიდგვაროვანთა შორის რამდენიმე დიდი ბრძოლის შემდეგ, ორივე მხარე გარკვეულ კომპრომისზე დაწვიდა, რის შემდეგაც ხელი მოეწერა რუეილის ხელშეკრულებას, მხოლოდ ამის შემდეგ შესძლო სამეფო ოჯახმა პარიზში დაბრუნება.
ანა ავსტრიელისდა სამწუხაროდ, მისი პარიზელებზე გამარჯვება მთლიანად დამოკიდებული იყო კონდესა და მის არმიაზე, რომელსაც სურდა დედოფლის გაკონტროლება და მაზარინის გავლენის მოსპობა. თუმცაღა, ანა მოელაპარაკა წარსულში მის ძველ მეგობარ მარი დე როანს, რომელმაც კონდესა და მისი ოჯახის მზაკვრული გეგმების შესახებ აცნობა დედოფალს. სწორედ ამის შემდეგ ანას ბრძანებით დააპატიმრეს თავად კონდე, ასევე მისი ძმა, კონტის პრინცი არმან დე ბურბონი და მათი და, ლონგევილის ჰერცოგინია ანა ჟენევიევა დე ბურბონი. ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელებულა, მაზარინისადმი ზიზღი კი ფრანგებში სულ უფრო იზრდებოდა. საბოლოოდ მარი დე როანი შეეკრა ანა ჟენევიევა დე ბურბონს და მაზარინის წინააღმდეგ მასთან კოალიცია შექმნა.
ყველა ზემოთ ხსენებული მოვლენა მოწმობს, რომ ამ პერიოდში ლუი ხალხში საერთოდ არ ჩანდა და არც არანაირი გავლენა არ ჰქონდა ქვეყანაში. სწორედ ამის გამო ხალხს მისდამი უნდობლობისა და უპატივცემულობის გრძნობა ჩამოუყალიბდა. უამრავი ისტორიკოსი ამბობს, რომ ლუი XIV-ის ბავშვობა დასრულდა ფრონდასთან ერთად, რადგან ამ უდიდესმა სტრესმა საშინლად იმოქმედა მასზე. გაქცევის შემდეგ პარიზში დაბრუნებული ლუი და დედოფალი ანა ფაქტობრივად სასახლეში პატიმრობაში იმყოფებოდნენ. მათდამი საოცარი ზიზღი მძვინვარებდა არა მხოლოდ დიდებულებში, არამედ უკვე ფრანგების დაბალ ფენებშიც. ფრონდას აჯანყების შემდეგ კი ლუის სამუდამოდ შესძულდა პარიზი და ყოველთვის ცდილობდა იქ აღარასდროს დაბრუნებულიყო.
პირველი ფრონდა 1648-49 წლებში მიმდინარეობდა და შედარებით მსუბუქად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ამან წარუშლელი ტრავმა დატოვა ლუის ფსიქიკაზე. ფრონდას მეორე ტალღა კი 1650-1653 წლებში წამოვიდა. მეორე ფრონდასთან შედარებით პირველი ძალიან პრიმიტიული იყო. მეორეში ჩათრეულ იქნა მთელი ფრანგული არისტოკრატია, მათ შორის ლუის ოჯახის წევრებიც და საოცრად გათვლილი ინტრიგათა ქსელით მიმდინარეობდა ვითარება. მეორე ფრონდაში გაერთიანებულნი იყვნენ უმაღლესი ფრანგი არისტოკრატები, როგორებიცაა თავად ლუის ბიძა, ორლეანის ჰერცოგი გასტონ დე ბურბონი, გასტონის უფროსი ქალიშვილი, მონტესპიერის ჰერცოგინია ანა მარი ლუიზა ორლეანელი, ასევე ლუის გარე ბიძაშვილები — კონდეს პრინცი, კონტის პრინცი და ლონგევილის ჰერცოგინია. მათ გარდა ამ შეთქმულებაში გაწევრიანდნენ ლონგევილის ჰერცოგი ანრი, ბეფორტის ჰერცოგი, ე.წ. „უცხოელი პრინცი“ ფრიდრიხ მორისი, ბუილონის ჰერცოგი, ასევე მისი ძმა მარშალი ტარენი და აგრეთვე შევრეზის ჰერცოგინია მარი დე როანი. ამას გარდა სხვა მრავალი ფრანგი არისტოკრატი.
დედოფალმა ანამ ყველაზე დიდი როლი ითამაშა ფრონდას ჩახშობაში, ვინაიდან მას მთელი გულითა და სულით სურდა ვაჟისათვის აბსოლუტიზმის მწვერვალში მყოფი საფრანგეთი დაეხვედრებინა. თავად ფრონდელები კი აცხადებდნენ, რომ სწორედ ლუის ინტერესების დასაცავად მოქმედებდნენ, რაც მხოლოდ ანასა და მაზარინის დამხობის შემთხვევაში მოხდებოდა.
დედოფალ ანა ავსტრიელს ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა კარდინალ მაზარინთან, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევდა და მიიჩნევს კიდეც, რომ ისინი ფარულად დაქორწინდნენ და მაზარინი ლუი XIV-ის მამინაცვალი იყო. ფროდაში მონაწილე დიდგვაროვანთა დიდი ნაწილი მალევე მოისყიდეს ანამ და კარდინალმა, რის შემდეგაც ფრონდამ მალევე დაკარგა თავისი დიდი ძალა და 1653 წლისთვის მაზარინმა ისინი ტრიუმფალურად დაამარცხა. ლუიმ თავისი მოღალატე ოჯახის წევრები სამუდამოდ გააძევა სამეფო კარიდან, ზოგიერთი კი საერთოდ საფრანგეთიდან. თუმცაღა ამის შემდეგ მაზარინს უკვე აღარ ჰქონდა იმდენად დიდი ძალაუფლება როგორც მანამდე. ამ დროისათვის ანა უკვე აღარ იყო რეგენტი და მაზარინმაც დაკარგა თავისი ძალაუფლება, თუმცა იგი სიცოცხლის ბოლომდე იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, როგორც ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრი.
ამ პერიოდის მანძილზე ლუის მაზარინის დის შვილი მარია მანჩინი შეუყვარდა, თუმცა დედოფალმა ანამ სასწრაფოდ გაწყვიტა ეს კავშირი, მარია იტალიაში გააგზავნა და იქ გაათხოვა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მაზარინს ძალიან უნდოდა მარია მანჩინის ლუიზე დაქორწინება და ამით უდიდესი ძალაუფლების მოპოვება, ანა ავსტრიელი ამას თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა, რადგან მას ლუის დაქორწინება თავისი ძმის, ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის უფროს ქალიშვილზე სურდა, რითაც გაამყარებდა დინასტიურ კავშირსა და ალიანსს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. მაზარინმა მალევე დაუჭირა მხარი დედოფლის მოსაზრებას რადგან იცოდა, რომ ამ ქორწინებით საფრანგეთი დიდ გავლენას მოიპოვებდა ესპანეთზე და ვინ იცის, იქნებ მათ მემკვიდრეებს ესპანეთიც ჩაეგდოთ ხელში. ამგვარმა პოზიციამ ძალიან გააფუჭა ურთიერთობა მარია მანჩინსა და მაზარინს შორის, თავად ჯერ კიდევ პატარა ლუი დედას ცრემლებით ევედრებოდა მარიაზე დაქორწინების ნება მიეცა. თუმცა ანა მყარად იდგა თავის აზრზე. მართლაც, ლუის ესპანური ქორწინება ერთობ წაადგებოდა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკას. ამ ქორწინებით დასრულდებოდა საფრანგეთ-ესპანეთის ომი და ლუის შთამომავლებსაც გაუჩნდებოდათ პრეტენზია ესპანეთის ტახტზე, რაც ასეც მოხდა.
პირადი მმართველობა და რეფორმები
სრულწლოვანება და ადრეული რეფორმები
1651 წლის 5 სექტემბერს ლუი XIV სრულწლოვანი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ ანა ავსტრიელს რეგენტობა ჩამოერთვა, მომდევნო ათი წლის მანძილზე მაინც ანა და კარდინალი მაზარინი მართავდნენ საფრანგეთს. 1661 წელს კი, მას შემდეგ რაც მაზარინი გარდაიცვალა, ლუი XIV უკვე თავად გახდა სახელმწიფოს მმართველი და მან თავის მთავრობას განუცხადა კიდეც: „ამ მომენტში მე მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი ჩემს მთავრობას, რომ კარდინალ მაზარინთან ერთად ჩემს ნაცვლად მართავდა ქვეყანას. თუმცა ახლა უკვე დროა, რომ მე თვითონ დავიწყო სახელმწიფოს მართვა. ამიერიდან მე თვითონ ვიქნები ჩემი თავის კარდინალიც და მთავრობაც. მე მეყოლება რამდენიმე დამხმარე სახელმწიფომართვის საკითხებში და საჭიროების შემთხვევაში სწორედ მათ ვკითხავ რჩევას. ამიერიდან მთავრობას მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში მოვიწვევთ ხოლმე, ამ წუთიდან კი პარლამენტს დაშლილად ვაცხადებ !“. ამიერიდან ლუი XIV-მ მთლიანად თავის თავზე აიღო სახელმწიფოს მართვის აბსოლუტურად ყველა ასპექტი, რის შემდეგაც სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, აგრეთვე აწარმოებდა საგარეო და საშინაო ომებს. მან მალევე დიდი ბრძოლა გამოუცხადა მეამბოხე დიდგვაროვნებს და დაიწყო საფრანგეთის ერთიან, ცენტრალიზებულ და აბსოლუტიზმის ქვეყნად ჩამოყალიბება.
ლუიმ თავისი მმართველობა ადმინისტრაციული და ფინანსური რეფორმებით დაიწყო. 1661 წელს საფრანგეთის სამეფო ხაზინა გაკოტრდა. ამის გამოსასწორებლად მან ფინანსთა მინისტრად ჟან-ბატისტ კოლბერი დანიშნა. გამოაცხადა. კოლბერმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ვერაფრით გამოასწორა, რის შემდეგაც 1665 წელს ლუიმ ფინანსთან მინისტად ნიკოლა ფუკეტი დანიშნა. მან სამეფო ხაზინის შესავსებად უამრავი ახალი იდეა წამოჭრა, რაც პირველ რიგში მაზარინისა და კოლბერის დროს შემუშავებული უვარგისი ეკონომიკური სისტემის დანგრევას გულისხმობდა. მიუხედავად ამისა ფუკეტი მინისტრობისას ძალიან გამდიდრდა და თავისი ამბიციებიც გამოამჟღავნა, რამაც ლუის შეშფოთება გამოიწვია. ამის მაგალითად, ფუკეტმა ვეგეს-ლე-ვიკონტის სასახლე შეიძინა, რითაც თავად მეფეზე უფრო მდიდარ კაცად წარმოჩინდა. სამეფო კარზე დადიოდა ჭორები, რომ ფუკეტი მეტს არაფერს აკეთებდა, გარდა სამეფო ხაზინიდან ფულის ფლანგვისა.
