კოკათი — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში (სოფლები: გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, ხორეთი, ჯიხანჯირი). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 160 მ. ჩოჩხათიდან 4 კმ., ლანჩხუთიდან 32 კმ., სუფსის რკინიგზის სადგურიდან 10 კმ. სოფელში იდგა მთავარანგელოზის ხის ეკლესია. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
ეტიმოლოგია
ლეგენდის თაახმად, როცა სოფელში საყდარს აშენებდნენ, აზნაურებმა ერთ გლეხს დაავალეს კოშკის ძირიდან, სადაც ამჟამად საგირგოლო ღელე ჩამოდის, წყალი კოკით აეტანა და თან ეთვალა, რამდენ ხანში ავიდოდა მშენებარე ეკლესიამდე. გლეხს წყლით სავსე კოკა მხარზე შემოუდგამს და თვლა დაუწყია: კოკ-ერთი, კოკ-ორი, კოკ-სამი . . . კოკ-ათი. ამ დროს წაქცეულა და კიდეც მომკვდარა.
ღირსშესანიშნაობები
სოფელში არის ხელოვნური გამოქვაბული. ის მდებარეობს ზღვის დონიდან 230 მეტრ სიმაღლეზე, მთის ძირიდან გამოქვაბულამდე 150 მეტრია. შესასვლელის სიმაღლეა 90 სმ, უდიდესი სიგანე 4,1 მეტრი, სიღრმე 4,7 მეტრი. მარცხენა მხრიდან გამოქვაბულისკენ მიდის პატარა საცალფეხო ბილიკი. შორიახლოს წყაროს წყალია. გამოქვაბულში ნაპოვნია თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, ნახშირი, კეცის ნატეხი. გამოქვაბულში ასვლა დღეს შეუძლებელია.
ლიტერატურა
სქოლიო