მერსისაიდულ კლუბთან ერთად პირველ სეზონში გავიდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც დამარცხდა „მილანთან“ 1-2. იმავე სეზონში ნაკრებთან ერთად გავიდა მეორე ადგილზე კოპა ამერიკაზე. ის „ლივერპულს“ ოფიციალურად შეუერთდა 2008 წელს £18,6 მილიონის სანაცვლოდ. 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე მოიგო მეორე ვერცხლის მედალი არგენტინასთან ერთად. ეროვნული ნაკრების კაპიტნად დაინიშნა ახალი თავკაცის, დიეგო მარადონას მიერ, 2008 წლის ნოემბერში.[1]
არგენტინაში მასკერანოს ორი მეტსახელია „მასკე“ და „ელ-ხაფესიტო“.[2][3] ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელები, ხორხე ვალდანო და ხორხე სოლარი მიიჩნევენ, რომ მასკერანო შესაძლოა გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი.[4][5]
მასკერანო მიჩნეული იყო არგენტინის ნაკრების წამყვან ფეხბურთელად დიეგო მარადონას მწვრთნელობის დროს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი გუნდი იყო „ხონასი, მასკერანო, ლიონელ მესი და რვა დანარჩენი“.[6]
მასკერანო ასევე ფლობს იტალიის პასპორტს, რაც მას აძლევს საშუალებას იყოს ევროკავშირის მოთამაშე.[7]
მასკერანოს გადაბირების მსურველ კლუბებს შორის იყვნენ „მადრიდის რეალი“,[8] და „დეპორტივო“, მაგრამ „რივერ პლეიტმა“ უარი თქვა ყველა შეთავაზებაზე. განაცხადა, რომ არც ერთი დაინტერესებული მხარე არ იყო მზად გადაეხადა საკმარისი თანხა.
2004–05 წლების სეზონი წარუმატებელი გამოდგა „რივერ პლეიტისთვის“, მესამე ადგილზე გავიდა არგენტინის ჩემპიონატში და მხოლოდ მეათე ადგილს დასჯერდა კლაუსურაში. კოპა ლიბერტადორესზე რივერი კვლავ დამარცხდა ნახევარფინალში, ამჯერად „სან-პაულუსთან“.
2005 წელს გერმანიაში გამართული კონფედერაციის თასის შემდეგ ბრაზილიურმა კლუბმა „კორინთიანსმა“ შეძინა მასკერანო „რივერ პლეიტისგან“ 15 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ.
კორინთიანსი (2005–06)
გამომდინარე იქიდან, რომ ბრაზილიის სერია A იწყება აპრილში, მასკერანო შეუერთდა კლუბს შუა სეზონში. ახალი კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ ცხრა თამაშის შემდეგ, 2005 წლის სექტემბერში, მასკერანომ მიიღო ტრავმა, რის გამოც მოუხდა დარჩენილი სეზონის გაცდენა. ის დაბრუნდა არგენტინაში, რათა გაეკეთებინა ოპერაცია ეროვნული ნაკრების ექიმთან.[9][10][11][12] თუმცა, „კორინთიანსმა“ განაცხადა, რომ 2005 წლის ბრაზილიის ჩემპიონატში მასკერანო იქნებოდა გუნდის კაპიტანი.
საერთო ჯამში, მასკერანო უქმად იყო ექვსი თვის განმავლობაში, მოედანზე დაბრუნდა მხოლოდ 2006 წლის 5 მარტს.[13] კორინთიანსმა 2006 წლის კოპა ლიბერტადორესი დაიწყო მასკერანოს გარეშე. ბრაზილიის ჩემპიონატშიც ასევე წარუმატებლად იასპარეზა მისმა გუნდმა. ერთ ეტაპზე გუნდს მოუხდა ბრძოლა, რათა არ ჩამოქვეითებულიყო ჩემპიონატის ქვედა დივიზიონში.