საბოლოოდ ფუკეტი იმდენად გამდიდრდა, რომ ცენტრალურ საფრანგეთში მთელი საგრაფო შეიძინა, რის შემდეგაც ლუიმ მისი დაპატიმრება და გასამართლება მოითხოვა. სასამართლომ განიხილა რა მისი ქმედებები და დამნაშავედ სცნო, რის გამოც იგი საფრანგეთიდან გადაასახლეს. საბოლოოდ ლუიმ ფინანსთა მინისტრის პოსტი გააუქმა და ეს საქმეც თავის თავზე აიღო.
მიუხედავად ამისა, ფუკეტი მალევე დააბრუნეს საფრანგეთში. კოლბერმა მეფეს საგარეო ვალებისა და შინაგანი ეკონომიკური კრიზისის მოგვარება გადასახადების გაზრდით შესთავაზა. მათ შეიმუშავეს სრულიად ახალი საგადასახადო სისტემა. დაწესდა უამრავი სხვადასხვა გადასახადი, როგორებიცაა მიწის, წყლის, მარილის და ა.შ. ვინც გადასახადების გადახდაზე უარს იტყოდა, მისი მთელი ქონება ავტომატურად გადიოდა აუქციონზე. რეფორმა საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან გავლენიანი დიდგვაროვნები და მათი ახლობლები ამ სასჯელისაგან თავს ძალიან მარტივად იძვრენდნენ, ჯოხი კი კვლავ დაბალ ფენაზე გადატყდა. მიუხედავად ამისა, რეფორმის შემდეგ ასე თუ ისე, საფრანგეთი ნაწილობრივ ვალებიდან ამოვიდა. 1661 წელს საფრანგეთის საგარეო ვალები 52 მილიონს წარმოადგენდა, 1666 წლისთვის კი ეს თანხა 24 მილიონ ლივრამდე დავიდა. სამეფო ხაზინაში წლიური შემოსავალი 26 მილიონიდან 55 მილიონამდე გაიზარდა. სამეფო ჯარების ვალი კი, რომელიც 1661 წლისთვის 5.5 მილიონს შეადგენდა, 1671 წლისთვის ეს თანხა 800 000 ლივრი იყო. 1661 წელს ლუის ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპის ინგლისის პრინცესაზე ქორწინებით საფრანგეთი თითქმის გამოვიდა ეკონომიკური კრიზისიდან, რადგან პრინცესას მზითვში 26 მილიონი ბრიტანული გირვანქა მოჰყვა. 1667 წლისთვის წლიურ შემოსავალს 20 მილიონი წარმოადგენდა, საიდანაც მთელს ხარჯებს 11 მილიონი სჭირდებოდა დანარჩენი ცხრა მილიონი კი უბრალოდ ხაზინაში ინახებოდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის.
გარდა ეკონომიკისა, ლუიმ რეფორმები შეიტანა ფრანგულ ვაჭრობაშიც. მან გადაწყვიტა საერთაშორისო ვაჭრობაში უფრო მჭიდროდ ჩაბმა, რისთვისაც უპირველესყოვლისა საფრანგეთში სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის აღორძინება იყო საჭირო. მან მოახდინა ფერმერთა და მიწათმოქმედთა წახალისება, რასაც გარკვეულწილად შიდა პროდუქტის ზრდა და მისი ექსპორტზე გატანა მოჰყვა. მან ასევე ხელი შეუწყო ლიონში აბრეშუმის წარმოების განვითარებას, რასაც ფრანგული მოდის ინდუსტრიისა და გობელენების მანუფაქტურის განვითარება მოჰყვა. ლუიმ შვედეთიდან და ჰოლანდიიდან მოიწვია საუკეთესო მრეწველ-ხელოსნები, რათა ფრანგებისათვის უკეთ მუშაობა ესწავლებინათ, რამაც ფრანგული პროდუქტის დახვეწა გამოიწვია. აგრეთვე გაიზარდა საფრანგეთის ტერიტორიაზე ძვირფასი ლითონების აღმოჩენა და მათგან ნივთების დამზადება. ყოველივე ამან ფაქტია შეამცირა საფრანგეთში უცხოური პროდუქტის მოთხოვნა და პირიქით, საზღვარგარეთ გაიზარდა მოთხოვნა ფრანგული პროდუქტისადმი, რამაც ცხადია ძალიან დადებითად იმოქმედა ეკონომიკაზე.
ლუი XIV-მ ასევე განიზრახა სამეფო არმიის რეორგანიზაცია. მან ამისათვის ერთგულ სამხედროებს მიმართათ. ლუის ძალიან არ მოსწონდა თავნება გენერლები, რომლებიც ხშირად სრულიად უმიზეზოდ და ბრძანების გარეშე აწიოკებდნენ როგორც ფრანგულ, ასევე სხვა ქვეყნის მოსახლეობას. მან სამეფო არმიიდან მსგავსი გენერლები დაითხოვა და თავისი ხალხი დანიშნა, რასაც არმიის უფრო მეტად დახვეწა მოჰყვა. იგი ასევე მუშაობდა საბრძოლო იარაღის მოდერნიზებაზე, რამაც ფრანგი ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობა გააუმჯობესა. ასეთ შემთხვევაში მეფის ბრძანების გარეშე ერთი კაციც კი ვერ გადავიდოდა შეტევაზე, რაც საკმაოდ კარგ სურათს იძლეოდა სამხედრო თვალსაზრისით და მოსახლეობამაც დაისვენა ჯარისკაცების თავდასხმებისგან.
1660 წელს, ესპანეთთან ომის შესაჩერებლად ლუი XIV-მ ცოლად შეირთო ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის უფროსი ასული, ინფანტა მარია ტერეზა ესპანელი. საქორწინო ხელშეკრულების თანახმად, ლუისა და მარია ტერეზას შთამომავლებს ესპანეთის ტახტზე პრეტენზია არ უნდა ჰქონოდათ, რის სანაცვლოდაც ესპანეთი ინფანტას მზითვში ატანდა სადავო რუსოლინის მხარესა და დამატებით 500 000 ლივრს. მართალია რუსოლინი ფრანგებმა მიიღეს, თუმცა ეკონომიკურ კრიზისში მყოფმა ესპანეთმა ამდენი ფული ვერ გამონახა. სწორედ ამიტომ ლუიმ კონტრაქტის ერთი პუნქტი დაარღვია და მომავალში ესპანეთზე აცხადებდა პრეტენზიას. 1665 წელს, მას შემდეგ რაც ფილიპე IV გარდაიცვალა, ტახტზე მისი ავადმყოფი ვაჟი კარლ II ავიდა. ლუიმ ისარგებლა ესპანეთის ასეთი დასუსტებით, რის გამოც მან ესპანეთის მფლობელობაში შემავალ ფრანშ-კომტეზე, ფლანდრიაზე, არტუასა და ლუქსემბურგზე განაცხადა პრეტენზია და თანაც ამბობდა, რომ ეს ტერიტორიები დედოფალს მოჰყვა მზითვად. სწორედ ამან, შემდგომში უკვე განაპირობა დევოლუციური ომების დაწყება. 1667 წლის მაისში ლუი XIV-ის არმია შეიჭრა ფლანდრიაში და დაიკავა ფლანდრიისა და ენოს ნაწილი. 1668 წლის თებერვალში საფრანგეთის მეორე არმიამ დაიკავა ფრანშ-კონტე. საფრანგეთის არმიის წარმატებით შეშფოთებულმა გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკამ, ინგლისმა და შვედეთმა 1668 წლის იანვარში ჰააგაში კავშირი შეკრეს და მეომარ მხარეებს შორის შუამავლობა იკისრეს. აახენის ზავით (1668 წლის 2 მაისი) საფრანგეთმა შეინარჩუნა ესპანეთის ნიდერლანდებში დაკავებული 11 ქალაქი, მაგრამ ფრანშ-კონტე ესპანეთს დაუბრუნდა. საფრანგეთ-ესპანეთის ბრძოლა გაგრძელდებოდა დევოლუციური ომის შემდეგაც.
1679 წელს, ესპანეთთან მშვიდობის დამყარების მიზნით, ლუიმ ესპანეთის მეფე კარლ II-ს მიათხოვა თავისი უფროსი ძმიშვილი — მარია ლუიზა ორლეანელი. ამასთან ბრაბანტული მემკვიდრეობის კანონის თანახმად ლუი XIV ესპანეთის სამეფო ტახტზე აცხადებდა პრეტენზიას, რომლის მიხედვითაც მემკვიდრეობა მხოლოდ პირველი ქორწინებიდან შეძენილ შვილებს რჩებოდათ, მეორე ქორწინებიდან შეძენილები კი მემკვიდრეობის გარეშე რჩებოდნენ. ვინაიდან ფილიპე IV-ის პირველი ცოლისგან მხოლოდ ლუის მეუღლე, დედოფალი მარია ტერეზა ჰყავდა, კარლ II კი მეორე ქორწინებიდან ჰყავდა შეძენილი და ამასთან ესპანეთში საფრანგეთისგან განსხვავებით სალიური კანონი (რომლის მიხედვითაც ქალს ტახტზე ასვლა არ შეუძლია) არ მოქმედებდა, იგი ესპანეთის კანონიერ მონარქად და მემკვიდრედ სწორედ მარია ტერეზას ასახელებდა. დედოფალმა იცოდა, რომ ლუის ესპანეთის შემოერთება სურდა, რის გამოც მემკვიდრეობაზე უარს აცხადებდა. მიუხედავად ამისა, ესპანეთის შემადგენლობაში შემავალი ბრაბანტი თითქოს გადაეცა მარია ტერეზას, რაც ესპანელებმა არ სცნეს, რასაც მოჰყვა ომის განახლება. მრავალწლიანი დავის შემდეგ, 1700 წლის 1 ნოემბერს კარლ II გარდაიცვალა, რის შემდეგაც მის ბიძაშვილ ლეოპოლდ I ავსტრიელსა და ლუი XIV-ს შორის ტახტისთვის ბრძოლა ატყდა, რაც ცნობილია, როგორც ომი ესპანური მემკვიდრეობისთვის.
ურთიერთობა ჰოლანდიასა და ჰაბსბურგებთან
ჰოლანდიის რესპუბლიკაში არსებულმა შიდა არეულობამ ლუის ომის წყურვილი გაუღვივა. თუმცაღა, მანამ სანამ ომს დაიწყებდა, იცოდა, რომ ჯერ ჰოლანდიის მოკავშირეები უნდა გადმოებირებინა, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი სწორედ ინგლისი იყო. 1670 წელს ლუი XIV-მ თავისი რძალი, ორლეანის ჰერცოგინია ჰენრიეტა ინგლისელი, რომელიც ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის საყვარელი და იყო ლონდონში გაუშვა მოსალაპარაკებლად. ჰენრიეტამ მოახერხა და ძმასთან დუვრის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ინგლისი კავშირს წყვეტდა ჰოლანდიასთან და საფრანგეთის მოკავშირე ხდებოდა. გამოცდილი ჰოლანდიელი პოლიტიკოსი იოჰან დე უიტი ფიქრობდა, რომ ორანჟ-ნასაუს პრინც უილიამ III-ის ამბიციები ქვეყანას დაღუპავდა. თავდაპირველად ჰოლანდიელები უფრო იყვნენ დაინტერესებულნი საფრანგეთისა და ესპანეთის ხარჯზე გაფართოებით, თუმცა ახლა უკვე ვითარება შეიცვალა. საბოლოოდ სწორედ საფრანგეთმა მოისურვა როგორც დამოუკიდებელი, ისე ესპანეთის მფლობელობაში შემავალი ნიდერლანდების დაპყრობა. ამის გამო 1668 წელს ინგლისმა, ჰოლანდიამ და შვედეთმა ჩამოაყალიბეს ანტი-ფრანგული კოალიცია, თუმცა 1670 წელს ინგლისი, 1672 წელს კი შვედეთი საფრანგეთის მოკავშირეები გახდნენ და ჰოლანდია მარტო დარჩა. ინგლისელთა ღალატმა ჰოლანდიელები განარისხა, რამაც გამოიწვია ინგლის-ჰოლანდიის მეორე ომის დაწყება. ამის პარალელურად ესპანელებმა ფარულად კავშირი შეკრეს საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-თან, რომელსაც ცოლად ასევე ესპანეთის ინფანტა ჰყავდა და კარლის გარდაცვალების შემდეგ ტახტს სწორედ მას დაჰპირდნენ.
