სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი (არაბ. الأمير سلمان بن عبد العزيز آل سعود, დ. 31 დეკემბერი, 1935) — საუდის არაბეთის მეფე, ორი წმინდა მეჩეთის მცველი, საუდების დინასტიის მეთაური. მეფე გახდა 2015 წლის 23 იანვარს, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მისი ძმა აბდულა.
სალმანი საუდის არაბეთის პირველი მეფის აბდულ-აზიზ იბნ-საუდის შვილია. ტახტზე ასვლამდე, 2011-2015 წლებში იყო თავდაცვის მინისტრი, ხოლო მანამდე 1963-2011 წლებში — ერ-რიადის პროვინციის გუბერნატორი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1935 წლის 31 დეკემბერს და იყო მეფე იბნ საუდის 25-ე შვილი[1]. მისი დედა იყო ჰასა ალ სუდაირი[2]. ექვს ძმასთან ერთად დააარსა დაჯგუფება „სუდაირების შვიდეული“[3]. დაწყებითი განათლება მიიღო ერ-რიადის პრინცების სკოლაში[4]. სალმანმა შეისწავლა რელიგია და თანამედროვე მეცნიერება[5].
19 წლის ასაკში 1954 წელს მამამისმა დანიშნა ერ-რიადის ემირად, თანამდებობიდან გადადგა 1960 წელს[6]. 1963 წლიდან ერ-რიადის გუბერნატორია, ამ თანამდებობაზე დარჩა 48 წელი, 2011 წლამდე. 2011 წლიდან თავდაცვის მინისტრია. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა თავისი გარდაცვლილი ძმა, ტახტის მემკვიდრე სულთანი[7].
პირადი ცხოვრება
სალმანი დაქორწინებული იყო სამჯერ[8]. მისი პირველი ცოლი იყო, საკუთარი ბიძაშვილი ბინტ ტურკი ალ სუდაირი[9], რომელიც გარდაიცვალა 2011 წელს 71 წლის ასაკში[10]. ამ ქორწინებიდან დაიბადა პრინცი ფაჰდი (დ. 1955), პრინცი სულთანი (დ. 1956), პრინცი აჰმედი (დ. 1958), პრინცი აბდულ-აზიზი (დ. 1960), პრინცი ფეისალი (დ. 1970) და პრინცესა ჰასა (დ. 1974).
მეორე ცოლი იყო სარა ბინტ ფეისალ ალ სუბაი-აი, რომელთანაც შეეძინა პრინცი საუდი. მესამე ქორწინებიდან ფავდი ნინტ ფალაჰ იბნ სულტან ალ ჰიტალაინთან დაიბადა პრინცები: მუჰამედი, ტურკი, ხალიდი, ნაიფი, ბანდარი და რაკანი[11].
მისი შვილი სულთან იბნ სალმან ალ საუდი გახდა პირველი სამეფო სისხლის მქონე, პირველი არაბი და პირველი მუსლიმი, რომელიც გაფრინდა კოსმოსში[12]. აბდელ-აზიზ იბნ სალმანი ნავთობის მინისტრის მოადგილეა 1995 წლიდან[13].
სქოლიო