მიუხედავად იმისა, რომ მისმა თამაშმა მიიპყრო ევროპული კლუბების ყურადღება, მან ისურვა „კორინთიანსში“ დარჩენილიყო და დახმარებოდა კლუბს, რათა არ გავარდნილიყო ჩემპიონატიდან. მან უარი თქვა ყოველგვარ კონტრაქტზე იანვრამდე.[14] თუმცა, 2006 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, მასკერანო შეუერთდა „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ თანამემამულე კარლოს ტევესთან ერთად.[15]
ვესტ ჰემი (2006 – იანვარი 2007)
2006 წლის ზაფხულში მასკერანოს გადაბირებით დაინტერესებული იყო ევროპის რამდენიმე ტოპ-კლუბი. მან განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა ესპანურ კლუბ მადრიდის რეალში, ან ბარსელონაში, მაგრამ საბოლოოდ მან კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ კლუბ ვესტ ჰემ იუნაიტედთან.
მასკერანოს ვესტ ჰემში გადასვლა იყო მოულოდნელობა, რადგან ევროპის რამდენიმე გრანდთან ჰქონდა მოლაპარაკებები მთელი ზაფხულის განმავლობაში. მისმა ტრანსფერმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.[16][17]
სანამ მასკერანო შეუერთდებოდა, ვესტ ჰემმა მოიგო ერთი მატჩი, ერთი ფრედ დაასრულა და ერთიც წააგო. გუნდმა შემდეგი რვა თამაში წააგო და ერთიც ფრედ დაასრულა ყველა გათამაშებაში, სანამ არ მოიგეს პირველი მატჩი უიღბლო სერიის შემდეგ 29 ოქტომბერს. ამ ხნის განმავლობაში მასკერანო იშვიათად ჩნდებოდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ოქტომბერში, არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, ალფიო ბასილემ განაცხადა, რომ მას იმდეი ჰქონდა, რომ მასკერანო მალე დატოვებდა ვესტ ჰემს, "როგორც კი შესაძლებელი იქნებოდა" და გადავიდოდა იუვენტუსში.[18]
2007 წლის 16 იანვარს ლივერპულმა მიმართა ფიფას, რათა გადმოეყვანა მასკერანო ვესტ ჰემიდან.[19] ფიფას წესების თანახმად, მოთამაშეს არ შეუძლია ორ სხვადასხვა კლუბში თამაში 1 ივლისს და 30 ივნისს შორის. მასკერანოს უკვე ჰქონდა ნათამაშები ორ კლუბში, კორინთიანსში და ვესტ ჰემში.
ფიფამ დაამტკიცა გარიგება 2007 წლის 31 იანვარს.[20]
ლივერპული (თებერვალი 2007–2010)
10 თებერვალს „ლივერპულმა“ დაიმატა მასკერანო ჩემპიონთა ლიგის განაცხადში და გადასცა 20-ნომრიანი მაისური. საბოლოოდ, 2007 წლის 20 თებერვალს მასკერანო გახდა „ლივერპულელი“ ოფიციალურად.[21]
მასკერანოს დებიუტი „ლივერპულის“ შემადგენლობაში შედგა „შეფილდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ 2007 წლის 24 თებერვალს[22] და შექება დაიმსახურა გუნდის მაშინდელი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესისგან და გუნდის კაპიტან სტივენ ჯერარდისგან, „ლივერპულის“ 4-0 გამარჯვების შემდეგ.
31 მარტს „არსენალთან“ მატჩის შემდეგ ბენიტესმა მასკერანოს უწოდა „მოთამაშე მონსტრი“.[23] ანალოგიურად, მისი თანაგუნდელებიც იყვნენ აღფრთოვანებულები მისი თამაშით. მასკერანომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა მეოთხედფინალურ მატჩში „პსვ-ს“ წინააღმდეგ 3 აპრილს. მასკერანომ ითამაშა 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მილანის“ წინააღმდეგ.