1670 წელს ინგლისის საფრანგეთის მხარეს გადასვლით, ე.წ. "სამმაგი ალიანსი" დაიშალა, რის შემდეგ შვედეთიც მალევე გახდა ფრანგების მოკავშირე. ყოველივე ამის შემდეგ მარტო დარჩენილ ჰოლანდიას 1672 წელს საფრანგეთმა ომი გამოუცხადა, რითაც დაიწყო საფრანგეთ-ჰოლანდიის ომი. უზარმაზარი ფრანგული ლაშქარი ძალიან სწრაფად შეიჭრა ჰოლანდიაში და ვრცელი ტერიტორიები დაიკავა. ამავდროულად ფრანგების მოკავშირე ინგლისელები ჰოლანდიას ზღვის მხრიდან უტევდნენ, თუმცა მოულოდნელად ჰოლანდიას მოკავშირეებად მოევლინენ ესპანეთი და ბრანდენბურგი. საბოლოოდ ჰოლანდიაში მთელი ძალაუფლება უილიამ III ორანჟელმა ჩაიგდო ხელში.
საფრანგეთის არმიას ხელმძღვანელობდნენ გამოცდილი სარდლები (ანრი ტიურენი, პრინცი კონდე და სხვ.), მათ დაიპყრეს ძლიერი ჰოლანდიური ციხესიმაგრეები და შეიჭრნენ ქვეყნის სიღრმეში. საფრანგეთის ჯარების შეჩერება შესაძლებელი გახდა რაბების გახსნით. ჰოლანდიის შეიარაღებულ ძალებს სათავეში ედგა უილიამ III ორანელი. ანტიფრანგული კოალიციის შექმნამ (1673-1674 წწ.), ინგლისის გამოსვლამ (1674 წ.) ომიდან, საფრანგეთის ჯარების წარუმატებლობამ მდინარე რაინზე და ბრანდენბურგის ჯარების გამარჯვებამ პომერანიაში შვედებზე, აგრეთვე სახალხო აჯანყების ტალღამ საფრანგეთში აიძულეს ლუი XIV დათანხმებულიყო ზავზე. მიუხედავად ყველაფრისა, ლუი XIV-მ ჰოლანდიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ომი სულ რამდენიმე კვირაში განაახლა. 1674 წელს, საფრანგეთის ჯარებმა ლუის დაიკავეს ფრანშ-კომტე და ტყვედ ჩაიგდეს არაერთი ესპანელი. მალევე ჰოლანდიელების, ავსტრიელებისა და ესპანელებისაგან შემდგარი კოალიცია პარიზისკენ დაიძრა, თუმცა ფრანგებმა სენოფის ბრძოლაში მათი არმია მიწასთან გაასწორეს. 1674-1675 წლებში ლუი შეიჭრა ჰაბსბურგთა მონარქიაში შემავალ ელზასში. ამასთან უამრავი ბრძოლისა და ალყის შემდეგ, მოახერხა და ესპანელებს წაართვა ქალაქი გენტი.
ლუი XIV ერთდროულად რამდენიმე ევროპელ მონარქს ებრძოდა, რის გამოც ომები ძალიან დიდი სისწრაფით იწყებოდა და მთავრდებოდა, ხშირი იყო მოკავშირეთ ცვლაც. ექვსწლიან დაუსრულებელ და გამუდმებულ ომებში ევროპის მონარქებმა თავიანთი რესურსები ამოწურეს და საბოლოოდ 1678 წელს იძულებულნი გახდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან მისულიყვნენ. ნიმვეგენის საზავო ხელშეკრულებისდა მიხედვით, ლუი XIV ჰოლანდიის რესპუბლიკას ყველა დაკავებულ ტერიტორიას უბრუნებდა, თუმცაღა ამის სანაცვლოდ საფრანგეთის შემადგენლობაში გადადიოდა ფრანშ-კომტე, არტუა, ენო და ფლანდრიის გარკვეული ნაწილი.
ჰოლანდიასთან ომის დასრულებიდან მალევე, 1679 წელს ლუი XIV საფრანგეთის სახელით იძულებული გახდა ჩართულიყო სკანდინავიურ ომში, როგორც შვედეთის მოკავშირე. თუმცა მას ეს ომი დიდად არ ანაღვლებდა, რის გამოც ჩაბმიდან მალევე ჯერ ბრანდენბურგსა და პრუსიას, შემდეგ კი დანიასა და ნორვეგიას დაუზავდა.
ნიმვეგენის ერთობ წარმატებულმა ხელშეკრულებამ საფრანგეთის გავლენა ევროპაში ძალიან გააძლიერა, თუმცა ლუი კმაყოფილი მაინც არ იყო. მან 1679 წელს სრულიად უმიზეზოდ თანამდებობიდან მოხსნა თავისი საგარეო საქმეთა მინისტრი. ლუი ყველაფერს აკეთებდა, რომ თავისი ჯარების სიძლიერე შეენარჩუნებინა. მართალია ჰაბსბურგებთან, ესპანეთთან, იტალიასთან და ჰოლანდიასთან მას ტერიტორიებზე პრეტენზიები გააჩნდა, თუმცა ამ პერიოდისათვის იგი თავს არიდებდა სამხედრო კონფლიქტებში ჩაბმას და დიპლომატიით ცდილობდა საქმის მოგვარებას. მიუხედავად ამისა, მას თავისი სამეფოს საზღვრების გაფართოების დაუოკებელი სურვილი არ ასვენებდა, რის გამოც მან რეუნიონზე განაცხადა პრეტენზია.
ქალაქები და ტერიტორიები, როგორებიცაა მაგალითად ლუქსემბურგი და კასალე, იყო პრიორიტეტული სტრატეგიული პოზიციები მთელს ევროპაში, გარდა ამისა ამით მოპოვებდა მდინარე რაინზე გასასვლელს, რაც საღვთო რომის იმპერიის კარიბჭე იყო. ლუი ასევე ცდილობდა სტრასბურგის დაპყრობასაც, რომელიც რაინის სამხრეთში, მის მარცხენა სანაპიროზე მდებარე იმპერიისაგან დამოუკიდებელი ქალაქი იყო. 1681 წელს ლუი XIV-მ დიდი ბრძოლის შემდეგ მოახერხა და სტრასბურგი დაიპყრო. მართალია სტრასბურგი ელზასის ნაწილი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ვესტფალიის ზავის დროს ჰაბსბურგებმა ის ფრანგებს არ დაუთმეს.
სტრასბურგისა და ლუქსემბურგის ანექსირების შემდეგ ჰაბსბურგთა დინასტიის მმართველობის ქვეშ მყოფმა ესპანეთმა საფრანგეთს ომი გამოუცხადა. ესპანელებს ზურგს საღვთო რომის იმპერატორი და ჰოლანდიელები უმაგრებდნენ, თუმცა დიდ თურქულ ომში დამარცხების შემდეგ იმპერატორმა ისინი მიატოვა. ამის შემდეგ ესპანელები ზედიზედ მარცხდებოდნენ ლუისთან. 1684 წელს ესპანელები იძულებულნი გახდნენ კომპრომისზე წასულიყვნენ და საფრანგეთისათვის დაპყრობილი მიწები დაეთმოთ.
ლუის საგარეო პოლიტიკის წყალობით საფრანგეთი მნიშვნელოვნად გაიზარდა ფართობში და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ლუის პრეტენზია ჰქონდა ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ რეუნიონზე, რომელიც სავაჭრო გზების საკვანძო ადგილი იყო. სწორედ ამიტომ ლუიმ ომი გამოუცხადა ასევე რეუნიონის დაპყრობით შეპყრობილ გენუელებსა და თურქებს. პირველად ლუიმ მიწასთან გაასწორა ოსმალეთის იმპერიაში შემავალი საზღვაო ქალაქები — ალჟირი და ტრიპოლი, რის შემდეგაც სულთანი დათმობებზე წამოვიდა. ამის შემდეგ კი ლუიმ გენუელების დასჯა გადაწყვიტა. 1684 წელს საფრანგეთის მეფემ გენუის რესპუბლიკაში უზარმაზარი სადამრსჯელო არმია გააგზავნა, მიზეზად კი ჰოლანდიასთან ომის დროს გენუელების მიერ ესპანელების მხარდაჭერა დაასახელა. გენუის დოჟმა ვერსალის სამეფო კარზე თავისი ოფიციალური დელეგაცია გააგზავნა ბოდიშის მოსახდელად. ამის შემდეგ მსოფლიო ასპარეზზე საფრანგეთს ჩამოუყალიბდა სასტიკისა და ქედმაღლის რეპუტაცია. საფრანგეთი ყველა მიმართულებით განაგრძობდა გაფართოებას, რის გამოც შეუძლებელი გახდა მის მუდმივ მოკავშირედ დარჩენა.
არა-ევროპული ურთიერთობები და კოლონიები
აფრიკაში, აზიასა და ამერიკაში საფრანგეთის კოლონიები მკვეთრად გაიზარდა ლუი XIV-ის მეფობის პერიოდში. ფრანგმა მკვლევრებმა ჩრდილოეთ ამერიკაში მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთეს. 1673 წელს ლუის მიერ გაგზავნილმა ლუი ჟოლიტმა და ჟაკ მარკიტმა აღმოაჩინეს მდინარე მისისიპი და მისი მიდამოების მთლიანი კოლონიზაცია მოახდინეს. 1682 წელს ამერიკაში ლუის მიერ გაგზავნილმა ფრანგმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მისისიპი მექსიკის ყურეში ჩაედინებოდა და მისი ირგვლივ უზარმაზარი ტერიტორიების კოლონიზირება მოახდინეს, ამ ტერიტორიას კი მის პატივსაცემად ლუიზიანა უწოდეს. გარდა კოლონიზაციისა, საფრანგეთმა უდიდესი სავაჭრო კავშირები დაამყარა აზიურ სახელმწიფოებთან, როგორიცაა ინდური ქალაქ-სახელმწიფოები — ჩანდაგარი და პუნდუჩერი. ლუიმ ინდოელებთან არაერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა რის შედეგადაც შედგა ფრანკო-ინდური ალიანსი, რომლის დროსაც ინდოეთში დაიწყო ფრანგების დასახლება და იქ ფრანგული ენისა და კულტურის გავრცელება.
