სახელწოდება აცანა არის ლაზურ-ჭანური წარმოშობის, აცანა მოიხსენიება ანტიკური ხანიდან. სოფელში შემორჩენილია უძველესი სპორტული ინვენტარი — საჯილდაო ქვა, რომელიც სოფლის განაპირას თინა გუგუშვილის ეზოში ინახებოდა. სოფელში განვითარებული იყო მექვევრეობა. ცხოვრობდნენ აზნაური ტუსკიები. XVII საუკუნის შუიდან წარმოადგენდა თავდგირიძეების საკუთრებას.[3] 1850-იან წლებში შემოდგომაზე იმართებოდა ერთკვირიანი ბაზრობა.[4] 1883 წელს სოფელში გახსნილი იყო სკოლა. 1906 წლის იანვარში გურიის რესპუბლიკის ჩახშობის შემდეგ კონსტანტინე კრილოვმა დაარბია აკეთი, გადაწვა 30 სახლი და ნალია.[5] 1914 წელს გაიხსნა სოფლის ბიბლიოთეკა. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა. კოლმეურნეობის წამყვანი კულტურა იყო ჩაი, ასევე გაშენებული იყო სიმინდი, ტუნგი, ციტრუსი.
ღირსშესანიშნაობები
სოფელში იდგა შუა საუკუნეების მონასტერი „ოქონის მონასტერი”, ეკლესია და გალავანი. მონასტერი XIX საუკუნეში მიტოვებული იყო. 2000-იან წლებამდე შემორჩენილი იყო გალავნის მცირე ნაშთი. ამჟამად მის ადგლზე აშენებულია ახალი ტაძარი.
სოფელში იდგა ხის გუმბათიანი მაცხოვრის სახელობის ეკლესია, რომელიც XIX საუკუნეში იყო აშენებული, თუმცა დღემდე არ შემორჩენილა. სოფელში შემორჩენილია წმინდა გიორგის ნაეკლესიარი გალავნით.[6]
მამათისკენ მიმავალ გზაზე, მდინარე აცანურას მარჯვენა შენაკადზე არის საქვიხიას ჩანჩქერი.