2008 წლის 29 თებერვალს მასკერანომ კლუბთან გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი.[24] ტრანსფერი „ლივერპულს“ დაუჯდა £18.6 მილიონი,[25] სადაც შედიოდა არა მარტო ტრანსფერის საკომისიო გადასახადი, არამედ ფეხბურთელის ოთხი წლის ანაზღაურება.[26] სეზონის პირველი გოლი კლუბის მაისურით გაიტანა „რედინგთან“ მატჩში.[27]
2009 წლის 29 ოქტომბერს მასკერანომ გაიტანა პირველი გოლი „ევერტონთან“ 2-0 მოგებულ მატჩში გუდისონ პარკზე.[28] 2009-10 წლების სეზონში მასკერანომ მიიღო შვიდი ყვითელი და ორი წითელი ბარათი.[29]
2010 წლის 27 ივლისს მასკერანომ განუცხადა „ლივერპულის“ ახალ მთავარ მწვრთელ როი ჰოჯსონს, რომ მას სურდა „ლივერპულის“ დატოვება.[30]
„ლივერპულის“ ფანებმა მასკერანოს პატივისცემის ნიშნად მიუძღვნეს საკუთარი სიმღერა.[31]
2010 წლის 27 აგვისტოს „ლივერპულმა“ განაცხადა, რომ მიღწეული იყო შეთანხმება „ბარსელონასთან“ მასკერანოს ტრანსფერის თაობაზე.[32]
ბარსელონა (2010–დღემდე)
2010 წლის 28 აგვისტოს მასკერანოს და „ბარსელონას“ შორის გაფორმდა ოთხწლიანი კონტრაქტი, რაც კატალონიურ კლუბს დაუჯდა 22 მილიონი ევრო.[33] 30 აგვისტოს მან გაიარა სამედიცინო შემოწმება და ოფიციალურად შევიდა ძალაში კონტრაქტი.[34]
მისი დებიუტი ლა ლიგაში შედგა 2010 წლის 11 სექტემბერს, როცა მისი კლუბი დამარცხდა დებიუტანტ „ჰერკულესთან“ 0-2. ბოლო 16 თვის მანძილზე პირველი მარცხი იწვნია „ბარსელონამ“ ნოუ კამპზე.
სანაკრებო კარიერა
მასკერანომ პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა 2001 წელს. არგენტინის ნაკრებთან ერთად გავიდა 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე.
2003 წელს გამოძახებული იყო ნაკრებში მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. არგენტინის ნაკრებმა მეოთხე ადგილზე დაასრულა გათამაშება, მასკერანო კი იყო თავისი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე.[35]
2004 წლის იანვარში ის შეუერთდა არგენტინის 23-წლამდელთა გუნდს ოლიმპიადისწინა ტურნირზე ჩილეში. 2004 წლის ოლიმპიადაზე არგენტინის ნაკრები დაეუფლა ოქროს მედლებს საბერძნეთში.[36]
მასკერანო შეყვანილი იყო 2004 წლის კოპა ამერიკის სანაკრებო განაცხადში. არგენტინამ ბრაზილიასთან წააგო ფინალში პენალტების სერიაში. მიუხედავად ამისა, მაკერანო დასახელდა არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად მისი თანაგუნდელების მიერ.[35]
2005 წელს მასკერანომ ითამაშა კონფედერაციის თასზე გერმანიაში, სადაც ასევე ბრზაილიის ნაკრებთან დამარცხდნენ ფინალში, ანგარიშით 1-4.[37]
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ყველა თამაშში შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი ნახევარფინალში დამარცხდა გერმანიის ნაკრებთან მეოთხედფინალში.
მასკერანომ პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა 2007 წლის ივლისში კოპა ამერიკაზე, პარაგვაის ნაკრების კარში.[38]
2008 წელს მასკერანომ მიიღო პირველი წითელი ბარათი აშშ-ის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში, 2008 წლის 8 ივლისს. მან მიიღო მეორე ყვითელი ბარათი მატჩის 86-ე წუთზე, რომელიც დასრულდა ფრედ, 0-0.[39]
ერთი წლის შემდეგ, მასკერანო გამოიძახეს არგენტინის 23-წლამდელთა ნაკრებში პეკინის ოლიმპიადაზე. არგენტინის ნაკრებმა მოიგო გათამაშება და მასკერანო გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელიც ორჯერ დაეუფლა ოლიმპიურ მედალს.[40][41]
დიეგო მარადონამ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ სურდა მასკერანო ყოფილიყო ნაკრების კაპიტანი."[42]
მასკერანო გახდა ნაკრების კაპიტანი 10 ნოემბერს, ხავიერ ძანეტის მაგივრად.[43] 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ მასკერანო კაპიტნობდა ეროვნულ ნაკრებს. არგენტინის ნაკრები გათამაშებას გამოეთიშა მეოთხედფინალში, სადაც დამარცხდა გერმანიის ნაკრებთან, ანგარიშით 0-4.[44]