ამავდროულად ლუიმ დიპლომატიური ურთიერთობების წარმოება დაიწყო შორეულ სახელმწიფოებთან. 1669 წლიდან მან ოსმალეთის იმპერიაში სულთნის კარზე ფრანგული ელჩობა გააგზავნა, რითაც განაახლა და ააღორძინა ფრანსუა I-ის დროს დაწყებული ფრანკო-ოსმალური ალიანსი. 1682 წელს ლუიმ ვერსალში მიიღო მაროკოს სულთან ისმაილ იბნ შარიფის ოფიციალური ელჩობა, რის შემდეგაც მაროკოში საფრანგეთის, ხოლო საფრანგეთში მაროკოს საელჩოები გაიხსნა. 1699 წელს ლუიმ მაროკოს სულთნის ელჩობა კვლავ მიიღო, რითაც საფრანგეთი და მაროკო მოკავშირეებად გამოცხადდნენ. 1713 წელს ლუიმ ასევე მიიღო ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის ელჩი სულხან-საბა ორბელიანი, თუმცა ირანის წინააღმდეგ გალაშქრებაზე უარი განუცხადა. სწორედ ამ დროს, 1715 წელს ლუისთან ჩავიდა ირანის შაჰ ჰუსეინის ელჩობა მეჰმედ რიზა ბეგის მეთაურობით, რის შემდეგაც საფრანგეთი და სპარსეთი მოკავშირეები გახდნენ.
1684 წლიდან ლუი XIV-მ დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობა დაამყარა შორეულ აზიაში მდებარე სიამის სამეფოსთან (დღევანდელი ტაილანდი). ამავე წელს ლუის ოფიციალური ლეგატი გახდა შამონტის შევალიერი ალექსანდრე. სიამის მეფის კარზე. 1686 წელს ვერსალში უკვე თავად ლუიმ უმასპინძლა სიამის მეფის ელჩობას. 1687 წლიდან სიამთან ახლოს დაარსდა პირველი ფრანგული კოლონიები, რამაც სიამის სამეფო კარზე საფრანგეთის გავლენის ზრდა გამოიწვია. თუმცაღა ფრანგების აღმავლობა 1688 წელს დასრულდა, როცა სიამის მეფე ნარაიმ მიმდებარე ტერიტორიებიდან ფრანგები გააძევა.
საფრანგეთი ასევე აქტიურად ცდილობდა ჩართულიყო იეზუიტთა ორდენის მისიონერულ მოგზაურობაში, რომელიც ჩინეთის მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო. ვინაიდან ჩინეთის საიმპერატორო კარზე ევროპელებიდან დომინანტური როლი პორტუგალიელებს ეკავათ, 1686 წელს ლუიმ იმპერატორ კანგხის კარზე თავისი ფრანგი მისიონერები გაგზავნა. 1684 წელს ლუიმ ვერსალში ასევე მიიღო ჩინელი იეზუიტი ბერი. გარდა ამისა იგი ხელს უწყობდა ჩინეთში ფრანგული წიგნების თარგმნასა და ფრანგული ენის გავრცელებას.
აღზევება
ძალაუფლების ცენტრალიზაცია
1680-იანი წლებიდან ლუის წარმატებული საგარეო პოლიტიკის დამსახურებით მსოფლიოში ფრანგების გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, მან დიდი გავლენითა და ავტორიტეტით თავისი გვირგვინის ქვეშ მოაქცია სრულიად ფრანგული ეკლესია და არისტოკრატია, რითაც დაიწყო საფრანგეთში აბსოლუტიზმის აღორძინება.
ლუი XIV-მ თავდაპირველად მხარი დაუჭირა ტრადიციულ გალიკანიზმს, რომელიც საფრანგეთში რომის პაპის ავტორიტარიზმს ამცირებდა, 1681 წელს კი მან კათოლიკური სამღვდელოების კრება მოაწყო. ამ ანსაბლეის დაშლიდან რვა თვის შემდეგ, ასამბლეამ მიიღო საფრანგეთის სამღვდელოების დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც საფრანგეთში მეფის ძალაუფლება იზრდებოდა პაპის ძალაუფლების შემცირების ხარჯზე. ეს დეკლარაცია თავად ლუის იდეა იყო და მან მღვდელმსახურებს არ მისცათ კრების დატოვების უფლება სანამ ხელი არ მოაწერეს მისი მიღების თანხმობას. ცხადია ზემოთ ხსენებული დეკლარაცია რომის პაპის ზურგს უკან იქნა მიღებული, რამაც პაპის განრისხება გამოიწვია. მართალია პაპმა გააუქმა იგი, თუმცაღა საფრანგეთში ეს კანონი მაინც მოქმედებაში დარჩა.
ვერსალის სამეფო კარზე ლუიმ ყველა უმაღლესი რანგის ფრანგი არისტოკრატი გადაიყვანა საცხოვრებლად, რაც მას თავისუფლაც აძლევდა მათი ცხოვრების გაკონტროლებისა და აბსოლუტიზმის გამყარების საშუალებას. უმაღლესი რანგის არისტოკრატებისა და მათი ოჯახებისთვის ვერსალში ცხოვრება და ყველაფერი რაც იქ ხდებოდა და იყიდებოდა უფასო იყო, თუმცაღა შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ დიდგვაროვნებს ყველაფერში ფულის გადახდა უწევდათ და მათ მეფე არც საკუთარ მამულებში დაბრუნების ნებას რთავდათ. თუმცაღა ლუიმ ყველას მისცა შანსი და ვინც მას გმირულად ემსახურებოდა ასევე უმაღლესი რანგის არისტოკრატის პრივილეგიას ანიჭებდათ. მან საბოლოოდ განაცხადა, რომ ყველა ვინც ვერსალში ცხოვრობდა უნდა წარედგინა შესაბამისი საბუთი, რომ ნამდვილად მისი რანგის შესაბამისი წარმომავლობა ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამეფო კარიდან აძევებდნენ და დაბალი ფენის წარმომადგენელთა მსგავსად გადასახადების ხდას აკისრებდნენ. კიდევ ერთი რამ, რითაც ლუი ბოლომდე დაეპატრონა დიდგვაროვანთა ცხოვრებას იყო ის, რომ ყოველდღე უნდა მომხდარიყო აღრიცხვა, თუ ვინ რომელ ღონისძიებას დაესწრო, ხოლო თუ არ დაესწრო ამის განმარტებაც უნდა მოჰყოლოდა. აგრეთვე დიდგვაროვანთა მიერ გაგზავნილ წერილებს აუცილებლად უნდა გაევლო მეფის ცენზორის ხელში, რომელიც გულდასმით ამოწმებდა რაიმე შეფარული ხომ არ ეწერა. მიუხედავად ამისა, ლუიმ მთელი ფრანგული არისტოკრატიას ვერსალში იმდენად დიდ ფუფუნებაში, ექსტრავაგანტულ ღონისძიებებსა და საოცარ გასართობებში აცხოვრებდა, რომ მათ ამაზე დიდად პრეტენზია არც გამოუთქვამთ, ყოველივეს დაკარგვის შიშით. ამრიგად მთელი ძალაუფლება ლუის ხელში მოექცა.
ლუისა და არისტოკრატების ექსტრავაგანტური ცხოვრება და გასართობები ვერსალში ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა და ხშირად უბრალო გასართობი ბანკეტი ორგიაშიც კი გადაიზრდებოდა ხოლმე. ამის გამო დიდგვაროვნები და სამეფო ოჯახი ბავშვებს ვერსალიდან მოშორებით გადიებთან ზრდიდნენ. ლუის ვერსალის ექსტრავაგანტულობაზე ასევე საუბრობს ერთ-ერთი მემატიანე:
„1688 წელს პორტუგალიის მეფემ საფრანგეთის მეფეს საჩუქრად კონგოს სამეფოდან წამოყვანილი სპილო გაუგზავნა. სპილო ვერსალის სამეფო ორანჟერიაში ცხოვრობდა და მხოლოდ მისი ფეხები ექვს მეტრს აღემატებოდა. ის ხშირად გამოჰყავდათ გასართობად კარნავალებსა თუ ბანკეტებზე. სპილომ ვერსალში ცამეტი წელი იცხოვრა და კლიმატს იმდენად კარგად შეეგუა, რომ კიდევ მეტრნახევარი მოიმატა სიმაღლეში“
ლუი XIV-მ ასევე გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა დიდგვაროვანს ეკრძალებოდა კერძო ჯარის ყოლის უფლება. აქამდე ყველა დიდგვაროვანს თავისი დიდი არმია ჰყავდა, რის გამოც ხშირად თვითნებურად ესხმოდნენ თავს მეზობელ ქვეყნებს, აფორმებდნენ ალიანსს საფრანგეთის მტრებთან ან სულაც ამ ჯარის მეშვეობით მეფის ჩამოგდებას გეგმავდნენ. ლუიმ ამით საფრანგეთის მეამბოხე დიდგვაროვნებს ძალა წაართვათ. ამით ლუიმ საბოლოოდ აქცია საფრანგეთი ერთიან, ცენტრალიზებულ და აბსოლუტიზმის მწვერვალში მყოფ სამეფოდ. მართალია ზოგმა დიდებულმა თავის რეგიონში მაინც შეინარჩუნა ხალხზე გავლენა, თუმცა წინა ეპოქისაგან განსხვავებით ახლა მას უკვე მეფისათვის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო. სწორედ ამგვარი აბსოლუტური და მკაცრი რეჟიმი მოქმედებდა საფრანგეთში, რამაც საბოლოოდ რევოლუციამდე მიიყვანა ქვეყანა.
საფრანგეთი როგორც ომის ლიდერი
1648 წლიდან მოყოლებული საფრანგეთი ევროპის უძლიერესი სახელმწიფო იყო და ძირითადად ომები იმის მიხედვით იწყებოდა, თუ ვის მიმართ იყო საფრანგეთი აგრესიულად განწყობილი. ამ პერიოდში საფრანგეთის მტრების მოკავშირეობამ რუსეთში გაკოტრება და იქ შიმშილობის დაწყება გამოიწვია. ამ პერიოდში საფრანგეთი უმდიდრესი და უძილერესი ქვეყანა იყო, საუკეთესოდ აღჭურვილი და პროფესიონალურად გაწვრთნილი დიდი არმიით. თავად საფრანგეთის აღზევება კი ოცდაათწლიან ომში გამარჯვების შემდეგ დაიწყო, მანამდე კი ისიც შინაომებში ჩაფლული ღარიბი ქვეყანა იყო.
ლუი XIV-ის მეფობის პერიოდში, რომელიც საკმაოდ ვრცელი დროა და 72 წელიწადს მოიცავს, საფრანგეთმა სამ დიდ ომში გაიმარჯვა: საფრანგეთ-ჰოლანდიის ომში, აუსბურგის ლიგის ომში და ესპანური მემკვიდრეობის ომში. ასევე გაიმარჯვა ორ არც ისე დიდ საგარეო კონფლიქტებში როგორიცაა დევოლუციური ომი და ომი რეუნიონისთვის. ომის წამოწყება და შემდგომში მისი წარმოება ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ლუი XIV ყველაფერს სწირავდა არმიის შენახვისა და ხარისხიანად აღჭურვისთვის, რის გამოც მოსახლეობა რამდენჯერმე დადგა შიმშილის ზღვარზე. იგი მიიჩნევდა, რომ სწორედ ომია ის საოცარი რამ, რითაც დიდება მოიპოვება. მშვიდობიან პერიოდშიც კი, იგი მთელ დროსა და ენერგიას მომავალი ომისათვის მომზადებაზე ხარჯავდა. იგი თავის დიპლომატებს ასწავლიდა, რომ მთავარი მიზანი იყო საფრანგეთისათვის სამხედრო ტაქტიკური და სტრატეგიული უპირატესობების შექმნა. 1695 წლისათვის საფრანგეთმა შეიძლება ითქვას თავისი დომინანტობა შეინარჩუნა, თუმცა დაკარგა კონტროლი საერთაშორისო ზღვებზე, ინგლისსა და ჰოლანდიაზე. უფრო მეტიც, უამრავი კათოლიკური და პროტესტანტული სახელმწიფო ანტი-ფრანგული მიზნით გაერთიანდა და ომისათვის მზადება დაიწყეს. საფრანგეთის სამეფოს მთავარმა ალტილერისტმა მეფე გააფრთხილა, რომ მტრები თანდათან ალიანსს აძლიერებდნენ და შესაძლოა ზღვებზე გაბატონებულიყვნენ. მან მალევე საფრანგეთის საზღვაო არმიის მზადება დაიწყო და საფრანგეთის სამეფო გემებს ზღვაზე გადაადგილებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რადგან შესაძლოა ომში მოყოლილიყვნენ. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა:
„საფრანგეთს თავისი ოფიციალური და არაოფიციალური მტრები ჰყავს გერმანიაში და ყველა ის ქვეყანა რომელიც იმპერიის (იგულისხმება საღვთო რომის იმპერია) შემადგენლობაშია საფრანგეთის მტერია. ასევე საფრანგეთის მტერია ესპანეთიც, მთელი თავისი დაქვემდებარებული კოლონიებით ევროპაში, აზიაში, ამერიკასა და აფრიკაში. სწორედაც ჩვენი მტრები არიან სავოიის საჰერცოგო (იტალიაში), შოტლანდია, ირლანდია და ინგლისი სრულიად თავიანთი კოლონიებით დასავლეთ და აღმოსავლეთ ინდოეთში. და ჰოლანდია, მთელი თავისი კოლონიებით მსოფლიოს ოთხივე კუთხეში, სადაც მას თავისი არმიები ჰყავს. საფრანგეთს ჰყავს... დაუდგენელი და არაპირდაპირი მტრებიც, რომლებიც ზურგს უკან საზიზღრად გვმტრობენ, ესენი არიან დანია, შვედეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ვენეცია, გენუა და შვეიცარიის ზოგიერთი კანტონიც. ისინი ყველანი ფარულად ეხმარებიან საფრანგეთის მტრებს როგორც ჯარებით, ისე ფულითაც. ამიტომაც მოვუწოდებ ჩვენს ვაჭრებს ერიდონ ამ სახელმწიფოებს და მათ ხალხს, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო დიდი ზიანი არ მიადგეს.“
ტრადიციულად ვარაუდობენ, რომ პირველად ნანტის ედიქტის არსებობა ლუი XIV-ის მეორე ცოლმა — მადამ დე მონტენონმა გააპროტესტა და მეფეს საფრანგეთის კათოლიკურ სახელმწიფოდ გარდაქმნა მოსთხოვა. ნანტის ედიქტი1598 წელს დადო საფრანგეთის მეფე ანრი IV-მ (ლუი XIV-ის ბაბუა), რითაც დასრულდა საფრანგეთის რელიგიური ომები, რომელიც 1562 წლიდან მოყოლებული შუაზე ხლეჩდა ქვეყანას. ამ დროს კათოლიკეები და ჰუგენოტები უმოწყალოდ ატერორებდნენ და ხოცავდნენ ერთმანეთს, ამ ედიქტით კი ჰუგენოტებს გარკვეული უფლებები მიენიჭათ, რითაც კონფლიქტი გადაიჭრა. თავიდან ამ ედიქტის წინააღმდეგ პირველი ნაბიჯი კარდინალმა რიშელიემ გადადგა, რომელმაც ჰუგენოტების საყრდენი — ლა-როშელი აიღო. თუმცა თავად ლუის მოსაზრებით, თუ ქვეყანაში მხოლოდ კათოლიკეები იქნებოდნენ, ეს საფრანგეთს უფრო ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ აქცევდა და ქვეყნის შიგნით უფრო მეტად დაისადგურებდა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სტაბილურობა. ლუი ფიქრობდა, რომ მთელი ქვეყანა იმავე აღმსარებლობის უნდა ყოფილიყო, რომლისაც მისი მონარქი, ამ შემთხვევაში საფრანგეთი აბსოლუტურად კათოლიკური ქვეყანა უნდა გამხდარიყო.
თავდაპირველად ლუიმ პეტიცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ყველა ჰუგენოტ სასულიერო პირს ერთმეოდა ქადაგების უფლება. აგრეთვე დაიხურა ჰუგენოტთა ეკლესია-მონასტრები და აიკრძალა პროტესტანტული ქადაგება. მისი ბრძანებით ქვეყანაში არ უნდა ყოფილიყო არცერთი ბიბლია, რომელიც ლათინურის გარდა სხვა ენაზე იქნებოდა დაწერილი, რის გამოც სხვა ენაზე შექმნილი ბიბლიები შეაგროვეს და ვერსალის ეზოში დაწვეს. თავიდან მსგავს დისკრიმინაციას ჰუგენოტების მხრიდან დიდი პროტესტი არ მოჰყოლია, რადგან დარტყმის პირველმა ტალღებმა მხოლოდ დიდგვაროვან ჰუგენოტებზე გადაიარა, თუმცა ისინი მყარად იდგნენ თავიანთ მრსწამსზე და რაიმე დიდი გართულება არ მომხდარა.
1681 წლიდან ლუიმ კვეთრად გააძლიერა ჰუგენოტების დევნა. თავიდან იგი აბსოლუტურად ყველა ჰუგენოტისაგან მოითხოვდა ან კათოლიკობის მიღებას, ან საფრანგეთის დატოვებას. ბევრმა დიდგვაროვანმა სტატუსის შესანარჩუნებლად კათოლიკობა მიიღო, მაგრამ შემდგომ დაბალი ფენებიდან ძალიან დიდი რაოდენობით ხალხის მასამ დაიწყო ქვეყნიდან გადინება, რის შესაჩერებლადაც მეფემ გამოაცხადა, რომ ახლა უკვე ქვეყნიდან წასვლის უფლებაც აღარ ჰქონდათ. ჰუგენოტებს სულ ორი არჩევანი ჰქონდათ, ან კათოლიკობა უნდა მიეღოთ, ან ინკვიზიცია მათ კოცონზე დასწვავდათ, როგორც ერეტიკოსებს. ამასთან მეფის ბრძანებით შეიქმნა დრაგონადების ფენა, რომლებიც იყვნენ შეიარაღებული მამაკაცები, ვისაც ევალებოდათ ჰუგენოტების სახლებში ჩამოვლა, მათ ტერორი და კათოლიციზმის უარყოფის შემთხვევაში ადგილზევე ჩახოცვა. საბოლოოდ დრაგონადების მიერ ადგილზევე იქნა მოკლული ან კათოლიკობაზე მოქცეული 300 000-დან 400 000-მდე ჰუგენოტი.
1685 წლის 15 მაისს ლუი XIV-მ გამოსცა ფონტენბლოს ედიქტი, რომლის მიხედვითაც ჰუგენოტებს ყველანაირი უფლება ერთმეოდათ. ფონტენბლოს ედიქტის საფუძველზე, 1598 წელს მიღებული ნანტის ედიქტი გაუქმდა, რის გამოც ჰუგენოტებს ჩამოერთვათ ყველა ის უფლება და პრივილეგია, რომელიც მათ ანრი IV-მ მიანიჭათ. ლუის ბრძანებით, ამ პერიოდიდან საფრანგეთის მიწაზე უკვე აღარავითარ შემთხვევაში არ დაიშვებოდა არცერთი პროტესტანტი, პასტორი და მათი ეკლესიებიც კი. ამ პერიოდიდან დაიწყო პროტესტანტული ეკლესია-მონასტრების მასიური რბევა და ნგრევა. პასტორებს, ვინაიდან მაინც სასულიერო წოდებას მიეკუთვნებოდნენ ლუიმ სამი არჩევანი მისცათ: ან კათოლიკეები გახდებოდნენ, ან საფრანგეთს დატოვებდნენ, ან სულად საერო ცხოვრებას მოჰყოფდნენ ხელს. ის პროტესტანტები კი რომლების შეეწინააღმდეგებოდნენ მეფის ბრძანებას ადგილზევე უნდა მოეკლათ.
იმ დროის მემატიანეები ერთხმად ეკითხებოდნენ ლუის იმ მიზეზის შესახებ, რის გამოც მან ფონტენბლოს ედიქტი გამოსცა. საბოლოო ჯამში, როგორც აღმოჩნდა ლუის რომის პაპ ინოკენტი IX-თან სურდა ურთიერთობების დათბობა, რისთვისაც საუკეთესო გზა ხომ პროტესტანტთა გაჟლეტვა იყო. ასევე ბევრი მიიჩნევს, რომ მან ეს თავისი უდიდესი კონკურენტის, საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ჯიბრით გააკეთა, რომელმაც უამრავი ევროპული და ქრისტიანული მიწიდან განდევნა მუსლიმითურქები და ამით კათოლიკობის დამცველის წოდება მიიღო, ლუიმ კი, ვინაიდან თურქები და მუსლიმები საფრანგეთიდან შორს იყვნენ, გადაწყვიტა რწმენის დამცველის წოდება პროტესტანტთა დევნით მიეღო. ასევე გასათვალიწინებელია ისიც, რომ ლუიმ თავის კორონაციაზე ფიცი დადო, რომლის მიხედვითაც იგი ღმერთს საფრანგეთის მიწიდან ერესის აღმოფხვრას ჰპირდებოდა.
ბევრმა ისტორიკოსმა დაგმო ფონტენბლოს ედიქტი, როგორც საფრანგეთისათვის მწვავე შედეგების მომტანი გადაწყვეტილება. უცხოელი მოკავშირეების დახმარებით 200 000-მა ჰუგენოტმა დატოვა მშობლიური საფრანგეთი, რაც ჰუგენოტთა მთლიანი რიცხვის ¼-ის, ხოლო საფრანგეთის მოსახლეობის 1 %-ის ემიგრაციას უდრიდა. ამდენი მაღალკვალიფიციური პიროვნების ქვეყნიდან გადინებამ გამოიწვია საფრანგეთის ეკონომიკის დაცემა, მაშინ, როცა მათ ხარჯზე პროტესტანტულმა ქვეყნებმა იხეირეს.
მეორეს მხრივ, არსებობენ ისტორიკოსები, რომლებიც ამ ედიქტს ემხრობიან და აცხადებენ, რომ სწორედ ამის საშუალებით მოახერხა საფრანგეთმა კათოლიკურ რწმენაზე დარჩენა.
კონკრეტულად რამ აიძულა საფრანგეთის მეფე ფონტენბლოს ედიქტი მიეღო უცნობია, თუმცა მან ვერც რწმენის დამცველის წოდება მიიღო და ვერც რომის პაპთან დაალაგა ურთიერთობა. რომის პაპი ინოკენტი IX აცხადებდა, რომ ლუი საფრანგეთში წინა წლების მანძილზე კათოლიკურ სასულიერო წოდებას ავიწროვებდა და ასევე მისი ასეთი ძალადობრივი პოლიტიკა, რომელსაც ჰუგენოტთა მიმართ ახორციელებდა სასტიკად დაგმო. მართალია ბევრი ფრანგი ჰუგენოტი ამის გამო სამშობლოდან გაიქცა, მაგრამ თავად ფრანგი კათოლიკეების უმეტესობა მის ამ ნაბიჯს მიესალმებოდა. საბოლოოდ მის დროს აღმოიფხვრა პროტესტანტიზმი, მაგრამ ლუი XVI-ის დროს ჰუგენოტებმა საფრანგეთში კვლავ გაიდგეს ფესვები, 1789 წელს საფრანგეთის რევოლუციის დროს კი ფრანგ ჰუგენოტებსაც ისეთივე უფლებები მიენიჭათ, როგორიც კათოლიკეებს ჰქონდათ, ასე რომ ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ლუი XIV-მ სულ ტყუილად არბია და ხოცა ამდენი ფრანგი ჰუგენოტი.
აუგსბურგის ლიგის ომი, რომელიც მიმდინარეობდა 1688-1697 წლებში, გამოიწვია რაინის მიმდებარე ქვეყნებში მიმდინარე რამდენიმე მოვლენამ. პირველი ეს იყო ის, რომ პფალცის კურფიუსრტი კარლ II ლუდვიგი გარდაიცვალა, რომლის ერთადერთი მემკვიდრეც მისი ქალიშვილი ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი იყო, რომელიც ლუი XIV-ის ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ის ცოლი იყო. თუმცაღა სანამ ლიზელოტა (ელიზაბეთ შარლოტას შემოკლებული ფორმა) ტახტს მიიღებდა მანამდე ტახტზე მისმა ბავარიელმა ბიძაშვილებმაც გამოთქვეს პრეტენზია. ლუიმ განაცხადა, რომ თავისი რძლის ინტერესებს უპირობოდ დაიცავდა. ამას დაერთო ისიც, რომ 1688 წელს გარდაიცვალა კელნის არქიეპისკოპოსი მაქსიმილიან ჰაინრიხ ბავარიელი, რომელიც საფრანგეთის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო.
1680-იანი წლებიდან მოყოლებული ევროპის მონარქთათვის უკვე მეტად შემაშფოთებელი ხდებოდა საფრანგეთის უსაზღვრო გაფართოება. ამან ცხადია გამოიწვია ის, რომ უამრავი აქამდე გადამტერებული ქვეყანა ახლა საფრანგეთისადმი ზიზღმა გააერთიანა. სწორედ ფრანგების შესაჩერებლად, 1686 წელს ჰოლანდიის შტატჰალტერმა უილიამ III ორანჟელმა ჩამოაყალიბა საიდუმლო თავდაცვითი კავშირი, რომელშიც გაერთიანდნენ ჰოლანდია, საღვთო რომის იმპერია, ესპანეთი, შვედეთი, ბავარია, პფალცი და საქსონია. მიზნად ისახავდა შეეჩერებინა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ტერიტორიული დაპყრობანი დასავლეთ ევროპაში. ლუის განსაკუთრებულად საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ჩართვა აღელვებდა, რომელიც სახელგანთქმული იყო იმით, რომ თითქმის მთლიანი ბალკანეთიდან განდევნა თურქები და ახლა, როცა რაინიდან ფრანგების განდევნა მოისურვა რა მოხდებოდა.
კიდევ ერთი რამ, რაც ლუის ძალიან დიდ საფრთხეს უქადდა, ეს იყო 1688 წელს ინგლისში მომხდარი სახელოვანი რევოლუცია, როდესაც უილიამ III ორანჟელმა და მისმა მეუღლემ, დედოფალმა მერი ინგლისელმა დაამხეს ინგლისის მეფე ჯეიმზ II-ის მმართველობა. აქედან მოყოლებული ინგლისი, ირლანდია და შოტლანდია, რომლებიც მანამდე საფრანგეთის მოკავშირეები იყვნენ, უკვე აუგსბურგის ლიგაში გაწევრიანდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ჯეიმზ II და მისი ცოლი, დედოფალი მარია მოდენელი ლუის მოკავშირე კათოლიკე მონარქები იყვნენ, ლუიმ ისინი თავის სასახლეში შეიფარათ. ლუი მიიჩნევდა, რომ ეს კათოლიკე მონარქების ეპოქა იყო და ინგლისის ტახტზე პროტესტანტები არ უნდა მსხდარიყვნენ, თუმცა თავად ინგლისელები და შოტლანდიელები, რომლებიც ანგლიკანები იყვნენ პირიქით უილიამს უჭერდნენ მხარს. ვინაიდან თავად უილიამი ინგლისის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი არ იყო, მას ტახტზეც არ ჰქონდა უფლება, რის გამოც ინგლისის პარლამენტმა ტახტზე ვაკანსია გამოაცხადა, რომელშიც უილიამის მეუღლემ, დედოფალმა მერი II სტიუარტმა გაიმარჯვა. მერისა და უილიამის ანტი-ფრანგული განწყობილება მართლაც, რომ საშიში იყო ლუისთვის, რადგან მათ უდიდესი კოალიცია ჩამოაყალიბეს, რომელშიც თითქმის მთელი ევროპის მონარქები იყვნენ გაერთიანებულნი.
მართალია ოფიციალურად საფრანგეთი არ ჩაბმულა ავსტრიელების მიერ წარმოებულ ომში, რომელიც ბალკანეთიდან თურქების გაძევებას ისახავდა მიზნად, თუმცა მასში მონაწილეობა არაერთმა ფრანგმა დიდგვაროვანმა მიიღო, როგორებიც არიან მაგალითად კონდეს პრინცი, ჰერცოგი დე გიზი, მარშალი დე ლუქსემბურგი და ნიკოლა ანრი დე მორმორანსი. ამიტომაც ფრანგებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდათ მსგავს საბრძოლო საკითხებში. საფრანგეთსა და აუგსბურგის ლიგას შორის ომი დაიწყო 1688 წლის სექტემბერში პფალცში ლუი XIV-ის ჯარების შეჭრით. საფრანგეთის არმიამ მოიპოვა მთელი რიგი დიდი გამარჯვებები ფლერიუსთან (1690 წ.), სტენკერკენთან (1692), ნერვინდენთან (1693 წ.).
მიუხედავად იმისა, რომ უილიამ III-მ სცადა 1691 წელს ლუის დამარცხება, თავად იგი დამარცხდა ბოინის ბრძოლაში. ფრანგებმა ასევე დაამარცხეს გერმანელები ფლანდრიაში, იტალიელები სავოიაში, ესპანელები კი ზღვების გადაღმა კოლონიებში. ლუიმ 1691 წელს მთელი რიგი გამარჯვებების შემდეგ, 1692 წელს პირდაპირ ქალაქ ნემურს შემოარტყა ალყა და აიღო კიდეც. 1693 წელს ლუქსემბურგის საჰერცოგომ ფრანგებს დაუთმოთ შარლეროის მხარე. ფრანგებმა არაერთ ბრძოლაში დაამარცხეს სავოიის ჰერცოგი და მისი ჯარები. 1693 წელს ლუიმ სავოიის ჰერცოგი დაამარცხა ჯერ მარსაჯილიას, შემდეგ კი სტაფარდის ბრძოლაში. ამავე წელს ტორეილას ბრძოლაში ლუიმ სასტიკად დაამარცხა ესპანელები, 1694 წელს კი მან დაიპყრო მთლიანი კატალონია ბარსელონითურთ. 1693 წლიდან 1697 წლამდე არსებული დიდი გამარჯვებების წყალობით ფრანგებმა ხაზინაში 10, 000, 000 ლივრი შეიტანეს.
1695 წელს სამწლიანი ფრანგული ტყვეობის შემდეგ, უილიამ III-მ ქალაქი ნემური გაანთავისუფლა. ამის საპასუხოდ ლუი XIV-ის ბრძანებით ქალაქ ბრიუსელს შემოარტყეს ალყა, რომელიც უსასტიკესად გაასწორეს მიწასთან. ამ დროს ბრიუსელის ცენტრში 4-5 000 შენობა დაინგრა. ლუის მალევე ნემურის დაბრუნება მოუნდა, რადგან მისი დაკარგვა ძლიერ ჩირქს სცხებდა მის რეპუტაციას. თუმცა მრჩევლებმა ძლივს დაარწმუნეს, რომ ნემური საფრანგეთისთვის სრულიად უსარგებლო იყო.
1690 წლიდან მოყოლებული შვედეთი როგორც აუგსბურგის, ისე საფრანგეთის მოკავშირე იყო, თუმცა 1692 წელს ყველაფერი გამოაშკარავდა და შვედეთი ალიანსიდან მოხსნეს. საბოლოოდ ლუიმ 1696 წელს ტურინის ხელშეკრულებით აიძულა სავოიის ჰერცოგი მისთვის რამდენიმე ქალაქი დაეთმო. ამის შემდეგ აუგსბურგის ლიგის წევრები და საფრანგეთ გულწრფელად მივიდნენ მოსალაპარაკებელ მაგიდასთან რათა როგორმე მშვიდობა დაემყარებინათ, რაც 1697 წელს დადებული რიისვიკის ზავით დასრულდა.
რიისვიკის ზავი 1697 წლის აგვისტოში დაიდო საფრანგეთსა და აუგსბურგის ლიგას შორის. ამ ზავით დამთავრდა 1688-1697 წლების ომი საფრანგეთსა და აუგსბურგის ლიგას შორის. ზავის თანახმად საფრანგეთი უარს ამბობდა იმ ტერიტრიების უმრავლესობაზე, რომელიც ნიმვეგენის საზავო ხელშეკრულებების (1678-1679 წწ.) შემდეგ მიიტაცა.
რიისვიკის ზავმა ბევრი სარგებელი მოუტანა საფრანგეთს. ამ ზავის მიხედვით საფრანგეთის სუვერენიტეტი საბოლოოდ დამტკიცდა ელზასსა და სტრასბურგზე, რის შემდეგაც მდინარე რაინზე გატარდა საფრანგეთ-გერმანიის საზღვარი, რომელიც დღემდე მოქმედებს. პონდიშერი და აკადი საფრანგეთს დაუბრუნდა, ასევე მისი მმართველობა დამტკიცდა სან-დომინგოზე, თუმცა კატალონია და ბარსელონა კვლავ ესპანეთს დაუბრუნდა.
საფრანგეთის ასეთმა სამხედრო და პოლიტიკურმა უპირატესობებმა მას უფლება მისცა მისთვის მეტად ხელსაყრელი პირობები დაეწესებინა. ესპანეთის საკუთრებაში მყოფ კატალონიაში, უკვე პრო-ფრანგული განწყობა იყო შექმნილი და კატალონიელები აცხადებდნენ, რომ როცა მეფე კარლ II დაიღუპებოდა, მის ნაცვლად ტახტზე ლუი XIV-ის შვილიშვილი, ამ პერიოდისათვის ანჟუს ჰერცოგი ფილიპე დე ბურბონი გახდებოდა. აგრეთვე დიდი ფინანსური კომპენსაციის სანაცვლოდ საფრანგეთი თავის პრეტენზიებს უარყოფდა კელნისა და პფალცის საკურფიურსტოებზე. ლოთარინგია, რომელიც 1670 წლიდან მოყოლებული საფრანგეთს ჰქონდა დაპყრობილი, დაუბრუნდა მის კანონიერ ჰერცოგ ლეოპოლდს. საბოლოოდ კი, როცა უილიამ III-ისა და მერი II-ის სუვერენული მმართველობა ყველამ სცნო ბრიტანეთის კუნძულებზე, ლუი კვლავ ჯეიმზ II-ს უცხადებდა მხარდაჭერას. ჰოლანდიასა და ესპანურ ნიდერლანდებში კი საფრანგეთის საზღვართან დიდი ბარიერი ააგეს მისი აგრესიისაგან თავდასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ისტორიკოსი რიისვიკის ზავს მის მარცხად მიიჩნევს, რადგან მან ვერც პფალცი და ვერც კელნი ვერ დაიპყრო, რეალურად მან ყველა ის გეგმა შეასრულა, რომელიც ომის ჩაბმისას ამოძრავებდა. ნებისმიერ შემთხვევაში 1697 წელს მშვიდობის დამყარება საფრანგეთისთვის ნამდვილად საჭირო იყო, რადგან მისი სამეფო ხაზინა მთლიანად ამოწურული იყო.
რიისვიკის ზავის შემდეგ ესპანეთის უდიდესი იმპერიის ტახტის მემკვიდრის საკითხი ევროპის მონარქებს შორის დიდი სადავო თემა გახდა. ესპანეთის ავადმყოფ მეფე კარლ II-ს ჰქონდა უზარმაზარი იმპერია, რომელშიც მოიაზრებოდა ესპანეთი, სარდინია, სიცილია, ნეაპოლი, მილანი, ესპანური ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ფილიპინები და ასევე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას, თუმცა მას მემკვიდრე არ ჰყავდა. ვინაიდან მას პირდაპირი მემკვიდრეები არ ჰყავდა, ევროპის ყველა მონარქმა ვისაც რამენაირი სახის ნათესაური კავშირი ჰქონდა ესპანეთის სამეფო ოჯახთან ტახტზე პრეტენზია გამოთქვა.
მართალია ესპანეთის ტახტზე ბევრი აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა მთავარი მოსარჩელეები საფრანგეთის მეფე ლუი XIV და საღვთო რომის იმპერატორი ლეოპოლდ I იყვნენ. ლუი XIV-ის პირველი მეუღლე, მარია ტერეზა ესპანელი ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის უფროსი ქალიშვილი იყო, გარდა ამისა ლუის დედა, დედოფალი ანა ავსტრიელიც ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის ასული იყო და გარდა ამ მჭიდრო ნათესაური კავშირისა ლუის ძმიშვილი — მარია ლუიზა ორლეანელი კარლ II-ის მეუღლე იყო. რაც შეეხება ლეოპოლდს, იგი კარლის ღვიძლი ბიძაშვილი და ასევე ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი იყო, დედამისი, იმპერატრიცა მარია ანა ესპანელი ასევე ფილიპე III-ის ასული იყო და მისი პირველი ცოლი, იმპერატრიცა მარგარიტა ტერეზა ესპანელიც ასევე ფილიპე IV-ის ქალიშვილი იყო, ამას გარდა კარლ II-ის დედა, დედოფალი მარიანა ავსტრიელი სწორედ ლეოპოლდის და იყო. ამრიგად ესპანეთის სამეფო ტახტთან ყველაზე ახლოს სწორედ ეს ორი უდიდესი მონარქი იდგა. თუმცაღა პრეტენზია ჰქონდათ ინგლისელებს, პორტუგალიელებს, ჰოლანდიელებსა და ბავარიელებს, თუმცა მათ ფრანგებთან და ავსტრიელებთან შანსიც კი არ ჰქონდათ.
ომის თავიდან ასაცილებლად, კარლის სიკვდილამდე ორი წლით ადრე, 1698 წელს ლუიმ ხელშეკრულება გააფორმა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე უილიამ III-თან. ასევე გაფორმდა მეორე ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვითაც კარლის სიკვდილის შემდეგ ესპანეთის ევროპულ კოლონიებს საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი და ავსტრიის ერცჰერცოგი კარლ იოზეფ ჰაბსბურგი გადაინაწილებდნენ. თავად კარლ II-მ ზემოთ ხსენებულ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა, ვინაიდან იგი უაღრესად ეწინააღმდეგებოდა თავისი იმპერიის დანაწილებას.
ამ ხელშეკრულების დადებიდან ექვს თვეში ავსტრიის ერცჰერცოგი კარლ იოზეფი გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე ლუი ახლა უკვე ინგლისის მეფე უილიამ III-ს მოელაპარაკა და მასთან შეთანხმდა ესპანეთის ევროპული და ამერიკული კოლონიების გადანაწილებაზე. თავად საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი მიიღებდა ესპანეთის ყველა იტალიურ კოლონიას — მილანს, ნეაპოლს, სიცილიასა და სარდინიას. კარლმა ფრანგებს ამის ნება დართოთ, იმ შემთხვევაში თუ თავად ესპანეთზე აღარ ექნებოდათ პრეტენზია. ამ დროს კი კარლ II-მ თავისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია ანა ნოიბურგელის დიდი ზეწოლის შემდეგ თავის მემკვიდრედ მარია ანას ძმიშვილი გამოაცხადა, რომელიც მალევე დაიღუპა.
კარლ II-ის ტახტის მიღება და შედეგები
1700 წლის 1 ნოემბერს კარლ II გარდაიცვალა და დაიწყო დიდი ბრძოლა ესპანეთის ტახტისთვის. თუმცა კარლმა სიკვდილის წინ განაცხადა, რომ მთელ თავის იმპერიას საფრანგეთს უტოვებდა დანაწილების გარეშე. საფრანგეთის სახმედრო უპირატესობა არაერთხელ დადასტურდა ბოლო ათწლეულებში არსებულ ბრძოლებში. თავად რომის პაპი ინოკენტი XII-ც კი ამტკიცებდა, რომ ესპანეთის ტახტი ფრანგებს უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე ავსტრიელებს. ამრიგად პაპმა ლუის ესპანეთის ტახტი შესთავაზა. თავად ლუიმ ესპანეთის მეფედ თავისი ვაჟის, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონის მეორე ვაჟი, ანჟუს ჰერცოგი ფილიპე გამოაცხადა, რადგან მის მეორე უფროს შვილიშვილს ბურბონთა ფრანგული შტო უნდა გაეგრძელებინა. სწორედ იმიტომ, რომ ფილიპეს უფლება არ ჰქონდა საფრანგეთის ტახტზე, არ მოხდებოდა საფრანგეთისა და ესპანეთის გაერთიანება, რითაც ესპანელთა უკმაყოფილებას აიცილებდნენ თავიდან, თუმცა ესპანეთის მეფე ამიერიდან პრო-ფრანგული პოლიტიკის გამტარებელი იქნებოდა. თუ ფილიპე ესპანეთის მეფობაზე უარს იტყოდა, მაშინ ტახტი მის უმცროს ძმას, ბერის ჰერცოგ შარლს დარჩებოდა.
ლუი XIV რთული არჩევნის წინაშე დადგა. იგი შეიძლებოდა დასთანხმებოდა ესპანეთის კოლონიების დანაწილებას ავსტრიელებთან და ინგლისელებთან, რითაც თავიდან დიდ ომს აირიდებდა, ან თავისი შვილიშვილი მთლიანი ესპანეთის იმპერიის მეფედ დაესვა და ამით მთელი ევროპის წინააღმდეგ წასულიყო. ლუი XIV თავდაპირველად დანაწილების იდეისკენ უფრო იხრებოდა, თუმცა მისი ვაჟის, საფრანგეთის დოფინის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ აზრი შეიცვალა. ლუის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ საღვთო რომის იმპერიასა და ინგლისთან ომი გარდაუვალი იყო. რატომ უნდა დაეთმო მთელ ევროპაში არსებული კოლონიები, რომელიც მას ესპანეთის მეფემ დაუტოვა? საფრანგეთი ევროპის უძლიერესი სახელმწიფო იყო და ხომ შეიძლებოდა ომში გაემარჯვა, რითაც მთელს კოლონიებს მიისაკუთრებდა. სწორედ ამ ამბიციით ლუიმ კარლ II-ის ნება მიიღო და ამრიგად სრულიად ესპანეთის კოლონიური იმპერიის მეფე მისი შვილიშვილი ფილიპე V ბურბონი გახდა.
ევროპის მმართველთა უმეტესობამ ფილიპე V ესპანეთის კანონიერ მეფედ სცნო, თუმცა ზოგიერთები მაინც ჯიუტად აცხადებდნენ ტახტზე პრეტენზიას და მისთვის ბრძოლასაც აპირებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთის ტახტისთვის ომი გარდაუვალი იყო, ლუის გონივრულად და ფრთხილად უნდა ემოქმედა. მან განაცხადა, რომ საფრანგეთი ბოლომდე დაიცავდა ესპანეთის ახალი მეფე ფილიპე V-ის ინტერესებს. თუმცაღა შესაძლოა ითქვას, რომ ლუი XIV-ის ცდა, რომ შეექმნა ურყევი ფრანკო-ესპანური ალიანსი საბოლოოდ არ შემდგარა. ლუიმ თავდაპირველად ესპანურ ნიდერლანდებში შეიყვანა თავისი ჯარები და მათ იძულებით აცნობინათ ფილიპე V თავიანთ მეფედ. 1701 წელს ინგლისმა და ჰოლანდიამ, ხოლო 1702 წელს საღვთო რომის იმპერიამ და ავსტრიამ საფრანგეთს ომი გამოუცხადეს. საბოლოოდ მხარეები ასე გადანაწილდა: ერთ მხარეს იბრძოდნენ საფრანგეთი, ესპანეთი თავისი კოლონიებით, ბავარია, მანტუა და კელნი, ხოლო მეორე მხარეს ავსტრია, ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, ჰოლანდია, საღვთო რომის იმპერია, სავოია, პრუსია და ჰაბსბურგთა დაქვემდებარებული ევროპული ქვეყნები.
ბრძოლის დაწყება
მანამდე სანამ ომი ოფიციალურად დაიწყებოდა, იტალიის ტერიტორიაზე საფრანგეთსა და იმპერიას შორის ბრძოლები უკვე მიმდინარეობდა. როდესაც ომი გამოცხადდა, რომელიც თითქმის ლუის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა, საფრანგეთი უკვე გამოფიტული იყო.
თავდაპირველად ომი საფრანგეთის წარმატებით დაიწყო. თუმცა გარკვეული ეტაპის შემდეგ ბრძოლაში მალბოროს ჰერცოგი ჯონ ჩერჩილი და ევგენი სავოიელი ჩაებნენ, რომლებმაც არაერთხელ დაამარცხეს ფრანგები, რითაც დაიმსხვრა მითი საფრანგეთის უძლეველობის შესახებ. ამას მოჰყვა ავსტრიის, პფალცისა და ბავარიის გაერთიანებული გამარჯვება ფრანგებზე ბლენჰეიმის ბრძოლაში. ამის შემდეგ ბავარიის კურფიურსტი მაქსიმილიან II ესპანურ ნიდერლანდებში გადავიდა, სადაც მას ზურგს პორტუგალიელები და სავოიელები უმაგრებდნენ. საბოლოოდ 1706 წელს ფრანგების დამარცხებამ ინგლისელებთან, აიძულა ლუი XIV დაეთმო ოკუპირებული იტალიური ტერიტორიები. მალბორომ და ევგენი სავოიელმა პირდაპირ საფრანგეთში შეჭრაც კი მოისურვეს, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო საფრანგეთში არ შეჭრილან.
ზედიზედ მარცხებმა, შიმშილობამა და მზარდმა ვალებმა შიგნიდან გასტეხა საფრანგეთი. 1693 წლიდან 1710 წლამდე საფრანგეთში ორჯერ დაიწყო შიმშილობა, რამაც ორ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამგვარი მასშტაბური შიმშილობები გამოწვეული იყო იმით, რომ საკვების მარაგის ნახევარზე მეტს არმია ნთქავდა, ხალხს კი საჭმელად აღარაფერი რჩებოდა. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 1704 წელს კუნძულ ჯერსისთან განცდილი სამარცხვინო მარცხის შემდეგ. საფრანგეთში ხალხი ბობოქრობდა და მეფეს გაუთავებელი ომების შეწყვეტას სთხოვდა. 1708-1709 წლებში სასოწარკვეთილმა ლუიმ ნებისმიერ ფასად მშვიდობის დამყარება მოისურვა. მან სასწრაფოდ დაიწყო მოლაპარაკებები ინგლისის მეფესთან და ავსტრიის ერცჰერცოგთან. მათ ლუის მოსთხოვეს ომის შეწყვეტა და ყველა იმ ტერიტორიის დათმობა, რომელიც მან ვესტფალიის ზავის (1648 წ.) შემდეგ მიითვისა. ფაქტობრივად ლუის სთხოვდნენ თავისი სამოცწლიანი მეფობისას დაპყრობილი ტერიტორიების განთავისუფლებას, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.
გარდამტეხი წერტილი
ესპანური მემკვიდრეობის ომის საბოლოო ფაზებმა ნათლად აჩვენა, რომ მოკავშირეებს არ შეეძლოთ კარლ II-ის დანაბარების არ შესრულება და ფილიპე V-ის ტახტიდან ჩამოგდება, თუმცა ასევე ისიც ნათელი გახდა, რომ ფრანგებსაც არ შეეძლოთ ფილიპესათვის მთლიანი ესპანეთის შენარჩუნება. მოკავშირეებმა საბოლოოდ ნელ-ნელა დატოვეს ესპანეთის ტერიტორიები, რასაც 1710 წესლ ფრანკო-ესპანური არმიების ტრიუმფალური გამარჯვებები მოჰყვა ვილავიკოსასა და ბრიანეგას ბრძოლებში. საფრანგეთის ძალები, დიდი დანაკარგის მიუხედავად მოგებაში დარჩნენ, მოკავშირეებმა კი მალპლაკეტის ბრძოლაში პიროსის გამარჯვება მოიპოვეს. მოკავშირეთა ჯარებიდან 21 000 ჯარისკაცი დაიღუპა, რაც ორჯერ აღემატებოდა ფრანგების დანაკარგს. საბოლოოდ ფრანგებმა 1712 წელს დენენის ბრძოლაში ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვეს ჰოლანდიელების, ავსტრიელებისა და სავოიელების გაერთიანებულ ლაშქარზე, რითაც მოკავშირეები საფრანგეთის მიწებიდან გააძევეს.
ფრანგებმა ომის დასასრულისთვის დიდი წარმატებები მოიპოვეს, რაც ავსტრიაში არსებული დიდი პოლიტიკური ცვლილებებით იყო გამოწვეული. 1705 წელს საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორი ლეოპოლდ I გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი ვაჟი იოზეფ I ავიდა, რომელიც ძალიან სუსტი მმართველი აღმოჩნდა და 1711 წელს უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა. ტახტზე მისი უმცროსი ძმა, ერცჰერცოგი კარლ VI ავიდა, რომელმაც აღადგინა კონტროლი იმ ავსტიულ მიწებზე, რომლებიც მისმა ძმამ დაჰკარგა. იმ შემთხვევაში თუ ესპანეთის ტახტზე კარლი ავიდოდა, აღსდგებოდა ჰაბსბურგთა ჰეგემონია ევროპაში, რომელიც კარლ V-ის დროს იყო მეთექვსმეტე საუკუნეში, რომელიც ესპანეთის მეფეც იყო, საღვთო რომის იმპერატორიც და ავსტრიის ერცჰერცოგიც. თუმცა მისი ეს უდიდესი ოცნება მას შემდეგ დაიმსხვრა, რაც საზღვაო ბრძოლაში ფრანგებმა მიწასთან გაასწორეს დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის გაერთიანებული ფლოტილია.
დასკვნითი ეტაპი, შედეგები და მშვიდობა
ძველი ევროპული ბალანსის აღსადგენად, ბრიტანელებმა გადაწყვიტეს ომიდან გამოსულიყვნენ, რის გამოც 1713 წელს საფრანგეთ-ბრიტანეთი მეგობარ სახელმწიფოებად გამოცხადდნენ. დაიდო უტრეხტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის დედოფალი ანა I და სრულიად ჰოლანდიის რესპუბლიკა ფილიპე V-ს ესპანეთის მეფედ სცნობდა. 1714 წელს კი ლანდაუსა და ფრეიბურგის დაკარგვის შემდეგ, საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორი კარლ VI-მაც დადო ფრანგებთან ბადენის ზავი, რითაც საბოლოოდ დამყარდა მშვიდობა.
საერთო ჯამში ფილიპე V-მ შეინარჩუნა ესპანეთის ტახტი მისი აფრიკული, აზიური და ამერიკული კოლონიებით, თუმცა მას ყველა ევროპული კოლონია ჩამოართვეს და მოკავშირეებმა გადაინაწილეს. თავად ლუისაც მოუხდა კანადის უზარმაზარი კოლონიის დიდი ბრიტანეთის დედოფალ ანასთვის გადაცემას რათა მშვიდობა დაემყარებინა, თუმცა კვებეკი, ნიუფაუნლენდი, ლუიზიანა და სხვა კოლონიები კვლავ საფრანგეთს დარჩა. რაც შეეხება ესპანეთს, ნეაპოლი, სიცილია, მილანი, ლუქსემბურგი და ესპანური ნიდერლანდები ავსტრიამ მიიღო, სარდინია კი სავოიამ. საბოლოოდ ფრანგებმა მოახერხეს და მიისაკუთრეს ორანჟის პრინციპილატი და აგრეთვე სავოიასაც წაართვეს ტერიტორიები ალპებში. ბავარიის, კელნისა და პფალცის კურფიურსტებმა კი აღადგინეს თავიანთი ომამდელი დამოკიდებულება საფრანგეთისადმი და ისინი კვლავ მისი მოკავშირეები გახდნენ.
პირადი ცხოვრება
ქორწინებები და შვილები
ლუი და რელიგია
ხელოვნების პატრონაჟი
სურათი და გამოსახულება
ევოლუცია სამეფო პორტრეტებში
სხვა სამუშაოები ხელოვნებაში
ბალეტი
არაოფიციალური სურათი
ლუის სახე ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში
ლიტერატურა
ფილმები
ტელევიზია
ჯანმრთელობა და გარდაცვალება
ტახტის მემკვიდრეობა
ტიტულები, წოდება და ჰერალდიკა
ტიტულები და ოფიციალური წოდება
5 სექტემბერი, 1638 - 14 მაისი, 1643:მისი სამეფო უმაღლესობა საფრანგეთის დოფინი;
14 მაისი, 1643 - 1 სექტემბერი, 1715:მისი უდიდესი ქრისტიანი უმაღლესობა საფრანგეთის მეფე;
ლუის ფორმალური წოდება შემდეგნაირად ჟღერდა: „ლუი XIV, ღვთის ნებით დასმული, მეფე საფრანგეთისა და ნავარისა“ (ფრანგ. „Louis XIV, par la grâce de Dieu, roi de France et de Navarre“).
გერბი
ცნობები
ტახტზე ასვლისთანავე ლუი XIV-მ მიიღო გერბი, რომელსაც გარდაცვალებამდე ატარებდა. იგივე გერბს ატარებდნენ საფრანგეთის სხვა ბურბონი მეფეებიც.
მიღებულია
1643-1715
აღწერილობა
გერბის ცენტრში გამოსახულია ორი დიდი ფარი, მარცხენა ფარზე გამოსახულია საფრანგეთის გები, რომელიც ანგელოზს
უკავია დროშით ხელში, მარჯვნივ კი ნავარის გერბი, რომელიც ასევე დროშიან ანკელოზს უკავია, რაც იმის სიმბოლოა, რომ
ლუი საფრანგეთისა და ნავარის მეფეა და ის ღვთის მიერაა ამისათვის მოვლენილი. გერბების თავზე მოთავსებულია
კაპეტინგების დინასტიის სიმბოლო, ანუ მუზარადი თავზე გვირგვინით, რაც მის წარმომავლობაზე მიუთითებს,
ასევე მის წარმომავლობაზე მიუთითებს გერბების გარშემო შემორტყმული სარტყელი. ყოველივე ეს მოთავესბულია ლურჯი
ხავერდის სამეფო მოსასხამში, რომელზეც გამოსახულია ფრანგული ჯვრები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სამეფო
წარმომავლობას. მოსასხამის თავზე კი წარმოდგენილია საფრანგეთის მეფის გვირგვინი თავზე საფრანგეთის სამეფოს
დროშით. გვირგვინის გარშემო კი ფრიალებს ლენტი, რომლის მარცხენა მხარეს არის წარწერა Montjoie, ხოლო მარჯვნივ
Saint Denis. მონჟოიე არის ადგილი, სადას საფუძველი ჩაეყარა ბურბონთა წინაპარ დინასტია კაპეტინგებს, სენ დენი კი
არის სამეფო ბაზილიკა პარიზთან ახლოს სადაც განისვენებს საფრანგეთის ყველა მეფე და დედოფალი, რაც ერთგვარი
სიმბოლური გამოხატულებაა თუ საიდან მოდიან და საით მიდიან საფრანგეთის მონარქები.